"პიდარასტები" და დაძმობილებულები

ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

*სრული ვერსია იხილეთ ცხელი შოკოლადის 62-ე ნომერში

"ამ საქმესა დაფარულსა ბრძენ დიონოს გააცხადებს:

ღმერთი კარგსა მოავლინებს, აწ ბოროტსა არ დაჰბადებს".

შოთა რუსთაველი

"სუდია - პიდარასტ!" ანუ "პიდარასტების" გენეალოგია

სიტყვა "პიდარასტი", სულ ცოტა, ადრეული სკოლის ასაკიდან მესმოდა და, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომ ეს "ცუდი სიტყვა" იყო, რომელიც სახლში ან უფროსების თანდასწრებით არ უნდა მეთქვა, მას მაინც ერთგვარი პათეტიკური, ლამის ამაღლებული ჟღერადობა ჰქონდა ჩემთვის: ვინაიდან ბავშვობაში ფეხბურთით ვიყავი გატაცებული და 11 წლის ასაკიდან სტადიონზეც დავდიოდი, თბილისის "დინამოს" სტადიონი და ქართული ფეხბურთი ერთ ფორმულასთან იყო გაიგივებული და ის ამ სიტყვების სახით შემომრჩა მეხსიერებაში: "სუდია - პიდარასტ!" ეს იყო ქართველი გულშემატკივრების ერთსულოვნების გამოხატულება, როდესაც ათეულობით ათასი ადამიანი ერთხმად აპროტესტებდა საფეხბურთო მსაჯის გადაწყვეტილებას. ეს იყო "ძალა ერთობაშია"-ს ყველაზე მძაფრი ქართული საბჭოთა გამოვლინება. ამასთანავე, ეს ფრაზა ქართული კოლექტიური რესანტიმენტის ჩემს მეხსიერებაში არსებული პირველი ფორმაცაა: თუ "დინამო" ვერ იგებს, ეს რუსი "სუდიას" ბრალია.

მსაჯი, მისი მარად თანმდევი განსაზღვრებით - "პიდარასტი" - უსამართლობის, ჩაგვრისა და "მტრის ხატის" ქართული საბჭოთა სიმბოლო იყო, ხოლო ქართული აქცენტით რუსულად წარმოთქმული შეძახილი - "სუდია - პიდარასტ!" - ეროვნული თანხმობისა და პატრიოტული პროტესტის ყველაზე აშკარა გამოხატულება. უფრო მეტიც, "ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა", რომელიც ერთ დროს წარმატებული და საამაყო ქართული ფეხბურთის გაქრობასთან ერთად გაჩნდა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, სწორედ "სუდია-პიდარასტის" ძახილიდან დაიბადა და "დინამოს" სტადიონზე ნასწავლი შემართებით მოედო თბილისის ქუჩებს. "დინამოს" თუ "ლოკომოტივის" სტადიონები კი, რომლებიც ფეხბურთით უკვე ვეღარ იზიდავდნენ მაყურებელს, თანდათანობით მიტინგების, ეროვნული აღლუმებისა თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის საპროტესტო-პატრიოტული თავყრილობების ასპარეზად გადაიქცა. თავად "სუდია-პიდარასტმაც", როგორც ეროვნული აფექტის არქეტიპულმა გამოხატულებამ, ის განიცადა, რასაც დღეს ინტელექტუალები "დეკონსტრუქციას" ეძახიან: იგი დაიშალა მრავალ სრულიად განსხვავებული შინაარსისა თუ ფორმის ფრაზად, ლოზუნგად, კოლექტიურ შეძახილად თუ ეროვნული იდენტობისა და "მტრისა" და "მოყვრის" გამიჯვნის გამომხატველ კრიტერიუმად. მთელი პოსტსაბჭოთა ქართული კოლექტიური ფობიები და სასიყვარულო ვნებები, რომლებიც "ძირს!" და "-ჯოს!" ტონალობებში ჟღერს ხოლმე, უკვე ბოლო ორი ათწლეულია, ამ არქე-შეძახილის დეკონსტუქციულ ნაირსახეობებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელთა ობერტონებშიც ისევ ბედისადმი დაუმორჩილებლობის ამაყი ფორმულა - "სუდია - პიდარასტ!" ცოცხლდება და ეროვნული დაუმორჩილებლობის იდეის გმირული და მოწამეობრივი შარავანდედით იმოსება. რამდენადაც ამ ფორმულის სუბიექტი "მესამე ძალაა" - ბოროტი და უსამართლო მსაჯის სახით, რომელიც "მეორე ძალასთან" ჩვენს წარუმატებლობაში მთავარი დამნაშავეა, გვავიწყებს ჩვენს უშუალო ოპონენტს და მასთან ურთიერთობის პირადად მოგვარების აუცილებლობასა და საკუთარი შეცდომებისა თუ ხარვეზების დანახვას. ამის სანაცვლოდ კი, მთელ პოსტსაბჭოთა ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებას სხვადასხვა სახის "მესამე ძალების" შეთქმულების თეორიები იკავებს, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოს და ქართველ ერს მისი სანუკვარი ოცნების აღსრულებასა და "საქართველოს გაბრწყინებაში". უკვე 90-იანი წლების დამდეგიდან მოყოლებული, ამგვარი "სუდიების" სიაში კრემლისა და "სუკის" გვერდით, მასონები, სოროსელები, იეღოველები, მედასავლეთეები და "ლიბერალები" ჩნდებიან, რომლებიც ბედნიერებას ჩვენი ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტოვანი სამშობლოს გარეთ გვაძებნინებენ, ჩვენს სალ კლდეებზე მეტად სხვა ქვეყნის სამოთხეები უყვართ, ეროვნულ ძირებსა და ტრადიციებს ღალატობენ და მოსპობით ემუქრებიან და თავისავით ზნედაცემულები უნდათ გაგვხადონ...

სწორედ 90-იანი წლების შუაში ასეთი შეთქმულების თეორიები შიგადაშიგ სექსუალურ შეფერილობასაც იძენს და საქართველოს პოლიტიკურ არენაზე ჰომოფობური დისკურსიც იბადება. რუსული საბჭოთა წარმომავლობის ქართული სიტყვა "პიდარასტი", რომელიც ძველი ბერძნული წარმოშობის "პედერასტის" (ბერძნ. "პაიდერასტია" - "ყმაწვილის სიყვარული") დამახინჯებითაა მიღებული, ერთი მხრივ, მამრობითი ჰომოსექსუალობის აღმნიშვნელ ტერმინად, მეორე მხრივ კი უცხოს, სახიფათოს, არატრადიციულისა და მტრულის დემონურ ხატებად გარდაისახება, რომელიც განსაკუთრებული წარმატებით თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსში ახალი "შეთქმულების თეორიების" მთავარი კომპონენტია. ასეთი შინაარსობრივი გამდიდრებით კი კიდევ ერთხელ შეერწყა რუსულ-საბჭოური ფენომენი ქართულსა და ძირძველს: ჰომოსექსუალობასთან დამოკიდებულების მეცნიერულ, ზოგჯერ ლოგიკურ აზროვნებამდელი ტრადიციული სტერეოტიპები თანამედროვე საქართველოში პოლიტიკურ ორიენტაციად გარდაიქმნება, რომელშიც სიტყვა "პიდარასტს" უკვე ყოველივე უცხოსა და მტრულის, თავადაც გადაგვარებულისა და სხვისი გადაგვარების მოსურნის მნიშვნელობა ენიჭება. ამ კუთხით თუ შევხედავთ, მაშინ შეიძლება თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში საქართველოსთვის მტრულისა და ჰომოსექსუალობის გაიგივების კიდევ ერთი, ისტორიული ასპექტიც დავინახოთ.

ჰომოსექსუალობის მიმართ ტრადიციული ქართული დამოკიდებულება ძირითადად ისეთივე კლიშეებს იმეორებს, როგორებიც ყველა პატრიარქალური და ქრისტიანული საზოგადოებებისათვისაა დამახასიათებელი - ცოდვა, გარყვნილება, გადახრა, ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო ქმედება, ავადმყოფობა და ა.შ. X და XI საუკუნეების ქართულ საეკლესიო ლიტერატურაში პირველად ჩნდება ტერმინი "მამათმავლობა", რომლის, ავტორი თუ არა, დღემდე შემონახულ ქართულ წერილობით ძეგლებში პირველი მომხსენიებელი მაინც, საეკლესიო მოღვაწე ექვთიმე მთაწმინდელია, რომლის თქმითაც, "რომელმან უშუერებაი იგი მამათმავლობისაი აჩუენოს, ჟამი იგი მემრუშეთა უშჯულოებისაი მისცეს მას სინანულად". "მამათმავლობის" ანუ საეკლესიო ენაზე  - "სოდომის ცოდვის" მოხშირების გამო XI საუკუნის ქართული ეკლესია შეშფოთებას გამოთქვამს და მის ჩამდენთა მიმართ ზიარების რამდენიმე წლით (15-დან 18 წლამდე) შეჩერებას მოითხოვს. თავად ქართული ჰომოფობიის პირველი ნარატივი 1103 წელს დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების "ძეგლისდების" (დადგენილების) მოცულობით ყველაზე ვრცელი მე-18 მუხლია, რომელიც სწორედ "მამათმავლობას" ეძღვნება: "მერმეცა ღმრთის მოძაგებულისა მის და ღმრთის განმამწარებელისა ცოდვათა უბილწესისა საძაგელებისა სოდომელთაისა, რომლისაი არა უწყით, თუ ვითარ შეეთვისა იგი უბადრუკსა ამა ნათესავსა (ანუ ქართველებს - გ.მ.) და სრულიად განაშორნა და უცხო-ყვნა ღმრთისაგან"... როგორც უკვე ამ სიტყვებიდანაც ჩანს, XII საუკუნის დამდეგის საქართველოში "მამათმავლობა" იმდენად გავრცელებულა საერო თუ სასულიერო პირებში, რომ "ძეგლისდების" ავტორი განგაშს ტეხს და მკითხველის უკეთ დასარწმუნებლად მსოფლიო ისტორიის თავისებურ ინტერპრეტაციასაც სთავაზობს, რომელიც მთლიანად ჰომოსექსუალთა "შეთქმულების თეორიის" პირველ ქართულ ნიმუშს წარმოადგენს. მისი აზრით, "ამან უსჯულოებამან" დააქცია ისეთი დიდი სახელმწიფოები, როგორებიც იყო ასურეთი და სპარსეთი, აგრეთვე ქრისტიანი მეზობელი სომხეთიც: "ამან ცოდვამან დიდი იგი და ყოვლით კერძო ყოვლისა ქუეყანისაით ხმაგანსმენილი ნათესავი სომეხთაი მეფობითურთ და მთავრობით მათით არა ოდენ დაამდაბლა და დაამხუა, არამედ სრულიად აღიღო კაცთაგან სახელი მათი"... (ანუ 1045 წელს ბიზანტიის მიერ ანისის სომხური სამეფოს ლიკვიდაციის მიზეზი სომხეთში მამათმავლობის მომძლავრება ყოფილა). "ძეგლისდების" ავტორის ლოგიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ ისტორიას სექსუალობა ამოძრავებს და თუ ის "მამათმავლობის" ფაზაში შევიდა, რომელიც, როგორც ჩანს, სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების "უმაღლესი და უკანასკნელი სტადიაა", მაშინ აღსასრულიც ახლოს ყოფილა. ჰომოსექსუალობის პრობლემის მიმართ ასეთი აპოკალიფტური დამოკიდებულება ბუნებრივ ეჭვს ბადებს, რომ მისი მიუღებლობა მხოლოდ ქრისტიანულ მორალთან შეუთავსებლობით აიხსნებოდეს. მასთან მიმართებაში არსებობს ერთი სპეციფიკური ნიშანი ან ტენდენცია, რომელიც საქართველოში უკვე საუკუნეების მანძილზე სტაბილურად უცვლელია და რომელსაც "გაუცხოება" ან "გასხვისება" შეიძლება ეწოდოს. ეს ტენდენცია კი აღიარებს საქართველოში ჰომოსექსუალური ურთიერთობების ფაქტების არსებობას, მაგრამ ამასთანავე ხაზს უსვამს მის არაქართულ, ქართველისათვის უცხო, არასაკადრის ბუნებასა და ხასიათს. ამ წარმოდგენის თანახმად, ჰომოსექსუალობა არაქართული წარმომავლობისაა და ყოველთვის გარედან, უცხოეთიდანაა შემოგდებული. ხოლო ჰომოსექსუალობის ასეთი "ინვესტორები" ძირითადად საქართველოს მტრები ან ეთნიკურად არაქართველები, ანუ "უცხოელები" არიან. გაუცხოებით კი სექსუალობის ამ ფორმის ადგილი არალეგიტიმური ხდება კულტურულ ტრადიციაში, ანუ ჰომოსექსუალობა კი ყოველთვის იყო საქართველოში, მაგრამ ის "ქართული" არ ყოფილა. ამიტომაც, მას, როგორც არატრადიციულს, სწორედ ტრადიციის სახელით უნდა ვებრძოლოთ. ასეთი აზროვნების ლოგიკა კი, საბოლოო ჯამში, არაფრით განსხვავდება "სუდია-პიდარასტის" ლოგიკისაგან: არსებობს ვიღაც სხვა, უცხო ძალა, მტერი, რომელიც ყველაფერში დამნაშავეა და ჩემს უმანკოებას მართმევს. "კარგი", რომელსაც ღმერთი მოავლინებს და "ბოროტსა არ დაჰბადებს", მხოლოდ ტრადიციულად "ჩემიანები", ჩემთან დაძმობილებულები შეიძლება იყვნენ.

oceola (შეუმოწმებელი), ივლისი 9, 2010, 13:29:40

"ავტორის ლოგიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ ისტორიას სექსუალობა ამოძრავებს" - რა უბადრუკი აზროვნებაა.
ერთხელაა ავტორი სტადიონზე ნამყოფი და მაშნაც სხვისი ხათრით წავიდა ალბათ, ან მამამ წაიყვანა და იქედან მარტო "სუდია პედარასტ" დაამახსოვრდა

Anonymous (შეუმოწმებელი), ივლისი 9, 2010, 13:02:44

ra sasaciloa es mazoxizmamde misuli "tvitkritika". pirdapir talaxshi vzivart da tavze laps visxamt yvelgan da yvela speroshi.uke istoriis beci interpretirebac daicko ara? " arrra batono arra...ase tqven versadac ver gaprindebit".midgomebis sherbilebas dro da eris kargi ganatleba moitans (ar vgulisxmob sexsis gakvetilebs skolebshi), da ara es gautavebeli chaquchis raxuni tavshi.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.