|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
No Live - No Newsბოლო ხანებში, ჩემს ტელევიზორს არც კაბელი აქვს მიერთებული, არც სატელიტი და არც სახურავის ანტენა. ამ წლების მანძილზე სახლში ტელევიზორის ფუნქცია იქამდე დავიდა, რომ მას მხოლოდ დივიდიზე ან "ფლეისთეიშენზე" ჩასართველად ვიყენებთ, ანუ იმის მაგივრად, რომ მივიღოთ ტელესადგურის წარმოებული სიგნალი, ტელევიზორის ეკრანზე გადავცემთ მხოლოდ ჩვენით არჩეულ გამოსახულებას - კერძოდ, თამაშებს.
ეს კი ყოველთვის ასე არ ყოფილა. ქართული ტელევიზია, კონკრეტულად კი, "ნიუსები" მხოლოდ იმის მერე გახდა მოსაწყენი, რაც მან დაკარგა სიურპრიზის ეფექტი. ამ მხრივ, "ედიკას დროს" (მომიტევეთ ფამილარობა) ახალ ამბებში ბევრად უფრო საინტერესო სიტუაცია იყო. ვინ იცის, რამდენი საღამო გვაქვს გატარებული ეკრანებთან სწორედ იმ ავადსახსენებელ კორუმპირებულ პერიოდში, რეკლამიდან რეკლამამდე, მარტოებს ან მეგობრებთან ერთად, ლოჯებში, მისაღებებსა და სამზარეულოებში იმისთვის, რომ "მოვლენების განვითარებისთვის" პირდაპირ ეთერში გვეცქირა. ამ მდგომარეობის პიკად შეიძლება 2003 წლის 23 ნოემბერი ჩაითვალოს, როდესაც ქვეყანა "ლაივში" ტრანსლირებადი რევოლუციის მოწმე გახდა. "ედიკას დროს" სწორედ "ლაივი" განსაზღვრავდა ახალი ამბების სინამდვილეს. ყოველ საღამოს, გამონაკლისების გარეშე, ტელეაუდიენცია ექცეოდა სისტემატური პირდაპირი ჩართვების ველში, რომელიც მაყურებელში "განვითარებულ მოვლენებში" თანამონაწილეობის ეფექტს ქმნიდა. ამის გამო, არქივებში ქექვის გარეშეც კი თავისუფლად შეგვიძლია გავიხსენოთ რვა, ათი წლის წინანდელი ნიუსები (შუქის პიკეტებზე მისული ჟვანია, შევარდნაძე გომბორის სამხედრო ამბოხის დროს, უშიშროება რუსთავი 2-ში), მაგრამ იგივე სიცხადით ვერ აღვიდგენთ შარშანდელ ახალ ამბებს, რადგან ჩვენ არ ვართ მათი მონაწილე ემოციურ დონეზე მაინც. ამ მაჩვენებლებით, ათი წლის წინანდელი ტელევიზია დღევანდელთან შედარებით უფრო ინტერაქტიული და, შესაბამისად - საინტერესო საყურებელი გამოდის. ამასობაში, ინტერნეტმა კი შემოიტანა "ინფორმაციის მიღების და გავრცელების ალტერნატიული საშუალებები", მაგრამ ფრაგმენტირებული სტრუქტურის გამო, ის ვერ ასრულებს სატელევიზიო ახალი ამბებისმაგვარი გამაერთიანებელი რიტუალის ფუნქციას, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ინტერნეტ-ნიუსებს ყველა სხვადასხვა დროს უყურებს. შესაბამისად, ინდივიდზე მორგებული ინტერნეტ-ინფორმაციის ნაკადს არ აქვს ისეთივე ეფექტი, როგორც კონკრეტულ დროს კოლექტიურ აუდიტორიაზე ტელევიზიით გასულ, "ორთოდოქსულ" პირდაპირ ჩართვას ჰქონდა. "რევოლუციის შემდეგ", "ლაივები" საინფორმაციო გამოშვებებს რაღაც პერიოდის მანძილზე ინერციით გადმოყვა. პოსტრევოლუციურ ოქროს ხანაში, კერძოდ კი 2005 წელს, ჯერ კიდევ შეიძლებოდა ახალი ამბების ცქერაში სასიამოვნო საღამოების გატარება - მაგალითად, როცა მოჭიდავეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. თუ არ ვცდები, ეს იყო რუსთაველის პირველი გადაკეტვა "რევოლუციის შემდეგ", და იმის გამო, რომ ყველა ტელევიზია ადგილზე "ლაივში" მუშაობდა, სამ ცენტრალურ არხზე, სატელიტების ძვირადღირებული სპორტული პაკეტების მსგავსად, სხვადასხვა რაკურსების შერჩევაც კი შეიძლებოდა. მოკლედ, იმ დღის "მოჭიდავეების ლაივი" იყო ქართული სატელევიზიო ჟურნალისტიკის ერთგვარი ზენიტი, რაც ჰარმონიაში მოდიოდა პოსტრევოლუციური ოქროს ხანის სხვადასხვა ნიუანსთან: კორუმპირებული რეჟიმისგან თავისუფალ ქვეყანაში თავისუფალი ტელევიზიები ეთერში ერთვებოდნენ "მოვლენების ეპიცენტრიდან", სადაც ახლად შექმნილი საპატრულო სამსახური რუსთაველს სასამართლოს დამარბეველი მოჭიდავეებისგან წმენდდა. იდგა ზაფხულის ხავერდოვანი საღამო. საფუძვლიანად გადათხრილი ქალაქის ცენტრალურ პროსპექტებზე მიწაში იდებოდა ახალი დრენაჟი. პოსტრევოლუციური ოქროს ხანის შემდეგ, "ლაივებმა" ჯერ რიცხობრივი კლება, ხოლო შემდეგ არსებითი მუტაცია განიცადა და ერთ დიდ, ტექნიკურად გამართულ, მაგრამ მოსაწყენ სარეკლამო ბლოკად იქცა. დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩვენს ტელევიზორს კიდევ დიდხანს მოუწევს "ფლეისთეიშენის" ექსკლუზიური ტრანსლაცია, რადგან არ ღირს ნიუსების ყურებაში დროის ხარჯვა მანამ, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდება მოულოდნელი, უხარისხო, მაგრამ მაინც ყველაზე მიმზიდველი გამოსახულება წარწერით - "LIVE". |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი