warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 2 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

ორჭოსანთან ავუხვიეთ?...

22
თეირანიდან ჩემი მეგობარი მეხმიანება და ბოდიშის კილოთი მატყობინებს: "აქ ძალიან ცუდი პრესა გაქვთ. ემჩნევა, რუსეთი მაგრად მუშაობს თქვენ წინააღმდეგ. რამდენიმე სტატიას გამოგიგზავნი და თვითონვე მიხვდები, რასაც ვგულისხმობ!"
სტატიებს რომ ვკითხულობ, თავზარი მეცემა. ირანელი ანალიტიკოსების ნააზრევი, ჩვეულებისამებრ, დიდი სიღრმით არ გამოირჩევა, მაგრამ პოზიცია სრულიად ნათელია: ირანული პრესა ძალიან კორექტულად, მაგრამ მაინც ჩვენ გვადანაშაულებს იმ ამბებში, რაც ჩვენთან აგვისტოს დასაწყისში დატრიალდა.
მართალია, ქართულ საზოგადოებასა და პირველ რიგში ოფიციოზს თავი ისე უჭირავს, თითქოს საინტერესო სულაც არ არის, რასაც აგვისტოს მოვლენებზე აღმოსავლეთში იტყვიან და ამ შემთხვევაში მხოლოდ დასავლეთის, კერძოდ კი, ამერიკული მედიის აზრია გადამწყვეტი, მაგრამ მერწმუნეთ, სულერთი სულაც არ იქნება, რა პოზიციას დაიკავებს აღმოსავლური სამყარო და უპირველესად ჩვენი მეზობელი ირანი ქართულ-რუსულ კონფლიქტთან მიმართებით.
ამიტომაც აქტიურობდა რუსეთი და პრაქტიკულად შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ მუსლიმურ აღმოსავლეთში პროცესები თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, მიკერძოებულად გაეშუქებინა. ამ საქმეში ჩართული იყო დიდი იდეოლოგიური მანქანა, რომელიც არამხოლოდ ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურებს, არამედ მეცნიერ აღმოსავლეთმცოდნეებსაც თავისი მიზნებისათვის შესანიშნავად იყენებდა.
თბილისში სანამ ჯერ კიდევ იმას არკვევდნენ, რუსები ჩვენს დედაქალაქზე შეტევას აპირებდნენ თუ არა, და სანამ ძალოვანი სამინისტროს წარმომადგენლები დედაქალაქის მცხოვრებლებს გვანუგეშებდნენ: ნუ გეშინიათ, იგოეთიდან დაძრულმა სატანკო კოლონამ თბილისისაკენ კი არ აიღო გეზი, ორჭოსანთან აუხვიაო, ამასობაში რუსი პოლიტოლოგები და ორიენტალისტები ნაყოფიერად მუშაობდნენ და აღმოსავლეთის ქვეყნებს იმ აქცენტებით გადასცემდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, რომელ ქვეყანაში რა აქცენტის წარმოჩენაც უფრო გამოადგებოდათ.
ირანელებს ეუბნებოდნენ, როგორ ჩაგრავენ ქართველები მათ "თანამოძმე" ოსებს, არაბულ სახელმწიფოებში საქართველო-ისრაელის სიახლოვესა და ქართველი მინისტრების ებრაულ წარმომავლობაზე მიუთითებდნენ. საერთოდ კი მთელ აღმოსავლეთში ყველა ამ დემაგოგიურმა სარჩულმა შესანიშნავად იმუშავა.
თუმცა ვინც ოდნავ მაინც იცნობს ირანის შიდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სამზარეულოს, კარგად იცის, რა ფრთხილად მოქმედებს იგი მეზობელ სახლმწიფოებთან ურთიერთობისას.
ყველა კონკრეტულ საკითხზე ჯერ ანალიტიკოსები მუშაობენ და მათი ნააზრევის ის ნაწილი, რომელსაც ოფიციალური კონიუნქტურა მალულად იზიარებს, პრესაში იბეჭდება.
ამიტომაც, ვერაფერში შეედავებოდი, მაგრამ ირანული პრესის ჩვენთვის საინტერსო თემატიკაზე თვალის გადავლება კარგად გვიჩვენებდა, რა პოზიცია აერჩია ისლამური რესპუბლიკის მთავრობას უკანასკნელ ქართულ-რუსულ კონფლიქტთან მიმართებით.
ოდნავ მოგვიანებით, ეს პოზიცია უკვე ოფიციალურად განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
შანხაის ქვეყნების მეთაურთა სამიტის შემდგომ მაჰმუდ აჰმადინეჟადმა აღნიშნა, რომ "დასავლეთის ზოგიერთი ძალა, პოლიტიკურ პროცესთა და მთავრობათა წაქეზებისა და მათი ამა თუ იმ სამხედრო ბლოკთან შეერთების მოწოდების საშუალებით, დარტყმას აყენებს რეგიონში არსებულ ინტეგრაციას და მეზობლებს შორის წინააღმდეგობასა და შუღლს აღვივებს, რათა ამით შექმნას ნიადაგი საკუთარი პოლიტიკური და სამხედრო გავლენის სფეროთა გაფართოებისათვის."
მოკლედ, "ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარისა" არ იყოს, კონკრეტულად არცერთი ქვეყანა და პრეზიდენტის გვარი არაა დასახელებული, მაგრამ უამისოდაც ყველაფერი დღესავით ნათელია.
მსოფლიო მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა პოლიტიკურმა მიმომხილველებმა აჰმადინეჟადის აღნიშნული განცხადება ირანის მთავრობის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერად შეაფასეს.
როგორც კი ეს შეფასებები გაისმა, მეორე დღესვე გამოვიდა ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩეჰრ მოთთაქი და აღნიშნა, რომ "ირანის ისლამური რესპუბლიკა ომის წინააღმდეგია და დარწმუნებულია, რომ რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა მოლაპარაკებათა გზით სავსებით შეიძლება."

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.