"პიზდეც" თაობა

იანვარი 10, 2012 ავტორი დათო ჩიხლაძე

ბათუმის კინოფესტივალი დასრულდა

მე კარგად არ მახსოვს ღამე ჭიათურაში, ისევე როგორც ბევრი რამ ამ მოგზაურობიდან, მაგრამ ფაქტია, რომ დილით თავი მტკიოდა. ღამე კიდევ უამრავი სიზმარი ვნახე. ერთი ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი ჯგუფის სიმღერა იყო. უფრო სწორად კლიპი ამ სიმღერაზე, რომელიც მათ არასდროს გადაუღიათ. თავიდან ვიოლინოს ხმა მომესმა, ოღონდ ეს არ იყო კარგი მევიოლინის დაწყობილი, სიმფონიური, მუსიკა. ეს იყო ხმა, რომელსაც საწყალი ინსტრუმენტი მაშინ გამოსცემს, როცა ვინმე იდიოტი აწრიპინებს და „სკრიპაჩებს“ დასცინის. მერე კი, მოულოდნელად ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მილიონობით ვარსკვლავს საკმაოდ ახლოდან ვხედავდი. ისე, როგორც ტრასაზე 150–ით გაქროლებული მანქანიდან ჩანს ბანერები და გარკვევით ვერ არჩევ თუ რისკენ მოგიწოდებენ. ოღონდ ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქით იყო. საჭეებთან ვარსკლავები იჯდნენ და კადილაკებს დააქროლებდნენ. დაახლოებით ისე, როგორც „არიზონულ ოცნებაში“, როცა კადილაკების მთელი წყება ჩნდება. ის მანქანები არ იძვრიან, ალბათ იმიტომ, რომ მათ ვარსკლავები არ მართავენ. მე ვცდილობ ვარსკლავებს მივწვდე, მაგრამ თავს ძალაგამოცლილად ვგრძნობ, უბრალოდ ერთი რამ ვიცი, რომ ახალი წლის მოსვლას ველოდები და 300 კილოგრამი ტროტილი მაქვს. იმ მომენტში მე ჩიტაკილო ვარ, რომელსაც მანიაკალურად უნდა ეს ტროტილი დანიშნულებისამებრ გამოიყენოს. ალბათ უბრალოდ მოწყენილობისგან. ჩემი შემდეგი გამოცხადება უკვე ნამდვილი ჩიკატილოა. მას ხერხი უჭირავს და ჩემს შუაზე გახერხვას ცდილობს, მერე კი ყველა ჭრილობაზე ნემსების ჩარჭობას. ის ელის თუ როდის ვიყვირებ გამწარებისა და ტკივილისგან, ტრაკი. მაგრამ მე ხომ ანომალია ვარ, საერთოდაც არ მტკივა, ჩემი სხეული ერთი დიდი კაუჩუკია, რომელიც ვეღარაფერს გრძნობს და უკვე მოწყენილობისგანაც აღარ იტანჯება.

როგორც არ უნდა იყოს, დილით ჭიათურაში ოდნავ უსიამოვნო შეგრძნებით გამეღვიძა. თვალებს ძლივს ვახელდი და კიდევ მინდოდა რამდენიმე საათით დაძინება, მაგრამ გიორგიმ გამაღვიძა და შემახსენა, რომ დიქტოფონი უნდა გვეპოვა. უცებ ჩავიცვი და დიქტოფონის საძიებლად გავედით. ჩვენი შემდეგი მდგომარეობა, რომ წარმოიდგინოთ კარგი იქნება თუ გაიხსენებთ კადრს ფილმიდან, „ევროტური“. იქ ერთი მომენტია, როცა მთავარი გმირი კლივლენდიდან ბერლინში გამგზავრებას ცდილობს, მისი იდიოტი მეგობარი, კუპერი, კი მოუწოდებს, რომ ჯერ ლონდონში გაფრინდნენ, ფულის დაზოგვის მიზნით. კუპერი ამბობს : „ევროპა პატარაა, ლონდონიდან ბერლინში ფეხითაც ჩახვალ“. აი, ზუსტად ორი გამოკუპერებული იდიოტი ვიდექით ჭიათურის ბაზრის წინ დღის პირველ საათზე და ვაცნობიერებდით თუ რა სნობი, ეგოისტი, დედაქალაქელი, კვერცხები ვართ. დამიჯერეთ, ამის გაცნობიერება არც ისე სასიამოვნოა. ჭიათურა საკმაოდ დიდი და „ცოცხალი“ ქალაქი აღმოჩნდა. უფრო სწორად საკმარისად დიდი იმისთვის, რომ ზვიადი, რომელსაც ლურჯი ჰონდა ჰყავს ვერ გვეპოვნა. ქალაქს საახალწლო სამზადისიც ეტყობოდა. ყველას სადღაც ეჩქარებოდა და ცენტრალური ბაზრის პარკინგიც მთლიანად გადატვირთულიყო. აი, სწორედ ამ პარკინგზე მივხვდით, რომ ლურჯი ჰონდა თითქმის ყოველ მესამე ან მეოთხე ჭიათურელს ჰყავს და ჩვენი ოცნებაც დიქტოფონის დაბრუნებაზე აქვე დასრულდა. 

ჭიათურა ჩემთვის მართლა სიურპრიზი იყო. დიდი ხანია ვიძახი, რომ თბილისი ძალიან არ მიყვარს და სიამოვნებით ვიცხოვრებდი რომელიმე პროვინციურ ქალაქში. შეიძლება ასეთი ქალაქი ოდესმე ჭიათურაც იყოს. ფაქტია, რომ ეს საკმაოდ ცოცხალი, ლამაზი, მოწესრიგებული და სუფთა ადგილია. გასაკვირია აქაური სისუფთავე და განსაკუთრებული სამზადისი ახალი წლისთვის. მართალია საახალწლო დეკორაციები დიდი ვერაფერი იყო, მაგრამ მოკრძალებული ხარჯებითაც ქალაქი ახერხებდა საზეიმო განწყობის შექმნას. თუმცა გზების დაგება კი დავიწყებიათ. რას ვიზამთ, ქალაქი ცენტრალური ტრასიდან 40 კილომეტრში მდებარეობს და ახალი ავტობანის პრიორიტეტებით სარგებლობის საშუალება არ აქვს. რად უნდა გზა ქალაქს, სადაც ერთი ტრაილერიც კი არ გაივლის და ჰაერს არ დააბინძურებს?!

დათო ჩიხლაძე

გზაზე დასაბრუნებლად სწორედ 40 კილომეტრის გავლა მოგვიწია. საბოლოოდ ისევ ზესტაფონში აღმოვჩნდით და შემხვედრი მანქანის მოლოდინში თითო ღერიც გავაბოლეთ. დღის ყველაზე უსიამოვნო ამბავი ის გახლდათ, რომ ჩემს მათარაში ერთ წვეთი ვისკიც კი არ იყო დარჩენილი. თუმცა ამ სიტუაციამ ნიკ ქეივის ერთი სასიამოვნო სიმღერა გამახსენა. Brother my cup is empty - ვეუბნები გიორგის, მისი დიქტოფონის დაკარგვით გამოწვეული საწყალი მზერა კი მანიშნებს, რომ „He is a captain of his pain”. ამ სიმღერას კიდევ ბევრჯერ ვიმღერებთ კეთილი მძღოლის მოლოდინში თუ ახლადდაცლილი ჭიქების თანხლებით. თუმცა ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ ყველაფერის ჩასაწერად დიქტოფონი აღარ გვექნება. თუმცა, ეგ არაფერი. მთავარი ისაა, რომ გვიმართლებს და შემდეგი მანქანაც გვიჩერებს. ბიჭები ქუთაისამდე ჩაყვანას გვთავაზობენ, თუმცა არ ესმით თუ რატომ ვიტანჯავთ თავს ქუჩაში დგომით, როცა საფულეში საკმარისი რაოდენობის თანხა გვიდევს. [pagebreak]

ავტოსტოპის ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ ნებისმიერი ტიპის მუსიკალურ გემოვნებას უნდა მოერგო. თუმცა 5-6 მანქანის შემდეგ „აკლიმატიზაცია“ არც ისე მარტივია და რუსული „პაპსა“, ქართული „საქეიფო“, „ძიშოვი“ ელექტრონიკა და ა.შ ერთად ირევა თავში. ამ დროს უნდა ეცადო და გულში რაიმე სასიამოვნო იღიღინო, მაგალითად ნიკ ქეივი. ნიკ ქეივის ღიღინში კი გზა მალე მთავრდება და ჩვენც უკვე ქუთაისში ვართ.

ქუთაისის შესახებ წინა პოსტში დეტალურად ვისაუბრე, თუმცა ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ ეს ქალაქი ოდნავ შეცვლილა. საერთოდ, თუკი გინდა, რომ ქალაქის შესახებ ბევრი გაიგო, პირველ რიგში მისი ცენტრალური ავტოსადგური უნდა მოინახულო. თუ გაგიმართლებს იქვე ცენტრალური ბაზარიც იქნება და ქალაქის მთელი „ღირსშესანიშნაობა“ თვალწინ გადაგეშლება. 31 დეკემბერს ქუთაისის რითმმა ძალიან გამაკვირვა. აქ ყველაფერი ძალიან სწრაფი იყო. ქუჩაში უამრავი ადამიანი ირეოდა, მანქანები ერთმანეთს არ ატარებდნენ, საოცარი ბუღი იდგა, უამრავი მაღაზია ვიტრინებიდან საახალწლო ფასდაკლებებს გვთავაზობდნენ (და საერთოდ არ ეტყობოდათ, რომ წლის ბოლოს „ჩაწოლილი“ საქონლის გასაღება უნდოდათ). მოკლედ, ცოტა ხნით ვერაფრით გავარჩიე თუ რით განსხვავდებოდა ქუთაისი თბილისისგან. ალბათ ამით ჩვენი პრეზიდენტი ბედნიერიც კი იქნება. მან, ხომ „ნამდვილი“ დიდი ქალაქი ააშენა და ქუთაისსაც ძველი დიდება დაუბრუნა. თუმცა არამგონია, რომ ის ძველი დიდება ვულე-ვუს მაღაზიასთან ცოცხალი რიგი ყოფილიყო, ან კიდევ ტაქსისტების ჩხუბი შუქნიშანთან. ქუთაისი დაავადდა. უფრო სწორად ქუთაისი დაავადეს. ვიტრინები, „მსოფლიო ბრენდები“, ბანკები, მაკდონალდსი. ეს ყველაფერი მოჩვენებით ბედნიერას ქმნის. პოსტ-საბჭოური საზოგადოების იაფფასიან მისწრაფებას კაპიტალისტური სამყაროსკენ. აქ კარგად ჩანს თაობა, რომელმაც იხილა ზღვა, გაუღიმა მზეს და აირჩია პეპსი. სინამდვილეში კი გარშემო მხოლოდ სიმულაკრია. „პლასტიკური გარდაუვალობა“, როგორც ბოდრიარის ესეში. ზუსტად ამაზე მეტყველებს მხოლოდ 2-3 დაკავებული მაგიდა ადგილობრივ მაკდონალდსში. ვერ ვგებულობ თუ რატომ უნდა უხაროდეს ადამიანს მაკდონალდსის არსებობა, როცა იქ შესვლა არ შეუძლია.

თუმცა ქუთაისური მაკდონალდსი მართლაც საუკეთესო მაკდონალდსია საქართველოში. ჯერ ერთი, განსხვავებული დიზაინის გამო, მერე მეორე, კი უჩვეულოდ გემრიელი ჩიზბურგერის დამსახურებით. რატომღაც აქ ყველაფერი გაცილებით უფრო გემრიელია ვიდრე თბილისში, ყავაც კი. თუმცა იქვე ვხვდებით ერთ საინტერესო სიტუაციას. მე და გიორგი ამ ამბავს ქართული პატრიარქალური საზოგადოების მანკიერებას ვარქმევთ და წამში ვიქცევთ გვერდით მჯდომი ქალბატონის ყურადღებას. ასეთი ბრტყელ-ბრტყელი ფრაზების რახა-რუხს ალბათ იშვიათად თუ ხვდება ქუთაისში. საქმე იმაშია, რომ მაკდონალდსში ჩვენთან ერთად ორი მამაკაცი, ერთი ქალი და ერთი ბავშვი შემოვიდნენ. რამდენიმე წუთში კი მამაკაცი ფეხზე წამოხტა, ქალმა მას სილა გააწნა და ტელეფონი ძირს დაუგდო. კაცმა ქალს შეხედა და უთხრა „ნახე შენ თუ დედა არ მოგიტყნაო“ და გავიდა. მეორე მამაკაცი იქვე დარჩა, თუმცა ხმა არ ამოუღია. ქალი დიაბნა, ბავშვი ხელში აიყვანა და ტელეფონის აწყობა დაიწყო. მერე რამდენჯერმე დარეკა, შეშინებული იყო, სულ რაღაც 22-23 წლის თუ იქნებოდა და ჩვენც ვხვდებოდით, რომ რამდენიმე წამის წინ კიდევ ერთი ვერშემდგარი ქართული ოჯახი ვიხილეთ, რომელშიც ქალს არჩევანის უფლება არ აქვს. მამაკაცი რამდენიმე წუთში დაბრუნდა და გოგო და ბავშვი წაიყვანა. არ ვიცი თუ რა მოხდა შემდეგ და სიმართლე გითხრათ, არც მინდა, რომ ვიცოდე.

გარეთ გამოსვლისთანავე გიორგიმ რამდენიმე ფოტო გადაიღო. განსაკუთრებით საინტერესო მომენტი ის იყო თუ როგორ ცდილობდა ვიღაც კაცი მაკდონალდსის წინ პლასტმასის ნაძვის ხის აწყობას. Fake plastic trees, for fake plastic new year in the fake plastic city.

ჩვენი შემდგომი მარშრუტი, ჩვენთვისაც უცნობია. ორი ვარიანტი გვაქვს, ან გურიაში ჩავიდეთ და მხოლოდ მერე ვიფიქროთ ბათუმზე, ან კიდევ პირდაპირ ბათუმისკენ დავიძრათ. ამჯერად ყველაფერი მარტო შემხვედრ მანქანაზეა დამოკიდებული. გააჩნია თუ რას შემოგვთავაზებს ჩვენი შემდეგი მძღოლი.

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
@