warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 11 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

მომდევნო ინკარნაცია

© სტატია პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ "ნიუ-იორკერში" 4 ოქტომბერს, 2010

დალაი ლამა

დალაი ლამას დაბადების დღის აღსანიშნავად - რასაც ის დიდ მნიშვნელობას არასდროს ანიჭებდა - სტუმრების მიღება 6 ივლისს, დილის 9 საათზე უნდა დაწყებულიყო ინდოეთის ჰიმალაიში მდებარე ქალაქ დჰარამსალაში, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს. დაბადების დღის წვეულებას, უმეტესწილად, თავად არ ესწრება ხოლმე, მაგრამ ახლა პირობა ჰქონდა დადებული, რომ 75-ეს აუცილებლად დაესწრებოდა. იმ დილით, თავსხმა წვიმაში, ტაძარს 5 000 ადამიანი მოადგა, რათა მის გამოჩენას დალოდებოდა.

ტიბეტის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი, რომელიც დევნილობაში იმყოფება - ბუდისტებისთვის მისი უწმინდესობა, ხოლო ტწიტტერ-ის მომხმარებელი მიმდევრებისთვის - HHDL, დჰარამსალაში ნახევარი საუკუნის წინ დასახლდა, მას შემდეგ, რაც სამშობლოზე ჩინეთის პრეტენზია არ გაიზიარა და თავი ინდოეთის მთებს შეაფარა. მას ათასობით ლტოლვილი მოჰყვა, რომელთა უმრავლესობასაც იმედი ჰქონდა, რომ აქ დარჩენა მცირე ხნით მოუწევდა; როდესაც საცხოვრებლის ირგვლივ ხეების დარგვა ურჩიეს, მათთვის ეს იდეა მიუღებელი აღმოჩნდა. "ხალხი ამბობდა: "რამდენიმე წელიწადში უკან დავბრუნდებით, ხეების გაზრდას კი 50 წელი დასჭირდება. აბა, რა აზრი აქვს ამას?" - იხსენებს მწერალი და დევნილობაში მყოფი მთავრობის სპიკერი ტჰუბტენ სამპჰელი.

დღეს დჰარამსალა დედაქალაქია მთელს მსოფლიოში გაფანტული 150 ათასზე მეტი ტიბეტელი ლტოლვილისათვის. მაღლა, მთებში, მარადიული თოვლით დაფარული მყინვარების ჩრდილში გაშენებული ქალაქი ლტოლვილთა ბანაკისა და ჰიპების თავშესაფრის ნაზავს წარმოადგენს, სადაც წვრილად თმადაწნული ისრაელელი ტურისტები გზას ახლად თავგადაპარსულ ბერებს შორის მიიკვლევენ. იმ 5 მილიონზე მეტი ტიბეტელისთვის, რომელიც ჩინეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს, დალაი ლამა პატივსაცემ პიროვნებად რჩება და მათ ყოველდღიურ საუბრებში წარმოუდგენლად დიდ ადგილს იკავებს. ტიბეტში ოჯახები ყოველდღიურად უკავშირდებიან მის ოფისს, რათა სულიერ ლიდერს ახალშობილებისთვის სახელის დარქმევა სთხოვონ.

როგორც კი 9-ს რამდენიმე წუთი გადასცდა, დოლებითა და გუდასტვირებით აღჭურვილმა მუსიკოსებმა ტაძრის ეზოში შემოაბიჯეს. ისინი ტიბეტის ეროვნულ ჰიმნს ასრულებდნენ, რომელიც თავად ტიბეტის ტერიტორიაზე აკრძალული გახლავთ. მათი შემოსვლის შემდეგ შინდისფერ-ნარინჯისფერში გამოწყობილი ბერებიც გამოჩნდნენ, მათ შუაგულში კი დალაი ლამა მოჩანდა, ვინც საკუთარი ოფისიდან ნელი ნაბიჯით, სხვების მხარდამხარ მოდიოდა - "ცენტრალური მცველივით წინგადახრილი", როგორც მისმა მეგობარმა, "ტაიმსის" რედაქტორმა, აწ გარდაცვლილმა ები როზენტალმა აღნიშნა ერთ დროს. სცენაზე ასული დალაი ლამა შემობრუნდა და შეკრებილ საზოგადოებას გაოცებისგან ფართოდ გახელილი თვალებით მიაჩერდა - ასეთი გამომეტყველებით უამრავ რამეს აკვირდება ხოლმე. ის იმ ბანერის ქვემოთ დაჯდა, რომელზეც მისადმი მიძღვნილი სიტყვები ეწერა: "ცად ასულო მზეო, ჩვენი გულების ნათელო, დიდხანს იცოცხლეთ!"

საზეიმო ღონისძიებებს, რომლებიც ამ ყველაფერს მოჰყვა, დასავლურ წვეულებებთან უფრო მეტი საერთო ჰქონდა, ვიდრე რელიგიურ რიტუალებთან. დალაი ლამამ სასკოლო ცეკვის ჯგუფების მიერ მომზადებული რამდენიმე წარმოდგენა ნახა, "Lions Club"-ის ადგილობრივი წევრების მისალმების შემდეგ კი საზოგადოების წინაშე დამსახურებისთვის ჯილდოებიც ჩამოარიგა. მერე ისეთი უცნაური რამ მოხდა, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა: მომღიმარე ინდოელი კაცი სცენასთან მივიდა და თავისი საჩუქარი გახსნა - იუბილარის დიდი პორტრეტი, რომელიც საკუთარი სისხლით დაეხატა. მოგვიანებით დალაი ლამამ საჩუქარი იმ 8 წლის ინდოელი გოგონასგანაც მიიღო, რომელსაც ახლა წინასწარმეტყველად თვლიან. ერთხელ მან იწინასწარმეტყველა, დალაი ლამა ავად გახდებაო, მას კი მართლაც ნაღვლის ბუშტის ინფექციური დაავადება დაუდგინეს (სხვათა შორის, გოგონამ ცოტა ხნის წინ იწინასწარმეტყველა, ტიბეტი დამოუკიდებლობას 2016 წელს მოიპოვებსო).

ბოლო ათწლეულში დალაი ლამამ ექიმებს შეკუმშული ნერვისა და დიზენტერიის გამოც მიმართა. ეს ფაქტი ყურადღებით ჩაინიშნეს არა მხოლოდ დჰარამსალაში, არამედ პეკინსა და ვაშინგტონშიც, სადაც თვლიან, რომ მისი მომავალი რთულად წარმოსადგენ პოლიტიკურ პროგნოზებს უკავშირდება. როდესაც მას ვკითხე, რას გრძნობთ, როდესაც თქვენი სნეულებები თუ ტკივილები გეოპოლიტიკური ანგარიშების თემა ხდება-მეთქი, გამიღიმა და მიპასუხა: "ასე, ათი წლის წინ ზოგიერთმა ჩინელმა ჭორი გაავრცელა, დალაი ლამას კიბო აქვს, მხოლოდ თვეების სიცოცხლეღა დარჩენიაო". მან ისიც მითხრა, რომ გამოკვლევებს რეგულარულად იტარებს. "თუ ექიმებს დავუჯერებთ, ჩემი ორგანიზმი შესანიშნავ მდგომარეობაშია. თუმცა, როგორც ჩანს, ჩინელებმა უფრო მეტი იციან ჩემს შესახებ!" - სიცილი წასკდა მას.

დალაი ლამას სიკვდილი, რასაც თვითონ "სამოსის გამოცვლას" უწოდებს, ტაბუდადებული თემა სულაც არ გახლავთ. ის ბუდისტია და ამბობს: "სიკვდილს ყოველდღიურად ცხადად წარმოვიდგენ"; ამავე დროს პოლიტიკური ფსონები იმდენად დიდია, რომ მათი იგნორირება შეუძლებელია. მისი რწმენით, დალაი ლამას რეინკარნაციად ტიბეტელი ბიჭუნას გამოცხადების ტრადიციულ პრაქტიკას შესაძლოა, აზრი აღარც ჰქონდეს - არა იმიტომ, რომ ის სამშობლოდან დევნილია, არამედ იმის გამო, რომ დრო შეიცვალა. იგი ხმამაღლა აცხადებს საკუთარ ფიქრებს: შეიძლება, მისი მომდევნო რეინკარნაცია ქალი იყოს, ან ტიბეტელებმა ხმის მიცემით გადაწყვიტონ, დალაი ლამას ინსტიტუტმა არსებობა უნდა გააგრძელოს თუ არა. მისი თქმით, თავადაც შეუძლია რეინკარნაციის არჩევა, სანამ ცოცხალია (ამ რელიგიურ პრაქტიკას მადბეი ტულკუ ეწოდება). ეს მას საშუალებას მისცემს, შემცვლელს საჭირო ცოდნა გადასცეს და ხალხს თავიდან ააცილოს მმართველობის გარეშე დარჩენა, რაც ტიბეტელებისთვის ყოველთვის არასტაბილურობის მომტანი იყო. ერთი რამ კი ცხადია: მის შემცვლელს ტიბეტის ფარგლებს გარეთ იპოვიან.

ჩინეთი ამას არ ეთანხმება. მთავრობამ არაერთი კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც, "ბუდას რეინკარნაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა" ჩინეთის უფლებამოსილებას წარმოადგენს, რაც შესანიშნავი ინტელექტუალური მანევრია ოფიციალურად ათეისტურად აღიარებული, კომუნისტური პარტიის მხრიდან. 1989 წელს, როდესაც ტიბეტის ლამათაგან მეორე ყველაზე სახელოვანი ლამა, პანჩენ ლამა გარდაიცვალა, დალაი ლამამ მის რეინკარნაციად 6 წლის ტიბეტელი ბიჭი, გეჰდუნ ჩოკიი გამოაცხადა. უცხოეთში მცხოვრები სულიერი ლიდერის ასეთმა ჩარევამ ჩინეთის ხელისუფლება გააღიზიანა. ჩინელებმა ბიჭი და მისი ოჯახი განმარტოებით დაასახლეს. მას შემდეგ ისინი აღარავის უნახავს. როგორც მთავრობა აცხადებს, პანჩენ ლამას არ სურს, ვინმემ შეაწუხოს. დჰარამსალაში მისი სახე ფლაერებზეა გამოსახული, წარწერით: "ყველაზე ახალგაზრდა პოლიტპატიმარი მსოფლიოში".

საბოლოოდ, ჩინეთის მთავრობამ საკუთარი რჩეული დაასახელა: პანჩენ ლამას რეინკარნაციად სცნეს ბავშვი, სახელად გიალცენ ნორბუ, რომელიც დღეს რამდენიმე ოფიციალურ თანამდებობას ითავსებს. თუ რამე არ შეიცვალა, თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ დალაი ლამას გარდაცვალების შემდეგ გამოუვალი სიტუაცია შეიქმნება, რაც, სავარაუდოდ, არეულობას გამოიწვევს ტიბეტში და ჩინეთის მთავრობის ქმედებებზეც აისახება. ეს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ისეთი საკითხია, რომელიც რეინკარნაციის თემას მჭიდროდ უკავშირდება. როგორც ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა მითხრა, თეთრი სახლი "ავინიონის პაპობის მსგავს რამეს ელის". ის იმ შუღლს გულისხმობდა, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი ევროპა მე-14 საუკუნეში, როდესაც მაღალი სასულიერო წოდების მქონე კათოლიკეები ერთმანეთს ექიშპებოდნენ.

მე-14 დალაი ლამას - ძეცუნ ძამპჰელ ნგავანგ ლოსანგ იესჰე ტენზინ ძიაცოს, ვისაც მრავალი ტიბეტელი "მის აღმატებულებად" იცნობს, ისეთი მდიდარი ბიოგრაფია აქვს, რომელიც უამრავი მითის დასაბამი შეიძლებოდა გამხდარიყო, რომ მისი კინოფილმად გადაღება ჰოლივუდში რამდენჯერმე სცადეს. ერთი ფილმი მარტინ სკორსეზემ გადაიღო, სხვაში კი ბრედ პიტი მონაწილეობდა. მართალია, პოლიტიკურ ცხოვრებაზე უარის თქმის სურვილს არ მალავს ("გადადგომა ჩემი, როგორც ადამიანის, უფლებაა"), მაგრამ მაინც ისე გამოდის, რომ დალაი ლამამ უფრო დიდხანს იმსახურა, ვიდრე დედოფალმა ელიზაბეტმა, ფიდელ კასტრომ და სხვა მრავლისმნახველმა ლიდერებმა. ის ხომ ტახტზე 5 წლისა ავიდა, თუმცა, იმხანად, უმეტესწილად, არც არაფრის მართვა უწევდა.

დალაი ლამა, ოფიციალურად, უმაღლესი რელიგიური ლიდერია ტიბეტურ ბუდიზმში, თუმცა თაყვანისმცემლების უდიდესი ნაწილი მას სხვა საქმიანობით იცნობს. სულ ცოტა, 100 წიგნს მაინც აწერია მისი სახელი, რომელთა თემატიკა ეთიკიდან მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთგავლენამდე მერყეობს; ახლახან გამოსული წიგნის სათაური კი ასეთია: "ბიზნესი, ბუდიზმი და ბედნიერება ინტერნეტის ხანაში" (ამ წიგნებიდან ზოგი თავად დაწერა, ბევრი კი მისი საჯარო გამოსვლების კრებულს წარმოადგენს). ის ყველაზე ნაკლებად ჰგავს გლობალიზაციის ხანის ავატარს: რეინკარნირებული ლამა, რომელმაც მხოლოდ 40 წელს მიტანებულმა დადგა ფეხი დასავლეთის მიწაზე და რომელსაც დღემდე არ აქვს პასპორტი (ლტოლვილის ყვითელი საბუთით მოგზაურობს). მიუხედავად თავდაპირველი უცნაურობისა, ის ბრძენკაცად და გამძლეობის, დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ იქცა. 2004 წელს, როდესაც ვანკუვერში სიტყვით გამოდიოდა, სტადიონზე შესასვლელი ბილეთები 20 წუთში გაიყიდა. მისი ბიოგრაფის, პიკო აიერის თქმით, ეს სანახაობა იმას თუ შეედრებოდა, "პრეზიდენტი მიკ ჯაგერის თანხლებით რომ მოსულიყო".

დალაი ლამა მუდამ აფრთხილებდა ტიბეტელებს, რომ მათ, ჩინელ უიგურებთან და ჩრდილოეთის მკვიდრ სამის ხალხთან ერთად, ყველაზე უფლებააყრილ და დამცირებულ ხალხად აქცევდნენ. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და ყოფილი ბუდისტი ბერი, რობერტ ტურმანი კი ამბობს: ტიბეტელები იქცნენ "ახლადშობილ სელაპებად, რომლებიც ადამიანის უფლებების დამცველებმა უნდა გადაარჩინონ".

ამ ყველაფერმა დალაი ლამას ურთიერთობა გაუფუჭა ჩინეთთან - იმ ქვეყანასთან, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება. ქვეყნის მთავრობა მას "ბოროტმოქმედად" და "ცრუ რელიგიურ ლიდერად" მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ ის "სამშობლოს შუაზე გახლეჩას" ისახავს მიზნად. ტიბეტის კომუნისტური პარტიის მეთაურმა ჩინეთის ბრძოლას დალაი ლამას წინააღმდეგ "სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა" უწოდა. მისი მეგობრის, რომის პაპის იოანე-პავლე მეორის მსგავსად, რომელიც ერთ დროს საბჭოთა იმპერიისთვის წინააღმდეგობის გაწევის სიმბოლო იყო, დალაი ლამა ჩინეთის რეჟიმთან დაპირისპირების სიმბოლოა.

კონფლიქტი განსაკუთრებით ბოლო წლებში გამწვავდა. 2008 წლის 10 მარტს ლჰასაში რამდენიმე ასეულმა ბერმა მსვლელობა მოაწყო. ისინი იმ ტიბეტელების გათავისუფლებას მოითხოვდნენ, რომლებიც მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ კონგრესის ოქროს მედლით დალაი ლამას დაჯილდოებას ზეიმობდნენ. ათეულობით ბერი ციხის საკნებში აღმოჩნდა. 14 მარტს დემონსტრაციამ, რომლის მიზანიც მათი დაპატიმრების გაპროტესტება იყო, ძალადობრივი ფორმა მიიღო: ტიბეტელთა ბანდები თავს ესხმოდნენ ჩინურ პოლიციასა და ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ქვებს ესროდნენ ჩინელ მოქალაქეებს, წვავდნენ და ძარცვავდნენ იმ მაღაზიებს, რომელთა მფლობელებიც ჩინელები იყვნენ. ამ არეულობას ისეთი დიდი სახალხო მღელვარება მოჰყვა, რომლის მსგავსიც ტიბეტში 80-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა. მთავრობის ცნობით, 11 ჩინელი და ერთი ტიბეტელი დაიწვა ამბოხებულების მიერ ცეცხლმოკიდებულ შენობებში, ერთი პოლიციელი და 6 მოქალაქე კი ცემის დროს მიღებული დაზიანებების გამო დაიღუპა. ბოლოს ქალაქის გასაკონტროლებლად ჯავშანმანქანებით ჯარი შემოვიდა, ხოლო ხელისუფლებამ ეჭვმიტანილების დაჭერა დაიწყო: ასობით ადამიანი დააპატიმრეს. დევნილი ტიბეტელები აცხადებდნენ, რომ 80 ტიბეტელი მოკლეს ლჰასასა და სხვა ადგილებში სადამსჯელო ღონისძიებების დროს, თუმცა ჩინეთი ამ ფაქტს დღემდე უარყოფს. ჩინეთის მთავრობამ ამ არეულობის მოწყობაში ე.წ. „დალაის ჯგუფი" დაადანაშაულა, მიუხედავად იმისა, რომ დალაი ლამამ ტიბეტელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ფიცი დადო, პოლიტიკური მოვალეობების შესრულებაზე უარს ვიტყვი, თუ ძალადობა არ დასრულდებაო.

რთული მდგომარეობა, რომელშიც დალაი ლამა იმყოფება, განსაკუთრებით თვალშისაცემია, რადგან მასზე ძალაუფლების მსოფლიო ბალანსის მნიშვნელოვანი ცვლილებები აისახება. 1989-ში, საზღვარგარეთ ცხოვრების მე-13 წელს, მან მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო, მანამდე კი ის ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე გამართულ დახურულ შეკრებაზე გამოსასვლელად მიიწვიეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, შემდეგ  - ევროპარლამენტში.

როცა დალაი ლამას დევნილობის 50 წელი შეუსრულდა, ჩინეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა. მან დიდი ფული ჩადო ტიბეტში ცხოვრების დონის ასამაღლებლად და ზოგადად, ეკონომიკურ მონსტრად მოგვევლინა. ბოლო თვეებში ჩინეთის ხელისუფლებამ, რეპრესიების მორიგი ტალღის დროს, ტიბეტელი ხელოვანები და ინტელექტუალები დააპატიმრა. აქტივისტების თქმით, წლების მანძილზე ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა. დალაი ლამა და მისი დამცველები კი იმისთვის იბრძვიან, რომ მსოფლიოს საკუთარი ხმა გააგონონ. "ახლა ეს თითქმის შეუძლებელია", - ცოტა ხნის წინ მითხრა მსახიობმა რიჩარდ გირმა, ვინც ტიბეტის მხარდამჭერ საერთაშორისო კამპანიას ხელმძღვანელობს.

რიჩარდ გირმა დალაი ლამა 30 წლის წლის წინ გაიცნო და მას შემდეგ ყველა ღონე იხმარა, რომ ტიბეტი ჰოლივუდის ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო. ადრე ტიბეტური მოძრაობა ყოველმხრივ ცდილობდა, ზეგავლენა მოეხდინა საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რათა მათ ჩინეთისთვის უარი ეთქვათ. დღეს გირი უფრო მოკრძალებულ მიზნებს ისახავს: "ყველა ქვეყნის მთავრობასთან ვთანამშრომლობთ. მათ ვეუბნებით: "თქვენ უნდა ისაუბროთ ტიბეტზე - ყოველი მოლაპარაკებისას. ეს მინიმუმია". ისინი გვარწმუნებენ, რომ სწორედ ამას აკეთებენ". შემდეგ გირმა დაამატა: "თუ გადავამოწმებთ, გვპასუხობენ: "დიახ, სიტყვა "ტიბეტს" ვხმარობდით". რამდენად შორს წავიდნენ ამ მიმართულებით? ეს სახელმწიფო საიდუმლოა".

ბოლო წლებში ჩინეთმა გამოაცხადა, რომ ტიბეტის საკითხი ქვეყნის "უმთავრეს ინტერესს" წარმოადგენს და მას სახელმწიფო მნიშვნელობა აქვს. მან თვალშისაცემ წარმატებას მიაღწია, როდესაც უცხოეთის ქვეყნების მთავრობებზე ზეგავლენის მოხდენა დაიწყო, რათა მათ დალაი ლამასთან შეხვედრისგან თავი შეეკავებინათ. 2007 წლის შემდეგ მასთან შეხვედრაზე უარი თქვეს ავსტრალიის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის ლიდერებმა და ასევე რომის პაპმა. კოლუმბიის უნივერსიტეტში მოღვაწე ტიბეტის მკვლევარის რობერტ ბარნეტის თანახმად, 2005-2008 წლებში დალაი ლამა 21 ქვეყნის მეთაურს შეხვდა, 2009-ში კი - მხოლოდ 2-ს. 1998 წელს, როდესაც "Apple"-მა დალაი ლამას ფოტოსურათი რეკლამებში გამოიყენა მუჰამედ ალის, მაჰათმა განდისა და პაბლო პიკასოს ფოტოსურათებთან ერთად, ამით ჩინეთის მთავრობა გააღიზიანა. ამჟამად ონლაინ-მაღაზია აიფონების ჩინელ მომხმარებლებს არ სთავაზობს ისეთ დამატებით აპლიკაციებს, როგორიცაა: "დალაი ლამას გამონათქვამები" და "ნობელის პრემიის ლაურეატები" ("ჩვენ ადგილობრივ კანონებს ვემორჩილებით", - განაცხადა "Apple"-ის პრესმდივანმა).

ერთ-ერთი უმკაცრესი ღონისძიება, რომელმაც დალაი ლამას ისედაც არასაიმედო პოზიცია კიდევ უფრო შეარყია, სრულიად მოულოდნელმა სუბიექტმა გაატარა. როდესაც ბარაკ ობამა თეთრ სახლში შევიდა, ტიბეტის მხარდამჭერი აქტივისტები ელოდნენ, რომ მათ მაშინვე გულში ჩაიკრავდნენ. სენატორის რანგში ობამა უკვე შეხვედროდა დალაი ლამას, ვინც მრავალმხრივ გამორჩეული ვარსკვლავია ვაშინგტონში. ქომაგები მას სან ფრანცისკოს ყურის შემოგარენშიც ჰყავს და ქვეყნის როგორც სამხრეთ, ისე ცენტრალურ შტატებშიც (2007 წლის ოქტომბერში ის ჯორჯ ბუშსა და თეთრი სახლის სპიკერს, ნენსი პელოსის შორის იდგა კაპიტოლიუმის დარბაზში უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოს - კონგრესის ოქროს მედლის მისაღებად). მიუხედავად ამისა, როდესაც იგი ახალ ადმინისტრაციასთან შესახვედრად ემზადებოდა, "უოშინგტონ პოსტმა" ცნობა გაავრცელა: თეთრ სახლში ობამასთან მისი შეხვედრა მანამდე გადაიდებოდა, სანამ იმავე წლის ნოემბერში პრეზიდენტი ჩინეთს ოფიციალურად არ ეწვეოდა. 1991 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ შეერთებული შტატების დედაქალაქში ჩამოსული დალაი ლამა პრეზიდენტს არ შეხვედრია. ტიბეტის გულშემატკივრები გაოგნებულები დარჩნენ. "თავიდან ყველას ასეთი რეაქცია გვქონდა: ამის გაკეთება როგორ შეიძლებოდა?" - თქვა რიჩარდ გირმა.

იმხანად თეთრ სახლს ჩინეთის მხარდაჭერა სჭირდებოდა ჩრდილოეთ კორეის, ირანის, გლობალური დათბობისა და სხვა საკითხებში. ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თანახმად, ჩინელი დიპლომატები, არაოფიციალურად, კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ პრეზიდენტს დალაი ლამასთან შეხვედრა გადაედო.

როდესაც შეხვედრის გადადება საჯაროდ გაცხადდა, კრიტიკოსებმა თეთრი სახლი მკაცრად გაკიცხეს იმის გამო, რომ ჩინეთის ზეწოლას ვერ გაუძლო და უფრო დიდი მიზნების გამო დათმობაზე წავიდა. "ტაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ყოფილმა ჩეხმა დისიდენტმა, ექს-პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა ობამას შესახებ თქვა: "ასეთი უმნიშვნელო დათმობებით იწყება დიდი და საშიში დათმობები - ნამდვილი პრობლემები".

ამ ყველაფერმა ობამას ადმინისტრაციას დარტყმა აგემა, თუმცა ის მაინც ამართლებს საკუთარ გადაწყვეტილებას. "თუ დიალოგის გამართვას ხელს შევუწყობთ, გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა, ტიბეტელებმა და ჩინელებმა იმ გზას მიაგნონ, რომელიც მათ დიალოგს ნაყოფიერს გახდის," - მითხრა მაღალჩინოსანმა და დაამატა, რომ ქვეყნის შიგნით ამ გადაწყვეტილების უარყოფითად შეფასება გარდაუვალი იყო. "საგარეო პოლიტიკის კუთხით, გონივრული ნაბიჯი გადავდგით. ვიცოდით, რომ დარტყმას მივიღებდით. დარტყმა ვიგემეთ და ეს მაინც გავაკეთეთ".

დალაი ლამა ობამას მიმდინარე წლის თებერვალში ესტუმრა. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "რუკების ოთახში" გამართული 70-წუთიანი შეხვედრა უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე მისი წინა შეხვედრები ამერიკის პრეზიდენტებთან. ჩინეთმა უკმაყოფილება ვერ დამალა იმის გამო, რომ ამ ფაქტმა "სერიოზულად დააზარალა" ჩინეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობა. პეკინში ამერიკის ელჩიც კი დაიბარეს, რათა მისთვის ოფიციალური საპროტესტო წერილი გადაეცათ.

დალაი ლამა, უმთავრესად, დილის 4-ის ნახევარზე იღვიძებს ორსართულიან, ქვა-ბეტონით ნაშენებ სახლში. თავიდან მედიტირებს, რასაც მისი სხეულის სრული მოდუნება მოსდევს (ეს, ნაწილობრივ, რიტუალია და ნაწილობრივ - სავარჯიშო). საუზმემდე, რომელსაც 6-ის ნახევარზე მიირთმევს, გარეთ სეირნობს ან ტრენაჟორის "სარბენ ბილიკზე" ვარჯიშობს. შემდეგ რადიოში BBC-ის გადაცემებს, ზოგჯერ კი "ამერიკის ხმის" ტიბეტურ პროგრამას უსმენს, სანამ მედიტაციასა და ფილოსოფიური წიგნების კითხვას დაუბრუნდება. მუშაობასა და შეხვედრებში გატარებული დღის შემდეგ ერთ-ორი საათით ისევ მედიტაციაში იძირება, საღამოს 9-ის ნახევარზე კი იძინებს.

უმაღლესი რანგის ტიბეტელი ლამები, ტრადიციულად, თავშეკავებული, იმპოზანტური ადამიანები არიან. მათგან განსხვავებით, დალაი ლამა, ჩვეულებრივ, ყველგან იგვიანებს, რადგან კლინტონის არ იყოს, მასაც ძალიან უყვარს ხელის ჩამორთმევა. "ლოს ანჯელესის ცენტრში, სასტუმროში ვიყავით. ყველა მასთან მიახლოებას ცდილობდა", - მიყვება რონი ნოვიკი, რომელმაც ის ფირზე არაერთხელ აღბეჭდა, - "სრულიად მოულოდნელად, იცით, რა მოხდა! გაჩერდა და საჩუქრების მაღაზიაში შევიდა, სადაც საღეჭ რეზინებს და სათამაშო დათუნიებს ჰყიდდნენ წარწერით: "I Love L.A." უბრალოდ, უნდოდა, გამყიდველ გოგოებს მისალმებოდა".

იმ ადამიანის კვალობაზე, ვინც დიპლომატიით ამდენად დაკავებულია, დალაი ლამას საერთოდ არ აღელვებს სტატუსი. ის პირქუშ სასულიერო პირებს წვერს ქაჩავს, ქვეყნის მეთაურებს კი ხელს ჩაჰკიდებს ხოლმე. მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას ნაადრევად ამთავრებს, როცა ამჩნევს, რომ მათ საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვთ (თანაშემწეები გვაფრთხილებენ: თუ მთელ სკამზე ზის და არა მის კიდეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერესი დაუკარგავსო). ერთხელ ოფრამ ჰკითხა: მთელი მსოფლიო უნდა მედიტირებდეს თუ არაო, მან კი ხალისიანად უპასუხა: ეს რა სულელური შეკითხვააო; შემდეგ დეტალურად განმარტა, თუ რატომ თვლიდა ასე.

დალაი ლამა იღლება იმით, რასაც თავად "ძველებურ ეტიკეტს" უწოდებს. ტიბეტიდან წამოსვლის შემდეგ მის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი პირველი ცვლილება იმაში მდგომარეობდა, რომ, გარემოცვის პროტესტის მიუხედავად, განაცხადა: ამიერიდან ჩემი სტუმრები თანაბარი სიმაღლის სკამებზე დასხდებიანო. მრავალი ბუდისტისგან განსხვავებით ის ხორცეულს მიირთმევს, რადგან, როგორც ამბობს, ვეგეტარიანელობის აღთქმამ მის ორგანიზმს ავნო (პოლ მაკკარტნიმ წერილიც კი მისწერა, რომელშიც ამ გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვდა. "უბრალოდ, სწორად არ მეჩვენება, რომ დალაი ლამა, ერთი მხრივ, გვეუბნება: ჰეი, ბიჭებო, მგრძნობელობის მქონე არსებებს არაფერი დაუშავოთო და მეორე მხრივ აცხადებს: სხვათა შორის, ახლა ბიფშტექსს გეახლებითო", - განუცხადა მან "გარდიანს").

ირგვლივ მყოფებისთვის დაძაბულობის მოსახსნელად ის "რადიკალურ არაოფიციალურობას" მიმართავს: ხითხითებს, საჭმლის მონელების შესახებ ხუმრობს, სათვალეს ცხვირსახოცით წმენდს და თუ შეხვედრას სადილიც მოჰყვება, სააბაზანოსკენ მიემართება ხოლმე ხელში კბილის ჯაგრისით და პირის ღრუს ჰიგიენის შესახებ გაფრთხილებებსაც არ იშურებს. აწ გარდაცვლილმა მწერალმა და მსახიობმა სპელდინგ გრეიმ მას ერთ ინტერვიუში  ჰკითხა, როგორ უყურებთ ისეთ გასართობებს, როგორიც საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი ქალებიაო. დალაი ლამამ, რომელმაც დაუქორწინებლობის აღთქმა ბავშვობაშივე დადო, უპასუხა: "ზოგჯერ სიზმრებში ქალებს ვხედავ ხოლმე. ხანდახან ისინი ვიღაცას ეკამათებიან ან ეჩხუბებიან. როცა ასეთი რამ მესიზმრება, მაშინვე ვიხსენებ: მე ბერი ვარ".

ის დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მათზე, ვისაც ხვდება - არა მხოლოდ სულიერი სიმაღლის გამო, არამედ იმიტომ, რომ ყოველთვის ძალიან აინტერესებს ის, რაზეც ესაუბრებიან. "ეს დამოკიდებულება ყველას განაიარაღებს. უცებ გკითხავთ: "რას ფიქრობთ, როგორ უნდა მოვიქცე?" - მითხრა რობერტ ბარნეტმა და დაამატა: "ყოველთვის მაინტერესებდა, მკითხავდა თუ არა რამეს, გიჟი რომ ვყოფილიყავი. როგორც ამბობენ, ის მათაც მოთმინებით უსმენს".

ადამიანებზე დალაი ლამას ზეგავლენამ მეცნიერების ყურადღებაც მიიპყრო. სან ფრანცისკოში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, ფსიქოლოგი პოლ ეკმანი, რომელიც ემოციის ერთ-ერთი პირველი მკვლევარია, დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდა ბუდიზმს "კიდევ ერთ სულელურ კულტად, რომელიც სან ფრანცისკოს ყურეში ხალხს იზიდავდა". 10 წლის წინ ის კონფერენციაზე დალაი ლამას შეხვდა და როგორც ამბობს, ისეთი რამ განიცადა, რაც არც მანამდე და არც მას შემდეგ არ განუცდია. ცოტა ხნის წინ კი მითხრა, ამას ყველაზე კარგად მაშინ იგრძნობთ, როდესაც კომპიუტერულ ტომოგრაფიას გაიკეთებთ და სხეულში რადიოაქტიურ ნივთიერებას შეგიყვანენ, რის გამოც მთელი სხეული ჩხვლეტას დაგიწყებთო. ეკმანმა, ვინც დალაი ლამასთან ერთად წიგნიც კი დაწერა, სათაურით: "ემოციური შემეცნება", ამიხსნა: "ასეთი რამ ისტორიის მანძილზე არაერთხელ აღწერილა: იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთა სიახლოვეს ყოფნაც ბევრს სურდა, უბრალოდ იმიტომ, რომ მათ გვერდით თავს კარგად გრძნობდნენ. ისინი, როგორც წესი, ამა თუ იმ ტიპის რელიგიურ ლიდერებს წარმოადგენდნენ და ისიც ასეთია. ჩემი პოზიციიდან ეს ერთგვარ მუტაციად აღიქმება".

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.