მოგონებები პრეზიდენტებზე

(პირველი ნაწილი)

ზვიად გამსახურდია, არქივი

1

თუ არ ვცდები, ვაცლავ ჰაველს აქვს ნათქვამი, იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის კუთხით არცთუ სახარბიელოდაა საქმე, ხალხი თავის ლიდერს ემსგავსება - როგორც ტემპერამენტით, ასევე მენტალურადო. 

არ ვიცი, რითი დავემსგავსეთ ჩვენი დამოუკიდებელი ყოფის სამ უფროსს, მაგრამ იმას კი, როგორც იტყვიან, საკუთარ ტყავზეც ვგრძნობ, რომ მეტ-ნაკლებად ჩვენც ვიცვლებოდით მათ ცვლასთან ერთად.

წელს იუბილე გვაქვს - დამოუკიდებელ საქართველოს ოცი წელი შეუსრულდა. ამ ოც წელიწადში ბევრი ისეთი რამე მოვასწარით, რასაც სხვები ოც საუკუნეშიც ვერ მოახერხებდნენ - ოთხჯერ ვიომეთ, ორი პრეზიდენტი ჩამოვაგდეთ და, როგორც სტატისტიკა გვამცნობს, შვიდი ათას ორასთხუთმეტ მიტინგში მივიღეთ მონაწილეობა. პირველი პრეზიდენტი არჩევიდან ექვს თვეში გავამწესეთ ფატალურ პენსიაზე, მეორე თერთმეტ წელიწადში (ზოგი ოცდაათ წელს ასახელებს), ხოლო მესამეს ორჯერ შევერკინეთ და ორჯერვე ჩავფლავდით. ეს მესამე იმ ორზე კერკეტი კაკალი აღმოჩნდა.

ჩვენთან, პოსტსაბჭოეთში, უმეტესად ასეა: გგონია, ადამიანი გყავს უფროსად, სინამდვილეში კი კუნძი გყოლია არჩეული - ერთ ადგილზე თუ დაერჭო, მერე ძვრას ვეღარ უზამ. თუმცა საქართველოში მაინც ოდნავ სხვანაირადაა საქმე. პრეზიდენტისადმი დამოკიდებულება ისევე რადიკალურად იცვლება, როგორც მისი შეფასების ეპითეტები: ერთ დღეს მესიაა, მეორე დღეს ანტიქრისტე. ხალხმაც თუ ავი ჩაიდო გულში, აღარ მოგასვენებს - საპრეზიდენტო ვადას გაგიმწარებს; მანამ არ დაწყნარდება, სანამ შენც არ დაგღუპავს და თავსაც არ გაიწვალებს. შესაბამისად, თუკი პოსტსაბჭოურ"კუნძთა" უმრავლესობას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ჩვენი"კუნძები" ამ მხრივ ყველაზე მოწყვლადნი გახლავან. 

მართალია, პრეზიდენტები ყველგან აქტუალურები არიან, მაგრამ ჩვენთან ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებულ ვნებებთან გვაქვს საქმე: ის, ვისაც პრეზიდენტი ჰქვია, არანორმალურად, პათოლოგიურად აქტუალურია საქართველოში (ოღონდ, ცხადია, მხოლოდ ვადის ამოწურვამდე); რა თემაზეც არ უნდა ლაპარაკობდე, ბოლოს მაინც პრეზიდენტზე ალაპარაკდები; ვისაც არ უნდა ლანძღავდე, ბოლოს მაინც პრეზიდენტი შემოგეთათხება; ვისაც და რასაც არ უნდა ასხამდე ხოტბას, ბოლოს მაინც შენს"კუნძს" დაუწყებ ქებას. პრეზიდენტი სრულად იჭრება შენს ბიოგრაფიაში და რომც არ გინდოდეს, მაინც თავის მედიუმად გაქცევს. რატომ? დასაწყისი ხომ წაიკითხეთ? იმიტომ, რომ ცხოველურ დემოკრატიებში ერთი კაცი ხდება ქვეყანა და შენც მასზე ჰკიდებ შენს ყველა იმედსა თუ უიმედობას; შენს ტანსა და ბიოგრაფიას მას უთმობ მოსავლელად და გადასარჩენად. და ისიც იღებს, თან გპირდება: კარგად მოვუვლი, შენ კი არაფერზე იღელვო, მხოლოდ დამამშვიდებელი წამლები სვიო. მაგრამ, როგორც წესი, ვერ უვლის და შენც ბრაზობ - ყვირი, ჩხუბობ და მოუწოდებ, უკან დაგიბრუნოს მისთვის გადაბარებული და ამაოდ გახარჯული ცხოვრება... ის კი, აბა, რისი დამბრუნებელია, ერთადერთი, რაც შეუძლია, შენი ლანძღვა ან არშემჩნევაა. 

და შენც დასდევ, როგორც უტანო, შფოთიანი მოჩვენება...

 

2

განვლილი ოცწლეულის ისტორია პრეზიდენტისა და მოქალაქის ურთიერთდაზაფვრის ისტორიაა. როგორღაც ასე გამოვიდა, რომ ერთმანეთის დაშინებაში დავოსტატდით. ორთავენი მუდმივ სტრესში ვამყოფებთ ერთმანეთს და, საბოლოოდ, არცთუ იმდენად ჭკვიან სადომაზოხისტურ წყვილად ვიქეცით: ტკივილი ბევრია, სიამოვნება კი ცოტა. 

მართალია, ზოგიერთს არ უყვარს ამის გახსენება, მაგრამ გარკვეული დროით უმეტესობა მართლაც ტყუპისცალივით დავემსგავსეთ ჩვენს პირველ პრეზიდენტს (ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სწორედ მისგან ვისწავლეთ დემონსტრაციებზე დგომა და სიტყვების -"დამოუკიდებლობა" და"საქართველო" - ერთი-მეორეს მიყოლებით თქმა), თუმცა მერე ამ კაცით ისე შევიშინეთ თავი, რომ თავადაც სიკვდილის პირას მივიყვანეთ შიშისგან. 

ერთი კია, ჩამოყალიბებულად და გამართულად დღესაც ვერავინ გეტყვით, მაინც რატომ წამოვიწყეთ პირველი პრეზიდენტის გადამგდები სამოქალაქო ომი, თუმცა შეშინებულები და გაღიზიანებულები რომ ვიყავით, ამას ძალიან ბევრი დაგიდასტურებთ.   

საინტერესოა, მაინც რამ შეგვაშინა ასე?

ფაქტია, მეტისმეტად გიჟურად გამოდიოდა მიტინგებზე. ანუ, რაც გაპრეზიდენტებამდე უხდებოდა, მერე თითქოს საშინლად აღარ მოუხდა. შეგვაშინა მისმა რამდენიმე ცნობილმა ფრაზამ, რომელთა უმეტესობაც, თურმე, არც უთქვამს, მაგრამ ისტორიაში მაინც მისად დარჩა. მაგალითად:"საქართველო ქართველებისთვის", ან  თითქოსდა მამა ბუშზე (პრეზიდენტ ბუშს ვგულისხმობ და არა რომელიმე სასულიერო პირს) თქმული:"ამერიკის პრეზიდენტი კრემლის აგენტია". თუმცა იმავე ისტორიას მისი ისეთი სიტყვებიც ახსოვს, რომელიც, წესით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოცდენოდა განათლებულ დისიდენტს. თუნდაც ეს რად ღირს, ერთ-ერთ მიტინგზე წამოცდენილი - აფხაზეთში დასახლებული აფსუების შესახებ. პოლიტიკაში მოსულ ინტელექტუალს კარგად უნდა სცოდნოდა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამგვარ  საეჭვო სალექციო კურსს. 

დღემდე ვერც ის ამბავი გაგვირკვევია, მართლაც ადგენდნენ თუ არა"არაქართველთა შავ სიებს" რიგ დაწესებულებებში? მართალია, ხალხი შეშინდა, მაგრამ შავი სიების ამბავი დღემდე"ისტორიულად არსებულ მითად" რჩება. თუმცა ასეთი შემთხვევებიც იყო: მაგალითად, ჩემმა მეზობელმა, მოხუცმა რუსმა ქალბატონმა, მთელი ცხოვრება საქართველოში რომ გაატარა და სხვა ენას რომ არ სცნობდა რუსულის გარდა, ზვიად გამსახურდიას გაპრეზიდენტებისთანავე შეისწავლა რამდენიმე ქართული სიტყვა და აწი თუკი შენიშვნას იძლეოდა (შენიშვნები კი მისი სტიქია გახლდათ), მხოლოდ"მეორედ მოსვლის ენაზე":"ნუ კმაურობტ!","ვინ გადაკეტა ცკალი?","ბაბოშენს ვეტკვი" და ა. შ. მაგრამ როგორც კი პრეზიდენტი განიდევნა, შიში უმალ მიივიწყა და კვლავ მშობლიური ენის წიაღში დაბრუნდა. ნეტავ, რას ფიქრობდა ეს ქალბატონი? თუკი ქართულს არ ისწავლიდა, დაიჭერდნენ ან ქვეყნიდან განდევნიდნენ? რატომ გაუჩნდა ასეთი შიშები?  

ერთი ისეთი კაციც იყო, რომელიც ჯიუტად და ბრაზიანად უსწორებდა ხალხს ქართულს:"არა - ვერტალიოტი, არამედ - ცათმთქვეფია","არა - ვიოლინო, არამედ - ყელფანდურა". არ ვიცი, ეს კაცი რა თანამდებობას ფლობდა, მაგრამ პრეზიდენტის ახლოს კი იდგა, ზვიად გამსახურდიას სხვა მხარდამჭერ-ქვეშევრდომებივით ქართველ წმინდანად მიიჩნევდა (წმინდან-პრეზიდენტად) და უდიდესი სიამოვნებით ამხელდა ქართული ინტელიგენციის ზოგიერთ წარმომადგენელს. მაგალითად, კარგად მახსოვს, როგორ ამხილა - მე ვიტყოდი, როგორც მოციქულმა პეტრემ ნერონი - მევიოლინე ლიანა ისაკაძე და თითქმის დაწყევლა ყელფანდურათა ოჯახში შემავალი ყველა ინსტრუმენტი. თუ არ ვცდები, ვიოლინოს (და, შესაბამისად, ხსენებულ მევიოლინეს) უკიდურესად არაქართულ მოვლენად მიიჩნევდა. 

ზემოთ ინტელიგენტთა წარმომადგენლები ვახსენე. ვინ-ვინ და ესენი კი ყველაზე მეტად დაფრთხნენ. იფიქრეს, შურის მაძიებელი დემონი მოგვევლინა პრეზიდენტადო. წლების წინ უშუალოდ ესენი თუ არა, სწორედ ამათი წინაპარი ინტელიგენტები უწყობდნენ ეგზეკუციებს დისიდენტად მყოფ ამჟამინდელ პრეზიდენტს მწერალთა კავშირში (ამ ეგზეკუციების სტენოგრამაც არსებობს). მაშინდელ"პროფესიულ სასამართლოებს" კი აუცილებლად მოჰყვებოდა სოციალური"მგლის ბილეთი" და ციხე (ზოგჯერ  დახვრეტაც). 

ასეთი შიშებიც იყო: მავანი ხელოვანი ოფლგაღვრილი იღვიძებდა ლოგინში და სასოწარკვეთილი ლუღლუღებდა:"ახლა ყველას დაგვიჭერს, ჩვენი ბინებიდან გამოგვაგდებს და თავის მხარდამჭერებს (წაიკითხე - მეგრელებს) ჩაასახლებს". ზოგი იარაღსაც მალავდაო ბალიშის ქვეშ (როცა იმ ეპოქაზე ფიქრობ, შეუძლებელია ხელი არ გაგექცეს და კონსტანტინე გამსახურდიას სტილით არ შემოგეწეროს ერთი ფრაზა მაინც). იმ დროის რესპუბლიკური არისტოკრატია, როგორც წესი, ამ სიტყვებით იწყებდა ხოლმე გამსახურდიას კრიტიკას:"მამამისის მუხლებში ვარ გაზრდილი, მე არ ვიცი, ეგ რა იყო!". ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მთელი მაშინდელი ინტელიგენცია საძულველი პრეზიდენტის მამის მუხლებზე იყო ჩამომსხდარი (ამისთანა რა მუხლები ჰქონდა ამ კაცს!) და სკეფსისითა და შიშით აკვირდებოდა"ადრეული ასაკიდანვე არანორმალურ, ფაშისტ ბავშვ" ზვიადს. ასე რომ, ის, რაც ოთხმოცდაათიანებში მოხდა, ბავშვობისდროინდელი შეშინებული მეგობრების ამბოხადაც შეიძლება ჩავთვალოთ - დამფრთხალი ამხანაგების რევოლუციად, დაზაფრული ძმაკაც-დაქალების პუტჩად. 

თუმცა პრეზიდენტს მხოლოდ მამამისის კალთაზე ჯდომით მოტრაბახე გოგო-ბიჭები არ შეუშინებია, სხვებიც დაშინდნენ, - მათ შორის, თბილისის ცენტრალური უბნების ენერგიული ახალგაზრდები: ამ აგზნებულ და თავნება ბავშვებს სულ სხვა მოლოდინები ჰქონდათ, რეალურად კი  დახვეწილ-ელიტარულ-თავისუფალი ქვეყნის მაგიერ, პათეტიკურ-პროვინციულ-პატერნალისტური"რესპუბლიკა საქართველო" შერჩათ. მათი აზრით, თავისუფლება, ცოტა არ იყოს, გოიმური აღმოჩნდა. ამ დროს, რა კარგად დაიწყო ყველაფერი: შედარებით თამამი"მეორე არხის" ერთ-ერთმა წამყვანმა თავისი გადაცემა პრეზერვატივით ხელში გაასრულა და, არ ვიცი, ამ თუ სხვა მიზეზის გამო, მერე უსწრაფესად გაქრა ეთერიდან თავის პრეზერვატივიანად, ტელესივრცე კი ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტის სადოქტორო თემას,"ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველებას" დაეთმო - თბილისის პირველი არხი (მაშინ ასე ერქვა) პირდაპირ ეთერში სრული ექვსი საათის განმავლობაში გადმოსცემდა ქვეყნის მეთაურის დისერტაციის დაცვას. შეგეშინდებოდა, აბა რა. მართალია, ფილოლოგებს გაუხარდათ - თავიანთი პროფესიის ამგვარ აღიარებაზე სხვა დროს და სხვა ვითარებაში, ვერც იოცნებებდნენ, მაგრამ მარტო ფილოლოგები და ლიტერატორები ხომ არ ცხოვრობდნენ ამ ქვეყანაში...

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.