warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 12 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

ომი ტყეში

15
ცხელი ომის ქრონოლოგია
7 აგვისტოს შემდეგ ფოთის საზღვაო სამხედრო ძალების ბაზა და სანაპირო დაცვა დაბომბეს. შედეგად ზღვაში 50 ტონა ნავთობპროდუქტი ჩაიღვარა
(თითქოს ფოთის, სუფსის, ბათუმის და ყულევის ნავთობტერმინალების დღიური დანაკარგი არ გვეყოფოდა თავში საცემად). წინასწარი მონაცემებით ზარალმა 3 მლნ ლარს გადააჭარბდა. 7 აგვისტოდან მოყოლებული თითქმის სექტემბრის შუა რიცხვებამდე რუსი აგრესორები მიზანმიმართულად ანადგურებდნენ კოლხეთის ეროვნული პარკის უნიკალურ ფლორას და ფაუნას. როგორც ჩანს, ჩაძირული ქართული სამხედრო კატარღების მერე, რუსებმა იმ დელფინების, ე.წ. საბავშვო ბაღების ტერიტორიების განადგურებაც გადაწყვიტეს, რომლებსაც აფხაზეთის აკვატორიაში შემოსული რუსული სამხედრო გემების აფეთქება შეუძლიათ. დაინაღმა ტერიტორიები ხმელეთზეც. რუსულმა აგრესიამ საფრთხე კოლხეთის ამავე ტერიტორიაზე სეზონურ, გადამფრენ ფრინველებსაც შეუქმნა.
12 აგვისტო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აკეთებს განცხადებას, რომ რუსებმა ყულევის ტერმინალის (ტერმინალის აქციონერი აზერბაიჯანული კომპანია
"სოკარია") თანამშრომლებს ტერიტორიის დატოვება ურჩიეს. მიზეზად ტერმინალის მიმდებარე ტყის დაბომბვა დაასახელეს, სადაც აგრესორებს გადამალული ქართული შენაერთები მოელანდათ.
15 აგვისტოს, რუსულმა ვერტმფრენებმა გადაიფრინეს. ის იყო, სოფელ წაღვერის შეშინებულმა მოსახლეობამ გაიფიქრა, დაგვბომბესო, რომ შეამჩნიეს
ვერტმფრენიდან გამოსროლილი წითელი ფერის განათებული კვამლი. გავიდა კიდევ ხანი და ადგილზე, სადაც კვამლი ჩაეშვა, ხანძარი გაჩნდა. ერთი, ორი, სამი... ერთდროულად რამდენიმე ადგილას ხანძარმა იფეთქა... ცეცხლი დაბა წაღვერის მიმდებარე ტერიტორიიდან ბორჯომის მიმართულებით გუჯარეთის წყლის მარჯვენა სანაპიროზე გავრცელდა და ტყით დაფარული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა. ამავე დღეს, მთვრალმა რუსმა სამხედროებმა გორის შესასვლელში წიწვნარს ცეცხლი წაუკიდეს. განადგურებულია ქარსაცავი სისტემა.
16 აგვისტო. საომარი მოქმედება, რთული რელიეფი და კიდევ ათასი სხვა გარემოება ცეცხლის ჩაქრობას უკიდურესად ართულებდა. ერთადერთი ხსნა
მაშველი ვერტმფრენები იყვნენ, მაგრამ რუსები თურქულ და უკრაინულ ვერტმფრენებს საქართველოს სივრცეში შემოფრენის ნებას არ აძლევენ.
17 აგვისტო. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკში გაჩენილმა ხანძარმა ტყის მასივი 200 ჰექტარზე გაანადგურა. მაშველები ცდილობენ ხანძრის
ლოკალიზებას, ჩართულია ყველა ოფიციალური სამსახური, მოხალისეები. მიუხედავად ამისა, ჩნდება ახალ-ახალი კერები. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ
საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული ჭურვები შესაძლოა უფრო გვიან ამოქმედდეს, ვიდრე ამას ელიან... ვრცელდება ინფორმაცია, რომ ატენის
ხეობაშიც რამდენიმე ხანძრის კერაა დაფიქსირებული. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. საერთაშორისო ორგანიზაციებს შექმნილი მდგომარეობის შესახებ გარემოსდამცველი არასამთავრობოებიც მიმართავენ.
18 აგვისტო. BP-ს ფეხოსანმა პატრულმა, ბორჯომის რაიონის სოფელ ქვაბისხევთან შენიშნა საფრენი აპარატი, საიდანაც აალებადი ჭურვები ჩამოყარეს.
გაჩნდა ხანძრის ახალი კერა. შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს შეტყობინება, რომ იწვის ბორჯომისა და ხარაგაულის გამყოფი ლომის მთა... ინფორმაციას ეროვნული პარკის თანამშრომლები დიდხანს აზუსტებდნენ, თუმცა ადგილზე მიახლოება გზის მიუვალობის გამო ვერ მოახერხეს... იწვის წაღვერის ტყეც... თურქული ვერტმფრენი, რომელსაც რუსებმა სამაშველო საქმიანობის "პატივი დასდეს", ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ჩაქრობას ვერ ახერხებს.
19 აგვისტო. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით PAN Park Foundation-მა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა
და რუსეთის გარემოს დაცვის მინისტრს ოფიციალური წერილიც გაუგზავნა, რომელშიც ადამიანსა და გარემოზე ზიანის მიყენების საკითხის სასწრაფოდ
გადაწყვეტა მოსთხოვა. ქართულ მხარეს კი ზიანის აღდგენაში დახმარებას შეპირდა. ამასობაში, ხანძრის ახალი კერები ახალ რეგიონში ჩნდება. ატენის
ხეობაში სოფელ ბიისის მაცხოვრებლები ხედავდნენ, როგორ ჩამოყარეს მანათობელი ჭურვები რუსულმა ვერტმფრენებმა და ყვებიან როგორ აალდა წიწვი ატენის ხეობაში. ხანძარი ამჯერადაც მიუდგომელ ალაგს გაჩნდა. მაშველებს კერებთან მიახლოება გაუჭირდათ.
20 აგვისტო. ეროვნულ პარკში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა მსოფლიო ბანკმა. საქართველოს დიდი ხნის
საერთაშორისო პარტნიორი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გარემოსა და ტყის რესურსების მართვის გაუმჯობესებას უჭერს მხარს, იმედოვნებს, რომ ცეცხლის ლოკალიზება მალე მოხდება.
პირველ ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი WWF, რომელმაც თხოვნით მიმართა ყველა ორგანიზაციას დაეხმარონ მაშველებს
საქართველოში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.