|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ფარდაახდილი საიდუმლოებებიწრე შეიკრა: დიდი ძმა გვაკვირდება ჩვენ - ჩვენ ვაკვირდებით დიდ ძმას.
დიდმა ძმამ ძალიან განიცადა - არ უყვარს, როდესაც უსმენენ მის სატელეფონო საუბრებს, კითხულობენ მის ფოსტას, აღბეჭდავენ, როგორ ცდილობს ცხვირიდან ფერიმჭამელა ამოირწყას. ასეც უნდა ყოფილიყო. თქვენ არ გაბრაზდებოდით? წარმოიდგინეთ, ხართ საპასუხისმგებლო თანამდებობის პირი, სამაგალითო მეოჯახე, მზრუნველი მამა. სამეზობლოში სიტყვა გეთქმით, მეგობრები გთხოვენ, მის ონავარ ბიჭს ჭკუა დაარიგოთ; საზოგადოება გიცნობთ, როგორც გაწონასწორებულ, მყარი პრინციპების, მტკიცე მორალის ადამიანს. ერთ მშვენიერ დღესაც იღვიძებთ ნაბახუსევზე. პომადის კვალი ჩამოიბანეთ, გამოდიხართ გარეთ და ამჩნევთ, ის უსირცხვილო მეზობელი ისე უკმეხად გესალმებათ, თითქოს მისი კი არა, თქვენი ფანჯრებიდან ცვივა ორ დღეში ერთხელ ავეჯი, აყალმაყალის და უშვერი გინების თანხლებით. სხვებიც თქვენსკენ მომართავენ საყვედურნარევ მზერას. აბა რა, მასზე ყველამ იცის, ვინ არის და რა არის - თქვენ კი სხვა ეგონეთ... მიდიხართ მანქანასთან, საბურავი გახვრეტილია. სათადარიგოს გადმოღებისას მთლად ამოიგანგლეთ. ეს გინდოდათ ახლა? პრესკონფერენცია სულ რაღაც წუთებში იწყება. ოფლი გასხამთ. გზაზე მანქანები გისიგნალებენ. ნუთუ ჟურნალისტებმაც იციან? ჰალსტუხს იხსნით. შეხვედრა ბოლო სართულზეა. ლიფტში ცდილობთ, თავი მოიწესრიგოთ. ისეთი გრძნობა გაქვთ, რომ ამ რკინის კედლებმაც კი იციან, რას აკეთებდით გუშინ და ლიფტი საჭირო სართულზე კი არ ჩამოგსვამს, არამედ გადმოგაფურთხებს. შედიხართ დარბაზში. ცნობისმოყვარეთა ზურგებს მიღმა ცდილობთ თქვენც დაინახოთ, რას უჩვენებენ პროექტორით. ყველა ეკრანს მისჩერებია. აი, გზაც გაიკვალეთ და გაშრით: საკუთარ თავს ხედავთ გუშინდელ წვეულებაზე "ჯენტლმენურ კლუბში". ტყავის შარვალი გაცვიათ, ხელში კარგად შეკეთებული ტარიანი გიჭირავთ, მეორეში კი აღვირი, რომლის ბოლოზეც არასრულწლოვანი, ტკივილისგან სახედამანჭული გოგონაა გამობმული. ქვემოთ წარწერა: ჯულიან ასანჟი მადლობას უხდის ანონიმურ წყაროს ფოტოს მოწოდებისთვის. დამეთანხმეთ, ეს მდგომარეობა თქვენ და დიდ ძმას კი არა, ბუდასაც გამოიყვანდა მწყობრიდან. მთავრობების და კორპორაციების საიდუმლოებათა გამმჟღავნებელ საიტ წიკილეაკს.ორგ-ის დაარსებიდან ოთხი წლის შემდეგ ჯულიან ასანჟზე ძებნა გამოცხადდა. ბევრი ადამიანი დააფიქრა ამ ფაქტმა: ასანჟზე ლეგალური ნადირობა ხომ სწორედ მაშინ დაიწყო, როცა ეს უკანასკნელი დაიმუქრა, მალე ბანკების და კორპორაციების დანაშაულებსაც გამოვამზეურებო. არც მანამდე გამოქვეყნებული მასალა ყოფილა უწყინარი - ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ჟურნალისტების და ბავშვების ჩახოცვის კადრები, სამხედრო კამპანიების უდანაშაულო მსხვერპლებზე მონაცემები, რომ აღარაფერი ვთქვათ დიპლომატების საიდუმლო კორესპონდენციაზე. საბედისწერო მაინც ტრანსნაციონალურ კორპორაციებზე მიტანილი იერიში გამოდგა. ასანჟის "ტერორისტობაზე" პირველად რესპუბლიკელი სენატორები ალაპარაკდნენ. ტყუილად არ უთქვამს დისიდენტ ალექს კონსტანტაინს - ბანკი, კორპორაცია, ნავთობი - აი, ამერიკელი „რესპუბლიკელების" წმინდა სამებაო. 2010 წლის 7 დეკემბერს, ლონდონში, ასანჟი სკოტლენდ იარდს ჩაბარდა. დღეისთვის უკვე თავისუფალია, ოღონდაც თავდებით. ორი ქალის გაუპატიურება მსუბუქი ბრალდება არაა, თუმცა, არაფერია იმასთან შედარებით, რაც მოელის, თუკი ამერიკულმა დეპარტამენტებმა, ბოლო-ბოლო ,მოძებნეს იურიდიული საფუძველი ასანჟის "ტერორისტად", ხოლო „ვიკილიქსის" "ტერორისტულ ორგანიზაციად" შესარაცხად. ამ შემთხვევაში, საფრთხე არა მხოლოდ ასანჟს, არამედ ყველა იმ ჟურნალისტს ემუქრება, ვინც სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა კანონდარღვევაზე კომპრომატები კანონდამრღვევების კანონის გვერდის ავლით მოიპოვა - ანუ პროფესიონალ ჟურნალისტებს. შოთა გაგარინი რეიკიავიკში საუკუნის წინ აშენებული, გრეტისგატაზე მდებარე, პატარა, თეთრი სახლი ატლანტიკის ოკეანისგან მხოლოდ რამდენიმე ქუჩით არის დაშორებული. ჩრდილოეთის დაუდეგარი ქარები, გაზაფხულზეც კი, მოულოდნელად წამოუბერავენ და ქალაქს ყინულსა და თოვლში ხვევენ ხოლმე. ამ დროს ირგვლივ მდუმარება ისადგურებს. 30 მარტის დილაც ასეთი იყო, როდესაც მაღალი ავსტრალიელი, სახელად ჯულიან პოლ ასანჟი, ნაცრისფერი თვალებითა და ვერცხლისფერი თმით, სახლის დასაქირავებლად მოვიდა. ასანჟს რუხი კომბინეზონი ეცვა და თან რამდენიმე პირი ახლდა. "ჟურნალისტები ვართ", - უთხრა მან სახლის მფლობელს. ეიაფიალაიეკულის ამოფრქვევა ცოტა ხნის წინ დაწყებულიყო და ჯულიანმა განმარტა: "აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ ვულკანის შესახებ დავწეროთ". როგორც კი სახლის მფლობელი წავიდა, ავსტრალიელმა შტორები სწრაფად ჩამოუშვა და ისე დაამაგრა, რომ დღე და ღამ ჩამოშვებული ყოფილიყო. მის თვალში, ეს სახლი საბრძოლო შტაბი უნდა გამხდარიყო. მოგვიანებით მას ბუნკერი უწოდეს. სახელდახელოდ შერემონტებულ, თეთრი კედლებით შემოსაზღვრულ საცხოვრებელ სივრცეში ექვსი კომპიუტერი დადგეს. მერე ისლანდიელი აქტივისტებიც გამოჩნდნენ და მუშაობა დაიწყეს: ასანჟს მეტ-ნაკლებად აუბეს მხარი დღე-ღამეში 24 საათის მანძილზე. ისინი B-გეგმაზე მუშაობდნენ, რომელიც 2007 წელს, ერაყში, "აპაჩის" ტიპის მოიერიშე შვეულმფრენის კაბინიდან გადაღებული 28-წუთიანი ვიდეოს კოდური სახელწოდება იყო. ვიდეოში ჩანდა, თუ როგორ კლავდნენ ამერიკელი ჯარისკაცები, სულ ცოტა, 18 ადამიანს, მათ შორის "როიტერის" ორ ჟურნალისტს. მოგვიანებით ეს კადრები საყოველთაო განსჯის საგნად იქცა, მაგრამ ამ საწყის ეტაპზე ის ჯერ კიდევ მკაცრად დაცულ, სამხედრო საიდუმლოს წარმოადგენდა. ასანჟი საერთაშორისო დონის ერთგვარი შუამავალია. ის და მისი კოლეგები იმ დოკუმენტებსა და ვიზუალურ მასალებს აგროვებენ, რომლებსაც მთავრობები თუ სხვა ინსტიტუციები საიდუმლოდ ინახავენ. მერე ისინი მათ ვებსაიტ ჭიკიLეაკს.ორგ-ზე აქვეყნებენ. საიტი 3 წლისა და 6 თვის წინ ამუშავდა და დღემდე უამრავი საიდუმლო მასალა გამოაქვეყნა "გუანტანამოს ყურეში მოქმედებების სტანდარტული წესითა" და "კლაიმიტგეიტის" სკანდალში გახვეული, აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის პროფესორების ელფოსტებით დაწყებული, სარა პეილინის მიერ Yაჰოო-ზე გახსნილი პირადი ელექტრონული ფოსტის შინაარსით დამთავრებული. ამ მასალების ჩამონათვალი განსაკუთრებით გამაოგნებელია, რადგან "ვიკილიქსი" ორგანიზაციაც კი არ არის. ის უფრო მედია-ამბოხია. მას არ ჰყავს ისეთი თანამშრომლები, რომლებსაც ხელფასს უხდის, არც ქსეროქსის აპარატები აქვს, არც სამუშაო მაგიდები, არც ოფისი. ასანჟს სახლიც კი არა აქვს. ის ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობს და ხან მხარდამჭერებთან რჩება, ხან - მეგობრების მეგობრებთან. ერთხელ მითხრა, ბოლო დროს აეროპორტებში ვცხოვრობო. ის ამ პროცესის უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა და სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ სადაც ისაა, "ვიკილიქსიც" იქ არის. ამავე დროს მთელ მსოფლიოში ასობით მოხალისე ჯულიანს ვებსაიტის რთული ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობაში ეხმარება. მათ შორის ბევრი მხოლოდ მცირეოდენ დახმარებას უწევს, 3-დან 5 კაცამდე კი მთელი დატვირთვით ემსახურება. მთავარი წევრები მხოლოდ ინიციალებით არიან ცნობილი (მაგალითად, M) თავად "ვიკილიქსშიც" კი, სადაც კომუნიკაცია დაშიფრული ონლაინ-საუბრების საშუალებით ხორციელდება. ასეთი გასაიდუმლოება იმ რწმენით არის გამოწვეული, რომ ხალხის ინტერესის დასაკმაყოფილებლად ინფორმაციის მოგროვების ოპერაციას, რომელიც, ფაქტობრივად, რესურსების გარეშე ხორციელდება და იმ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანას, რომლის გამოქვეყნებაც ძალაუფლების მქონე ინსტიტუციებს არ სურთ, ბევრი სერიოზული მოწინააღმდეგე ეყოლება. ისლანდია ბუნებრივად შეირჩა B-გეგმაზე მუშაობის ადგილად. გასულ წელს ასანჟი აქაურ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებთან უპრეცენდენტოდ ლიბერალური სიტყვის თავისუფლების კანონმდებლობის შესაქმნელად თანამშრომლობდა და ზოგიერთი დაეთანხმა, რომ ვიდეოზე საიდუმლოდ მუშაობისას დაეხმარებოდა. ეს ვიდეო გამაოგნებელი არტეფაქტი იყო, რომელშიც პირდაპირ ჩანდა დღევანდელი ომის ორსახოვნება და სისასტიკეები. ასანჟი იმედოვნებდა, რომ მის ჩვენებას მთელ მსოფლიოში დაუყოვნებლივ მოჰყვებოდა დებატები და დისკუსიები ერაყისა და ავღანეთის კონფლიქტების შესახებ. ის გეგმავდა, გადაღებული მასალა რეპორტიორებისთვის ეჩვენებინა ეროვნულ პრესკლუბში, ვაშინგტონში, 5 აპრილს, აღდგომის მომდევნო დილით. ახალი ამბების კუთხით ეს დღე, სავარაუდოდ, უფერული იქნებოდა. ამის განხორციელებამდე მას და "ვიკილიქსის" თანამშრომლებს დაუმონტაჟებელი ვიდეო უნდა გაეანალიზებინათ და მოკლე ფილმად ექციათ, შეექმნათ დამოუკიდებელი ვებგვერდი, რომელზეც მას განათავსებდნენ, წამოეწყოთ მედია-კამპანია და შესაბამისი დოკუმენტაცია მოემზადებინათ. ამ ყველაფრისთვის მათ ერთ კვირაზე ნაკლები დრო ჰქონდათ. ასანჟს სურდა, თავი დაეზღვია და ინტერნეტ-სივრცეში ვიდეოს წაშლა შეუძლებელი გაეხადა. როგორც მითხრა, "ვიკილიქსზე" განთავსებული ინფორმაცია 20-ზე მეტ სერვერსა და ასობით დომენზე ინახება მთელ მსოფლიოში (ხარჯებს შემოწირულობებით ფარავენ, რამდენიმე კეთილისმსურველი კი, მხარდაჭერის ნიშნად, "სარკე საიტების" არსებობას უზრუნველყოფს). ასანჟი "ვიკილიქსს" უწოდებს "ცენზურისათვის ხელმიუწვდომელ სისტემას უცნობი გზებით ინფორმაციის მასობრივად გაჟონვისა და საჯარო ანალიზისთვის". იმ მთავრობასა თუ კომპანიას, რომელიც საიტზე განთავსებული ინფორმაციის გაქრობას მოინდომებს, პრაქტიკულად, ინტერნეტის განადგურება მოუწევს. მართალია, საიტს სასამართლო პროცესით 100-ჯერ მაინც დაემუქრნენ, მაგრამ საქმე ერთხელაც არ აღძრულა. Bრიტისჰ ბანკ Nორტჰერნ ღოცკ-ის ადვოკატები მას სასამართლოში ჩივილით სამარცხვინო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ დაემუქრნენ, თუმცა ბოლოს ხვეწნაზე გადავიდნენ. ერთმა კენიელმა პოლიტიკოსმაც დაიფიცა, რომ ასანჟს სასამართლოში უჩივლებდა იმ საიდუმლო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტმა დანიელ არაპ მოიმ და მისმა მოკავშირეებმა მილიარდობით დოლარი გადარიცხეს საზღვარგარეთ გახსნილ ანგარიშებზე. სხვათა შორის, კენიაში ჩატარებული სამუშაოსთვის საიტი "ემნესტი ინტერნეშენელმა" დააჯილდოვა. ასანჟი, ტრადიციულად, ნებისმიერ სავარაუდო მომჩივანს ერთ ადგილას გზავნის. 2008 წელს "ვიკილიქსმა" საიდუმლო საიენტოლოგიური სახელმძღვანელოები გამოაქვეყნა, ეკლესიის დამცველმა ადვოკატებმა კი მათი წაშლა მოითხოვეს. საპასუხოდ ჯულიანმა საიტზე უფრო მეტი საიენტოლოგიური მასალა განათავსა და განაცხადა: ""ვიკილიქსი" საიენტოლოგების გაუმართლებელ და შეურაცხმყოფელ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს ისევე, როგორც არ დაუკმაყოფილა მსგავსი მოთხოვნები შვეიცარიულ ბანკებს, საზღვარგარეთ მდებარე ღეროვანი უჯრედების კვლევის რუსულ ცენტრებს, ყოფილ აფრიკელ კლეპტოკრატებსა თუ პენტაგონს". ინტერნეტში, განსაკუთრებით, თწიტტერ-ზე, ასანჟი თავს სწრაფად ესხმის ხოლმე მათ, ვისაც მტრებად აღიქვამს, ტელეეთერში კი, სადაც უფრო ხშირად ჩანს, საპირისპიროდ იქცევა: უცნაურად აუღელვებლად საუბრობს. სტუდიური განათების ფონზე, არაბუნებრივად თეთრი თმით, ფერდაკარგული კანით, ცივი თვალებითა და ფართო შუბლით, ის იმ არამიწიერ არსებას მოჰგავს, რომელიც დედამიწაზე თითქოს იმისთვის ჩამოაფრინეს, რომ კაცობრიობას რაღაც დაფარული ჭეშმარიტება აუწყოს. ამ შთაბეჭდილებას მისი სიხისტეც აძლიერებს, ისევე, როგორც დაბალ ხმაზე ნელი საუბარი. ყოველდღიურ ცხოვრებაში ასანჟი ხშირად ფიქრით გართული და ენერგიულია. შეუძლია ერთ საკითხზე ბოლომდე კონცენტრირებული იყოს, მაგრამ ამავე დროს სწორედ ის კაცია, ვისაც თვითმფრინავის ბილეთის დაჯავშნა ავიწყდება, ან ბილეთს დაჯავშნის და ფულის გადახდა ავიწყდება, ან ბილეთის ფულს გადაიხდის და აეროპორტში მისვლა ავიწყდება. როგორც ჩანს, ირგვლივმყოფები სულ მასზე ზრუნავენ. ისინი ყოველთვის ცდილობენ, დარწმუნდნენ, რომ ის იქ არის, სადაც უნდა იყოს და რომ წასვლამდე მთელი ტანსაცმელი საშრობ მოწყობილობაში არ დარჩენია. ასეთ დროს შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ეს ადამიანი ვერ აცნობიერებს იმ დიდ ზეგავლენას, რომელიც უკვე მოიპოვა. ბუნკერში ხის პატარა მაგიდასთან მიმჯდარი ასანჟი მოქანცულად გამოიყურებოდა. მეტისმეტად გამხდარი და მხრებში მოხრილი ორ კომპიუტერს მიშტერებოდა: ერთი ინტერნეტში იყო ჩართული, მეორე კი - არა, რადგან მასში საიდუმლო სამხედრო დოკუმენტაცია ინახებოდა (შპიონაჟის საქმეში ამას "საჰაეროს დატოვება" ეწოდება). ზოგადად, ის კიბერ-უსაფრთხოების სპეციალისტივით ზრუნავს კომპიუტერის დაცვაზე და როგორც წესი, ყველა ზომას მიმართავს, რათა მზვერავები იმედგაცრუებულები დატოვოს. "ვიკილიქსის" ჯგუფს ახლაც მცირე პარანოიდულმა ციებ-ცხელებამ გადაუარა. ასანჟმა თქვა, რომ ორი უცნობი გააგდო, რომლებიც უთვალთვალებდნენ და მისთვის სურათის გადაღებას ცდილობდნენ. მარტში მან ამერიკის სამხედრო კონტრდაზვერვის ცენტრში 2008 წელს მომზადებული საიდუმლო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ეს საიტი არმიისათვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდა. დოკუმენტში, აგრეთვე, მოკლედ იყო ჩამოთვლილი ის გზები, რომლებსაც მთავრობის მოხელეები ინფორმაციის ფარულად გაცემისგან უნდა შეეკავებინა. ასანჟმა აღნიშნული დოკუმენტი ომის გამოცხადებად ჩათვალა და ის ასეთი სათაურით გამოაქვეყნა: "ამერიკის დაზვერვა "ვიკილიქსის" განადგურებას გეგმავს". ბუნკერში დაბინავებამდე ჯულიანი კონფერენციაზე იმყოფებოდა და მისი აზრით, გზაში ვიღაცები უთვალთვალებდნენ. ასანჟის შიში სხვებსაც გადაედოთ. "შვედეთში ერთ გოგოსთან დავრჩი, რომელიც იქაური გაზეთის უცხოელი რედაქტორია. ის ისეთმა პარანოიამ მოიცვა, თითქოს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ჩემი დაჭერა უნდოდა, რომ სახლიდან წავიდა და მიმატოვა", - მითხრა მან. ასანჟის წინ ჰოლანდიელი აქტივისტი, ჰაკერი და ბიზნესმენი როპ გონგრიპი იჯდა. გამხდარი, შემელოტებული გონგრიპი, რომელსაც რბილი, სასიამოვნო ხმა აქვს, წლებია, მას კარგად იცნობს. როპმა შეშინებული ასანჟის შეტყობინებები ნახა იმის თაობაზე, რომ ვიღაცები უთვალთვალებდნენ და გადაწყვიტა, დახმარებოდა. "ჯულიანს შეუძლია, წარმოუდგენლად ცოტა ხანს ეძინოს და კოშმარულ არეულობაში იცხოვროს, მაგრამ მის შესაძლებლობებსაც აქვს საზღვრები. შევნიშნე, რომ ძალიან დაძაბული იყო და ჩამოსვლა გადავწყვიტე, რათა ყველაფერი თავის ადგილზე დამეყენებინა", - მითხრა გონგრიპმა. ის B-გეგმის არაოფიციალურ მენეჯერს და ფინანსურ მხარდამჭერს წარმოადგენდა: მის განსახორციელებლად როპმა "ვიკილიქსს" დაახლოებით 10 000 ევრო გადაურიცხა. ბუნკერში ყველა აქტივისტი გონგრიპის მიერ შედგენილი სამუშაო გრაფიკით მოქმედებდა. ის იმაზეც ზრუნავდა, რომ სამზარეულოში საკვების მარაგი არ გამოლეულიყო და ბუნკერი წესრიგში ყოფილიყო. დაახლოებით დღის სამ საათზე ისლანდიელი პარლამენტარი ბირგიტა იონსდოტირი მოვიდა. 40 წელს გადაცილებულ იონსდოტირს, ვისაც შუბლზე შეჭრილი, გრძელი, წაბლისფერი თმა აქვს, მოკლე, შავი ქვედაკაბა და შავი მაისური ეცვა, რომელზეც თავის ქალები ეხატა. მან ჩანთიდან "ვიკილიქსის" მაისური ამოიღო და ასანჟს გადაუგდო. - შენია, ჩაიცვი! - უთხრა მას. ასანჟმა მაისური იქვე, სკამზე დადო და მუშაობა განაგრძო. დაახლოებით ერთი წელია, რაც იონსდოტირი პარლამენტის წევრია, თუმცა ის საკუთარ თავს პოეტად, მწერლად, არტისტად და აქტივისტად მიიჩნევს. მისი პოლიტიკური შეხედულებები, ძირითადად, ანარქისტულია. „სანამ ამ საქმიანობას დავიწყებდი, უმუშევარი ვიყავი", - ამიხსნა მან, - "როცა პარლამენტში პირველად შევედით, ყველა ვნერვიულობდით: ჩვენს შორის ისინი არიან, ვინც პარლამენტის გადაწყვეტილებებს აპროტესტებდა, ვისაც რევოლუცია უნდოდა, ახლა კი შიგნით ვართ. არცერთ ჩვენგანს პოლიტიკოსობისკენ მისწრაფება არ გვქონია. სია გვაქვს ჩამოწერილი და როგორც კი ყველაფერს შევასრულებთ, მაშინვე გარეთ გამოვალთ". მან საკუთარი კომპიუტერი ჩართო და ასანჟს ჰკითხა, თუ როგორ გეგმავდა ის B-გეგმაზე მუშაობისას საქმის გადანაწილებას. ისინი უფრო მეტი ისლანდიელი აქტივისტის მოსვლას ელოდნენ. საბოლოოდ, ვიდეოზე მუშაობა ექვსმა დაიწყო. მათ დაახლოებით ამდენივე მოხალისე შეუერთდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ასანჟი საჭიროდ თვლიდა, რომ ერთ-ერთი აქტივისტი Gოოგლე-ს დაკონტაქტებოდა, რათა დარწმუნებულები ყოფილიყვნენ YOUTUBE-ზე მასალის დაუბრკოლებლად განთავსებაში. - უნდა დარწმუნდნენ, რომ ეს ვიდეო ზეწოლის შედეგად არ არის გადაღებული? - ჰკითხა იონსდოტირმა. - მათ ერთი წესი აქვთ, სადაც ნებაყოფლობითი ძალადობაა ნახსენები, - უპასუხა ასანჟმა, - ამ შემთხვევაში, ძალადობა ნებაყოფლობითი არ არის, თუმცა ყველაფერი მაინც ჩაწერილია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩავერიოთ. - რისი გაკეთება ვთხოვოთ "ემ"-ს? - ჰკითხა ქალმა. ასანჟმა, ვინც მთლიანად საქმით იყო შთანთქმული, პასუხი არ გასცა. ჯულიანის შეშფოთება იმით, რომ მას ვიღაცები უთვალთვალებდნენ, ბოლომდე არ გამქრალა. 26 მარტს მან სკანდალური წერილი დაწერა ასეთი სათაურით: "რაღაც დალპა ისლანდიის სამეფოში". ის "ვიკილიქსის" მოზარდი მოხალისის ამბავს ჰყვებოდა, ვინც ადგილობრივ პოლიციას დაახლოებით 20 საათი ჰყავდა დაკავებული. მოხალისე იმ ქარხანაში შეჭრის მცდელობისთვის დააკავეს, რომელშიც მამამისი მუშაობდა (ასანჟმა მითხრა: "მიზეზები, რის გამოც ბიჭი იქ შეჭრას ცდილობდა, გამართლებული სულაც არ არის"). მისი თქმით, სანამ დაკავებული იყო, შეკითხვებს B-გეგმის შესახებ უსვამდნენ. ასანჟი ამტკიცებდა, რომ მოხალისეს მისი ფოტოები აჩვენეს, რომლებიც ფარულად გადაეღოთ რეიკიავიკში, რესტორან "Iცელანდიც Fისჰ & ჩჰიპს"-თან, სადაც იზოლირებულ, უკანა ოთახში "ვიკილიქსის" ერთ-ერთი შეკრება მართლაც გამართულიყო. პოლიცია მოხალისის ამბის მთავარ ეპიზოდებს უარყოფდა, ასანჟი კი მეტის შეტყობას ცდილობდა. დაურეკეს, მაგრამ საუბარი რამდენიმე წუთში შეწყდა. - ჩვენი პატარა მეგობარი პოლიციელს ელაპარაკა, - მითხრა მან, - უფრო დეტალურად მოყოლას აპირებდა, მაგრამ ბატარეა დამიჯდა. გაიღიმა და ტელეფონს ეჭვით დახედა. - ყველანი პარანოიკები და შიზოფრენიკები ვართ, - თქვა იონსდოტირმა და ხელი ასანჟისკენ გაიშვირა, რომელსაც ისევ კომბინეზონი ეცვა, - შეხედეთ, როგორ იცვამს. გონგრიპი წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და შტორები ისე გასწია, რომ გახედვა შეძლებოდა. - ვინმეა? - ჰკითხა იონსდოტირმა. - მხოლოდ ტელევიზიის ფურგონი დგას, - უპასუხა მან სრულიად აუღელვებლად, - ტვინის მანიპულატორების ფურგონი. დაახლოებით საღამოს 6 საათზე ასანჟი სამუშაო მაგიდიდან წამოდგა. ხელში ის დისკი ეჭირა, სადაც B-გეგმა იყო ჩაწერილი. ამ ვიდეოზე - დაუმონტაჟებელი მასალის ნაწყვეტებზე, რომლებიც "აპაჩიზე" ატანილი კამერით გადაიღეს - ჯარისკაცების მიერ აღმოსავლეთ ბაღდადში, ომის დაწყებიდან მცირე ხანში ჩატარებული ოპერაცია ჩანდა. ინფორმაციის თავისუფლების აქტზე დაყრდნობით, "როიტერი" სამი წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა ამერიკის არმიისგან ამ ვიდეოს მოპოვებას. ასანჟი წყაროს დასახელებას არ აპირებდა, უბრალოდ, ამბობდა, რომ ეს ადამიანი აღნიშნული თავდასხმის გამო იტანჯებოდა. ვიდეო დაშიფრული იყო, მის გაშიფრვას "ვიკილიქსმა" სამი თვე მოანდომა. ჯულიანმა, ვინც გაშიფრვის დიდოსტატია, მითხრა, ამ ფაილის გახსნა საშუალო სირთულის ამოცანა იყოო. ვიდეოს სანახავად ყველა კომპიუტერთან მოგროვდა. დაბურულ, შავ-თეთრ კადრებში მე-8 პოლკის კუთვნილი იმ "აპაჩის" ეკიპაჟი გამოჩნდა, რომელიც ბაღდადის ცაზე ასეთივე შვეულმფრენთან ერთად დაფრინავდა. ობიექტივში მეჩეთის გუმბათი მოხვდა. დავინახეთ შენობები, პალმის ხეები, დაცარიელებული ქუჩები. გვესმოდა სპეციფიკური ხმაური, რადიოგადამცემების სიგნალები და ხუმრობანარევი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი საომარი გადაძახილები. ორი ჯარისკაცი შუა საუბარში იყო. პირველი ჩაწერილი სიტყვები გაისმა: "ოკეი, მოვარტყი!" ასანჟი პაუზის ღილაკს დააწვა. მერე მან გვითხრა: "ამ ვიდეოში ბევრი ადამიანის მკვლელობას ნახავთ." აგვიხსნა, რომ ამ მასალაში სამი მთავარი ეპიზოდი იყო: "პირველ ეპიზოდში ნახავთ თავდასხმას, რომელიც შეცდომას ეფუძნება, უყურადღებობით გამოწვეულ შეცდომას. მეორე ეპიზოდში წარმოდგენილი თავდასხმა, უბრალო ადამიანის განსაზღვრებით, აშკარად მკვლელობაა. მესამე ნაწილში კი ჯარისკაცები, რომლებიც სამიზნეს მისდევენ, გზად უდანაშაულო მოქალაქეებს კლავენ". პირველი ეპიზოდი წარმოუდგენლად თავზარდამცემი იყო, ნაწილობრივ, იმის გამოც, რომ ჯარისკაცების ხუმრობანარევი გადაძახილები ადამიანური საუბრის საზღვრებს ბევრად სცილდებოდა. "ერთი მაგათიც..., როგორც კი მიუახლოვდები, ჩაცხრილე", - ამბობდა ამერიკელი ჯარისკაცი. "აპაჩის" ეკიპაჟი ათიოდე კაცს გადააწყდა იმ ქუჩაზე, რომელიც ამერიკის საჯარისო ნაწილისგან დაახლოებით ერთი კვარტალით იყო დაშორებული. მან ბაზას გადასცა, რომ 5-6 მათგანი AK-47-ით იყო შეიარაღებული. როდესაც "აპაჩიმ" მანევრს მიმართა, რათა ცეცხლის გასახსნელად უკეთეს პოზიციაზე აღმოჩენილიყო, ეკიპაჟმა "როიტერის" ჟურნალისტი შენიშნა, რომელიც სხვებთან ერთად მიდიოდა და მისი ფოტოაპარატი გრძელფოკუსიანი ობიექტივით ღPG-დ აღიქვა. შვეულმფრენებიდან ამ კაცებს 25 წამის მანძილზე ესროდნენ. ჯარისკაცებმა თითქმის ყველა მათგანი წამიერად მოკლეს. მეორე ეპიზოდი მალევე დაიწყო. როდესაც შვეულმფრენი სასაკლაოს თავს დასტრიალებდა, ეკიპაჟის წევრებმა შენიშნეს, რომ სიკვდილს გადარჩენილი დაჭრილი წამოდგომას ცდილობდა. ის შეუიარაღებელი ჩანდა. "აბა, აიღე იარაღი!" - ჩაილაპარაკა "აპაჩიში" მოკალათებულმა ჯარისკაცმა. უცებ ფურგონი გამოჩნდა, საიდანაც სამი უიარაღო კაცი გადმოხტა და დაჭრილს დასახმარებლად მივარდა. "ადგილზე სამი კაცია. როგორც ჩანს, გვამებისა და იარაღის წაღებას აპირებენ", - გადასცა ბაზას "აპაჩიმ", მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაჭრილს ეხმარებოდნენ და იარაღისკენ არც იხედებოდნენ. შვეულმფრენის ეკიპაჟმა კაცები დახოცა და დაჭრილიც მოკლა, ვის გადარჩენასაც ისინი ცდილობდნენ. ამ დროს ფურგონის წინა სავარძელზე ორი მცირეწლოვანი ბავშვიც დაიჭრა. მესამე ეპიზოდში შვეულმფრენის ეკიპაჟმა მეთაურს რაციით აცნობა, რომ სულ ცოტა, ექვსი შეიარაღებული კაცი შევიდა სანახევროდ აშენებულ შენობაში მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ ტერიტორიაზე (შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი ამერიკულ ჯართან შეტაკების მონაწილეც იყო - ეს გაურკვეველია). ეკიპაჟმა ნებართვა ითხოვა იმ შენობაზე იერიშის მისატანად, რომელიც, მისი წევრების თქმით, მიტოვებული უნდა ყოფილიყო. "ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას ვესვრით", - საკუთარი იდეა გააცნო მეთაურს ერთმა ჯარისკაცმა და ოპერაციის დაწყების ბრძანებაც მალევე მიიღო. რამდენიმე წამის შემდეგ ორი უიარაღო კაცი შენობაში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯარისკაცებმა ისინი შენიშნეს, იერიში მაინც განახორციელეს: "ჰელფაიერის" ტიპის სამმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტამ შენობა დაანგრია. კაცები ნანგრევებში ჩაიკარგნენ. ასანჟი ამ მოვლენებს მკაფიოდ გამოკვეთილი, ზნეობრივი თვალსაზრისით აფასებდა, მიუხედავად იმისა, რომ გადაღებული მასალა ერთმნიშვნელოვანი სამართლებრივი დასკვნების გამოტანის საფუძველს არ იძლეოდა. ვიდეოს გადაღებამდე ერთ თვეში მე-16 პოლკის ქვეითი ბატალიონის წევრებმა გადაიტანეს: 150-ზე მეტი იერიში და საგზაო დაბომბვა, 19 სხეულის დაზიანება და 4 თანამებრძოლის დაღუპვა. იმ დილით სამხედრო ნაწილს მცირეკალიბრიანი იარაღით გაუხსნეს ცეცხლი. "აპაჩიში" მყოფი ჯარისკაცები, ფაქტობრივად, ადამიანებს კლავდნენ და მსხვერპლზე გულგრილად საუბრობდნენ, თუმცა პირველი შეტევა მაინც ტრაგიკულ გაუგებრობად მოჩანდა. ფურგონზე იერიშის მიტანის აუცილებლობა საეჭვო იყო (ძალის გამოყენება გააზრებულ და გამოზომილ ნაბიჯს არ წარმოადგენდა), მაგრამ ჯარისკაცებს უფლება აქვთ, ესროლონ მებრძოლებს, მაშინაც კი, თუ ისინი დაჭრილებს ეხმარებიან. იმის მტკიცებაც შეიძლება, რომ "აპაჩის" ეკიპაჟმა, რომელსაც ფიქრის დრო არ ჰქონდა, ფურგონიდან გადმოსული კაცები მტრის დამხმარეებად ლოგიკურად ჩათვალა. მესამე ეპიზოდი უკანონო ქმედებას, დაუდევრობით ჩადენილ მკვლელობას ან უფრო უარესს გვიჩვენებდა. დღის შუქზე შენობისთვის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების სროლა და იმ ექვსი კაცის მოკვლა, რომელთა განადგურებასაც სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს, ძალის გადამეტებული გამოყენებაა. ეს იერიში არასაკმარისი განსჯის შემდეგ განხორციელდა და გაუგებარია, არმიამ რატომ არ გამოიძია ის. ასანჟმა ამ ოპერაციის ამსახველი შიდა სამხედრო ანგარიშები მოიპოვა, რომლებშიც ეწერა, რომ ყველა მოკლული, "როიტერის" ჟურნალისტების გარდა, მეამბოხე იყო. ინციდენტის მომდევნო დღეს არმიის პრესსპიკერმა განაცხადა: "ეჭვგარეშეა, რომ კოალიციური ჯარი საბრძოლო ოპერაციებს აშკარად მტრული ძალის წინააღმდეგ აწარმოებდა". ასანჟი იმედოვნებდა, რომ B-გეგმა არმიის ოფიციალურ ნარატივს ძირს გამოუთხრიდა. "ეს ვიდეო გვიჩვენებს, თუ რა სახე მიიღო თანამედროვე ომმა. ჩემი აზრით, მისი ნახვის შემდეგ, როდესაც ხალხი გაიგონებს, საჰაერო იერიშებს გარკვეული რაოდენობის უბედური შემთხვევა მოჰყვაო, მიხვდება, სინამდვილეში რა მოხდა", - განაცხადა მან ბუნკერში, - "ეს ვიდეო იმასაც ნათელს ხდის, რომ უბრალო მოქალაქეები ავტომატურად შეჰყავთ მეამბოხეების სიაში, მოკლულ გამვლელებს კი არც ახსენებენ". "ვიკილიქსი" დღეში 30-მდე დოკუმენტს ან დოკუმენტების პაკეტს იღებს. ის, როგორც წესი, მხოლოდ მათ აქვეყნებს კომენტარის თანხლებით, რომლებსაც თავდაპირველი, გაურედაქტირებელი ფორმით სარწმუნოდ მიიჩნევს. ასანჟმა მითხრა: "მინდა, ახალი სტანდარტი დავამკვიდრო: სამეცნიერო ჟურნალისტიკა. თუ დნმ-ზე სტატიის გამოქვეყნებას დააპირებთ, ყველა კარგი ბიოლოგიური ჟურნალი იმ წყაროების მითითებას მოგთხოვთ, რომლებზე დაყრდნობითაც გამოკვლევა ჩაატარეთ. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ხალხმა თქვენი დასკვნები შეამოწმოს, გააანალიზოს. რაღაც ასეთი ჟურნალისტიკაშიც არის საჭირო. ძალაუფლების თვალშისაცემ დისბალანსზე მოწმობს ის, რომ მკითხველებს არ შეუძლიათ იმის გადამოწმება, რასაც მათ ეუბნებიან. ამ ყველაფერს ვიღაცები ბოროტად იყენებენ". რამდენადაც ასანჟი პირველწყაროს ინფორმაციას აქვეყნებს, მას სჯერა, რომ "ვიკილიქსი" არ არის ვალდებული, თუნდაც მცირე ანალიზი შესთავაზოს მკითხველს. B-გეგმის შემთხვევაში, ჯულიანს სურდა, დაუმონტაჟებელი მასალისგან მოკლე ფილმი შეექმნა, რომელზე კომენტარების გაკეთებაც უფრო იოლი იქნებოდა. თავიდან ფიქრობდა, რომ ფილმს "ცეცხლის გახსნის ნებართვას" დაარქმევდა, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა, უფრო მძაფრი სათაური შეერჩია: "კოლატერალური მკვლელობა". მან გონგრიპს უთხრა: "გვინდა, ევფემიზმ "კოლატერალურ ზარალს" აზრი გამოვაცალოთ: როცა კი ვინმე ამ სიტყვებს იტყვის, ხალხი მაშინვე "კოლატერალურ მკვლელობაზე" გაიფიქრებს". ვიდეო, თავდაპირველი სახით, თავსატეხს - კონტექსტიდან ამოგლეჯილი რეალობის ფრაგმენტს წარმოადგენდა. ბუნკერში ასანჟი და დანარჩენები დიდხანს ცდილობდნენ დეტალების ერთმანეთთან დაკავშირებას: საჯარისო დანაყოფების იდენტიფიკაციას, მათი ხელმძღვანელობის სტრუქტურისა და ბრძოლის წესების გარკვევას, ჯარისკაცების იმ ჟარგონის გაშიფრვას, რომელსაც ისინი რაციით საუბრისას იყენებდნენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმის დადგენას, იყვნენ თუ არა - ან როგორ იყვნენ - ერაყელები შეიარაღებულები. - ამას იარაღი აქვს, - თქვა ასანჟმა, როდესაც ქუჩაში მიმავალი კაცის ბუნდოვან სურათს აკვირდებოდა, - ამ ხალხს შეხედეთ, აქეთ რომ დგანან. - ამ ტიპს RPG აქვს მხარზე გადაკიდებული, - უთხრა გონგრიპმა. - არა მგონია. სულაც არ ჰგავს RPG-ს, - უპასუხა ასანჟმა და ფილმის ეს მონაკვეთი კიდევ ერთხელ ნახა, - აი, რა არის ძალიან უცნაური: თუ ეს RPG-ა, გამოდის, რომ მათ მხოლოდ ეს ერთი ღPG აქვთ. სად არის სხვა იარაღი? სად არიან შეიარაღებული ტიპები? გაუგებარია.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი