პოეტ კუკლინის იმპერია და "მუქთახორა ბროდსკი"

(ფრიდა ვიგდოროვას ნათელ ხსოვნას)

იოსიფ ბროდსკი

В деревне Бог живет не по углам,

как думают насмешники, а всюду.

Он освящает кровлю и посуду

и честно двери делит пополам.

В деревне Он - в избытке. В чугуне

Он варит по субботам чечевицу,

приплясывает сонно на огне,

подмигивает мне, как очевидцу.

Он изгороди ставит. Выдает

девицу за лесничего. И в шутку

устраивает вечный недолет

объездчику, стреляющему в утку.

Возможность же все это наблюдать,

к осеннему прислушиваясь свисту,

единственная, в общем, благодать,

доступная в деревне атеисту.

 

ეს ტექსტი მათთვის ვთარგმნე, ვისთვისაც საბჭოეთი დღემდე შიშნარევი, ოიდიპოსის კომპლექსთან შეზავებული სიყვარულის ერთადერთი და განუმეორებელი ხატია. და მათთვისაც, ვისაც "წითელი" ზღვის მეორე სანაპიროზე სურს ცხოვრება, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან ძალადობის სურვილი ახრჩობს.

ტკბილი საბჭოური ცხოვრება ახლა ელდარ რიაზანოვის დაუვიწყარი (უბრალოდ, ტელევიზიები არ გვაძლევენ მისი დავიწყების შანსს) კომედიით "ბედის ირონია", რუსი ქალების კავკასიელი მამრების მიმართ თავდაკარგული სიყვარულითა და ზოგიერთს შესაძლოა, შოსტაკოვიჩის სიმფონიებითაც ახსოვდეს! სხვათა შორის, სწორედ ის იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც ბროდსკის პასუხისგებიდან განთავისუფლების თხოვნას მოაწერს ხელს.  არადა, ეს სრულიად გენიალური კომპოზიტორი სულ ძალით აქციეს საბჭოთა იდეოლოგიის მუსიკალურ სახედ.

მოსამართლე, იოსიფ ბროდსკის სასამართლოზე იტყვის: კომუნიზმს, 4 მაისის ბრძანებულების თანახმად, მილიონები აშენებენო. დიახ, რახან ბრძანეს, მილიონს კაციც კი არ უნდა დაკლებოდა, შოსტაკოვიჩმა ვერ გაუძლო წნეხს, ის ჩააყენეს დიადი კომუნიზმის მშენებლობის საქმეში აი, მუქთახორა ბროდსკიმ კი უარი განაცხადა და მისმა სამშობლომ ის დასაჯა! "დასაჯა" მსოფლიო აღიარებითა და ნობელის პრემიით. თუმცა ეჭვი მეპარება ამ შესანიშნავ პოეტს პრემიების ხიბლი ჰქონოდა.

იოსიფ ბროდსკის სასამართლო პროცესი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და მსოფლიო მნიშვნელობის სირცხვილად შეიძლება ჩავთვალოთ. ცივილიზებული სამყაროს სირცხვილად, რომელიც ამგვარ უმსგავსობას წლების განმავლობაში "ყლაპავდა" და ახლაც ასე იქცევა იმის გამო, რომ ბრაზიანი "პარტნიორი" კიდევ უფრო არ გააბრაზოს და ზამთარში კომფორტი არ მოაკლდეს - ამას ხომ ნატიფი დასავლური ფსიქიკა ვერ გაუძლებს. ამაზე უფრო საშიში ისაა, რომ სამართალწარმოება დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდად არ შეცვლილა. არა, ახლა პოეტებს მუქთახორობისთვის არ ვასამართლებთ, ეს მეტისმეტი იქნებოდა, მაგრამ უსამართლოდ დასჯილი ადამიანების რიცხვი, ვფიქრობ, დიდად არ შემცირებულა.  არც პოეტ კუკლინთა სიმცირეს ვუჩივით, ისინი სულ არიან და სისტემისა და მისი იდეოლოგიის დითირამბებით შემკობით არიან დაკავებული. მათი უსახურობა იმდენად ამაზრზენია, რომ ხანდახან ხელოვნებაზე ვბრაზდები, რატომ აძლევს ის ამგვარ მაქციებს საკუთარ სივრცეში არსებობის უფლებას? მერე ვხვდები, რომ სწორედ ესაა თავისუფლების ხარისხი, სწორედ იქ ან მხოლოდ იქ შეიძლება დაიბადოს ბროდსკიც და კუკლინიც გვერდიგვერდ. მხოლოდ ერთი გახდება ამ სივრცის ნაწილი ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე, ხოლო მეორე მიწაა და მიწადვე იქცევა.

როცა 31 დეკემბერს "ბედის ირონიის" საყურებლად კომფორტულად მოკალათდებით, შეახსენეთ საკუთარ თავს "მშენებელთა ქუჩის" სამ ნომერში მდებარე სახლის ფანჯრებს მიღმა რა ხდებოდა და როგორ ასამართლებდნენ პოეტს სწორედ იმის გამო, რომ მან ასეთ ქუჩებსა და სახლებში ცხოვრებაზე  განაცხადა უარი. ჩვენო "მშობლებო", როცა ნოსტალგიის დიდი განცდით გაიხსენებთ რა იაფად დაფრინავდით იმპერიის პროვინციიდან მის გულში, ისიც გაიხსენეთ, რომ ამაზე უფრო იაფი იმ "დალოცვილ" ქვეყანაში ადამიანის დახვრეტა ღირდა.

როდესაც სისტემა გვეუბნება, რომ ყველაფერი კარგადაა, სწორედ მაშინ უნდა გვეშინოდეს და დავფიქრდეთ  -  პოეტ კუკლინის იმპერიაში სადმე ისევ ხომ არ ასამართლებენ მუქთახორა ბროდსკის?

 

იოსიფ ბროდსკის პირველი სასამართლო

ქალაქ ლენინგრადის დერჟინსკის რაიონული სასამართლოს სხდომა, აჯანყების ქუჩა 36, მოსამართლე საველიევა, 1964 წლის 18 თებერვალი

 

მოსამართლე:  რით ხართ დაკავებული?

ბროდსკი:  ვწერ ლექსებს, ვთარგმნი, მე ვფიქრობ......

მოსამართლე: არავითარი "მე ვფიქრობ", დადექით წესიერად, ნუ ეყუდებით კედლებს და უყურეთ სასამართლოს! პასუხიც სასამართლოს გაეცით! გაქვთ მუდმივი სამუშაო ადგილი?

ბროდსკი:  მე ვფიქრობდი, რომ ეს მუდმივი სამუშაოა.

მოსამართლე:  მიპასუხეთ ზუსტად!

ბროდსკი: მე ვწერდი ლექსებს და მეგონა, რომ მათ დაბეჭდავდნენ, მე ვვარაუდობ..

მოსამართლე:  ჩვენ არ გვაინტერესებს "მე ვვარაუდობ", მიპასუხეთ რატომ არ მუშაობდით?

ბროდსკი:  მე ვმუშაობდი, ვწერდი ლექსებს.

მოსამართლე:  ეს ჩვენ არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს, რომელ დაწესებულებასთან თანამშრომლობდით და  საერთოდ, რა სპეციალობის ხართ?

ბროდსკი:  პოეტი, პოეტი-მთარგმნელი.

მოსამართლე:  და ვინ აღიარა თქვენი პოეტობა, ვინ მიაწერა თქვენი თავი პოეტებს?

ბროდსკი: არავინ (მიმართვის გარეშე)... და ვინ მიაწერა ჩემი თავი კაცთა მოდგმას?

მოსამართლე: თქვენ, საერთოდ, სწავლობდით ამას?

ბროდსკი:  რას?

მოსამართლე: პოეტობას. არ გიცდიათ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრება, სადაც ამზადებენ... სადაც ასწავლიან...

ბროდსკი: მე არ მიფიქრია, არ მიფიქრია, რომ ეს სწავლით გეძლევა.

მოსამართლე:  აბა, რით?

ბროდსკი: მე ვფიქრობ, ეს...(დაბნეულად)  ღვთისგანაა...

მოსამართლე:  გაქვთ რაიმე თხოვნა სასამართლოსთან?

ბროდსკი: მინდა ვიცოდე, რისთვის დამაკავეს.

 

დადგენილება:

გაიგზავნოს სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე იმის გამოსარკვევად, დაავადებულია თუ არა მოქალაქე ბროდსკი რაიმე ფსიქიკური ავადმყოფობით და აღნიშნული დაავადება უშლის თუ არა ხელს მის გაგზავნას შორეულ გადასახლებაში იძულებითი შრომისათვის.

 

ბროდსკი:  მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს - საკანში მომცეთ კალამი და ფურცელი.

მოსამართლე:  ამ თხოვნით მილიციის უფროსს მიმართეთ!

ბროდსკი:  ვთხოვე, მაგრამ უარი მითხრა, მხოლოდ კალამს და ფურცელს ვითხოვ.

როდესაც დარბაზი ყველამ დატოვა, კორიდორებსა და კიბეზე დაინახეს უამრავი ხალხი, ძირითადად ახალგაზრდები.

მოსამართლე:  რამდენი ხალხია! არ მეგონა ამდენი ადამიანი თუ მოიყრიდა თავს!

ბრბოდან:  პოეტებს ყოველდღე არ ასამართლებენ!

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.