თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო მალხაზ ხარბედიამ
პროექტის პარტნიორია ფარმაცევტული კომპანია "ჯიპისი"

აგვისტოს პირველი რიცხვებიდან მოყოლებული, დასავლური პრესა თვალს არ აშორებდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მთელი ამ დროის მანძილზე აუარება სტატია, ისტორიული ნარკვევი, შენიშვნა, მიმართვა თუ ინტერვიუ დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში. პირველ დღეებში ნამდვილი მეხთატეხა ატყდა, პრესა აბობოქრდა და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, რამდენიმე გაზეთში რუსული პოლიტიკის ქომაგებმაც გამოყვეს თავი (მაგ. "გარდიანის" ფურცლებზე). ყველაზე მეტი სულელური აზრი სწორედ პირველ დღეებში გამოითქვა, თუმცა მალე ასეთი ცეცხლოვანება სხვაგვარი ტონალობით შეიცვალა და მძიმე არტილერიის მიერ მოსრულ მედია-ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკაც შემოვიდა, შედარებით გაწონასწორებული მოფილოსოფოსო პოლიტოლოგებითა და მოჟურნალისტო მწერლებით. თუკი თავიდან ყველაფერი კონკრეტული ფაქტის, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გარშემო ტრიალებდა და ავტორები ძირითადად მშრალი აღწერით, ან პირიქით, მხურვალე მოწოდებებით შემოიფარგლებოდნენ, რამდენიმე დღის შემდეგ ყველაფერი გლობალური პოლიტიკის ჩარჩოებში გადავიდა, დალაგებული აზრებიც გამოჩნდა და ყველაზე ეჭვიანებმაც კი გაბედეს აზრის გამოთქმა.
მე მგონი, არავის გაკვირვებია, რომ პირველები საქმეში ორი სკანდალურად ცნობილი "მას-მედია-ფილოსოფოსი", ბერნარ-ანრი ლევი და ანდრე გლუკსმანი ჩაერთნენ. ადამიანებმა, რომელთაც, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ენასაც უწუნებდნენ, სადაც მაღალი სტილი საშინელ ნეოლოგიზმებს ერწყმოდა და შედეგად ენობრივი მონსტრები იქმნებოდა, უეცრად, წარმოუდგენლად მარტივი "მოწოდება" დაბეჭდეს, ჯერ "კორიერე დელა სერაში", მეორე დღეს კი იგივე წერილი სხვა სათაურით "ლიბერასიონშიც" გამოქვეყნდა, რითაც ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს ინტელექტუალები მოახედეს ჩვენი ქვეყნისკენ.
მათ ცეცხლოვან ქომაგობას მეორე დღესვე უპასუხეს პრორუსულად განწყობილმა იტალიელმა და ფრანგმა მიმომხილველებმა, ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ 27 აგვისტოს ბერნარ-ანრი ლევიმაც კი (ვისაც ნოამ ჩომსკის მწარე კრიტიკამაც კი ვერ "ჩაუქრო ალები"), შეიძლება ითქვას, ხელი ჩაიქნია, ოღონდ იგი ოპონენტებს არ დანებებია, მან უბრალოდ დატოვა სცენა გაოგნებულმა იმით, რომ მთელი ევროპა ხელს აწერდა "მედვედევის გეგმაზე", სადაც "ერთი სიტყვაც არ იყო ნათქვამი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე". "როგორც ჩანს, სამყარო ყირაზე დადგა. ნუთუ ეს მართლა ხდება?" წერდა იმ დღეებში ფილოსოფოსი.
გამოჩნდნენ სხვა ოდიოზური ფიგურებიც და რუსეთის აგრესიაზე აზრის გამოთქმა ნორმატივების ჩაბარებას დაემსგავსა. თანაც ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, ფუკუიამას კბენდა, რომელმაც ასე მცდარად იწინასწარმეტყველა "ისტორიის დასასრული" და ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვება. ფარიდ ზაკარიამ ორი ახალი ცნება შემოიტანა, "პოსტამერიკული ხანა" და "დანარჩენი სამყაროს ზეაღსვლა", ბევრი ეკოლოგიის პრობლემებზეც ალაპარაკდა, რაც თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანი თემაა და კარგია, რომ ჩვენთან განვითარებული მოვლენების შემდეგ ამ კუთხით უკვე სერიოზული გადაწყვეტილებებიც მიიღეს ევროპაში, თუმცა გორდონ ბრაუნის განცხადებაში საკმაოდ ბუნდოვნად ჩანს ამ საკითხის გადაწყვეტა, რომ არაფერი ვთქვათ ა. სოლჟენიცინის სახელით აბსოლუტურად არამართებულ მანიპულირებაზე, რითაც, პრემიერ-მინისტრთან ერთად, თითქმის ყოველი მეორე ავტორი ირთობდა თავს. ბევრს აღარ გავაგრძელებ, მოკლედ გეტყვით, რომ აქ მთელი ამ დროის მანძილზე ამოთქმული ყველაზე მხურვალე და ჭკვიანური აზრებია თავმოყრილი, სადაც ილუზიებს სიმართლე ენაცვლება ხოლმე და პირიქით, რეალობის ადგილს ოცნება იკავებს. ამ ავტორებისთვის მარტო ხმამაღალი სახელების გამო არ მოგვიყრია თავი, არამედ უფრო იმისთვის, რათა კარგად დაგვენახა დასავლური აზრის მსვლელობა ერთი თვის განმავლობაში. ამ წერილებში ქართველი მკითხველი მწარე სიმართლესაც იპოვის და გულის მოსაფხანსაც.
დატოვე კომენტარი