ავტორები: CANDY CACTUS, ანა კორძაია-სამადაშვილი
"მე მომხრე ვარ იმისა, რომ არაცივილიზირებული ერების წინააღმდეგ გაზი იქნეს გამოყენებული."
უინსტონ ჩერჩილი, დიდი ბრიტანეთის სამხედრო მდივანი იმ დროს, როცა ბრიტანელი მფრინავები ერაყში ქურთულ სოფლებს ლონდონისთვის სასურველი საზღვრების გასამტკიცებლად ბომბავდნენ.
რუკაზე თურქეთს, სირიას, ირანსა და ერაყს შორის დახრილი ასოებით წერია: ქურთისტანი. ასეთი შრიფტით მთები ან პლატოებია აღნიშნული. პოლიტიკურ რუკაზე ქურთისტანი არ არსებობს, მაგრამ დემოგრაფიული ფაქტი ფაქტად რჩება.
მაშინ, როცა მეოცე საუკუნის დასაწყისში ეგრეთ წოდებული ხალხების გაზაფხულის შედეგად მრავალმა ერმა, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სახელმწიფოებრიობა მოიპოვა, ქურთებს ამ ლატარეაში ასანთის მოკლე ღერი შეხვდათ. 30 მილიონიანი ერი, მსოფლიოს ყველაზე დიდი ეროვნული უმცირესობა, საკუთარი სახელმწიფოს და დე ფაქტო საკუთარი ენის გარეშე დარჩა. არადა, თურქეთში 15 მილიონი ქურთი ცხოვრობს და ქვეყნის მთელი მოსახლეობის ოც პროცენტს შეადგენს. წმინდა სტატისტიკური თვალსაზრისით, თურქეთის ყოველი მეხუთე მოქალაქე ქურთია.
. . .
სწავლის გაგრძელებას ვფიქრობდი და გადავწყვიტე, მანამდე კვლავ მემოგზაურა. სამყაროს რეალობის დიდი ნაწილი ხომ უნივერსიტეტის აუდიტორიაში ვერასოდეს შემოაღწევს. სხვადასხვა მიზეზების გამო მრავალი ფაქტი წერილობითი სახით ვერ გადმოიცემა.
შესაძლოა, ქურთებსაც დაეწერათ რამე, მაგრამ არ შეუძლიათ. დიარბაკირში, თურქეთის ტერიტორიაზე ქურთების არაოფიციალურ დედაქალაქში, ამაოდ ვეძებდი ქურთულ წიგნებს. კარგა ხანი მოვანდომე ქურთული ლექსიკონის პოვნას, ბოლოს ნავროზობის დღესასწაულზე მივაგენი, საჭმელთან ერთად იყიდებოდა. რამდენიმე სიტყვა ხალხისგან ვისწავლე. ეს იყო და ეს.
როცა ავტობუსის თურქ მძღოლს ავუხსენი, რომ ქურთისტანში მინდა მოხვედრა - თურქეთის ქურთისტანს ვგულისხმობდი - მან მომიგო, ეგრე თუ გინდა, ერაყში წადიო. თურქებს ქურთისტანის გაგონება არ უნდათ.
როცა ინგლისურად მომმართავენ და ქურთულად ვპასუხობ, ყველა იბნევა, თურქიც და ქურთიც. მიუხედავად იმისა, რომ 1991 წლიდან საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ქურთულად ლაპარაკი აკრძალული აღარაა, მაინც არ ღირს, და ქუჩაში ხალხი ძირითადად თურქულად ლაპარაკობს - ქურთების დისკრიმინაცია ახლაც ყოველდღიური ამბავია.
აჰმედ კაია, სტამბულელი ტაქსის მძღოლი, რომელიც თავის დროზე ძალიან პოპულარული მომღერალი გახდა, ქურთულად ვერ მღეროდა. ახლა ქურთული სიმღერების მოსმენა უკვე შეიძლება - ევროკავშირში შესვლის მსურველ თურქეთს უმცირესობების უფლებებისთვის ზრუნვა უწევს. ოფიციალურად დღეში ერთი საათით ქურთული ტელევიზიაც მაუწყებლობს, მაგრამ ამის შესახებ ვისაც კი ვკითხე, მსგავსი არაფერი სმენოდათ.
არცთუ დიდი ხნის წინათ, 1994 წელს, ლეილა ზანას, პირველ ქურთ პარლამენტარ ქალს, ქურთული გამონათქვამისთვის, რომ დემოკრატიის ფარგლებში ქურთებისა და თურქების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის ყველაფერს გააკეთებს, 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი ღონისძიებები არ მიყვარს, სასჯელმოხდილი ორმოცდაათი წლის ქალის სიტყვას სუნთქვაშეკრული ვუსმენდი...
. . .
ბერძენი ისტორიკოსის, ქსენოფონტეს თქმით, ქურთები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400 წლის წინათ ბერძნულ ჯარს თავს დაესხნენ, სახიფათონი არიან. ფრეია სტარკი, რომელიც XIX საუკუნეში ამ მიდამოში მოგზაურობდა, ჰყვება, რომ ქურთები სტუმართმოყვარე, მაგრამ არცთუ სანდო ხალხია: სახლიდან გასვლისთანავე სტუმართმოყვარეობის კანონები აღარ მოქმედებს და თამამად შეიძლება, მასპინძლის მსხვერპლი გახდეო.
ამბობენ, რომ ქურთები აბრაამის ჩამომავლები არიან. ბრიტანული ენციკლოპედიის თანახმად, ისინი, ისევე, როგორც სპარსები, არიელები ყოფილან. სახელი "ქურთი", როგორც ჩანს, ქორთუას სამეფოს სახელიდან მომდინარეობს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე სამი ათასი წლის წინათ სპარსეთსა და მესოპოტამიას შორის, ვანის ტბის მიდამოში არსებობდა. დღევანდელ პოლიტიკურ რუკაზე ეს თურქეთის, სირიის, ირანისა და ერაყის გზაჯვარედინია.
ქურთები დღესაც ამ მიწაზე ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური რუკა ყოველ ხუთას წელიწადში ერთხელ მაინც იცვლება. სხვადასხვა დროს ამ მიწა-წყალზე რომი, ბიზანტია, თურქ-სელჯუკები, სპარსები ბატონობდნენ, და ის კვლავ ძალაუფლების გადანაწილების მხარედ რჩება.
და ათასწლეულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქურთების ადგილი მათ კუთვნილ მიწაზე აღარაა. ითვლება, რომ ისინი თურქები გახდნენ.
. . .
ერზერუმში ღამით ველოდი დიარბაკირისკენ მიმავალ ავტობუსს. უამრავი თურქული ჩაი დავლიე. განთიადზე ვოცნებობდი. მინდოდა, ქალაქის ირგვლივ მთებიც მენახა - სომხური მითოლოგიის თანახმად, სამოთხე სადღაც აქ უნდა ყოფილიყო.
დღეს იქაურობას სამოთხემდე ბევრი უკლია. თურქეთის აღმოსავლეთი ღარიბი მხარეა. მიუხედავად ამისა, ისლამური ლოცვები მტვრიან ავტოსადგურზე დიდი პლაზმური ტელევიზორით გადმოიცემა. ერზერუმი 2000 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული და თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ცივი ადგილია. გზად თოვლსა და შავად შებურულ ქალებს ვხედავდი.
დიარბაკირამდე შვიდი საათის გზაა, მაგრამ ავტობუსში დაძინება არ გამომდის - ქურთული ახალწელიწადის წინა დღეებში აქ გამკაცრებული კონტროლია. შუაგზაზე, ბინგოელში, ქურთების მუშათა პარტიასთან ომია გაჩაღებული. მეხუთედ გვამოწმებენ. საკონტროლო პუნქტში ერთი ახალგაზრდა ქურთი ქალი დაიტოვეს.
მერე კი ცივი, დათოვლილი უდაბნო დაუჯერებლად მწვანე ველებმა შეცვალა. "დიარ" ქურთულად "ღიას" ან "პლატოს" ნიშნავს. ამ მიწას დიარბაკირიდან ბაღდადამდე ალ ჯაზირა, "კუნძული" ჰქვია. აბრეშუმის გზა უდაბნოს სამხრეთით მიუყვებოდა, და ალბათ მწვანე სივრცე იმდროინდელ დაქანცულ ვაჭრებს კუნძულად ესახებოდათ. სიო აყვავებულ ნუშის ხეებს ელამუნება, ცხენები ნორჩ ბალახს წიწკნიან. გაზაფხული აშკარად იგრძნობა და ვიფიქრე, ნეტა ჩვენ რად არ ვზეიმობთ-მეთქი ახალ წელს გაზაფხულის დადგომისას?
"ნავროზ პიროზ ბე!" - "გილოცავთ ახალ წელს!" - დიარბაკირში ყვითელ პლაკატებს ეს წარწერა ამშვენებს. თითქმის ყველა გზაჯვარედინზე ავტომატით შეიარაღებული პატრული დგას, ხანდახან ტანკი ჩაივლის. ყველაზე მეტი შეტაკება სწორედ ნავროზობის დროს ხდება.
. . .
ამბობენ, რომ ცხოვრობდა ერთი ბოროტი ხელმწიფე. მის მხრებზე გველები იკლაკნებოდნენ, რომლებიც ყოველდღე ორი ბავშვის ტვინს ითხოვდნენ საჭმელად.
იმ ქვეყანაში ერთი მჭედელი ცხოვრობდა, სახელად კავა, და მან, სანამ თავის ნაბოლარა ქალიშვილს შესწირავდა მსხვერპლად, ხელმწიფის გაცურება სცადა: ორი ცხვარი დაკლა და მეფეს გველებისთვის ცხვრების ტვინები მიართვა. ტყუილს ვერავინ მიუხვდა, და თანამემამულეებმა მის მაგალითს მიბაძეს.
გადარჩენილი ბავშვები ხალხმა მაღალ მთას შეაფარა. ბავშვები იქ ცხოვრობდნენ და კავა მათ მებრძოლებად ზრდიდა. და ერთ დღესაც, სწორედ 21 მარტს, ისინი მთიდან დაბლობში დაეშვნენ, აიღეს ციხე-სიმაგრე და ბოროტი ხელმწიფე დაამხეს.
ახალი ცხოვრების დაწყების აღსანიშნავად ხალხმა უთვალავი კოცონი დაანთო და ასე იზეიმა თავისუფლება.
სტუმარი, აგვისტო 8, 2011, 01:17:06
ბევრი რაღაც გავიგე აქედან და დიდი მადლობა, , გასაგებია ქურთისტანის მოსაზღვრე ქვეყნები რატომაც ''ჭამდნენ''ერთმანეთს მაგრამ რატომ არიან ქურთების მიმართ ასე ცუდად განწყობილნი ის ერები, რომლებთანაც ქურთებს არ ჰქონიათ საომარი ურთიერთობა?
keti (შეუმოწმებელი), დეკემბერი 28, 2009, 14:19:03
საინტერესო იყო. გმადლობთ.
დატოვე კომენტარი