|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები
|
პოეტური კრებული საგამოფენო სივრცეში"საზოგადოება მიუღწეველია", - ამბობს მარქსი; თუმცა, პიკეტის თანახმად, არა იმდენად საზოგადოებაა მიუღწეველი, არამედ მარცხი და შემდეგ უშინაარსობა საზოგადოების", - ეს არის ნაწყვეტი არტისტის, პოეტისა და მთარგმნელის დავით ჩიხლაძის ახალი მითოპოეტური ლექსების კრებულიდან, რომლის ნაწილობრივი პრეზენტაცია 20 იანვარს, გალა გალერეის საგამოფენო სივრცეში შედგა. გამოფენაზე, რომელსაც ორგანიზატორებმა და თავად არტისტმა "ზებრა-ალგერბრა" უწოდეს, შემთხვევით მისულ დამთვალიერებლს შეიძლება ოდნავ დაუჯერებლად მოსჩვნებოდა სხვადასხვა მედიებით (ფოტოგრაფია, ფერწერული ნამუშევრები, ვიდეო) გადმოცემული წიგნის პრეზენტაციის იდეა, თუმცა ავტორის არტ-ილუზიებისა და ჩანაფიქრების ფონზე, აღნიშნული ღონისძიება სრულიად ადეკვატურად აღიქმებოდა ჩიხლაძის სხვა პერფორმანსებთან და ნამუშევრებთან მიმართებაში. დავით ჩიხლაძის თქმით, გამოფენის სახელწოდებაც მითოპოეტურია და ის მთვარის კალენდრის ახალ წელს უკავშირდება. "ზებრა არის ცხოველი, რომელსაც ორი ფერი აქვს, მაგრამ შეიძლება დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ცხოველი, რომელსაც ორი ფერი აქვს და იმ ორი ფერისგან ალგებრა შევქმნათ", - აცხადებს არტისტი. გალა-გალერეაში წარმოდგენილი ექსპოზიცია აერთიანებს დავით ჩიხლაძის მიერ დაარსებული "მარგო კორაბლიოვას თეატრის" ფარგლებში გამართული პერფორმანსების ამსახველ ფოტოებს, რომლებიც თავის დროზე ფოტო-ფირზე გურამ წიბახაშვილმა და დინა ოგანოვამ ასახეს. ფოტოებიდან მხოლოდ იმის გარკვევა შეიძლება, რომ არტისტი თავისი ჩანაფიქრებით მოქმედებს . ფოტოების უმრავლესობა ეროტიულ სცენებს ასახავს, რასაც ლოგიკურად უკავშირდება მის ქვეშ არსებული მინაწერები საზოგადოების ჩაკატილობის, მიუღწევლობისა და უშინაარსობის შესახებ. პერფორმანსის ამსახველი ფოტოების გარდა, არტისტმა სამხატვრო აკადემიის რამდენიმე სტუდენტსაც მისცა საშუალება, საკუთარი შემოქმედება საგამოფენო სივრცეში გადმოეტანათ. გამოფენაზე, ფოტოგრაფებმა სალომე ნარსიამ, ანი კალანდარიშვილმა და აკადემის კიდევ რამდენიმე სტუდენტმა დამოუკიდებელი ნამუშევრები წარმოადგინეს. ანის და სალომეს ფოტოების სერია შვეიცარიის ქალაქ ჟენევის შიდა და გარე ხედებს გვიჩვენებს. მათ მიერ გადმოცემული სივრცეები კონტრასტულია, რადგან ერთი მათგანი ჟენევის ქუჩების ქაოტურ ცხოვრებას ასახავს, მეორე კი უამრავი გაუგებარი დეტალებით დატვირთული შენობების შიდა სივრცეს გვიჩვენებს. ამის მიუხედავად, ფოტოების ამ განსხვავებული სერიებს ერთი გადამკვეთი წერტილი აქვს - უაზრო სიცარილე, რომელიც თითქმის ყველა ინდუსტრიულ ქალაქში სუფევს. პოსტმოდერნისტულ სტილში შექმნილი მედიების ხილვა დამთვალიერებელს 25 იანვრამდე, "გალა-გალერიის" საგამოფენო სივრცეში შეეძლება. |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი