warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 18 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

მშრალი ხიდი

მშრალ ხიდზე
იმის გათვალისწინებით, რომ დათბა და ქუჩაში ყოფნა სასიამოვნოა, იმის გამო, რომ ძალიან მდიდრის დამატებით გამდიდრება სულაც არაა აუცილებელი, და ვინაიდან წამითაც არ მჯერა, რომ ძველ ნივთებს ჯადო-მადოები და ცუდი აურა სდევს თან, "ცხელი შოკოლადის" მკითხველს ვურჩევდი: ეწვიეთ...

ქართულად ბარახოლკას რა ჰქვია? უფროსებისგან ვიცი, რომ ომის მერე ამგვარ საყიდლებზე დეზერტირების ბაზართან დადიოდნენ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი თბილისელთა ბინებიდან გამოტანილი სამოთხეები მშრალ ხიდთან იყო გაფენილი, ჰოდა, ხალხმა უბრალოდ "მშრალი ხიდი" დაარქვა. ის ფაქტი, რომ ამჟამად ანალოგიური ბაზრობა სამგორშიც არსებობს, თბილისელებს ხელს არ უშლის: მშრალი ხიდი და მორჩა.

აქ წასვლა ბევრად მეტია, ვიდრე შოპინგი. აზარტული საქმეა, თან მონდომებულ კაცს ბევრი რამის სწავლაც შეუძლია. თავად განსაჯეთ: სხვაგან სად ნახავთ ერთად გამოფენილ ამდენი ეპოქისა და ამდენი დანიშნულების ნივთს? ძველებური ავეჯი, ჭურჭელი, ტანსაცმელი, წიგნები და მრავალი სხვა რამ, რომელთა ფუნქციაც ზოგჯერ სრულიად დაუდგენელია, მაგრამ ლამაზია და ჰა... მშრალ ხიდზე რა გელის - არასოდეს იცი, და "ეძიებდე და ჰპოვებდე" ისე არსად ამართლებს, როგორც ამ გაუგებარ ადგილას, რომელიც ყველა თავმოყვარე ქალაქში არსებობს და ტურისტული შოუს განუყოფელ ნაწილადაა ქცეული.

მსოფლიოს დიდი ნაწილი მშრალ ხიდს რწყილის ბაზრობას უწოდებს. სახალისო ამბავია: ნაპოლეონ III დროს გადაწყდა, რომ პარიზის ბულვარებზე მსხდომი ძველმანებით მოვაჭრეები ქალაქს ამახინჯებდნენ, და ისინი ერთი ციხესიმაგრის, Porte de Clignancourt-ის ბჭესთან გადააბარგეს. ასე შეიქმნა ბაზრობა კლინიანკური. აქ მრავალ სხვა ნივთთან ერთად მთელი პარიზის ნაგავსაყრელებიდან მოთრეული ავეჯიც იყიდებოდა. ეს დივანები, რბილი სკამები, სავარძლები და პუფები, ცხადია, რწყილებით იყო გამოტენილი, და სახელწოდება "რწყილის ბაზრობა" მთელს ევროპაში გავრცელდა: marche aux puces, flea market, Flohmarkt... ჩვენ, წესიერ ხალხს, ეს სახელი არ მოგვეწონა და ქართული-ხალხური "მშრალი ხიდი" ვამჯობინეთ.

ყოველ შაბათ-კვირას ასი ათასობით, შესაძლოა, მილიონობით ადამიანი უთენია დგება ლოგინიდან და ძველმანების ბაზრობებზე გარბის. იქ, იმპროვიზებულ დახლებთან, ათასი ჯურის ხალხი ირევა - ხელმოკლეები და მდიდრები, კოლექციონერები და უბრალოდ მოცლილები. მერე ყველანი დაკმაყოფილებულები ბრუნდებიან ხოლმე შინ და მეგობრებთან ამაყად აცხადებენ, რომ რაღაც განძი სასაცილო ფასად შეიძინეს.

ანტიკვარიატით მოვაჭრეებისგან განსხვავებით, რომლებიც ელიან, რომ რაღაცას იყიდით, მშრალ ხიდზე ყველა ხვდება, რომ შემთხვევით ან ვითომ შემთხვევით ხართ მიხეტებული, და ამიტომ აქ ტვინს არ ბურღავენ. შეგიძლიათ მშვიდად იქექოთ ძველმანებში, მერე კი გრძნობის დაკარგვამდე ივაჭროთ - მშრალ ხიდზე მტკიცე ფასები არ არსებობს.

მათთვის, ვისაც ანტიკვარიატის რამე გაეგებათ, მშრალი ხიდი კლონდაიკია - არავინ იცის, საბრალო ბებოს ძირს დაფენილ ხილაბანდზე რას აღმოაჩენ. ერთმა გერმანელმა ქალბატონმა ძნელბედობის ჟამს, 90-იანებში, მთელი წელი იარა მშრალ ხიდზე და ახლა მშობლიურ შვაბეთში საქსის ფაიფურის კოლექციით იწონებს თავს; მეორე ქალბატონმა მთლად კასპარ დავიდ ფრიდრიხის ნამუშევარი იყიდა; მე ჩემი 50-50 თეთრად ნაყიდი "სტაქანები" ძალიან მომწონს - რომელი ერთი ჩამოვთვალო. დავიჯერო, თქვენ არაფერი შეგიძენიათ?

ისე, რამის შეძენასთან ერთად, გულწრფელად გირჩევთ: გაყიდვაც სცადეთ. ვთქვათ, ბრიყვული საშაქრისა. იცით, რა სახალისოა? მერე იმ ფულით შეგიძლიათ სხვა, უფრო ბრიყვული საშაქრე იყიდოთ. თან სოციალურად გამართლებული ამბავიც იქნება - სადაც სამართალია, მშრალ ხიდზე ხომ მაინც არ უნდა არსებობდნენ მდიდრები და ღარიბები.

 

 

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.