warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 16 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

მოგზაურობა ცხრა მთას იქით

ფოტო:CANDY CACTUS

 

მე არ წავედი, გოგო წავიდა. მე იმიტომ არ წავედი, რომ იქ საშვილიშვილოდ ჩარჩენის პერსპექტივა არ მეამა, გოგო კი იმიტომ წავიდა, რომ სწორედ იქ უნდოდა დარჩენა. შესაბამისად, მე თბილისში გავიჭედე, გოგო - მთაში, და რაღა დაგიმალოთ და დიდად ნასიამოვნები არც მე ვარ და არც ის.
ჩემი ამბავი ამ შემთხვევაში არაფრისმომცემია, გოგოსი კი - მნიშვნელოვანი, რადგან ქვემოთ მოთხრობილია ამბავი მხარისა, რომელში წასულიც ერთი-ორი კი მინახავს, მაგრამ დაბრუნებული - არავინ.

დარდი გოგოს მიერ დატოვებულ წიგნს გადავაყოლე, რომელსაც, საძაგელი ზამთარი რომ არა, არასოდეს წავიკითხავდი: "ოსმანთა ოცნება. ოტომანთა იმპერიის ისტორია 1300-1923 წ.წ.", 674 გვერდი, ინგლისურად, ვაი, დედა! მაგრამ ხომ უნდა მცოდნოდა, რაში გაეხვა გოგო.
თურმე, საშინელებაში.
ცხადია, "თაიმსის" მიერ "ბრწყინვალედ" შერაცხული წიგნის მოკლე შინაარსის გადმოცემას არ ვაპირებ, მე რომ გავმწარდი, ისიც საკმარისია. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რაც ზაქარია ჭიჭინაძეს ერთმა ძალიან ხნიერმა აჭარელმა უამბო:
თურმე, აჭარაში ისლამს ფეხის მოკიდება ძალიან უჭირდა. რამდენიმე მოხუცი მამაკაცი და ქალების უმრავლესობა (ასე წერია. მაინც ძალიან მაგარი ხალხია ქალები! - ა.კ.ს.) მტკიცე ქრისტიანები იყვნენ და თურქ მოლებსა და ხოჯებს ეკამათებოდნენ ხოლმე. საბოლოოდ ბრძანება გასცეს: დააპატიმრეთ ყველა, ვინც გვეწინააღმდეგება და ძალად გაამუსლიმეთ, ურჩები კი სიკვდილით დასაჯეთო. მოხუცი აჭარელი ქრისტიანები საპყრობილეებში ჩაყარეს, შემდეგ კი აჭარისწყალთან მიიყვანეს, მეთორმეტე საუკუნის ხიდთან, რომელსაც თამარის ხიდი ჰქვია. აქ მოხუცებს ჯერ თავებს ჭრიდნენ, მერე - ენის წვერებს (ამ თანმიმდევრობას კიდე რა უშავს - ა.კ.ს.). წამებულთა თავებს ფაშას უგზავნიდნენ (რად უნდოდა, იმ წამწყდარს? - ა.კ.ს.), სხეულებს კი მდინარეში ყრიდნენ.
ეს ხდებოდა 1790 წელს, ქართული ისტორიის მასშტაბების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, გუშინწინ. ვაი, დედა! დიდი იმედია, აჭარელი პაპა ცოტას მაინც აჭარბებდა, მაგრამ მაინც ძალიან ცუდია ეს ამბავი.
. . .
სკანდინავიელები ჰყვებიან, რომ მთაში დაძინებულს ღამით ტროლები ეპარებიან, სულის ნახევარს ჰპარავენ და ამის მერე ადამიანი მხოლოდ იქაა ბედნიერი, სადაც ტროლებმა მისი სულის ნახევარი დამალეს - მთაში. როგორც ჩანს, ამ ფოტოსურათების ავტორს ხულოს რაიონში გასულ წელს, ზაფხულში იგივე შეემთხვა: ავიდა - და წახდა. მას აქეთია, სხვა აღარაფერზე ლაპარაკობს, სხვა აღარაფერი უნდა. ნორმალური გოგო გავუშვით და შერყეული დაგვიბრუნდა.
აჭარის მთიანეთი რომ ძალიან შთამბეჭდავი სანახავია, ყველამ ვიცით. მაგრამ გოგოს მეტისმეტად ბევრი მხარე აქვს მოვლილი საიმისოდ, რომ მაინცდამაინც იქაურ ბუნებაზე გადარეულიყო. ამბობს, ხალხია ყველაზე მაგარიო - და ისეთებს ჰყვება, მტერს და ავს! ამ ამბავში ტროლების ხელი ურევია, აშკარად. გოგო ჰყვება და ჰყვება, თან გახარებული, მე კი სულ ელეთმელეთი მომდის. ვითომ, კარგია ეს ამბები?

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.