მეორე ლეგენდა ანუ საბაგირო გზის სადგური ნუცუბიძის ქუჩაზე

თებერვალი 15, 2012 ავტორი გიორგი მაისურაძე

თბილიssimo (გაგრძელება)

ილუსტრაცია: გიორგი ავალიანი

ილუსტრაცია: გიორგი ავალიანი

მეორე ვერსიის თანახმად, ბუკეფალოსმა ებრაელთა უხილავ ღმერთს უძღვნა ვერეს ნაპირებზე გადაშლილი თეოფილისი. ეს ვარაუდი თავდაპირველად მხოლოდ იმ ფაქტს ემყარებოდა, რომ, გადმოცემით, ბუკეფალოსს მიეწერება ელინიზმის იდეა: ეს მან უბიძგა ალექსანდრეს, აღმოსავლური სამყაროც ისე გაემშობლიურებინა, როგორც მშობლიური ბერძნული და შესაბამისად, უცხო ღმერთების თაყვანისცემის ტრადიციასაც დიდი მეფის ცხენმა ჩაუყარა საფუძველი. უფრო მეტიც, ვარაუდობენ, რომ ფილონ ალექსანდრიელი ბუკეფალოსის შვილიშვილი იყო და სახელოვანი ბაბუის შთაგონებით თარგმნაო ბერძნულად ებრაელთა საღვთო წიგნები, რომელსაც „სეპტუაგინტას“ სახელით იცნობს კაცობრიობა.

ძველი ებრაული ღვთისმეტყველებით ბუკეფალოსის დაინტერესება მის ებრაელ მომვლელ-მეჯინიბეს, სახელად იუდა ბენ ჰურს მიეწერება, რომლისგანაც ალექსანდრეს ცხენს საფუძვლიანად შეუსწავლია ერთღმერთიანობის პრინციპები. ბუკეფალოსმა პირველმა სცადა მისი ბერძნული ფილოსოფიის ტრადიციასთან, განსაკუთრებით პლატონის მოძღვრებასთან დაკავშირება და ამით უნებლიედ ნეოპლატონიზმის ფუძემდებლობაც გამოუვიდა. სწორედ ამის გამო სძულდა ეჭვიან არისტოტელეს საკუთარი აღზრდილის ცხენი, მაგრამ აბა ამას როგორ აღიარებდა და ეს რომ დაეფარა და სხვანაირად ემტრო საკუთარი მასწავლებლისა და მეგობრის მოძღვრებისთვის, რომელიც ჭეშმარიტებაზე ნაკლებად უყვარდა, ალექსანდრეს დედას – ოლიმპიადას დაუწყო ჩაგონება, შენი ვაჟი საკუთარ ცხენს ჰყვარობსო. ეს რომ ბუკეფალოსმა გაიგო, მსწრაფლ მიკუნტრუშდა არისტოტელესთან და უთხრა: „მე სიტყვასა ერთსა გკადრებ პლატონისგან სწავლა-თქმულსა, სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსაო.“ ბუკეფალოსის საპასუხოდ შექმნა არისტოტელემ ტერმინი „ძოონ პოლიტიკონ“ – პოლიტიკური ცხოველი და მის პირველსახედ მან საკუთარი აღსაზრდელის ცხენი იგულისხმა.

ბუკეფალოსი ისე შთაეგონებინა პლატონის „ტიმეოსს“, რომ მთელ თავისუფალ დროს ატლანტიდაზე ფიქრში ატარებდა. ის პირველი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პლატონის მიერ აღწერილი ატლანტიდა არა გამქრალი, არამედ ჯერ არდაარსებული ქალაქი იყო და ცხოვრების მიზნად ამ იდეალური ქალაქის საძირკვლის ჩაყრა დაისახა. მაგრამ საამისოდ იმ წმინდა მიწის პოვნა იყო საჭირო, სადაც სამყაროს შემქმნელი ხელოსნის - დემიურგოსის ნაკვალევი იქნებოდა შემორჩენილი.

დემიურგოსის ნაკვალევზე ქალაქის აღმოცენებაზე ფიქრში გართულმა ბუკეფალოსმა აზიისკენ გაიტაცა მის ზურგზე სანავარდოდ შემომჯდარი ალექსანდრე, რომელსაც ორმოცი ათასი მეომარი გამოეკიდა და ეს უნებლიე დაჭერობანა დიდ დაპყრობით ომში გადაიზარდა, თუმცა ექსპედიციის მიზანი ბუკეფალოსისთვის უცვლელი რჩებოდა: ის გაფაციცებით ეძებდა იმ პირველქვას, რომელზედაც ატლანტიდა უნდა დაშენებულიყო. როგორც ამბობენ, მან თავდაპირველად სათაფლიის გამოქვაბულში დააპირა სრულქმნილი ქალაქის დაარსება და შეიძლება თბილისიც ქუთაისის გარეუბანი ყოფილიყო,  პალეოზოოლოგებს რომ არ დაერწმუნებინათ ბუკეფალოსი, ნაკვალევი არა ღმერთს, არამედ პრეისტორიულ დინოზავრს ეკუთვნოდაო.  

თეოფილისის დაარსება მდინარე ვერეს ხეობაში არ ყოფილა შემთხვევითი: აქ მიაგნო ბუკეფალოსმა მონოთეისტთა ღმერთის კვალს – ადგილს, სადაც უხილავი ღმერთი იაჰვე იაკობს გამოეცხადა და სახელად ისრაელი უწოდა. ესაა ყველაზე დიდი განძი, რომელიც თბილისის მიწაზე ვინ იცის უკვე რამდენი ათეული საუკუნეა დგას და მისი შემჩნევა ვერავინ შეძლო, თვინიერ ბუკეფალოსისა: საბაგირო გზა ნუცუბიძის ქუჩიდან ლისის ტბისაკენ! სინამდვილეში ეს ჩვეულებრივი საბაგირო გზა სულაც არაა, არამედ ის კიბეა, რომელიც ციდან გადმოეშვა და მასზე ანგელოზები ადი-ჩამოდიოდნენ და იაკობს ესიზმრებოდნენ. კიბის თავზე, ანუ ლისის ტბის მიდამოებში, თავად იეჰოვა იჯდა და იაკობს პირდებოდა, გაგამრავლებო.

შემცდარია ის, ვინც იფიქრებს, რომ იეჰოვას კიბეც ისეთივე უხილავი იყო, როგორც თავად იეჰოვა: ზედმეტად თვალში საცემი რომ არ ყოფილიყო, ის ქარხნული რკინა-მავთულისგან დაამზადებინა იაკობისა და მისი მამა-პაპის ღმერთმა. ის ადგილი, სადაც იაკობს თავი ედო და კიბეზე მონავარდე ანგელოზებს უცქერდა, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარეობს და, როგორც წმინდა ადგილი, საბაგირო გზის სადგურითაა გადახურული. ეს ნაგებობა პირველია თბილისის ტერიტორიაზე და ის იმ ადგილზე აშენდა, რომელზეც გამვლელ-გამომვლელს უნებლიედ მუხლი ედრიკებოდა, თანაც ისე, რომ ვერ გაეგოთ რა სჭირდათ. ზუსტად იქ, სადაც ნუცუბიძის ქუჩა დელისისკენ ჩასახვევს გაუსწორდებოდა, ქუჩაზე მიმავალ ადამიანსა თუ ცხენ-აქლემს მუხლები ეკეცებოდა და მხოლოდ უფლის სახელის ხსენების შემდეგ უბრუნდებოდა ძალ-ღონე, რომ ისევ წამომართულიყო. ბუკეფალოსმაც ასე შეიცნო ამ ადგილის სიწმინდე და მთელი ხმით დაიჭიხვინა - „არა თქვა სახელი უფლისა ამაოსა ზედა!“ და ქალაქის დაარსება ბრძანა. იაჰვესაც ისე მოეწონა ბუკეფალოსის ნაჭიხვინები, რომ ათ მცნებაში შეატანინა მოსეს, რომელიც ფეხშიშველი ეძებდა სამყაროს შემოქმედს ნუცუბიძის პლატოზე, რომელსაც სინაის მთა ერქვა ჩვენს წელთაღრიცხვამდე, სანამ თბილისი დაარსდებოდა. პირველ ნაგებობად კი თბილისში საბაგირო გზის სადგური აშენდა, რომლის გახსნაზეც თავად რობერტ პლანტს უმღერია „Stairway to Heaven“ და აუცრემლიანებია ქალაქის პირველი მოსახლენი.

საბაგირო გზა იაკობის სიზმრის ანალოგიით აშენდა, თბილისი კი საბაგირო გზის, რომელსაც ადამიანები ზეცასთან უნდა დაეკავშირებინა, ხოლო ღმერთი და მისი ანგელოზები კი მიწასთან. მალე თბილისში კიდევ რამოდენიმე საბაგირო გზა ააგეს და საბჭოთა ხანამდე მათ წმინდად საკულტო დანიშნულება ჰქონდათ, ანუ ისინი თბილისელთა უძველესი ელინისტური რელიგიის ტაძრები იყო, სადაც ღმერთთან საბაგირო გზით ამაღლების დიდი და მცირე მისტერიები სრულდებოდა და ლოცვაი ყოველი აღესრულებოდა. საბაგირო გზა - ეს იყო თბილისის წვლილი მსოფლიო რელიგიებისა და საკრალური არქიტექტურის ისტორიაში. მგზავრობის უფლებაც მხოლოდ ნაზიარებულებსა და განდობილებს ჰქონდათ და ამ წესს თეოფილისელები სათუთად უფრთხილდებოდნენ. საკუთარ ქალაქს ისინი უხილავი ღმერთის ანარეკლად მიიჩნევდნენ: ლისის და კუს ტბები, მათი პრეკოსმიური წყლებით, სამყაროს შემოქმედის თვალები იყო, რომლებიდანაც დემიურგი საკუთარ შექმნილ ზეცას უყურებდა და ფიქრობდა, ეს რა კარგი რამე გამიკეთებიაო.  

ქალაქის ცენტრში ჰიპოდრომი აშენდა დამაარსებლის თაყვანის საცემად და მას რომაულ სტილში Forum Bucephalicum-ს ერქვა. აქ ყოველი წლის მწიფობის თვეს, 28 რიცხვში უძველესი თბილისური დღესასწაული – ბუკეფალიები იმართებოდა, რომლებიც იმდენად პრესტიჟული იყო, რომ თვით რომის იმპერატორმა ანტონინუს პიუსმა იბერიის მეფე ფარსმანის მოქრთამვით მოიპოვა მათში მონაწილეობის უფლება და გაიმარჯვა კიდეც ბადროს ტყორცნასა და ჯირითში, რის აღსანიშნავადაც ჰიპოდრომზე მხედარი კეისრის ძეგლი დაიდგა.

თეოფილის-თბილისის დიდება და მადლი რუსთაველმა უკვდავჰყო სიხარულის ცრემლებისგან გალექსილი სტრიქონებით:

„მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი:

კლდით ნადირნი, წყალშიგ თევზნი, ზღვით ნიანგნი, ცით მფრინველნი,

ინდო-არაბ-საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბელნი,

რუსნი, სპარსნი, მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი.“

მაგრამ, სრულიად მოულოდნელად, ხმელთაშუა ზღვიდან წამოსულმა წყვდიადმა შთანთქა ბუკეფალოსის დაარსებული ქალაქი. გაქრა ნუცუბიძის ქუჩისა და ლისის ტბის შემაერთებელი დაკიდებული ხიდები. ციდან უკუნეთი ჩამოეშვა და დაფარა ჰიპოდრომზე აღმართული ფრთოსანი ღმერთები, ბაზრები, ქარვასლები, ქუჩაბანდები, ტბორები... გაქრა თეოფილისი - დიადი ქალაქი, თითქოს ამქვეყნად არც არსებულიყო. ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა და ყოველ სულდგმულს თეოფილისსა და გარეუბნებში შიშის ზარი დასცა. უცნაური ღრუბელი ზღვის მხრიდან გაზაფხულის მეორე თვის, ნისანის თოთხმეტს, საღამო ხანს წამოვიდა.

(გაგრძელება იქნება)

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.