|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები
|
ნეტავ, მუდამ ვახსოვდეთ თაგვებს....
იანვარი 27, 2012 ავტორი ნინო ლომიძეექსტრასენსორიკაზე თუ დაფიქრებულხართ? მე კი. ჰოდა, დავასკვენი – მომავლის წინასწარ განჭვრეტა ათწლიანი წინსწრებით სირთულეს საერთოდ არ წარმოადგენს! ამ „ პროზაში“ წამყვანი მოტივები იქნება – ეკონომიკური კრიზისები, პოლიტიკური რეჟიმები, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მქონე აღმოჩენები და ტექნიკური მიღწევები, გამოგონებები, ომები, ბრძოლები, ეთნიკური და გლობალური კონფლიქტები, ბუნებრივი კატასტროფები და ა.შ... 20–25 წლიანი ჰორიზონტის მოსანიშნად ჩამონათვალი უფრო ზოგადი და პირობითი იქნება – წინა პლანზე დემოგრაფია (კატასროფულად მზარდი/კლებადი???) და ბუნებრივი რესურსების და ინფრასტრუქტურის დეფიციტი( ალტერნატიული წყაროების აღმოჩენა/სრული კრახი???) აი, ამ (30+)ჰორიზონტს მიღმა უკვე რეალური, დასაბუთებული, არგუმენტირებული ან კეთილგონივრული პროგნოზირება შეუძლებელია და აქ იწყება ყველაზე საინტერესო და პირობითად რომ ვთქვა, ხატოვანი პროგნოზები – ნათელი, ან არც ისე ნათელი, ან კიდევ, სულაც, ბნელი მომავლის სცენარები. ფანტასტების საყვარელი და ყოველმხრივ დამუშავებული თემა. კაცობრიობის აპოკალიპტური, პოსტაპოკალიპტური და კიბერნეტიკული მომავლის თემა. ნანახი და წაკითხული მარაგიდან გარკვეული კანონზომიერების და თეორიის ჩამოყალიბებაც კი შეიძლება. კარგა მოზრდილი ნაშრომიც გამოვა სავარაუდო სათაურით – სამყაროს აღსასრულის მხატვრული ხედვა, ან კაცობრიობის მომავალი – ხელოვანების სამიზნე, ან რამე მსგავსი. მაგრამ ეს სხვა ამბავია. ახლა ტომი და ჯერის ეპოპეიდან ერთ სერიასა და ზდისლავ ბეკსინსკის უსახელო, უ ს ა ხ ე ლ ო ნახატებზე დავწერ. ტომი და ჯერი საერთოდ, ძალიან საინტერესო ფენომენად მიმაჩნია და ბავშვობიდან მოყოლებული მიყვარს ამ სადისტი თაგვის და გულუბრყვილო, მიმნდობი კატის გაუთავებელ თავგადასავლებზე დაკვირვება. პერიოდულად ვუბრუნდები ხოლმე და ერთი ასეთი „ განმეორებითი ჩვენებისას“ ძალიან მაგარ სერიას წავაწყდი. ისეთს, რომელიც სამყაროსა და კაცობრიობის პოსტაპოკალიპტური კვლევების ანთოლოგიაში, უდავოდ დაისაკუთრებს საპატიო ადგილს. ( კატა ტომი და თაგვი ჯერი ამ სერიაში ისვენებენ) აი ეს სერია: სიუჟეტი მარტივი, მაგრამ საკმაოდ მეტყველია – ეკლესიის ნანგრევებში თაგვების გუნდს საშობაო სიმღერის რეპეტიცია აქვს. მოწადინებით მღერიან ...«Hark! The Herald Angels Sing» . მერე კი ერთობ გაუგებარი სიტყვები მოდის«Peace on earth, good will to men» და პატარა თაგვები გაკვირვებით კითხულობენ – «men» რაღა ხილიაო. ჰოდა მოხუცი და მრავლისმნახველი კანტორი, წლებითა და გამოცდილებით დახუნძლული ბრძენთაგვი მონდომებით უხსნის – ესენი დიდი, დიდი ხნის წინ ცხოვრობდნენ და ერთმანეთი მანამ ხოცეს სხვადასხვა ხერხებითა და მანქანებით, სანამ სულ ერთიანად არ ამოხოცესო... მიუხედავად იმისა, რომ მულტფილმი საშობაოა, იგი ჰეფი–ენდით არ მთავრდება, ადამიანის მოდგმის გადარჩენილი წარმომადგენლები ბოლო კადრებში არ გამოჩნდებიან და თაგვები ძალიან ბედნიერები იმით, რომ ეს საზარელი ორფეხა არსებები აღარასოდეს დაარღვევენ მათ იდილიას, შობის შესახვედრად სამზადისს განაგრძობენ... მოკლედ, უყურეთ ამ პატარა სერიას! პოსტაპოკალიფსური ნანგრევები და განწყობა – გარანტირებულია.
„ საკმარისზე მეტი ბავშვი გავაკეთე. ყველასთვის სახელი არ მეყოფა. თანაც, როცა ქმნი, რამე იდეას ან ჩანაფიქრს კი არ ახორციელებ...ხშირად კეთების დროსვე ვცვლი სიუჟეტს...ერთხელ დაფის და ფიცრების რაღაც ელემენტებით დავიწყე ნამუშევრის კეთება. თავიდან მადონა გამომდიოდა. იდეა მომეწონა და კაცი–მადონას შექმნა გადავწყვიტე, ოღონდ არ ვიცოდი, ჩვილისთვის რა მეყო. მერე ღამე ქათამი დამესიზმრა. ეს ქათამი პოლონურად ლაპარაკობდა და ძალიან გამიკვირდა, თავისი წაგრძელებული ნისკარტით პოლონურ სისინა ბგერებს როგორ გამოთვამს მეთქი. ამ ქათამმა მითხრა, ქალებისა შენ არაფერი გაგეგებაო, ამიტომ გავიღვიძე და ეს ქათამი დავხატე მადონას ნაცვლად...“ ეს ზდისლავ ბეკსინსკია. ასე, ზდისლავ ბეკსინსკი თავის სიურეალისტურ, საზარელ, მომნუსხველ და სამყაროს აღსასრულის ნახატებს ქმნიდა და არასდროს, არასდროს არ ასათაურებდა. თვითონ იმასაც ამბობდა, ჩემი ნამუშევრები სწორად არ ესმით, სინამდვილეში, ზოგიერთი მათგანი, ძალიანაც სახალისო და ოპტიმისტურიაო. ოპტიმისტურის რა მოგახსენოთ და ანტიმილიტარისტული კამპანიისთვის კი ზედგამოჭრილი ნამუშევრებია. ასე რეალურად და მძაფრად დანახვა იმისი, სადამდე შეიძლება მივიდეს დიდი ბიჭების ბირთვული თამაშები და სიშტერეები – ძალიანაც საჭირო რამეა. მისი აბსურდი და სიურეალიზმი საკმაოდ ახლოს დგას ერთმანეთთან. ერთიც და მეორეც მნახველში, მკითხველში, მაყურებელში, საერთოდ – შემფასებელში უცნაურ და სულ სხვადასხვანაირ გრძნობებს იწვევს. ასეთი არტი ან მოგწონს, ან არა. ან გაღიზიანებს, ან აღგაფრთოვანებს. ან იჭერ მუღამს, ან არა...ერთი სიტყვით, ბეკსინსკი გიგერის აღოჩენაა. ეს გიგერი კიდე ჰოლივუდური მონსტრების, ბიომექანოიდების და სასტიკი და საშინელი, ოღონდ ცოტა მოსაწყენი და ერთფეროვანი ნამუშევრების ავტორია. ასევე ავტორიტეტი – ფანტასტიკური რეალობის ჟანრში. მაგარი თავმდაბლური ამბავია – გიგერი ამტკიცებს, ბეკსინსკისგან ვისწავლე ბევრი რამეო და ბეკსინსკი ამბობს, მაგას ჩემგან რა უნდა ესწავლა, აქეთ ავიღე რაღაცებიო. მოკლედ, ერთმანეთი ძალიან მოსწონდათ და ბეკსინსკის დასავლურ და ამერიკულ წარმატებას, მეტწილად, გიგერის დამსახურებად თვლიან. მე რომ ვადარებ, პოლონელის ნახევრადადამიანი–ნახევრადჩონჩხების, ბირთვული შეტევებისგან მიწასთან გასწორებული ქალაქების და ნანგრევების, ობმოდებული დას.ევროპული მანქანების და მიმოფანტული, სხვადასხვა წარმოშობის ძვლების ესთეთიკა უფრო მომწონს, ვიდრე გიგერის „უცხო“–ური ფანტასმაგორიები. ( ჰოლივუდური საშინელებათა ჟანრის ფილმის, „ უცხოს“ შემქმნელი სწორედ ეს გიგერია...) რამდენიმე ფავორიტ ფოტოს აქვე ავტვირთავ. დანარჩენებს უპრობლემოდ მოიძიებთ გლობალურ ქსელში. და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ კარგი იქნება, ძალიან კარგი და სასურველი, თუ თაგვებს მუდამ და ყოველთვის ვემახსოვრებით... * ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
Nino L (შეუმოწმებელი), იანვარი 27, 2012, 17:10:51
ერთ მშვენიერ დღესაც, ადგა ზდისლავი ნიტო ფეხზე, გაიტანა თავისი ნამუშევრები, რაც სახლში ჰქონდა და უკანა ეზოში დაწვა. ვერ იტანდა რეპორტიორებს და იშვიათად აძლევდა ინტერვიუებს. საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა – მისმა შვილმა თავი მოიკლა, თვითონ კი დანით აკუწული იპოვეს სახლში – მეზობლის ხულიგან შვილს ფული არ ასესხა... :(
დატოვე კომენტარი