|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
მომხიბვლელობის ხელოვნებაცხოვრებაში ბევრი რამ ობიექტური სინამდვილის ფარგლებში ხვდება და ისეა, როგორც უნდა იყოს - ჭეშმარიტება, რომელზეც არავინ დავობს: ჯამი ჭურჭელია, თოვლი თეთრია, ჰამბურგერი კი - კალორიული. თუმცა, გაცილებით ბევრი რამ სუბიექტური შეფასების სფეროში გადადის და მუდმივი მსჯელობისა და კამათის საგანს წარმოადგენს. მაგალითად, დღემდე ვერ მიუღწევიათ კონსენსუსისთვის იმ საკითხზე, თუ ვინ არის მსოფლიოს ყველაზე სასურველი ქალი: მონიკა ბელუჩი თუ ანჯელინა ჯოლი; ან თუნდაც სოფი ლორენი უფრო ნიჭიერი მსახიობია, თუ კატრინ დენევი. რამდენჯერ მოგვისმენია მსგავსი თემატიკის დისკუსიები, ვინ მოთვლის. ამგვარ გარჩევებში არასდროს მიმიღია მონაწილეობა, ამოცანის აბსურდულობის გამო, თუმცა არსებობს თემა, რომელიც ჩემთვის დღემდე ამოუხსნელი რჩება და მოსვენებას არ მაძლევს: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სოციალური არსება იმისათვის, რომ ”Fashion Icon”-ად იწოდებოდეს?! ჩვენს საუკუნეში” Fashion Icon”-ობა ძალიან”გაიაფდა”. გასულ ასწლეულში ამ ტიტულს თითო-ოროლა გამორჩეული სტილის მქონე ადამიანი ფლობდა: ოდრი ჰეფბერნი, ჯოან კროუფორდი, პრინცესა დიანა, ჯეკი კენედი. მაშინ ამ სტატუსს მოპოვება და გაფრთხილება სჭირდებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა და ხშირ შემთხვევაში, მოდის ტენდენციების ზედმიწევნით დაცვა და/ან ძვირადღირებული ბრენდების ტარებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ Fashion Icon-ად გაღიარონ. სამწუხაროდ. შედეგად კი საკულტო სტილის მქონე ქალბატონებად, რომელთაც ძალიან ხშირად იხილავთ ყველაზე გემოვნებით ჩაცმული ქალბატონების სიის სათავეშიც, ამერიკელი მსახიობ-დიზაინერი დები ოლსენები, ლეიდი გაგა და კიმ კარდაშიანი მოგვევლინნენ.” Fashion Icon”-ის სხვა აუცილებელმა თვისებებმა კი - თანდაყოლილმა ელეგანტურობამ, სტილის შეგრძნებამ და გარემოსადმი ადეკვატურობამ ამ ეტაპზე მნიშვნელობა დაკარგა. ერთი შეხედვით, ეპატაჟურად და არაადეკვატურად მოგეჩვენებათ დაფნა გინესიც - ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტილის მქონე ბრიტანელი არისტოკრატი. თუმცა, მისი ისტორიის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, რომ გინესისთვის დამახასიათებელი”არაამქვეყნიური” ჩაცმულობა მისი რომანტიკული და არტისტული ბუნების ორგანული გამოვლინებაა - უზომოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, სხვადასხვა ფერად შეღებილი თმა თუ ჩინეთის იმპერატორის სამოსის ტარება, მისი ემოციებისა და შეგრძნებების გარეგანი გამოხატულებაა მხოლოდ და ეპატაჟი არაფერ შუაშია. ასევე ორგანულად ჰქონდა გათავისებული ჯეი გეტსბის პერსონაჟი და 1920-იანი წლების მთავარი განწყობები რალფ ლორენსაც. ამიტომაც 1974 წელს,”დიდი გეტსბისთვის” მის მიერ შექმნილი კინოკოსტიუმები დღემდე ითვლება კლასიკად. ჯეი გეტსბის მსგავსად, მოკრძალებული მატერიალური შეძლების მქონე, დაბალი სოციალური ფენიდან გამოსულმა ლორენმა შეძლო, ყველასათვის სასურველი და საოცნებო სამყარო შეექმნა. მისი ბრენდი, რომელიც ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს დარჩება ისტორიაში,”ჯაზის ეპოქის” და”American Lifestyle”-ის კლასიკური განსახიერებაა. ლორენის მსგავსად, მუდამ ხელშესახები იქნება მოდის ისტორიაში კრისტობალ ბალენსიაგას მიერ დატოვებული კვალი, მისი იდეალურად სტრუქტურირებული თარგები და მოლივლივე სილუეტის საკულტო კაბები. ხოლო, როცა უნაკლო სილუეტის მისაღწევად კაუჩუკით გაწყობილ კორსეტზე ჩამოვარდება სიტყვა, იცოდეთ, რომ ის მარლენ დიტრიხისთვის ქართველმა ბალერინამ თამარა გამსახურდიამ შექმნა. ყოველი წელი ისტორიის ახალ ფურცელს ქმნის. მოდის ისტორიის წიგნში 2011 წელიც თავის ჩანაწერს გააკეთებს იმ მოვლენებისა და ადამიანების დამსახურებით, რომელთაც ფოტოისტორიის სახით გთავაზობთ”ცხელი შოკოლადის” ამ ნომერში. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ! |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
elene (შეუმოწმებელი), იანვარი 5, 2012, 01:09:26
მომხიბვლელობის ფორმულა მარტივია = a little bit charm + self-confidence
დატოვე კომენტარი