view counter

მოდა - ბიზნესი თუ ხელოვნება?!

თამარ ალავიძე

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მოდა (ჩაცმულობის თვალსაზრისით და არა მისი ზოგადი კულტურული კონტექსტი) ხელოვნებაა და რომ "მოდის კეთება" მხოლოდ ჭეშმარიტად ხელოვანი ადამიანების პრეროგატივა უნდა იყოს. "ხელოვნებაში" უცილობლად სამუზეუმო ექსპონატების შექმნას არ ვგულისხმობ, არამედ მიდგომას ამ ხელობისამდი - დიზაინერის პროფესიისადმი. მგონია, რომ საკუთარი შინაგანი, სულიერი თუ ემოციური განწყობით, ამ ადამიანებს უნდა სჯეროდეთ, რომ რაღაც ღირებულს ქმნიან და არა უბრალოდ სეზონზე-აქტუალური-ტენდენციების-წარმატებულ-ნაკრებს, რაც, სამწუხაროდ, ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარულ გზამკვლევად იქცა ბევრი დიზაინერისათვის.  

თუმცა, იმავდროულად, ვაცნობიერებ, რომ ჩვენს საუკუნეში, როცა ახალ-ახალი მოდის სახლები თუ ბრენდები წვიმის შემდეგ ამოსული სოკოებივით ჩნდებიან და მრავლდებიან, ძნელია "წარმატებულად" განსხვავებული და გამორჩეული იყო, მხოლოდ საკუთარი შემოქმედებითი ნიჭის და ენერგიის ხარჯზე. არსებული კონკურენციის პირობებში, შიშველი კრეატივით, აშკარად, ვერ გახვალ ფონს. ამიტომაც, არაერთმა შემოქმედმა გააცნობიერა აუცილებლობა, მაქსიმალურად აეწყო ფეხი ბიზნესის განვითარების თანამედროვე ტემპისათვის - სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი იძულებული გახდნენ ბიზნესზე ორიენტირებულ შემოქმედებად გადაქცეულიყვნენ. 

თავის დროზე ამ ბალანსს იდეალურად ინარჩუნებდნენ კოკო შანელი და კრისტიან დიორი, რომლებმაც მოდის ისტორიაში თავ-თავიანთი "პატარა რევოლუციების" მოხდენაც მოახერხეს და იმავდროულად ფინანსურად წარმატებული იმპერიებიც დაუტოვეს შემდეგ თაობას. არანაკლები შემოსავალი მოუტანა 1960-70-იან წლებში ივ სენ ლორანს მისი პარტნიორის პიერ ბერჟეს თანადგომით დაარსებულმა მოდის სახლმა, რომელიც ლეგენდარული სმოკინგის შემქმნელმა დიზაინერმა საკუთარივე ნებით დატოვა 1996 წელს - მოდის ზედმეტად "კომერციალიზებისადმი" თავისი შეუწყნარებლობის გამო. 

ასეთ "არაკომერციულ" შემოქმედად ვთვლიდი მუდამ ალექსანდრ მაკქუინსაც. მისი ნამუშევრების შემხედვარეს, პირველი, რაც აზრად შეიძლება მოგივიდეს, ალბათ, ამ ქმნილებების უკან მდგომი ადამიანის "არანორმალური" და ""არაამქვეყნიური" ხედვაა, ისევე როგორც ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტის მოსმენისას. ალბათ, წარმოუდგენელიც იქნებოდა ასეთი სიღრმისეული განცდების გამოვლენა სამყაროში მიმდინარე ამა თუ იმ მოვლენის მიმართ "სტანდარტულად კრეატიული" აზროვნების ფარგლებში. მაკქუინის ყოველი ჩვენებაც ხომ, დიზაინერის ფარული განცდების გაცოცხლების და მათი თეატრალიზებულად გადმოცემის მცდელობა იყო.    

სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის იმის აღმოჩენა, რომ თავის საქმეს მაკქუინი ბიზნესად მიიჩნევდა და არა ხელოვნებად: "არჩევანი გარდაუვალია - ან ხელოვნების ან ფულის კეთების გზა უნდა აირჩიო, იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც ბიზნესამდე მიდის - აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში მაკქუინი - მე არ ვქმნი ხელოვნებას, მე ვქმნი ტანსაცმელს იმისთვის, რომ ადამიანებმა ის ატარონ". ალბათ, გაცილებით კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, მისნაირი ატიპური აღქმის ადამიანისგან სრულიად საპირისპირო რომ მომესმინა. თუმცა, მისი გენიაც, ალბათ, იმაშია, რომ მან მომგებიან ბიზნესად აქცია საკუთარი შემოქმედება - ქმნილებები, რომლებიც ყოველთვის  ხელოვნებად დარჩება ისტორიას.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.