მეფე საკუთარი სასახლის ნანგრევებში - ჯიბრან ხალილ ჯიბრანი

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი
სასიკვდილო სარეცელზე, როცა უკანასკნელი აღსარებისათვის მოძღვარი მოიხმეს, ჯიბრან ხალილ ჯიბრანმა ხუცესის შეკითხვას - იყო თუ არა ქრისტიანი - არაო, უპასუხა და აღსარების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

არა მგონია, ეს ნაბიჯი მხოლოდ ტკივილებით გატანჯული ადამიანის ახირება ყოფილიყო. ჯიბრანს ტკივილი არასოდეს აკლდა, მაგრამ ძლიერი გონება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღებისას ასპარეზს მხოლოდ ლოგიკას უთმობდა და ემოციას ფრთებს ლაღად არ გააშლევინებდა.

იქ კი რა მოხდა? რატომ არ ინება 48 წლის გენიალურმა მომაკვდავმა საბოლოოდ ეღიარებინა თავისი რწმენა და უფალთან მშვიდად, აუმღვრეველი სინდისით წასულიყო?

სხვათა შორის, მოძღვარმა ის შეკითხვა დაუსვა კაცს, რომელმაც 1926 წელს ინგლისურად გამოცემულ კრებულში "ქვიშა და ქაფი" ასეთი რამ ჩაწერა:

"ჯვარცმულო, შენ ჯვარს ეცვი ჩემს გულზე და ლურსმნები, მაჯებში რომ გაგიარეს, ჩემი გულის კედლებს მიემსჭვალნენ...

ხვალ კი შემთხვევითი გამვლელი, ამ გოლგოთას გვერდს რომ ჩაუვლის, ვერ გაიგებს, რომ აქ სისხლი ორმა დაათხია.

მას იგი ერთი ადამიანის სისხლი ეგონება."

ეგებ, სწორედ ამიტომ:

ჯიბრანმა უარი თქვა, აღსარება ჩაებარებინა არა მოძღვრისათვის, არამედ შემთხვევითი გამვლელისთვის, რომელსაც გოლგოთაზე დათხეული სისხლი ერთი კაცისა ჰგონებოდა და იქ სხვათა, მათ შორის ჯიბრან ხალილ ჯიბრანის, სისხლის შხეფები ვერ გამოერჩია.

ან ეგებ იმიტომ, რომ:

ქრისტიანობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და სერიოზულად აღიარება იმისა, რომ ქრისტეს მიმდევარი ხარ, უპირველესად საკუთარ ნაკლოვანებათა გააზრებისაკენ გიბიძგებს. ეს ნაკლოვანებანი კი ისეთ ღრმა უფსკრულს აჩენს შენსა და სარწმუნოებრივ იდეალებს შორის, რომ რაც დრო გადის, სულ უფრო რწმუნდები: ვერ შეასრულებ ქრისტეს უპირველეს მითითებას: "იყავით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს"...

ვერ იქნები ისეთი სრული, რომ ამქვეყნიურმა უსამართლობამ ყოველწამს გულგვამი არ ამოგიტრიალოს და უზენაესი სამართლის სრულქმნილებაში არ დაგაეჭვოს...

მით უმეტეს, როცა პატარა ქვეყნის შვილი ხარ, რომელსაც ქვეყანა არც კი ეთქმის, რადგან ოსმალური თურქეთის მიერ დაპყრობილი სირიის ნაწილია და ლიბანი - ცალკე აღებული - ანექსირებული ტერიტორიის სტატუსითაც კი არ არსებობს.

როცა ლოთი მამა გყავს, რომელიც ცოტა ხანში ბედის ანაბარა გტოვებთ შენ და შენს დებს და საშოვარზე წასული შინ, გაწამებულ მეუღლესთან აღარასდროს ბრუნდება.

ერთადერთი ნათელი წერტილი კი მღვდელი ბაბუაა - დედის მამა, რომელიც ბავშვობიდან ზეპირად გასწავლის სახარებას და ასე ცდილობს შური იძიოს მოღალატე სიძეზე და თან, შენც მყარი საყრდენი მოგცეს: მიწიერი მამა ზეციური მშობლით ჩაგინაცვლოს...

სახარებით შურისძიება კი - თუნდაც უპასუხისმგებლო სიძეზე - როგორი სათქმელია?!...

მაგრამ ეს მღვდელი ბაბუის ფარული ზრახვებია. შენ კი, შენს პატარა სოფელ ბიშარს რომ არ გასცილებიხარ, ჯერ სამყაროც უშურველად გეძლევა და წმინდა წერილის ყველა სიტყვაც გულსა და გონებაში ძალდაუტანებლად გებეჭდება. ხედავ, როგორ შრომობს მარტო დარჩენილი დედა, როგორ იტანჯებიან უფროსი დები, მაგრამ ჯერ უფლის სამართალი არ გაეჭვებს, რადგან მომავალი მაინც იმედიანი გეჩვენება.

სწორედ მომავლის იმედით ტოვებს ჯიბრანების ღარიბი ოჯახი მშობლიურ ლიბანს და ათასობით სხვა თანამემამულის მსგავსად, ლუკმაპურის საშოვნელად ამერიკის შეერთებული შტატებისაკენ მიეშურება.

იმ დროისათვის, 1883 წლის 6 იანვარს დაბადებული ხალილ ჯიბრანი 12 წლისაა და დედა იმდენს ახერხებს, რომ გოგონები თუ არა ეს ნაბოლარა ვაჟი მაინც ატაროს სკოლაში.

ისინი ბოსტონის გარეუბანში, უღატაკეს ჩინურ კვარტალში ბინადრობენ და სული მხოლოდ დედის ჭაპანწყვეტის წყალობით უდგათ.

ჯიბრანი ემიგრანტთა შვილებისთვის განკუთვნილ სკოლაში დადის. მონდომებით სწავლობს ინგლისურს, თავისუფალ დროს კი ხატვას განაგრძობს - საქმიანობას, ჯერ კიდევ მშობლიურ ბიშარში რომ მოჰკიდა ხელი და რომელმაც ისეთი შვება მიანიჭა, რაც მანამდე არასდროს განეცადა. მიხვდა: სწორედ აქ შეეძლო სამყარო თავის ნებაზე მოეწყო და რეალურ ცხოვრებაში თუ ვერაფრის შეცვლას ახერხებდა, მხატვრობაში, ანდა მხატვრობის მეშვეობით მაინც შეეტანა კორექტურა ღვთის მიერ დაწერილ გენიალურ ტექსტში, რომელიც რატომღაც, უამრავი შეცდომით "დაებეჭდათ".

ბუნებრივია, აქ გრამატიკული შეცდომები არ იგულისხმება. თვითონ ჯიბრანი ხომ ამას მხოლოდ მინიმალურ მნიშვნელობას ანიჭებდა. მოგვიანებით, "ქვიშა და ქაფში" ჩაწერა კიდეც:

"პოეზია სიხარულის, ტკივილის, გაოცებისა და რაღაც გრამატიკული წესების ნაზავია."

ამიტომაც წესებს არად დაგიდევდათ და როგორც შეეძლო, ისე არღვევდა, რაკიღა გრძნობდა, რომ თანამედროვე სამყაროში ღვთის მცნებებს თითქოს ძალა დაჰკარგვოდა, რადგან არც სამყარო და არც ადამიანის სული აღარ იყო მთლიანი, ჰარმონიული და აწყობილი სისტემა. სამრეწველო-ტექნიკურ პროგრესს ეს, ოდესღაც მოწესრიგებული და გაუბზარავი მთლიანობაც ისე დაერღვია, რომ უწინდელი ჰარმონიის კვალიც კი არსად დაეტოვებინა. ამიტომაც სტანჯავდა ჯიბრანს იმისი შეგნება, რომ:

"პოეტი ტახტიდან ჩამოგდებული მეფეა. ის თავისი სასახლის ნანგრევებში ზის და ამ იავარქმნილი სასახლის სურათს ხატავს".

სურათი გამაოგნებლად შემზარავი იყო...... ტილოზე კი შავი ფერი სულ უფრო და უფრო მკვეთრდებოდა...

1898 წელს, ოჯახის დაჟინებით, ჯიბრანი არაბული და ფრანგული ენების შესასწავლად მშობლიურ ლიბანში დაბრუნდა და იქ 1902 წლამდე დარჩა. სწორედ ამ წლებში გამომჟღავნდა პირველად მისი მწერლური ნიჭიც. როგორც ჩანს, მშობლიურ ენასთან მიბრუნებამ მასზე მაგიურად იმოქმედა და მალე ხატვასთან ერთად, პატარ-პატარა ესკიზების წერაც წამოიწყო. ამ ესკიზებმა - უკვე სრულყოფილებამდე აყვანილმა და სათანადოდ გადამუშავებულმა - მოგვიანებით პოეტის ორ წიგნში მოიყარა თავი. ინგლისურად დაწერილ "შლეგსა" და არაბულად შექმნილ "ქვიშა და ქაფში".

ლიბანში ცხოვრების ბოლო წელს კი, თავის მეგობარ იუსუფ ალ-ჰუვაიქთან ერთად დააარსა ჟურნალი "ალ-მანარა" და სწორედ იქ გამოაქვეყნა პირველი არაბული ნაწერები თუ გრაფიკული ესკიზები.

1902 წელს ჯიბრანი ბოსტონში მცხოვრებ ოჯახს დაუბრუნდა. თუმცა ამერიკაში დაბრუნებამდე ერთი თვით ადრე, მისი 14 წლის და, სალტანა ჭლექით გარდაიცვალა. ამ მოვლენამ, თან სიკვდილთა მთელი ჯაჭვი რომ მოიყოლა, პოეტის აწეწილი სულიერი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. თუმცა, მეორე მხრივ, მისი მწერლური და შემოქმედებითი ნიჭიც მეტად გააღრმავა და მალე ბოსტონის ლიტერატორთა და ხელოვანთა წრეებში, ეს ახალგაზრდა, ფერმკრთალი ჭაბუკი, ყოველმხრივ დაფასებული და საყვარელი ხელოვანი გახდა.

იმ დროისათვის ჯიბრანზე რამდენიმე წლით უფროსი მწერალი ქალი ჟოზეფინ პიბედი მომეტებულად დაინტერესდა ჯიბრანის პიროვნებით და ბიშარში ხალილ ჯიბრანის ცხოვრების შესახებ - რასაკვირველია, საკუთარი წარმოდგენების მიხედვით - ვრცელი პოემაც კი დაწერა, რომელსაც სათაურად "მოციქული" უწოდა. უეჭველია, რომ ეს კავშირი და პიბედის ეს პოემა გახდა ბიძგის მიმცემი ჯიბრანის ერთ-ერთი შესანიშნავი წიგნის "მოციქულის" შესაქმნელად, რომელზეც პოეტი რამდენიმე წელიწადს მუშაობდა.

სწორედ 1923 წელს, "მოციქულის" გამოქვეყნების შემდეგ,  ჯიბრანმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და ამით მის ხანგრძლივ შიმშილობასა და უკიდურეს სიღატაკესაც წერტილი დაესვა.

მანამდე კი, ჯიბრანის ცხოვრებაში უდიდესი როლი კიდევ ერთმა ქალმა ითამაშა.

1904 წლის ზაფხულში, ბოსტონში ჯიბრანის ესკიზებისა და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც ხელოვნების კრიტიკოსთა დიდი ყურადღება მიიქცია. თვითონ ჯიბრანისთვისაც ამ გამოფენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სწორედ ამ დროს გაიცნო ბოსტონის ქალთა გიმნაზიის დირექტორი მერი ჰასქელი. ამის შემდგომ, ჯიბრანის ცხოვრებაში ჟოზეფინ პიბედის ადგილი მერი ჰასქელმა დაიკავა და ამ მოვლენამ მისი ლიტერატურული შეხედულებანი თუ ცხოვრებისეული გეზი ძირეულად შეცვალა, რადგან სწორედ მერი ჰასქელმა შეაგულიანა, რომ თავისი არაბული თხზულებანი, ინგლისურად თარგმნის მაგიერ, პირდაპირ ინგლისურადვე ეწერა. ამ ინგლისურ თხზულებათა რედაქტირება კი თავის თავზე აიღო.

მერი ჰასქელი იმდენად იყო გატაცებული ჯიბრანის პიროვნებითა და შემოქმედებით, რომ ერთხანს არაბულის სწავლასაც შეეცადა, რათა ჯიბრანის სტილსა და თვითგამოხატვის ყაიდას ამრიგად უკეთესად გაცნობოდა.

სხვათა შორის, ქალბატონი ჰასქელიც ჯიბრანზე ათი წლით უფროსი გახლდათ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ შემდგომში სწორედ ასაკობრივი სხვაობის გამო, მერი ჰასქელმა ჯიბრანის საქორწინო წინადადება უარყო, თუმცა ამით მათ ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. სიყვარული და პატივისცემა უწინდებურად თავის ადგილას დარჩა ისე, რომ სხვა კაცზე გათხოვების შემდეგაც კი, მერი ჰასქელს არაბი პოეტისთვის ზრუნვაზე, მისი ბედისწერის თანაგანცდასა და მის ცხოვრებაში თანამონაწილეობაზე ხელი არ აუღია.

იმხანად ჰასქელმა დღიურის წერაც წამოიწყო, სადაც ჯიბრანთან თავისი შეხვედრებისა და საუბრების უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი აღნუსხავდა. ეს დღიური 1931 წლამდე, ანუ ჯიბრანის გარდაცვალებამდე გრძელდებოდა და შემდგომში დიდი არაბი მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საუკეთესო წყაროდ სწორედ მერი ჰასქელის ჩანაწერები იქნა აღიარებული.[pagebreak]

თვითონ ჯიბრანი კი, როგორც ჩანს, თავისი ცხოვრების ამ ორი საოცარი ქალის წყალობითაც აკეთებს დასკვნას, რომელიც ჩანაწერების წიგნში ასეთ სახეს მიიღებს:

"ყოველ მამაკაცს უყვარს ორი ქალი: ერთი მისივე ფანტაზიითაა შექმნილი, ხოლო მეორე - ქვეყნად ჯერ არ დაბადებულა."

ცხადია, აქ სულ სხვა რამაა ნაგულისხმევი, მაგრამ, თავისთავად, ეს პატარა ჩანაწერი შეიძლება იმის კარგ მაგალითად გამოგვადგეს, როგორ აისახება და ტრანსფორმირდება მწერლის პირადი ცხოვრება მისსავე ნაწერებში.

და კიდევ ერთი:

"მრავალი ქალი ეუფლება მამაკაცის გულს, შენარჩუნებით კი მხოლოდ ზოგი ინარჩუნებს."

ყოველ შემთხვევაში, ამ ორმა ქალმა - იმის მიუხედავად, ფიზიკურად მის გვერდით იყვნენ თუ არა - ჯიბრანის გულის შენარჩუნება ბოლომდე მოახერხა.

თუმცა, როგორც ჩანს, მერი ჰასქელს ეს საკითხი მაინც აეჭვებდა, რაკიღა ჯიბრანის ერთ-ერთ საპასუხო ბარათში ვკითხულობთ:

"მერი, ჩემო ძვირფასო მერი, ღმერთო ჩემო, როგორ შეგიძლია მკითხო, ჩვენს შეხვედრებს ჩემთვის ტკივილი უფრო მეტი მოაქვს თუ სიხარული? ერთი მითხარი, რა ზეციურმა ან მიწიერმა ძალამ ჩაგაგონა ასეთი აზრი?

რაა ტკივილი ანდა სიხარული, ან კი შეიძლება - გავმიჯნოთ ერთი მეორისგან? ძალა, ჩვენ რომ ერთმანეთისაკენ გვიბიძგებს, სიხარულისა და ტკივილის ნაზავია და, რითაც ის მართალაც მშვენიერია, თან საამო ტკივილი თუ მტანჯველი სიხარული მოაქვს.

მერი, შენ იმდენი სიხარული მაჩუქე, რომ ტკივილს ვგრძნობ. ასევე უამრავი ტკივილი მომიტანე და ამიტომ მიყვარხარ."

პოეტები ცუდი შეყვარებულები და საყვარლები არიან, რადგან ვერცერთი ქალი პოეტს ბოლომდე ვერ მიიჯაჭვავს, ხოლო თუ რომელიმე ქალს გამოუვა და ამას მაინც მოახერხებს, ხელში პოეტის ნაცვლად, ყველაზე საზიზღარი ობივატელი შერჩება. ქარიშხალი ზღვაზე ან მინდვრადაა ნამდვილი ქარიშხალი, თორემ შინ, უფლება-მოვალეობათა დავარცხნილ გარემოში, მხოლოდ ჭიქაში დატრიალებული ქარიშხალი იქნება. და რა მნიშვნელობა აქვს, ჭიქა თუნდაც ბროლის ანდა ფაიფურის იყოს...

"ფაიფურის ქალისადმი" გაგზავნილ მეორე ბარათში ჯიბრანი, როგორც ჩანს, სწორედ ამის ახსნას ცდილობს მერი ჰასქელისათვის, როცა თითქოს ზოგად, განყენებულ თემებზე ელაპარაკება.

"მერი, გამუდმებით ვშფოთავ და მშურს იმ ადამიანებისა, რომელთაც მოდუნების უნარი აქვთ, რადგან თვითონ ეს არასოდეს გამომდის. ჩემი გონება ნაკადულს ჰგავს: მუდამ იღვრება, მუდამ რაღაცას წერს და მირაკრაკებს. მე გულში ისარგაყრილი დავიბადე და ერთნაირად მტკივნეულია, ამ ისრის ამოღებაცა და გულშივე დატოვებაც.

იცი, მერი? ძირითადად, მოლუსკივით ვცხოვრობ - ჩემივე თავის შიგნით. დიახ, მე მოლუსკი ვარ, რომელიც ცდილობს, თავისივე გულიდან შექმნას მარგალიტი. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ მარგალიტი მხოლოდ მოლუსკის დაავადებაა და მეტი არაფერი."

როგორც არ უნდა გამისკდეს გული იმის გამო, რომ ასე, სამწუხაროდ, დღეს აღარავინ აღარავის სწერს, მაშინ სიყვარულსაც და ურთიერთობასაც მეტი ფასი ედო და მერიმ შესანიშნავად იცოდა, ეს კაცი რა მარგალიტებსაც ატარებდა თავის შიგნით... ასევე იცოდა, რომ მარგალიტი ნიჟარის დაავადებაა და ამიტომაც უშურველად ეხმარებოდა სნეულ ნიჟარას, რათა ცხოვრების ზღვის ღელვას იგი დროზე ადრე არ გაერიყა საშიშ ნაპირამდე. ამიტომაც უწევდა ანგარიშს კაცის სურვილებს და როცა ჯიბრანმა მხატვრობაში სისტემური განათლების მისაღებად, პარიზს გამგზავრება მოიწადინა, 1908 წელს ამ მგზავრობის ხარჯი თითქმის მთლიანად ჰასქელმა გაიღო.

წინა საუკუნის პარიზის ლიტერატურულმა და მხატვრულმა ბოჰემამ თავდაპირველად ჯიბრანსაც დაახვია თავბრუ. თუმცა ხელოვნების მექად აღიარებულ საფრანგეთის დედაქალაქში მცირე ხნით ცხოვრებამ დიდი არაბი მწერალი მიახვედრა, რომ სისტემური განათლების მიღების ყავლი მისთვის დიდი ხანია გასულიყო და ყოველდღიური სალექციო-სასემინარო მეცადინეობა აღარას შემატებდა. ყოველ შემთხვევაში, მან პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლას თავი მიანება და საფრანგეთში გაცნობილ არაბ მეგობრებთან ერთად, ამ ქვეყნის მუზეუმებისა და გამოფენების დათვალიერებას მიჰყო ხელი.

1910 წელს, ჯიბრანი ევროპიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდა და ისევ მერი ჰასქელის დახმარებით, ბოსტონში ახალი ცხოვრება დაიწყო.

დღეს უკვე გარკვეულია, რომ ჯიბრანი ერთადერთი ხელოვანი არ ყოფილა, ვისაც მერი ჰასქელი ეხმარებოდა. თუმცა ამ ქალბატონის სხვა პროტეჟეთაგან ჯიბრანის დიდებისა და პატივისათვის აღარავის მიუღწევია.

თვითონ ჯიბრანი, როგორც ჩანს, ხშირად თაკილობდა ჰასქელის ასეთ თავგამოდებულ მეურვეობას და ეს გარემოება მათ შორის სერიოზული უთანხმოებისა და უსიამოვნებების საბაბიც კი არაერთხელ გამხდარა. თუმცა ამ უსიამოვნებებს ჯიბრანისათვის ხელი არ შეუშლია, რომ 1912 წელს ნიუ იორკში გამგზავრებისა და ცხოვრების ხარჯები ისევ მერი ჰასქელისათვის ეთხოვა.

გარდა ფინანსური დახმარებისა, მერი ჰასქელმა ჯიბრანს წერილობითი რეკომენდაცია გაუწია ნიუ იორკის ლიტერატურულ და შემოქმედებით წრეებში წარსადგენად, რასაც ყოფით ხარჯებზე არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც ამ ქალაქში დაფუძნებას აპირებდა. სხვათა შორის, სწორედ ამ პერიოდში შექმნა ჯიბრანმა თავის დიდ თანამედროვეთა ჩანახატები, რომელთაგან აღსანიშნავია იეიტსის, სარა ბერნარისა და კარლ გუსტავ იუნგის ესკიზური პორტრეტები.

ამ პერიოდსვე დაემთხვა ის ფაქტი, რომ იტალიამ ოსმალეთს ომი გამოუცხადა და ამ ომმა არაბ ემიგრანტებს საშუალება მისცა, კიდევ ერთხელ ეცადათ, თავიანთი სამშობლო ოსმალეთის ბატონობისაგან ეხსნათ. ხალილ ჯიბრანი ამ მოძრაობაში აქტიურად ჩაერთო და აღნიშნული კუთხით მისი მოღვაწობა 1914 წლამდე, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე გრძელდებოდა.

ომის ოთხწლიან მონაკვეთშიც, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, საკუთარ ეროვნულ ინტერესთა გათვალისწინებით, არაბულ ქვეყნებს ოსმალური თურქეთის წინააღმდეგ დიდ დახამრებას უწევდნენ. ჯიბრანი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის მოღვაწეობაში იყო ჩართული და არაბ ემიგრანტთა ევროპულ თუ ამერიკულ გამოცემებში სისტემატურად აქვეყნებდა წერილებს, სტატიებს, ლექსებსა თუ მოთხრობებს.

1911 წლის 19 მაისს ნიუ იორკიდან გამოგზავნილ წერილში კი, მერი ჰასქელს ატყობინებდა: "ვცდილობ გავაგებინო აქაურ სირიელებს, რომელთაც თურქეთის ახალი რეჟიმის იმედი აქვთ, იმედი მხოლოდ საკუთარი თავისა უნდა ჰქონდეთ. მინდა ამ საცოდავებმა შეიგნონ, რომ მშვენიერი სიცრუე ისეთივე ცუდია, როგორც ფორმამიუცემელი. ძლევამოსილი სულტნის ტახტი თანდათან ნამიან ქვიშაში იძირება და რაში გვარგია ჩამქრალი კერპის წინაშე მუხლმოყრა, როცა მზერას შეუძლია უსაზღვრო სივრცეებისაკენ გაესწრაფოს?!"

თუმცა ასეთი იმედიანი ჯიბრანი მხოლოდ სამშობლოს ბედის მისამართით იყო. პირად ცხოვრებაში კი ვერაფერი ააწყო და შვებას მხოლოდ წერაში, განუწყვეტელ მუშაობაში პოულობდა. თითქოს ეწადა, თავისი სისხლისა და ენერგიის უკანასკნელი მისხალიც კი შემოქმედებაში ჩაეწურა.

ერთიმეორის მიყოლებით გამოდის მისი წიგნები: "ქვიშა და ქაფი", "შლეგი", "მოციქული", "იესო, ძე კაცისა"...

განუწყვეტელმა შრომამ სულიერი აშლილობაც გაუმძაფრა და მოგვიანებით, მემკვიდრეობითმა დაავადებამ - ტუბერკულოზმაც იჩინა თავი.

კვდებოდა გასული საუკუნის უდიდესი არაბი პოეტი, რომლისგანაც აღსარებისათვის სასიკვდილო სასთუმალთან მიხმობილი მოძღვარი მისგან ქრიტიანობის აღიარებასა და დადასტურებას მოითხოვდა.

და ეგებ მოძღვრის კი არა, სწორედ ქრისტეს მისამართით ბავშვურმა განაწყენებამ იფეთქა მაშინ ჯიბრანის გულში: ამან რა იცის, მაგრამ შენ ხომ ღმერთი ხარ და შეგიძლია, სასიკვდილო სარეცელთან მაინც არ გამოგვიგზავნო შემთხვევითი გამვლელები, შენ ხომ ღმერთი ხარ და იცი, რომ იქ მხოლოდ შენი კი არა, ჩემი სისხლიც დაიღვარა და შენი არ იყოს, მეც მეფე ვარ, ოღონდ: მეფე ჩემივე სასახლის ნანგრევებში...

@