"მშობლები სჯიან თავიანთ შვილებს, სახელმწიფო სჯის თავის მოქალაქეებს"

ანუ სასტიკი კულტურა და თავისუფლების ვაქცინა

სამყარო ნერვული პოლიტიკურ/სოციალურ/კულტურულ/სულიერი კრიზისების ზღვარზე - ასე შეიძლება, დავახასიათოთ თბილისის XI საერთაშორისო კინოფესტივალი. ფესტივალის საკონკურსო თუ პარალელურ პროგრამებში წარმოდგენილ ფილმებში შფოთვას, განწირულობისა თუ გამოუვალობის განცდას სხვადასხვა "ეტიმოლოგია" აქვს (რასაკვირველია, სხვადასხვა სახისა და დონის მხატვრული გადაწყვეტაც) - კომუნისტური სისტემის ნგრევა, რომელიც, სინამდვილეში, არც დანგრეულა და აგრესიისა და სისასტიკის კოშმარულ ხილვად იქცა (ს. ლოზნიცას "ჩემი ბედიერება"), რომელსაც მოჰყვა ომი და ემოციებისგან დაცლილი მექანიკური ადამიანები (ვ. პერიშიჩის "ჩვეულებრივი ადამიანები"), კულტურულ-რელიგიური გაუცხოება და ოჯახური დრამები (ჟ. ჟბანიჩის "გზაზე"), სოციალური კატასტროფა და დაშლილი ოჯახები (რ. პირველის "სუსა", დ. მამულიას "სხვა ზეცა"), ტრავმირებული მშობლები და მშობლებისგან ტრავმირებული შვილები (პ. სალას "კატების დედა ტერეზა")... ჟელიმირ ჟილნიკი (წლევანდელი ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე) რუსეთის ზეგავლენისგან (მათ შორის, მენტალური) ვერგათავისუფლებული სერბეთის მაგალითზე სამყაროს ძალზე ცინიკურ პერსპექტივას (უფრო სწორად, უპერსპექტივობას) გვიჩვენებს, სადაც კაპიტალიზმი ხანგრძლივი ტრადიციების მქონე სკოლაში მიღებული დახვეწილი მანერებით მოქმედებს ("კაპიტალიზმის ძველი სკოლა"). ამ სამყაროში პლასტიკური ოპერაციები ყველაფერი ნაღდის კორექციას ახდენს (ყოველ შემთხვევაში, ცდილობს), რადგან ტყუილი და ილუზია უფრო კარგად იყიდება (ს. ფრირზის "თამარა დრიუ").

 

ჰანა მახმალბაფი
ალბათ, ამიტომაც მოახდინა დიდი შთაბეჭდილება მაყურებელზე ჰანა მახმალბაფის "გაუმართავმა" კინომ, რომელიც ნამდვილ, არაკორექცირებულ განწყობებს, იმედს, ფრუსტრაციას, შიშს, სისასტიკეს ასახავს არჩევნებისწინა და არჩევნების შემდგომ ირანში. მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი "მწვანე დღეები" ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამაში იყო ნაჩვენები, 21 წლის ჰანა მახმალბაფი კი ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლდათ. ის თანამედროვე ირანული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურის, მოხსენ მახმალბაფის ქალიშვილია, რომელთა კინემატოგრაფიული ოჯახი, უკვე რამდენიმე წელია, ყურადღებას იპყრობს საერთაშორისო საფესტივალო ასპარეზზე, მათ შორის, ზოგჯერ ირონიისა და კრიტიკის ქვეშაც ექცევა ერთგვარი კლანურობისა და პოლიტიკური ანგაჟირებულობის გამო. ჰანას პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც 8 წლის ასაკში გადაიღო, უკვე ლოკარნოს ფესტივალზე მოხვდა, 13 წლის ასაკში გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური სურათი კი ვენეციაში უჩვენეს. ცხადია, ასეთ ადრეულ ასაკში ჰანა მახმალბაფის კინოთი დაინტერესება მამამისმა განაპირობა.

 

 

როგორ გაგიჩნდათ ეს ინტერესი - მამა მიზანმიმართულად გაჩვენებდათ ფილმებს და გასწავლიდათ, თუ უბრალოდ, გარემო იყო ისეთი, რომ სხვაგვარად წარმოუდგენელიც კი იქნებოდა?

8 წლის, ანუ მეორე კლასში ვიყავი, როცა ჩემმა 16 წლის დამ (კინორეჟისორი სამირა მახმალბაფი, ავტორი ფილმებისა "ვაშლი", "შავი დაფები", "5-ზე, შუადღისას" - თ.ხ.) მამაჩვენს გამოუცხადა, სკოლაში სიარული აღარ მინდა, აღარც უნივერსიტეტში სწავლას ვაპირებ, რადგან აქედანვე ვიცი, რომ საბოლოოდ კინოს შესწავლა მაინტერესებს და შენზე უკეთ ირანში ამას ვერავინ გააკეთებსო. მოკლედ, უნივერსიტეტში დროის დაკარგვა არ უნდოდა, რადგან ყველა საგანს რელიგიური კუთხით ასწავლიდნენ: ისტორიას, სპარსულ ენას და თვით მათემატიკასაც კი. ადრეული ბავშვობიდან მამასთან გადასაღებ მოედნებზე ვიყავით, ირგვლივ სულ ხელოვანი ხალხი გვეხვია. ყოველ დილით კი მივდიოდით სკოლაში და იქ სულ სხვანაირი გარემო გვხვდებოდა, რის გამოც ძალიან ვიტანჯებოდით. სკოლაში მასწავლიდნენ, რომ ხელები არავისთვის უნდა მეჩვენებინა, უნდა დამეფარა, თორემ ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი და ღმერთი სკალპს ამაძრობდა, მოკლედ, ძალიან დამტანჯავდა. სახლში კი მიხსნიდნენ, რომ ღმერთი ენერგიაა, რომელიც ჩვენდამი კეთილადაა განწყობილი, რომელსაც ვუყვარვართ.

სწავლა მამაჩემის მიერ დაარსებულ საოჯახო სკოლაში დავიწყეთ. თავიდან ის მთავრობისგან ნებართვას ითხოვდა, რომ სკოლა ოფიციალურად დაეფუძნებინა, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლებმა ამის უფლება არ მისცეს, ირანს ერთი მახმალბაფიც ეყოფაო. ჩემი ოჯახი სულ კინოსთან და საერთოდ, ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული. თავიდან მხატვრობით ვიყავი გატაცებული. ცნობილ ირანელ მხატვართან ვმეგობრობდი კიდეც, საათობით ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ ხატავდა. თუმცა თანდათან ვხვდებოდი, რომ გამუდმებით თავის სახელოსნოში, მარტოდმარტო იჯდა და თუ მეც მხატვარი გავხდებოდი, სამყაროსთან კავშირი მხოლოდ ფუნჯითა და ტილოთი მექნებოდა. ამ დროს, მამაჩემის გადასაღებ მოედანზე ისეთი ენერგია ტრიალებდა, რომ შეუძლებელი იყო, ეს გარემო არ შეგყვარებოდა. მომწონდა, როგორ მუშაობდა მამა _ როცა ის დიალოგს წერდა, თითქოს თანამოსაუბრეების სულში აღწევდა და იქიდან გამოჰქონდა სიტყვები. ასე რომ, მხატვრობას კინო ვარჩიე. 8-დან 16 წლამდე მამაჩემის კინოსკოლაში ვსწავლობდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი ოჯახის წევრების ფილმების გადაღებებში ვმონაწილეობდი და თვითონაც ვიღებდი.

 

ერევა მამათქვენი გადაღების პროცესში? იქნებ რჩევებს გაძლევთ ან თქვენ მიმართავთ რაღაც მომენტებში დასახმარებლად?...

მამაჩემმა თავიდანვე ერთი პირობა წამოგვიყენა: ნებისმიერი რამ შეგიძლიათ შეისწავლოთ, მაგალითად _ ფილოსოფია, მაგრამ ამ არჩეულ საგანზე უნდა კონცენტრირდეთ 2-3 თვის განმავლობაში, ყოველდღიურად სულ მცირე 8 საათიო. მახსოვს, ზოგჯერ დღეში 16 საათსაც ვმუშაობდით. ზოგჯერ გვეძინა, როცა მამა გვაღვიძებდა და საქმის კეთებას გვავალებდა, გვეუბნებოდა _ კინოს დრო არა აქვს, ეს უნდა იყოს თქვენი ცხოვრება, თქვენი სამუშაო, რომელიც ყველა სხვა სამუშაოსგან განსხვავდებაო. რაც შეეხება ჩარევას _ მამამ კინო მასწავლა, კინო, როგორც ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც საკუთარ თავს გამოხატავ. როცა უფრო პატარა ვიყავი და რაიმეს ვეკითხებოდი, მპასუხობდა, მე კინო გასწავლე და ახლა შენი ჯერია, მიდი და სამყაროს აჩვენე, რას ხედავ, რას გრძნობო. მაგალითად, დედაჩემი ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის ავტორი იყო, თუმცა ჩვენს ოჯახში ვინმე რაიმეს თუ აკეთებს, დანარჩენები არ ერევიან. თუ მამა იღებს ფილმს, საბოლოო გადაწყვეტილება მისია. ასევეა ჩემს შემთხვევაში. თუ მას რაიმე სათქმელი აქვს, ადგება და თვითონ გადაიღებს. უფრო მეტიც, ის გადასაღებ მოედანზეც კი არ მოდის ხოლმე, როცა ფილმს ვიღებ.

 

ჰანა მახმალბაფის პოლიტიკური კინო ნამდვილად განსხვავდება მამამისისგან, რომელიც უფრო პოეტურ-ნაივურ სამყაროს ქმნის, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობიდანვე აქტიურად იყო ჩაბმული პოლიტიკურ ცხოვრებაში, რისი გამოძახილი მის ფილმებშიც იკითხება. თავდაპირველად მახმალბაფი ანტიშაჰისტურ ოპოზიციასა და ისლამურ რევოლუციას თანაუგრძნობდა (ის დაპატიმრებულიც იყო), თუმცა მალე მიხვდა, რომ რელიგიური ექსტრემიზმი მხოლოდ ამყარებდა ქვეყანაში სასტიკ კულტურას _ როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: "მშობლები სჯიან თავიანთ შვილებს, სახელმწიფო სჯის თავის მოქალაქეებს". "თეირანი _ ეს არის ცრემლების ქალაქი, პოლიციის ქალაქი, მაგრამ მე მიყვარს ეს ქალაქი" _ ეს სიტყვები უკვე  ჰანა მახმალბაფის ფილმში გაისმის რამდენჯერმე. "ყველაზე ძალიან პირველად მაშინ მეწყინა, როდესაც გავიგე, რომ პრეზიდენტი ვერ გავხდებოდი ჩემს ქვეყანაში, რადგან ქალი ვარ... მერე რეჟისორობა მინდოდა, მაგრამ თეატრებიც დახურეს" _ ესეც "მწვანე დღეებიდან" არის, თუმცა თავად ჰანა მახმალბაფი კატეგორიულად უარყოფს, თავისი ფილმების პოლიტიკურად მოხსენიებას.

არა მგონია, ჩემი ფილმი "ბუდა სირცხვილისგან მოკვდა" პოლიტიკური ფილმი იყოს. მე ვიტყოდი, რომ ეს უფრო ანტი-პოლიტიკური ფილმია. აქ არავინ არავის ამტყუნებს ან ამართლებს, უბრალოდ გეუბნება: იქნებ სამყარო, რომელიც ომებითაა სავსე, ერთი წამით მაინც გაჩერდეს, შეხედოს ამ უდანაშაულო ბავშვებს და არ დაივიწყოს ისინი. ჩვენ ყველაფერზე ვლაპარაკობთ, რამდენად სამართლიანი იყო ავღანეთის ომი და ა.შ. მაგრამ არასოდეს არაფერს ვამბობთ იმაზე, თუ რა დაემართათ ამ უდანაშაულო ბავშვებს ომის შემდეგ. ბავშვებისთვის ნამდვილი სკოლა მშობლების მიბაძვაა. თუ ბავშვი გამუდმებით ომს უყურებს, რა უნდა ისწავლოს?

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.