ნავროზობა ანუ ახალწელიწადი ქურთულად

ფოტო: CANDY CACTUS

ქმპ, ქურთების მუშათა პარტია, 1978 წელს სტუდენტმა აბდულა ოჯალანმა შექმნა. შეერთებულ შტატებში, ევროკავშირსა და თურქეთში ქმპ ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული. როგორც ჩანს, ის ენერგიას არამარტო მითებიდან, არამედ ქურთების მიმართ თვალშისაცემი უსამართლობიდანაც იღებს. ერთი ისაა, რომ ლეგენდისგან განსხვავებით, რეალურ ცხოვრებაში მაღალი მთები ქურთებს ვეღარაფრით ეხმარება. თურქეთი ამ მთებს უბრალოდ ანგრევს - ასე იყო გასული წლის დეკემბერში ერაყის საზღვარზე. საფუძველი ის ყოფილა, რომ მთა ქმპ-ს აქციების კონტროლირებაში უშლიდათ ხელს.
ვინ უნდა ჩაითვალოს ტერორისტად - ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. მხოლოდ ნაომ ჩომსკის გამონათქვამი მახსოვს, რომ არსებობს ასეთი ფენომენი - ტერორისტი ქვეყნები. ასეთებია რუსეთი ჩეჩნეთთან, ისრაელი - პალესტინასთან და თურქეთი - ქურთებთან მიმართებაში. 1984-დან 1999 წლამდე თურქეთსა და ქმპ-ს შორის ომი იყო გამოცხადებული. შედეგი ამისა ათასობით მოკლული იყო. საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch იტყობინება, რომ ჯარი ხალხის იძულებით ევაკუაციას ახდენდა და შემდეგ სოფლებს მიწასთან ასწორებდა, რომ მათ უკან დასაბრუნებელი არ ჰქონოდათ. ასე განადგურდა 3000 სოფელი და 400 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა - displaced persons. 1999 წელს აბდულა ოჯალანი დაატყვევეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ბრძოლა არ შეწყვეტილა. ახლაც, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ასობით პარტიზანი დაიღუპა.
მსოფლიოს ცინიზმს საზღვარი არა აქვს. რა გასაკვირია, რომ თურქეთი მორალს არ დაგიდევს - მთავარი სტრატეგიაა. თავის დროზე უინსტონ ჩერჩილსაც არანაირად არ მიაჩნდა ცუდ საქციელად ერაყში ქურთული სოფლების დაბომბვა და მოსახლეობის წინააღმდეგ გაზის გამოყენება. შემდგომ, 60-იანი წლების დასაწყისში, როცა შტატებმა ქურთების ყველანაირი დახმარება შეწყვიტეს, კისინჯერს კონგრესის მორალური ვალდებულებების შესახებ დაუსვეს კითხვა. ამაზე მან გალანტურად გასცა პასუხი, თქვა, რომ საგარეო პოლიტიკა და მისიონერული სამუშაო ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს.
ქურთული ანდაზაა: "ქურთებს მეგობრები არა ჰყავთ". ჩანს, არაა სიმართლეს მოკლებული. ერაყის ქურთები პირველ ამერიკულ ტანკს ჟრიამულით და ყვავილებით შეეგებნენ - ჰუსეინის რეჟიმის დროს ყველაზე მეტი განსაცდელი მათ ადგათ. ამერიკას კი ქურთები მანამდე ადარდებს, სანამ ისინი ნავთობის რესურსების კონტროლისთვის გამოადგებათ.
რა ელით ქურთებს? ჩომსკი ამბობს: "ამაზე ფიქრი მაშინებს. შეიძლება ერთგვარი გენოციდი მოხდეს. და ისინი მთავარი მოქმედი გმირები იქნებიან".
. . .
მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ 21 მარტს ცაში ბომბდამშენები ზუზუნებს, ქურთები არა გენოციდის, არამედ ნავროზობის დღესასწაულის გმირები არიან. ნავროზი "ახალ დღეს" ნიშნავს და მას სპარსები და ქურთები მას შემდეგ ზეიმობენ, რაც ბაბილონელებმა რადიკალურად შეცვალეს დროსთან დამოკიდებულება. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 539 წელს მათ აღმოაჩინეს, რომ 19 წელი 235 თვეა და გამოვიდა, რომ წელიწადი 360 დღისგან შედგება. ბაბილონელებმა, რომლებიც დღევანდელი დიარბაკირის სიახლოვეს, ერაყის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, შემოიღეს კალენდარი, რომლის თანახმადაც ყოველი თვე სავსემთვარობას იწყებოდა, წელიწადი კი - ნისანის თვის პირველ დღეს, ჩვენი კალენდრის თანახმად - სადღაც 21 მარტს.
1995 წლამდე ნავროზი აკრძალული იყო, მერე კი თურქეთის იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ ეს თურქული დღესასწაულია და მისი აღნიშვნა შეიძლება. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღეა, დილის ცხრა საათიდან ქალაქის განაპირას მდებარე დიდი ველისკენ ტრადიციულ ფერად სამოსში გამოწყობილი ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების დიდი ტალღები დაიძრა. ათასობით ადამიანს ყვითელი, წითელი და მწვანე დროშები უჭირავს. ხალხი წრეში ცეკვავს, მოხუცები პატარებს ეხუმრებიან. ერთხელ სტამბულში ერთ სწავლულ თურქთან საუბრისას ვთქვი, რომ ცოტა ქურთული ვიცი, და იმან, სერიოზულად თავზარდაცემულმა, მითხრა - ეს ხომ ტერორისტების ენაა! ახლა კი შევყურებ ან მხიარულ ხალხს, მწეველ ქალებს, ხელჯოხებით ხელში მოცეკვავე მოხუცებს და ვფიქრობ - სადაური ტერორისტები ესენი არიან?
აი, საახალწლო ცეცხლიც დაანთეს და ცა შავი ბოლით იფარება. ქურთისტანში ხეები დიდად არ ხარობს და ალბათ ამიტომ წვავენ საბურავებს? როგორც ჩანს, ეს ჩემს გარდა არავის ადარდებს...
. . .
დიარბაკირში, ჩემი მასპინძლების ოჯახში, უზარმაზარ ბეტონის შენობაში, ვახშამი იშლება. სუფთა იატაკზე თანამედროვე ხალიჩებია დაფენილი და ზედ ზეთისხილი, პომიდორი, მაწონი, პური აწყვია. თურქეთში ყველა ეროვნების ხალხი ძალიან სტუმართმოყვარეა, თუმცა იგრძნობა, რომ ტურისტების შემოსევამ ბევრი რამ წაახდინა. უცხოსგან ყველა ფულს ელის, მაგრამ თუ ტურისტობას გადააბიჯე და მიზაფირ, სტუმარი გახდი, მასპინძელი თან გადაგყვება. ღიმილით მაგონდება, ველოსიპედით მოგზაურობისას ერთმა ოჯახმა სუპერმარკეტში წამიყვანა და ტანსაცმელი მიყიდა. ჩანს, ძალიან საცოდავად გამოვიყურებოდი და სტუმართმოყვარეობის კანონი მათგან ამის გამოსწორებას ითხოვდა.
თუმცა ქურთი ქალები ეწევიან და მსმენია, ისლამს მაინცდამაინც სერიოზულად არ ეკიდებიანო, ტრადიცია მაინც ძლიერია. სონგიული ოცი წლისაა. ის სუფრას შლის და ყველაფერს გულითადად გვთავაზობს. ის სამი თვის წინათ შემოვიდა ამ ოჯახში, ქალ-ვაჟის ოჯახებმა გადაწყვიტეს, რომ მათი შვილები უნდა დაქორწინებულიყვნენ. ერთი თვის განმავლობაში გოგონა თავის მომავალ მეუღლეს ტელეფონით ესაუბრებოდა, ნახვით კი პირველად ქორწილის დღეს ნახა. ყველაფერი გეგმის თანახმად ხდება: ის უკვე ორსულადაა და ჩინებულად ცვლის თავის დედამთილს, რომელიც დიასახლისობით დაიღალა და ახლა ცოტას ისვენებს. სონგიული ძალიან ლამაზია. ვინ იცის, ეგებ ბედნიერიც. თუმცა მე, თავისუფალს, გული მტკივა იმის შემყურეს, რომ სხვა არჩევანი არასოდეს ექნება - შინ იქნება და შვილებს მიხედავს. ტრადიციასთან დაბრუნება ილუზორული ქვეცნობიერი სტრატეგიაა, რომელიც, განათლების გარეშე, ბოლოს და ბოლოს, არაფრისმომტანია. ტრადიციის თანახმად ცხოვრება ცუდი როდია, უბრალოდ, არჩევანი თუ არა გაქვს და ყველაფერი ნებაყოფლობით არ ხდება, ქალის ცხოვრება მონობაა. მონობაა, აბა, რაა, როცა საზღაურს არ იღებ და არჩევანი არ გაგაჩნია?
ტრადიციულ ქურთულ ოჯახში, სულ მცირე, რვა ბავშვი უნდა იყოს. ფინანსური თვალსაზრისით, ეს ძალიან რთულია, ბავშვები პატარაობიდანვე მუშაობენ ფეხსაცმლის მწმენდავებად, მტვირთავებად, ნოქრებად. თურქეთის ქურთისტანში ზღვა, რაც ტურისტებისთვის შეიძლება მიმზიდველი ყოფილიყო, არ არსებობს. სახელმწიფო გამიზნულად არ აშენებს ფაბრიკებს და აღმოსავლეთ თურქეთში ნავთობის მოპოვება არ ხდება - იმის შიშით, რომ ქურთები და მათი ბრძოლა გაძლიერდება.
სამაგიეროდ, ქვები ბევრია. და ბავშვები, რომლებისთვისაც ეს ჩინებული ვარჯიშია, ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე ესვრიან მათ ველოსიპედით გამვლელს და მისძახიან: money, money!
. . .
რა ელით წელს ქურთებს? თუმცა ერაყის პრეზიდენტი თალაბანი ქურთია, ჩრდილოეთ ერაყის ავტონომიური ოლქის მეთაური ბარზანიც ქურთია და 1998 წლის სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ, დამოუკიდებელი ქურთისტანის არსებობის პერსპექტივა ფრიად საეჭვო გახლავთ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქურთები მეტისმეტად დიდი რესურსების მქონე მიწაზე დგანან, ძნელი დასაჯერებელია, რომ თურქეთში ძალაუფლების ბალანსი და აქ მცხოვრები ქურთების ყოფა დიდად შეიცვლება.
ამიტომ ქურთები კავას ლეგენდით იმშვიდებენ თავს და სჯერათ, რომ ერთ დღეს მათაც ექნებათ თავისუფლება.   

სტუმარი, აგვისტო 8, 2011, 01:17:06

ბევრი რაღაც გავიგე აქედან და დიდი მადლობა, , გასაგებია ქურთისტანის მოსაზღვრე ქვეყნები რატომაც ''ჭამდნენ''ერთმანეთს მაგრამ რატომ არიან ქურთების მიმართ ასე ცუდად განწყობილნი ის ერები, რომლებთანაც ქურთებს არ ჰქონიათ საომარი ურთიერთობა?

keti (შეუმოწმებელი), დეკემბერი 28, 2009, 14:19:03

საინტერესო იყო. გმადლობთ.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
view counter
@