ორ ტბას შუა, ძველისძველად

თებერვალი 8, 2012 ავტორი გიორგი მაისურაძე

თბილიssimo (გაგრძელება)

Unicephalus

ილუსტრაცია გიორგი ავალიანი

ყველაზე დიდი საიდუმლო, რომელიც საქართველოს ისტორიაში იმალება, თბილისის დაარსების ამბავია. ყველა ლეგენდა, ისტორიული კვლევა-ძიება თუ არქეოლოგიური აღმოჩენა ერთ მიზანს ემსახურება: რაც შეიძლება უკეთ გადაიმალოს და გასაიდუმლდეს სიმართლე თბილისის დაარსების შესახებ!

სიმართლე კი ისაა, რომ თბილისი არ დაარსებულა იქ, სადაც ლეგენდიდანაა ცნობილი და, საერთოდაც, მთელი ძველი თბილისი სხვა ქალაქია, ცრუ-თბილისი, რომელიც იმიტომ ააშენეს, რომ ნამდვილი თბილისი გადაემალათ. საუკუნეთა მანძილზე ნამდვილი თბილისის ადგილმდებარეობას განდობილთა საიდუმლო ორდენი იცავდა.

დამალული თბილისი ორ ტბას შუა აშენდა, თანაც არა მტკვრის, არამედ ვერეს სანაპიროებზე, რომელიც თბილისის დაარსების ჟამს მტკვარზე დიდი და წყალუხვი მდინარე იყო. ვერე თავდაპირველად ედემის ბაღში მოედინებოდა, მაგრამ წარღვნის შემდეგ მან კალაპოტი იცვალა და ის ხეობა დაიკავა, რომელიც ერთ დროს პრეკოსმიური წყლების მდინარეს – ოკეანოს ეკუთვნოდა.

ოკეანოსი – ყველა ბუნებრივი და ზებუნებრივი ძალისა თუ სხეულის პირველწინაპარი, სამყაროს შექმნამ, რომელიც დიდი ტექტონური ძვრების ფონზე მიმდინარეობდა, შექმნილისგან გარიყა და მდინარეობამდე დააკნინა, რომელიც სამყაროს გარშემო ტრიალებდა და მის ზღუდეებს იცავდა. ვერეს ხეობა იმ დროს სამყაროს აღმოსავლეთი საზღვარი იყო, რაზეც პირდაპირაა მითითებული „ოდისეაში“, როდესაც ოდისევსი ქვესკნელში ჩადის, ის ჯერ ოკეანეს გადაცურავს და მერე კუნძულ აიაიას მიუახლოვდება, საიდანაც მზე-ჰელიოსი ამოდის. ძველ ბერძნებს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ მზის ღმერთის ღამის საბინადრო – კუნძული აიაია – ყიფშიძის ქუჩა იყო. ჰადესის კარიბჭე კი გმირთა მოედანზე მდებარეობდა და მის წიაღში იმდენმა განგმირულმა გაიარა, რომ ამ მოედანს გმირთა სახელი უწოდეს. საიქიოს შესასვლელის ნაკვალევი დღესაც შეიმჩნევა გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში, სავსე მთვარეზე კი ზოოპარკიდან მოისმის უპატრონოდ დარჩენილი ცერბერის ყმუილი.

მსოფლიო წარღვნის შემდეგ ედემის ბაღიდან წამოსულმა ვერეს ზვირთებმა კალაპოტიდან ამოაგდო ოკეანოსი და მისი ადგილი დაიკავა, რაც წარმართობაზე მონოთეიზმის გამარჯვებას ნიშნავდა. ოკეანოსმა მიწის სიღრმეებს შეაფარა თავი და ასე გადაურჩა ძველი აღთქმის კატასტროფულ მოვლენებს, მაგრამ ქართულ მიწაში ბოლომდე ჩამალვა ვერ შეძლო და იქ ორი კოპივით ამოიღვარა – ლისია და კუს ტბების სახით, რომლებშიც, როგორც ზიარჭურჭელში, პრეკოსმიური ოკეანოსის ნაშთები იმალება. და სწორედ მიწის ზემოდან ვერეს, მიწის ქვემოდან კი ოკეანოსის გადაკვეთის ადგილას, ორ ტბას შუა, ვაკე-საბურთალოს მიჯნაზე დაარსდა თბილისი. მისი დამაარსებელი არა ვახტანგ გორგასალი, არამედ ალექსანდრე მაკედონელის ცხენი – ბუკეფალოსი იყო და ამიტომაც ძველი ბერძენი ავტორები თბილისს ბუკეფალიასაც უწოდებდნენ.

თბილისი იმ სახელის გაქართულებული ვარიანტია, რომელიც თავად დამაარსებელმა უწოდა ქალაქს: თეოფილისი – „ღმერთის სიყვარული“, რაც მორიგი გამოცანაა და დღემდე არ არსებობს ერთიანი აზრი იმაზე თუ რომელი ღმერთისადმი სიყვარული იგულისხმა ალექსანდრეს ცხენმა. მკვლევართა ნაწილი ამბობს, ბუკეფალოსმა იმ დროს უკვე ღმერთად შერაცხულ ალექსანდრეს სახელზე ააშენა ქალაქი და თბილისიც ალექსანდრიააო. ამ თეორიას მხარს უჭერს ის ფაქტი, რომ თბილისის ფუნიკულიორის ანძას ელინისტურ ხანაში შუქურის ფუნქციაც ჰქონდა და გზას უნათებდა, როგორც მდინარე ვერეში მონავარდე ხომალდებს, ასევე ჰადესის სამეფოსაკენ მიმავალ განგმირულებს გმირთა მოედანზე. ზოგი, ნაკლებდამაჯერებელი ვერსიით, თვით ალექსანდრეს თაფლშიჩადებული გვამიც თბილისში ჩამოასვენეს დასაკრძალადო, მაგრამ თბილისელებს ფახლავა ეგონათ და შემოეჭამათო. მისთვის გმირთა მოედანზე გამზადებული მავზოლეუმი კი ცირკად გადაუკეთებიათ, რომელსაც რომაელი მოგზაურები ჩირცუს მახიმუს-ად მოიხსენიებენ საკუთარ დღიურებსა თუ ოჯახებისადმი თბილისიდან გაგზავნილ ღია ბარათებში.

სატრანზიტო გადასახადებმა თბილისი ისე გაამდიდრა, რომ ქალაქში ყველა შენობა ბროლისა და სპილოს ძვლისგან შენდებოდა. შემოსავლის მთავარი წყარო კი ჰადესის კარიბჭე იყო გმირთა მოედანზე, რომლის წინაც თერთმეტსართულიანი გამშვები სატრანზიტო პუნქტი დადგეს თბილისელებმა და იმხელა თანხას ითხოვდნენ საიქიოში მიმავალთაგან, რომ ზოგს ქარონისათვის გადასახდელი ფული აღარ რჩებოდა და იძულებული იყო ლეთეს წყალი, რომელიც ვერეს ქვესკნელური შენაკადი იყო, ცურვით გადაელახა. იმ გარდაცვლილთათვის კი, ვინც ცურვა არ იცოდა, იქვე, გმირთა მოედნის განაპირზე, ცურვის სასწავლო აუზი ააშენეს, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ მიცვალებულთათვის იყო განკუთვნილი. მას შემდეგ კი, რაც ქრისტიანობამ ჰადესის სამეფო გააუქმა და საიქიოს ძირეული რეორგანიზაცია განახორციელა, თეოფილისმა თავისი შემოსავლისა და სიმდიდრის უმთავრესი წყარო დაკარგა და მისი დიდებაც დაღმა გზას დაადგა.

ჰადესის გაუქმებამ და საიქიოს შესასვლელის თბილისიდან გადატანამ, ქალაქის არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ ეკოლოგიასაც გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა: დაცარიელებულ და გაპარტახებულ ჰადესის მღვიმეებსა და შახტებში ვერეს წყალმა იწყო შესვლა და მალე მთლიანად გაუჩინარდა. ხეობაში სამაგიეროდ, თითქმის დაწრეტილი ლეთეს ნარჩენები ამოიღვარა და ვერესგან დარჩენილ ნაკადულებს შეერია და დღევანდელ ვერედ იქცა. მის ნაპირებზე ვაკისა და საბურთალოს სასაფლაოებმა დაიკავეს ის, რაც გადაურჩა ბერძენთა საიქიოს ღმერთის მემკვიდრეობას.   

არის მეორე ლეგენდაც, რატომ დაერქვა თბილისს თეოფილისი. ეს ვერსია კიდევ სხვა საიდუმლოს უკავშირდება, რომელსაც საუკუნეებია ინახავს თბილისის მიწა, თანაც თავის ზედაპირზე და ქალაქის დაარსების ისტორიასაც სხვაგვარად წარმოგვიჩენს.

(გაგრძელება იქნება)


* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.

lukabak (შეუმოწმებელი), თებერვალი 9, 2012, 16:11:10

კიდევ ერთი ვერიით ალექსანდრეს თაფლშიჩადებული გვამი თბილისელებს ფახლავა კი არა ბაკლავა გონებიათ :))

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.