|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ფოტოპროექტი All I Know - ინტერვიუ ბესო უზნაძესთანშოკოლადი : “all I know” თქვენი ყველაზე პერსონალური ფოტო პროექტია. რატომ გადაწყვიტეთ მოგეყოლათ საკუთარ თავზე ? ბესო : პირველი ფოტო ჩემი 42 წლის დაბადების დღეს, 11 დეკემბერს გადავიღე. თავიდან პროექტს ერქვა “42-it sucks!”. ასაკი ასე დაიწყო - გრძნობ რომ ვერ იშორებ და სულ შენთანაა. თუმცა მერე განწყობა სრულიად შემეცვალა. უამრავი ისეთი რამ მოხდა, რაც აბსოლუტურად ახალი იყო ჩემთვის და რაც მანამდე არ განმიცდია. ეს ცვლილებები ჩემში, ეს ემოცია და ეს განწყობა, ფიზიკური შეგრძნების დონეზე მინდოდა ფოტოთი დამეფიქსირებინა. სწორედ ამიტომ ჩემი თავის გარდა არავიზე და არაფერზე ვყვები. შოკოლადი : რა შეიცვალა შენში? ბესო : საერთოდ სხვანაირად დავიწყე ჩემი ასაკის ადამიანების სილამაზის აღქმა. მაგალითად ერთ დღეს ჩემს მეგობარს ველაპარაკები და ვამჩნევ რომ სხვანაირი გახდა. მანამდე ისე არ ვაფასებდი ამ ფიზიკურ-ვიზუალურ გამოსახულებას. ახლა უფრო ლამაზს ვხედავ, უფრო მშვენიერს. ასაკთან მოტანილ ცვლილებები ჰარმონიული მეჩვენება. პროექტში მოხვედრილი ერთი ფოტო - ლამაზი ყვავილის ტოტი, შეიძლება ასაკთან არაფერ შუაშია, მაგრამ მე ვყვები მთლიანად ამ 42 წლის მანძილზე განცდილს. ისინი ესთეტიკითაც და თემატიკითაც განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს ფოტოები იმით ერთიანდება რომ ამ წელსაა გადაღებული. ბოლო ვარიანტი რა იქნება ჯერ კიდევ არ ვიცი, იმიტომ რომ პროექტს ჩემს დაბადების დღეზე დავასრულებ, ანუ დეკემბრამდე დრო მაქვს. სულ პროექტში ამ დროისთვის 40-50 ფოტოა. კიდევ ის შეიცვალა ჩემში, რომ დროის შეგრძნება გახდა სხვანაირი. თუ ერთი დღე არ ვიმუშავე მგონია რომ დავკარგე. დრო მენანება, მეჩქარება სადღაც. ადრე უფრო მოდუნებული ვიყავი. შოკოლადი : რითი განსხვავდება ეს ფოტოები, წინა ნამუშევრებისგან? ბესო : ძირითადად განწყობით. რომ დავალაგე წლევანდელი და შარშანდელი პორტრეტები, ცხადად დავინახე, რომ ემოციური დატვირთვა აშკარად სხვადასხვაა. მიუხედავად იმისა რომ სიბერეზე დავიწყე ფიქრი , ნაკლებად ვარ დეპრესიული, პირიქით - მე კარგად ვარ, გესმის?! ოდნავ შეიძლება ვწუწუნებ სიბერეზე, მაგრამ უკმაყოფილო არამგონია ვიყო. შოკოლადი : რატომ ირჩევ შენს ფოტოებში ხშირად სიშიშვლეს მთავარ თემად ? გიჭირს გაშიშვლებაზე მათი დათანხმება? ბესო : საქართველოში რთულია, რომ გაიხადონ, მაგრამ უმრავლესობა ჩემი მეგობარია და მენდობიან. მათ იციან რომ არ ვერთობი და არ დავცინი. ალბათ ყველა ადამიანს მოსწონს ცოტა ეგზიბიციონიზმი. ადამიანი უფრო საინტერესოა შიშველი. მომწონს ეს ესთეტიკა, ვფიქრობ რომ ადამიანები უფრო ლამაზები არიან. შოკოლადი : შენი ფოტოები ხშირად კომპოზიციურადაც აუწყობელია. რას ანიჭებ გადაღებისას უპირატესობას და რამდენად მნიშვნელოვანია კადრის გამართულობა? ბესო : კომპოზიციურად არა აწყობილი ფოტოები ჩემთვის საინტერესოა. მე თუ ვინმეს გადაღება მინდა ძირითადად გარემოს არ ვახლებ ხელს. ერთი იმიტომ რომ გადაღებისას ჩემს გადასაღებ ობიექტზე ვარ კონცენტრირებული და შეიძლება რამე შემოეჩხიროს, მაგრამ რა ვქნა უკვე მოხდა; მეორეც , ხანდახან ისეთი მომწონს ეს სივრცე როგორიც არის და მესამე უბრალოდ არ ვეტევი კადრში, მინდა არ მინდა ის რაღაცა შიგნიდან ხტება. გარშემო რაც ხდება იმის გაკონტროლება ვისწავლე, მაგრამ ვცდილობ რომ ხელუხლებელი დავტოვო. არც ვიცი ასე რატომ ვაკეთებ. შეიძლება მეზარება კიდეც, ან მეშინია რომ იმ წამს რასაც ვხედავ ის არ გამექცეს. ველოდები ხოლმე წამებს, როცა უნდა გადავიღო. თითქმის ყოველთვის ვთხოვ ჩემს მოდელებს რომ მიყურონ, მომწონს კამერაში რომ იყურებიან გადაღების დროს. ჩემი აზრით ძალიან მეტყველია თვალები. ფოკუსს ყოველთვის თვალებზე ვასწორებ. შოკოლადი : თქვენ ხშირად აღწერთ ურბანულ კიტჩურ გარემოს. როგორი დამოკიდებულება გაქვს ამ გარემოსადმი და როგორ აღიქვამს მას დამთვალიერებელი? ბესო : მე ამ გარემოში გავიზარდე და მიყვარს ის ისეთი, როგორიც არის. შეიძლება რაღაცაზე ვიხუმრო ფოტოში და მნახველმა გაიცინოს, მაგრამ ეს არ არის დაცინვა არავითარ შემთხვევაში. შეუძლებელია რომ აუდიტორიამაც არ იგრძნოს ეს. ჩემი ფოტოს მთავარი სიძლიერეც იმაშია, რომ იგრძნობა ჩემი თბილი დამოკიდებულება კონკრეტულ ტიპთან თუ სამყაროსთან. ბესო უზნაძის ფოტოპროექტი All I Know ნახეთ ჟურნალის ოქტომბრის ნომერში. |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი