ოთხი ფილმი, რომლის ნახვასაც გირჩევთ დეკემბერში

4 ფილმი

„რკინის ლედი“– ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც სავარაუდოდ წლის ერთერთი ჰიტი გახდება, ეკრანებზე დეკემბრის ბოლოს გამოვა. ის ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის შესახებ მოგვითხრობს. „რკინის ლედის“ როლს მერილ სტრიპი ასრულებს, რაც კიდევ უფრო ზრდის ფილმისადმი დაინტერესებას.

მიმდინარე წლის აგვისტოში რამდენიმე ბრიტანელი კრიტიკოსი ფილმის გადაღებებზე დაპატიჟეს. ისინი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ სტრიპის თამაშის გამო. Telegraph- ის მიმომხილველი აღნიშნავს, რომ მსახიობს უამრავი პრიზი ელის წინ, თუმცა იქვე დასძენს, რომ მისი თამაში იმდენად შთამბეჭდავია, რომ მთლიანობაში ფილმს ჩრდილავს. „გამაოგნებელი და საოცარი“ უწოდა სტრიპის თამაშს Guardian–ის კორესპონდენტმაც.

ფილმმა, როგორც მოსალოდნელი იყო, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ბრიტანეთში. როგორც ამბობენ, ამ იდეით აღფრთოვანებულები არც ტეტჩერის შვილები დარჩენენ.  ექს–პრემიერ მინისტრის ერთ ერთმა მთავარმა მრჩეველმა, ლორდ ბელმა კი  Telegraph–ს განუცხადა, რომ ფილმის ერთადერთი დამსახურება ის იქნება, რომ ის მერილ სტრიპს და  ფილმის შემქმნელებს ფულს მოუტანს. „ მე არ მაქვს მისი ნახვის სურვილი,  არ მჭირდება ფილმი იმისთვის, რომ მასთან ურთიერთობა და მისგან მიღებული გამოცდილება შემახსენონ.  ეს ფილმი გავლენას ვერ იქონიებს მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე და მის ადგილზე ისტორიაში“–აღნიშნა ბელმა. თავად მერილ სტრიპი კი ძალიან კმაყოფილია ამ როლით: " ეს ერთერთი იშვიათი შემთხვევაა, როცა მე გარდა იმისა, რომ მოხარული ვარ რომ მსახიობი ვარ, ძალიან მადლიერი ვარ, რომ  მომეცა საშუალება, ცხოვრებას უფრო ჩავუღრმავდე და ემპათიით შევხედო მას“–განაცხადა სტრიპმა. მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ მართალია, ტეტჩერის პოლიტიკის დიდი ნაწილს დღემდე არ ეთანხმება, მაგრამ სჯერა, რომ მას ნამდვილად სჯეროდა, რასაც აკეთებდა და მისი გადაწყვეტილებები გულწრფელი სურვილებისგან მოდიოდა.

სტივენ ფრირზის „ დედოფალის“ მსოფლიო აღიარების შემდეგ კინოში ძალიან მწირი გამოცდილების მქონე ბრიტანელი  რეჟისორის, ფილიდა ლოიდის მხრიდან ეს საკმაოდ რისკიანი ნაბიჯი იყო. თუმცა მერილ სტრიპის დონის მსახიობის დათანხმება მთავარ როლზე უკვე დიდი ავანსია მისთვის. შედეგს კი სულ მალე ვიხილავთ და შევაფასებთ.

Carnage – შავი კომედია, რომლელიც პირველად სექტემბერში, ნიუ იორკის კინოფესტივალზე აჩვენეს , სხვა რომ არაფერი, რეჟისორის გამო იწვევს დიდ ინტერესს. მისი ავტორი 78 წლის რომან პოლანსკია. რეჟისორმა ფილმი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე თვეში გადაიღო და მასში საუკეთესო მსახიობებსაც მოუყარა თავი: ჯოდი ფოსტერი, ქეით უინსლეტი, კრისტოფ ვოლცი და ჯონ რეილი მათი ნახვა ერთად, მით უმეტეს პოლანსკისთან უინტერესო ნამდვილად ვერ იქნება! Carnage-ის  პრემიერა ამერიკის  კინოთეატრებში 16 დეკემბერს იგეგმება.

ფილმი–სატირა ორ წყვილზე მოგვითხრობს, რომელთა შვილებიც სკოლაში ერთმანეთთან იჩხუბებენ, მშობლები კი ამ ამბის მოგვარებას ცდილობენ და ერთმანეთს ხვდებიან სასაუბროდ. Carnage”–ს ძირითადად დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა კრიტიკოსებისგან, ვინც ფილმი ნახა.  „გულმოდგინე და აკურატული“უწოდა რეჟისორულ ნამუშევარს Guardian–ის მიმომხილველმა ქსან ბრუქსმა. ნიუ იორკის ფესტივალის დირექტორმა კი პოლანსკის „ პატარა სივრცეების პოეტად“ მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ რამდენიმე ოთახის საშუალებით მას შეუძლია მთელი საზოგადოება, მთელი მსოფლიო დაგვანახოს. ამ ფილმშიც, ისევე როგორც პოლანსკის ფილმების დიდი ნაწილში მოქმედება პატარა სივრცეში, რამდენიმე გმირის ირგვლივ ვითარდება.

„სისხლისა და თაფლის მიწაზე“– ასე ქვია ფილმს, რომელიც ანჯელინა ჯოლის სარეჟისორო დებიუტია და ბოსნიის ომის პერიოდს ასახავს. ფილმი ეთნიკური ომის სხვადასხვა მხარეს მყოფი ორი ადამიანის ისტორიას გვიყვება. დენიელს და აილას ერთმანეთი უყვართ, თუმცა ომის შედეგად ორ ხვადასხვა ბანაკში აღმოჩნდებიან და თანდათან მათი ურთიერთობა გაურკვეველი და ბუნდოვანი ხდება. ფილმი ასახავს იმ მორალურ, ემოციურ და ფიზიკურ ზიანს, რასაც ომი აყენებს როგორც ცალკეულ პიროვნებებს, ისე მთლიანად საზოგადოებას.

საქველმოქმედო აქტივობებით ცნობილი ანჯელინა ჯოლი კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა დებიუტისთვის ასეთ  სერიოზულ და მძიმე თემას შეხებოდა, პასუხობს, რომ საჭიროა კიდევ ერთხელ გამახვილდეს ყურადღება ადამიანებზე, რომლებმაც  არც ისე დიდი ხნის წინ გადაიტანეს ეს ომი და ბევრი მათგანის ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.

და ბოლოს: „ახალი წლის ღამე“– „ლამაზმანის“,  და „გაქცეული პატარძალის“ ავტორის– გარი მარშალის ფილმი, რომელიც არც ეგზისტენციონალურ პრობლემებზე დაგაფიქრებთ და არც სამყაროში არსებულ უსამართლობაზე გაგაბრაზებთ, სამაგიეროდ წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად და გასართობად ცუდი ნამდვილად არ უნდა იყოს. მით უმეტეს, მასში ისეთი მსახიობები თამაშობენ, როგორებიც არიან რობერტ დენირო, მიშელ პფაიფერი, ჰოლი ბერი,ეშტონ კატჩერი, ჰილარი სვონკი, სარა ჯესიკა პარკერი და ა.შ. ფილმი  ნიუ იორკელი წყვილებისა თუ მარტოხელა ადამიანების თავგადასავლებს გაგვაცნობს, რომლებიც  ახალი წლის ღამეს აღწევს კულმინაციას.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.