|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
პასუხი პასუხისმგებლობის საკითხზემოსალოდნელი საპროტესტო გამოსვლების მოლოდინში ან მათთვის მზადებაში ვლინდება საკითხი, რომელზეც ჩამოყალიბებული პასუხი ოპოზიციას არ გააჩნია - როგორ მოეპყრობიან გამარჯვებული ოპოზიციონერები სააკაშვილის ხელისუფლების უკვე ყოფილ წევრებს? ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში 24 თებერვლის გადაცემაში ნინო ბურჯანაძის, დავით ზურაბიშვილის, დავით უსუფაშვილის, ზვიად ძიძიგურის და კახა შარტავას ერთად გამოჩენამ "რეზონანსის" ჟურნალისტს იგივე კითხვა დაასმევინა - როგორ აპირებდა ეთერში მსხდომი ოპოზიცია გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლების წევრებთან მოპყრობას, დადგებოდა თუ არა მათი პასუხისმგებლობის საკითხი? ამ კითხვაზე ზვიად ძიძიგურმა შესაძლო პასუხებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ნეიტრალური აირჩია - ეს საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია. ზვიად ძიძიგური მართალია, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ სასამართლო საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებაში კანონით ხელმძღვანელობს, ხოლო პიროვნული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შეფარდების, ისევე, როგორც მისგან გათავისუფლების საკითხს, კანონი ადგენს. კანონს კი ქმნის საკანონმდებლო ორგანო, საქართველოს პარლამენტი, სადაც, ოპოზიციისთვის ოპტიმისტური სცენარის განხორციელების შემთხვევაში, სწორედ ამ პოლიტიკური ძალების ლიდერები ისხდებიან. ამ მექანიზმის გამოყენების მაგალითისათვის შორს წასვლა არ არის საჭირო. რომ არა საქართველოს პარლამენტის მიერ 2004 წელს მიღებული ცვლილებები, "დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ", საქართველოს სასამართლოები ვერ შეძლებდნენ შევარდნაძის ბევრი ჩინოვნიკისათვის ქონების ჩამორთმევას. იგივე უნდა ითქვას საპროცესო შეთანხმების ქართულ ვარიანტზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში პარლამენტის მეშვეობით დამკვიდრდა და რომლის აღსრულება შემდგომში სასამართლომ განახორციელა. შესაბამისად, კითხვაზე - პასუხისმგებლობის როგორი ზომები იქნება გამოყენებული სააკაშვილის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის წევრების მიმართ, პასუხი, რომ ამ საკითხს სასამართლო გადაწყვეტს, არადამაკმაყოფილებელია. როგორც საქართველოს მოქალაქეს, ეს კითხვა მეც მიჩნდება და არ მგონია, არაბუნებრივი იყოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიის მქონე პირებს ვთხოვოთ ამ საკითხზე საკუთარი პოზიციებისა და პრინციპების ჩამოყალიბება. უახლოესი წარსულის გამოცდილება ამის კიდევ უფრო მეტ საფუძველს გვაძლევს - სააკაშვილის ხელისუფლების მიერ განხორციელებული შერჩევითი მართლმსაჯულება, როდესაც გაურკვეველი პრინციპების მიხედვით ზოგი დააპატიმრეს და რამდენიმე წლით თავისუფლება აღუკვეთეს (მოლაშვილი, მირცხულავა), ზოგიერთი ხელისუფლებაში დააბრუნეს (მიხეილ მაჭავარიანი, ზურაბ ნოღაიდელი, გოკა გაბაშვილი), ხოლო ზოგს დიდი ფული გადაახდევინეს და წარსულს ჩააბარეს (კობა ნარჩემაშვილი, მერაბ ადეიშვილი) და სულაც მიაჩუმათეს (ლევან მამალაძე, კახა თარგამაძე), საქართველოს მოსახლეობისათვის ჭკუის სასწავლებლად კარგი მაგალითია. პირადად მე, ნინო ბურჯანაძის გამოჩენა ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა გვერდით მეტ საფუძველს მაძლევს, ასეთი კითხვა დავსვა და ამ კითხვაზე პასუხი მათ არჩევნებამდე მოვთხოვო. უზარმაზარია ნინო ბურჯანაძის პასუხისმგებლობა ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე და ჩემთვის სააკაშვილის ხელისუფლების უმაღლეს ჩინოსანთა წვლილის ტოლფასია. ქალბატონმა ბურჯანაძემ სააკაშვილის ხელისუფლებას ბოლო დრომდე, ანუ 2008 წლის მაისამდე შეუნარჩუნა ის ჰუმანური სახე, რომელიც მას უკვე დიდი ხნის დაკარგული უნდა ჰქონოდა. არ დამავიწყდება, როგორ ითხოვდა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას აწ გარდაცვლილი ირინა ენუქიძე და როგორ არ ინება ნინო ბურჯანაძემ მისთვის პარლამენტის სხდომაზე დასასწრებად საშვის დაშვებაც კი. ნინო ბურჯანაძის "დამსახურებებს" შორისაა ასევე 7 ნოემბრის დარბევის გამართლება, 2008 წლის 5 იანვრის არჩევნების დემოკრატიულად გამოცხადება და სრული თანამონაწილეობა იმ მილიტარისტული კამპანიის გაღვივებაში, რომელმაც აგვისტოს ომამდე მიგვიყვანა. თანამდებობიდან უხმაუროდ წასვლის საფასურად, წყნეთის სახელმწიფო საკუთრების 1 ლარად მისაჩუქრებაც არ უნდა დაგვავიწყდეს. როდესაც ყოველივე ამის შემდეგ ქალბატონი ბურჯანაძე ჩნდება იმ პოლიტიკოსთა გვერდით, ვინც მისი ამ ქცევების უარყოფითი შედეგები საკუთარ ზურგზევე იწვნია, ბუნებრივია, ამომრჩეველს შეაწუხებს კითხვა - რა პრინციპით მოეპყრობიან იგივე პიროვნებები ამავე ხელისუფლების სხვა წევრებს? ზვიად ძიძიგურის და სხვების სურვილს, პირდაპირ არ გასცენ პასუხი ამ საკითხს, პოლიტიკური მეცნიერება მარტივად ხსნის. ხელისუფლების შესუსტების ერთ-ერთ სიმპტომს მმართველი ეშელონების რღვევა და მმართველი წრის შევიწროვება წარმოადგენს. ოპოზიციური სპექტრის მიზანია, ხელი შეუწყოს რღვევას იმით, რომ კარი ღია დაუტოვოს წამოსვლის მსურველებს. მეორე მხრივ, ოპოზიციის ლიდერებმა მოსახლეობის განწყობაც კარგად იციან და იციან ისიც, რომ მათი მხრიდან პირდაპირი განცხადება, რომ მიესალმებიან ხელისუფლებიდან ლიდერების წამოსვლას და, შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში ლმობიერად იქნებიან განწყობილნი მათ მიმართ, მკვეთრად არაპოპულარული იქნება მოსახლეობაში. შესაბამისად, ისინი არჩევენ ან დუმილს, ან ამ საკითხის მომავლისათვის გადაბარებას. არადა, იმის დასაჯერებლად, რომ დღევანდელი ოპოზიცია უფრო გულისხმიერი იქნება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, ვიდრე ხელისუფლება, ასეთი დამოკიდებულება მათ ქცევაში დღესვე უნდა დავინახოთ. პირადად ჩემთვის მიუღებელია კახა შარტავას განცხადება ხელისუფლების დამხობის აუცილებლობაზე. ეს მიანიშნებს, რომ ბატონ შარტავას ჩვენი საკანონმდებლო სივრცის და კონსტიტუციის მიმართ იგივე დამოკიდებულება აქვს, რაც ხელისუფლებას - კონსტიტუციური პრინციპები არსებობს მანამ, სანამ ისინი პოლიტიკურად მიზანშეწონილია. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტია, რომელიც სულ 5 წლის წინ მოსახლეობის უზარმაზარი მხარდაჭერით მოვიდა ხელისუფლებაში და რომელსაც, წინა ორი პრეზიდენტის მსგავსად, ამ ხელისუფლებასთან არა-საარჩევნო მეთოდით დამშვიდობება ემუქრება. მთელი უახლესი ისტორიის მანძილზე პოლიტიკურ პერიპეტიებსა და ტრაგიკულ მოვლენებში, მონაწილეობას იღებდნენ პიროვნებები, რომლებიც მუდმივად სხვადასხვა როლში გვევლინებოდნენ და გვევლინებიან კიდეც წყალგამყოფის ერთსა და იმავე ან სხვადასხვა მხარეს. ამავე დროს, "ჩვეულებრივი" მოქალაქეები - პოლიციელები, ჯარისკაცები, ჟურნალისტები, პროფესორები, ექსპერტები, მასწავლებლები, ბიუროკრატები და სხვა, ჰანნა არენდტის "ბოროტების ბანალურობის" მთავარი გმირები ანუ ჩვენ და ჩვენი თანამოქალაქეები, თავიდან სისტემისა და მის ბელადის შექმნას და შემდეგ მის გადატრიალებას ვუწყობთ ხელს. ამავე დროს არც ერთხელ ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში საზოგადოებას არ გაუანალიზებია და არ უცდია, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო. ეს კი საკმაოდ კომფორტული პოზიციაა, ვინაიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაფერი აისბერგის წვერს ბრალდება და ჩვენ ყველანი პროცესიდან ისევ მსხვერპლის, უსუსური, მაგრამ პატიოსანი პაიკების როლში გამოვდივართ. კომუნისტების შემთხვევაში, აისბერგის წვერი კომუნისტური პარტიის ლიდერები იყვნენ, შემდეგ გამსახურდია, მოგვიანებით ყველაფერი მხოლოდ იოსელიანისა და კიტოვანის პასუხისმგელობა გახდა, შემდეგ კი დგება საქართველო - შევარდნაძის და საქართველო სააკაშვილის გარეშე ლოზუნგების დრო. არადა, ყველას გვავიწყდება, რომ თითოეული მათგანის ლიდერობის ქვეშ დამყარებული სისტემის ნაწილაკები და აღმასრულებლები ვიყავით ჩვენ თვითონვე, ჩვენივე ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები. ვერც ერთი ავტორიტარული რეჟიმი ვერ იარსებებს მოსახლეობაში დასაყრდენისა და მისივე თანამონაწილეობის გარეშე. თითოეულ ლიდერს, რომლითაც აღვფრთოვანდებით, ჩვენვე ვაძლევთ ამ დასაყრდენს. ჩვენვე ვახდენთ იმ მცირე ჯგუფების მარგინალიზაციას, რომლებიც ყოველ ჯერზე ცდილობენ გაგვაფრთხილონ არადემოკრატიული ტენდენციების შესახებ. უახლესი წარსულიდან მახსენდება რამდენიმე პატივსაცემი მეცნიერი, საჯარო პირი და ახალი მემარჯვენეები, რომლებიც თავიდან საზოგადოების რისხვის მსხვერპლნი გახდნენ, ვინაიდან ვარდების რევოლუციას არ ამართლებდნენ. ხოლო როდესაც ილუზიას ვკარგავთ, პასუხისმგებლობას მხოლოდ ერთ პიროვნებას და მის უახლოეს წრეს გადავაბრალებთ, ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ კომფორტულად ცხოვრებას ჩვენს ნათესაურ-მეგობრულ, ძმა-ბიჭურ საქართველოში. არადა, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა იმის გარეშე, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიგოს საკუთარი მონაწილეობის მნიშვნელობა და გაიზიაროს მისი პასუხისმგებლობა, შეუძლებელია. იმისათვის, რომ საქართველოში ასეთი სახელმწიფოს საწყისები გაჩნდეს, აუცილებელია, რომ საქართველოს საზოგადოებამ ამაზე იფიქროს, მსჯელობა დაიწყოს და გააანალიზოს დღევანდელ მდგომარეობაში მისი წვლილი. სწორედ ამ პროცესის მეშვეობით შეძლო გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ ისეთი მძიმე ტვირთისაგან გათავისუფლება, როგორც ფაშიზმია. გერმანიაში მარტო ჰიტლერისათვის არავის დაუბრალებია ფაშიზმის არაჰუმანური სისტემის შექმნა. საჯარო განხილვების, კვლევების და მტკივნეული სამართლებრივი პროცესების მეშვეობით გერმანელმა ხალხმა გაიაზრა ჰიტლერის ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებში საკუთარი წილი პასუხისმგებლობა და, ამ პასუხისმგებლობის მწვავე განცდის საფუძველზე, შექმნა ახალი, დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფო. თუმცა ეს პროცესი ცალმხრივი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერის მოღვაწეობის ყველაზე ტრაგიკულ მსხვერპლად ებრაელი ერი გამოცხადდა, იგივე პროცესი განვითარდა მათ მხარესაც. ჰანნა არენდტის, თავად გერმანელი ებრაელის, კრიტიკულმა ნაშრომებმა, სადაც იგი გერმანიის ებრაულ ელიტას ნაციზმის გაძლიერებასა და ებრაელების გენოციდის ხელშეწყობაში სდებდა ბრალს, უზარმაზარი დისკუსია გამოიწვია ებრაულ წრეებში, სადაც სწორედ საკუთარი ერის გენოციდში ებრაელების პასუხისმგებლობას იკვლევდნენ და ამაზე მსჯელობდნენ.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი