მოპარული ყვავილები

მაისი 9, 2012 ავტორი გიორგი ხასაია

stalini

 

სტალინი ცნობილი ყაჩაღი და მიმტაცებელია. ადვილად მიიტაცებს სხვების წარმატებას, ფულს, სხვების სიცოცხლეს განკარგავს.  ჯერ ფულს იპარავდა, მერე ტროცკის მოპარა ძალაუფლება, მერე რევოლუცია მოიპარა, მაგრამ ყველაზე დიდი ყაჩაღობა ფაშიზმზე გამარჯვების მითვისებაა. სტალინი არ არის მომხიბლავი ქურდი როგორც ჟენე, ან პოეტი-ყაჩაღი, როგორც ვიიონი. ის უტიფარი და უხეშია და სისხლის სუნზე ცქმუტავს. კიდევ ყვავილები მოპარა პროკოფიევს.

 1953 წლის 5 მარტს მოკვდა სტალინი და იმავე დღეს დიდი კომპოზიტორი პროკოფიევიც. სტალინის გვამი პროკოფიევის სახლთან ახლოს დაასვენეს. გასაგებია, ხალხი მიაწყდა იქაურობას. გზები ჩაიკეტა. ამის გამო პროკოფიევის მეგობრები ვერ ახერხებდნენ მის ბინაში მისვლას და დატირებას. ეს კიდევ არაფერი – ამბობენ, ყვავილები არ იშოვებოდა, ყველა სტალინს დაუწყვესო. ისევ მოიპარა, ამჯერად ყვავილები მოპარა პროკოფიევს.

 არც ისე დიდი ხნის წინ გადავაწყდი რუსი ფილოსოფოსის, მიხაილ რიკლინის ლექციას, რომელიც ცნობილი მწერლის, ვარლამ შალამოვის მოთხრობის “მაისის” განხილვას წარმოადგენს. მოთხრობა მთავრდება შემდეგნაირად: ბანაკის საავადმყოფოს პალატაში წევს მოთხრობის გმირი ანდრეევი. შემოდის ექიმი და აცნობებს ავადმყოფებს, რომ ომი დამთავრდა (მე-2-ე მსოფლიო ომი), ომი ერთი კვირაა დამთავრდა. მაგრამ ანდრეევი არ უსმენს ექიმს, მას ამ დროს სიცხე უწევს.

 რიკლინის აზრით შალამოვისთვის ეს გამარჯვება არაფერს წარმოადგენს ბანაკის გამოცდილებასთან შედარებით. შალამოვისთვის ომის ტერორი არაფერია სახელმწიფო ტერორთან შედარებით. მისთვის ომი მეორეხარისხოვანია. სწორედ ამიტომ, ბერლინის აღება და ომში გამარჯვება – საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდი გამარჯვება, შალამოვთან გამოჩნდება ასეთ კონტექსტში – ამ დროს ანდრეევს სიცხე უწევს. შალამოვისთვის ომის თემა კომუფლაჟური თემაა. ტირანი ომის საშუალებით მალავს რაღაც უფრო დიდს, კერძოდ კი სახელმწიფო ტერორს, ადამიანების სრულ განადგურებას, მათ ბანაკის მტვრად ქცევას. შალამოვი იმ ლოგიკის საწინააღმდეგოდ, რომ კი, სტალინმა შეცდომები დაუშვა და უდანაშაულო ხალხიც დახოცა, მაგრამ რა ექნა, ომი იყო, ამტკიცებს, რომ პირიქით, ომი იყო ის, რამაც გადაფარა უფრო მნიშვნელოვანი თემა – სახელმწიფო ტერორი. სახელმწიფო ტერორი წინ უსწრებდა ომს და ახლა, ომის შემდგომ, მილიონობით ადამიანს, რომელსაც უკვე ქონდა ბანაკის გამოცდილება, უნდა აერჩია რომელიმე ერთი – ან ბანაკი, ან გამარჯვებული ომის სიხარული. შალამოვი ირჩევს ბანაკის გამოცდილებას. მისი ეს პოზიცია რიკლინის აზრით მარგინალურია და “კრიმინალურიც” კი არის.

 როცა რომელიმე ჩემი ნაცნობი მეუბნება, რომ ბაბუამისი მაგარი კომუნისტი იყო ან არის, მაშინვე ვხვდები, რომ ბაბუამისი კომუნისტი კი არა, სტალინისტია. “პოლიტიკურმა სერიულმა მკვლელმა” მოახერხა იმ ადამიანების კუმირი გამხდარიყო, ვისი ოჯახის წევრებიც მოკლა ან გადაასახლა.

 ალენ ბადიუ ერთგან ამბობს, რომ ეს კეთილშობილი სიტყვების ხვედრია ასეთი – ამოიგანგლონ სისხლსა და ტალახში. ასეთია სიტყვა კომუნიზმიც.

ხომ ვიცით, როგორ ჩაიკუკა სტალინმა ომის დაწყებისთანავე და ბერია და სხვა მისი ტუსოვკის ხალხი როგორ ეხვეწებოდნენ, საქმეს დაუბრუნდიო?

 რა უტიფრად მიითვისა ტირანმა ხალხის თავდადება, რომელიც სინამდვილეში ნაცისტების არაადამიანურმა სისატიკემ განაპირობა.

 ხანდახან მგონია, რომ ქუთაისში დიდების მემორიალის აფეთქება “განსაბჭოების” ფარგლებს ცილდება და რაღაც ბრიყვულზე მიანიშნებს. მე-2-ე მსოფლიო ომში გამარჯვება მართალია, “საბჭოთა ცივილიზაციის” მთავარ გამარჯვებად ითვლება, რომელიც კრავს სტალინის პოლიტიკურ პროექტს, ჩვენ კი ამისგან გათავისუფლება გვინდა, მაგრამ რა ვუყოთ რამდენიმე ასეულ ათას  ქართველს, რომელიც იმ ომს შეეწირა? და იმათ ვინც ცოცხალია?  გამახსენდა, მათ ალბათ ისინი მიულოცავენ, ვინც მემორიალი ააფეთქა. მაგრამ თუ პუტინმა დაასწრო, აღარ მიულოცავენ.

 ისე, იმ მემორიალის ამბავს პატარა ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახლა გამახსენდა.

 

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
@