|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
Mail from Singapore Inc.
ხანდახან გინდება, ადგე და წახვიდე. უბრალოდ, წახვიდე, როგორც ზღაპრის გმირები მიდიან ხოლმე „ბედის საძებრად": ამხედრდებიან რამე ჯაგლაგზე, რომელიც ჯადოსნური აღმოჩნდება და უბრძანებენ, გაფრინდეს ფიქრზე სწრაფად, ქარზე მალულად. მიმართულებას რა აზრი აქვს, რა ვაჟკაცის სადარდებელი ეგაა! თუ არ იცი, რომელი ნავსაყუდელისკენ მიცურავ, არც ერთი ქარი ხელსაყრელი არაა, და ზუსტად ესაა ყველაზე მაგარი - სტიქია რომ გკიდია. არც ჩრდილოეთის, არც სამხრეთის, არც აღმოსავლეთის, არც დასავლეთის ქარი ქარი არაა, შენ თუ იმ ქარს აუტანიხარ, თავში რომ ქრის ხოლმე. წარმოიდგინე, ზიხარ სადმე გორგოლაჭებიან სავარძელში, საგულდაგულოდ დალაგებულ-დახარისხებულ ყვითელ და წითელ დასტებს შორის სახრჩობელის ყულფივით შემოჭერილი ჰალსტუხით, ან მანდაც ვერ ზიხარ... ზიხარ ორღამენათევი, სამედიცინოს მეტროსთან ნაქირავებ ერთოთახიან ხრუშჩოვკაში. მაცივარი არ გაქვს, არც წყლის გამათბობელი. მაგიდის გარშემო შემომსხდარხართ ბანქოს მოთამაშეები. მაგიდაზე აწყვია ფიშკები, წვრილი პომიდვრის მწნილი და არაყი. გეგმაზომიერად აგებ უკანასკნელ შვიდ ლარს და თან თვალს აპარებ საკუთარი ლოგინისკენ, რომელზეც გოშა და კოშკა თექვსმეტ წლამდე გოგოს ტყნავენ ერთდროულად. წასვლა რომ მოგინდეს, აუცილებელი არაა ეგეთ ცუდ პონტში იყო. შეიძლება, უფლისწულად დაიბადო, ცხოვრობდე სასახლეში. შეიძლება, წასვლა გამარჯვება კი არა, დამარცხება იყოს. რა არის ცუდი დამარცხებაში?! გამარჯვება სტატიკაა - შენახვა, შენარჩუნება, მაყუთის იქნება თუ ქცევის. დამარცხება კი რადიკალური ცვლილებების მომასწავებელი რამ, მოძრაობა. ჭკვიანი ხალხი გრძნობს, ყველაზე ლამაზ გამარჯვებას ლამაზი დამარცხება ჯობია. ჰანიბალი არ შევიდა რომში, ნაპოლეონმა უკან დახევის ბრძანება გასცა ვატერლოოზე, კურტ კობეინმა წარმატების ზენიტში მოიკლა თავი, ბებიაჩემი ყოველთვის მაგებინებდა ნარდში, რომ არ მეტირა. ბერნარ ვერბერი ფიქრობს, ხშირად წარმატებისკენ სწრაფვაში სხვა სურვილი იმალება: აძვრე ყველაზე მაღალ ვიშკაზე და იქიდან გადმოხტე (ან გაფრინდე, თუ იეჰოველი ხარ). მოკლედ, არ მკითხოთ, რატომ წავედი. როცა პირველად დავუსვი თავს ეს შეკითხვა, მართლა მაღლა ვიყავი და უფრო მაღლა მივიწევდი. თვითმფრინავის ილუმინატორიდან გადმოვყურებდი ჰიმალაის და შენგდუს, საიდანაც ავფრინდი. სიჩუანის პროვინციის ორ დუნდულოსებრ მთაზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაშენებული ეს პატარა, წითელი დასახლება ოდესღაც ნაღდი ხვრელი იყო ჰიმალაური ბაბუინის ტრაკში, თორემ ახლა ჩინეთის მეოთხე გლამურული ქალაქია. პატარაო, რომ ვთქვი - ჩინური სტანდარტებით, ისე კი მოსახლეობით თერთმეტჯერ აღემატება მზიურ თბილისს. გაწელილი, ნეონში ამოვლებული და ერეგირებულ-ცათამბჯენებიანი მესტიაა. ინდოეთიდან მოვხვდი მანდ, შემთხვევით. თავიდან გამიკვირდა, ამ სიმაღლეზე ასეთ ქალაქს რა უნდა-მეთქი, მაგრამ მერე ისეთი ამბავი მომითხარეს, მეთქი უეჭველი უილიამ გოლდინგის რომანს ყვებიან. აი, ახალციხეში რომ ჩახვალ, ნოსტეში, გიორგი სააკაძის სამშობლოში, და დაჩამიჩებული ბაბუების ბაზარს უსმენ დიდ მოურავზე. უსმენ, უსმენ, როგორც თვითმხილველის ჩვენებას, და მერე წვავ, რომ ფილმს გიყვებიან ეგ ჩათლახები. თურმე რა მოხდა: მაოს ჰქონია ასეთი რეფორმა, დეცენტრალიზაციისთვის და დიდი ქალაქების განსატვირთავად ხალხი გადაასახლა. ადგა და მიმოფანტა სხვადასხვა პროვინციაში. ამ დროს დაინგრა ოჯახები, დიდები ბრინჯის ველებზე მოხვდნენ, პატარები - წითელ არმიაში. ეს ბავშვები მაგრად გაწამდნენ, ბუზებივით იხოცებოდნენ. რაღაც ექსპერიმენტი ტარდებოდა და ცელულოზით კვებავდნენ. ბოლოს, ეს საწყლები ვიღაცამ დაარწმუნა, რომ ყველაფერი ადგილობრივი ფუნქციონერების ბრალი იყო, მაომ კი არაფერი იცოდა. ნაღდი ტოტალიტარული სისულელე. ბავშვებმაც წამოიწყეს წმინდა კამპანია - აუჯანყდნენ უშუალო ხელმძღვანელებს და, ვითომ ბელადისთვის ხმის მისაწვდენად, სინამდვილეში კი, ალბათ, ქვეყნიდან ასათესად, აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ. აქედან ადვილად შეაღწევდნენ ინდოეთში. შენგდუელთა განთქმული სტუმარ-მასპინძლობა ხომ მოგეხსენებათ. თბილად მიიღეს აცრემლებული ბავშვები, დააპურეს, დააბინავეს. მაგრამ, ყველაფერს აქვს საზღვარი, ამ წვინტლიანი პატრიოტთაბანაკელების ნაკადი კი არა და არ წყდებოდა. თან ბავშვების ამბავი ხომ იცით, ერთს გაუცინებ და თავზე გადაიჯვამენ. ისე უნდა მოექცე, როგორც გაფუჭებულ ტელევიზორს, როგორც კი აურევენ, აიღო ჩუსტი და გაუქანო თავში. მოკლედ, ეს ორი ათასი ბუნჩულა ბიჭი მალე ნედაძელანნი ბრუსლების ორასი ათასიან არმიად იქცა. აღარ ყოფნიდათ, რასაც აძლევდნენ. ჰოდა, ძალით აიღეს. ჩამოაგდეს მერი, მოაწყვეს არჩევნები, აირჩიეს ცამეტი წლის ბელადი, შექმნეს მსოფლიოში პირველი ბავშვთა მთავრობა, მიიღეს კანონები, რომლის მიხედვითაც მოპარვა ჯიგრობაა, წუწუნი - ხიხი. მაშინ ეს ქალაქი იზოლირებული იყო და გარეთ არავინ იცოდა, რა ხდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, როგორც იქნა, რომელიღაც პრეფექტის ყურამდე მიაღწია ამ ამბავმა. იმანაც ეგრევე პეკინს უპატაკა. 1967 წლის ერთ მშვენიერ დილას კი მაო გაიზმორა და ბრძანა, შესულიყო წითელი არმიის ასი ჯავშანმანქანა და რამდენიმე ელიტური საბრძოლო ქვედანაყოფი შენს შენგდუში და ვინც 15 წელზე პატარა იყო, ყველანი გაეჟუჟა. ამის მერე ვისაც ენა მოუბრუნდება, სამი თერგდალეულის ხვანცალს მამათა და შვილთა ბრძოლა უწოდოს, დაე, მაიკ პორტნოის ბარაბნადამც ქცეულიყოს. ბრძოლა არა ის. ბრძოლა შენგდუში იყო. ხუთი დამცავი კედელი ჰქონდა ქალაქს, ხუთივე ჩამოიქცა. არადა, ჩინელებმა მაგარი კედლები იციან. ამბავი, რა თქმა უნდა, არ გახმაურდა. ზუსტად ამ დროს მაო თავის მემარჯვენე ეკვილიბრს, სატანის გონებაჩამორჩენილ უმცროს ძმას - რიჩარდ ნიქსონს უნდა შეხვედროდა და არ უნდოდა მაგის ისედაც მანგუსტისებრი სიფათი კიდევ ნიშნის მოგების ღიმილით დამანჭულიყო. ამხელა სტრესს პროლეტარიატის დიდი ბელადებიც ვერ უმკლავდებიან. შენგდუზე შთაბეჭდილებების წერით ვიყავი გართული როცა პილოტის კაბინიდან - მგზავრებისკენ ჩინელი სტიუარდესა დაიძრა, მოკლე, მაგრამ ჩქარი ნაბიჯებით. ძალიან სასაცილოდ მოდიოდა, თითქოს სუპერ მარიოს სიარულს იმიტირებდა. ჩინური არყით ვიყავი გაჭყეპილი, თან ორი აბი ლსდ გადავყლაპე აეროპორტში, ლოდინის შესაფერადებლად (დედას გეფიცებით, მაგასაც 'მეიდ ინ ჩაინა~ ეწერა) და ამ სასაცილო სიარულზე ფხუკუნი ამიტყდა. სტიუარდესამ ისე შემომხედა, მეთქი გრენდაიზერივით ლაზერს მესვრის თვალებიდან და საბრძოლო პოზიცია მივიღე, სხივის ასასხლეტად. მაგრამ გრენდაიზერი დილეტანტი როდი გამოდგა. მიკროფონი მოიმარჯვა და ფონეტიკური შეტევის განხორციელება დაიწყო. გამაყრუებელ ხმებს გამოსცემდა - ქილას რომ ესვრი ასფალტს, ისე, რომ რამდენჯერმე ახტეს: ტიანნნ-ტიუნკკ-კუაააა-პონნნნნნნკ. ამ ხმების გაგონებაზე მგზავრებში ჩოჩქოლი ატყდა. აშკარა იყო, იტანჯებოდნენ. რაღაცით უნდა ჩამეხშო ავისმომასწავებელი ბგერები. სხვა გზა არ დარჩა, საიდუმლო იარაღი უნდა მეხმარა - ტექნიკა, რომელსაც ნეპალის მთებში დავეუფლე, დაოისტ ბერებთან როცა ვცხოვრობდი. ტუჩები დაკვერცხებული ბურთის თარგზე მოვმუწე და ამოვიღმუვლე: „ტამა დ ბაისე ჯი ბა"! მანტრამ იმოქმედა, სტიუარდესა მიკროფონს მოწყდა, ჩემსკენ გამოექანა და ახლა უკვე ნოდარ ნათაძის ხმით შეეცადა ჩემს ტვინში შემოღწევას, მაგრამ აცრემლებულ თვალებზე ეტყობოდა, რომ უკვე ძალიან დამესუსტებინა. ის, დამარცხებული და თავლაფდასხმული, ადგილიდან მოწყდა და ისევ პილოტის კაბინაში გაუჩინარდა, ისევ მარიოს ნაბიჯებით. - შენძრეულების ქვეყანა, - ჩავილაპარაკე ჩემთვის, ილუმინატორს ფარდა ჩამოვაფარე, თავქვეშ ქურთუკი ამოვიდე და თვალები დავხუჭე, - მომავალი გაჩერება - საქართველო. - მომავალი გაჩერება - საქართველო, გაჩერება - მომავალი საქართველო, - მომესმა გვერდიდან. თვალები გავახილე. ვიღაც წვერგაუპარსავი ტიპი მეჯდა გვერდით, ფრაკი ეცვა, რომლის სახელოებიდანაც გრავიურებიანი მანჟეტები გადმოეყარა. თმები შუაზე გაეყო, პეტერბურგელი ღიმნაზისტივით. - იმ ქალმა უწყოდა, რომ ტექნიკურის მიზეზის გამოისობით დაშვება სინგაპურს მოგვიწევს. მოვედით თითქმის. ძილად დაბრუნებას აზრი აღარა აქვს, - მითხრა. - უწყოდა არა ის. უნდოდა დავეჩმორებინე, ვერ ნახე, როგორ მომვარდა? - მოგვარდა, რადგანაც თავის მშობლიურს ენაზე უყვირე „წაეთრიე აქედან თეთრო ნაბიჭვაროო", როცა ამბავი თქვა სინგაპურს დაფრენაზედ. - გრიშა, სინგაპური, ბუნდოვნად მახსოვს. სინგაპური, სინგაპური - ამოვილუღლუღე. - ჰო, ეგეც - როგორა თქვი? - „შენძრეულების" აშენებული ქვეყანაა. ჰმ, უცნაურია. რას ვიფიქრებდი, დედამც შემერთოს ცოლადა. - რა არის უცნაური? - ჩინთ წესს დამყნობილი ყველა ერი უცნაური და შენძრეულია, შვილო. განა ამისთვის დავმძიმდი ცხრა გრამით? რად არ მიგდებენ ყურსა? მერე წამაკიმარა. ის კიდევ ლაპარაკს განაგრძობდა. ზუსტად ვერ ვიტყვი, რაები თქვა, აქა-იქ დამამახსოვრდა. სინგაპურზე ყვებოდა. საქართველოსხელააო მოსახლეობითო, ფართით უფრო პატარაო. ვიღაც კუანა ლიუმ თუ ლი კუან იუმ პრემიერის ტახტი იგდო ხელთო სამოცი წლის წინათ და თქვაო: სინგაპურელები უზარმაზარი კომპიუტერების ელექტრონული ჩიპები არიან, რომელსაც სინგაპურის რესპუბლიკა ერქმევაო. მსოფლიოში ყველაზე დიდხანს მაგას ჭერია პრემიერის ტახტი, სანამ თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყებოდა, ეგ იყო უფროსი, მერე თანამდებობა მოიგონა, მინისტრ-მენტორი ქვია, იმად დაჯდა და ცოტა ხნით სხვა დასვა რულთანო. ამასობაში მაგის ბიჭი წამოიჩიტა და ახლა ისაა პრემიერი, თავად კი ისევ მინისტრ-მენტორი გახლავსო. მერე უკვე ბუნდოვნად ჩამესმოდა ცალკეული სიტყვები: კანტორა, მენტორი, მენტი, მანდატური, დასტუკებული მოტორი, სიძვის დიაცთა კლიტორი, ცხვირში თითის პანტური, მოგენატრებათ ვარდის კოკორი, ჩქარა პანჩური, თორემ თუ არა, ერი არის განა, ფუნით თავის ბანა, აავსე ვანა, ვენაზე დაისვი დანა, ეგ ჯობიაო - რაღაც ლექსს ამბობდა მგონი. როცა ძალით ვსწავლობდი, მაშინ ვერ ვიმახსოვრებდი ეგეთებს და მძინარე - მით უმეტეს. ილუმინატორის ფარდის ტკაცუნით აწევამ გამომაფხიზლა. - დახე, აგე სინგაპური. იმ სამს ქალაქს ხედავ, გაკრეჭილი მოლით რომ გამოუყვიათ ერთურთისგან? ეგაა სინგაპური. ერთი ქალაქია ეკონომიკისთვინ, მეორე ტურისტებისთვინ, მესამე კიდევ ხალხის საცხოვრისი. თვითმფრინავი დაჯდა. ნივთების წამოკრეფისას ზურგჩანთა გამეჭედა საბარგულში. როცა დავიხსენი, ჩემი თანამგზავრი აღარ ჩანდა. აეროპორტის გასასვლელშიღა მოვკარი თვალი, იმანაც დამინახა. ახლოს აღარ მოსულა, უბრალოდ მომაძახა: - ჰა, ჰარიფივით არ მოიქცე შოთაჯან, გახსოვდეს, აქ გადაფურთხებას და ქაღალდის დაგდებას თუ გაბედავ, ათასხუთას დოლარიან თამასუქს გაიჩალიჩებ. რომც ვერავინ გხედავდეს, კამერა გიმზერს. - აბა თქვენ იცით, - ესღა დავუყვირე, სხვა არაფერი მომაფიქრდა. - ჰო, კიდევ! იასამნისფერი ორქიდეის ჯიშია, ამათი სამამულო სიმბოლო. ვანდა მის ჯოაკიმი ჰქვიან, ღმერთი არ გაგიწყრეს, ხელი არ წაატანო, თორემ გაგროზგავენ, აქ დღეის სწორამდის აგრე სჯიან. ხო იცი, მამულთან ხუმრობა არ ხამს. - რა ქვია? - ვანდა მის ჯოაკიმი, სხვამეხმა ქალმა გამოიყვანა ასი წლის წინათ, სახელად აგნეს ჯოაკიმი რქმევია, მაგის სოვდაგარი დედა მოვსტყან, დღემდე ნაწოლები მაქვს ზურგზედ! მომაძახა და გაბრუნდა. გაემართა ვიღაც თეთრწვერა კაცისკენ, რომელსაც ცალ ხელში ჯოხი ეჭირა, მეორეში დაფა, წარწერით „სეინტ ილია", თან იკრიჭებოდა და როხროხებდა - გზაა, გზაა! ილია ფაიზაღი მოდის! მე წასასვლელი არსად მქონდა. იქვე პარკში დავეძნეყვე, გავშალე ლეპტოპი და შევედი მოგზაურების საიტზე, ცოუცჰსურფინგ.ორგ მასპინძლის მოსაძებნად. ღამე სადმე უნდა გამეთია, ჩემი რეისი შემდეგ დღემდე არ იქნებოდა. უკვე მოსაღამოვებულიყო, ჩამავალი მზე შუშის შენობებზე ირეკლებოდა და თვალებს მჭრიდა. საწინააღმდეგო მხარეს გავიხედე და ჰოთდოგის გამყიდველი მომხვდა თვალში. ახლაღა ვიგრძენი შიმშილი. საშინელი ნაბახუსევი მქონდა, ნაწილებად ვიშლებოდი, როგორც ამ შუშის შენობების პრიზმაში გატარებული მზის სხივი. დიდი ძალისხმევა დამჭირდა საკუთარი სხეულის ნაწილ-ნაწილ შესაკრებად და მოსათვინიერებლად. ტრაკი ავწიე და ჰოთდოგების გამყიდველისკენ წავლასლასდი. ერთი ჰოთდოგი 30 სინგაპურული დოლარი ღირდა. ფული აეროპორტშივე გადავცვალე. სულ 563 დოლარი გამომივიდა. არა, რა ჰოთდოგი, რამე სხვა უნდა ვიპოვო, უფრო იაფიანი. ავიღე ბარგი და გზას გავუყევი. 15 წუთი ვიარე გზაზე, რომელიც ფილიგრანულად გაკრეჭილ მოლს სერავდა. წინ არაფერი ჩანდა. მოვტრიალდი და ისევ აეროპორტისკენ გავბრუნდი, მწვანე ბალახის ზღვაში მოტივტივე ასფალტის კუნძულზე რომ წამოეჭიმათ. აეროპორტი და რაღაც ადმინისტრაციული შენობები. და ჰოთდოგის გამყიდველი, ვინც ჩემი ბიუჯეტის ლამის შვიდი პროცენტი ამახია ერთ მოცუცქნულ ხორცის ნაგლეჯში. ავიღე ჰოთდოგი და სიმწვანისკენ დავიძარი ღეჭვა-ღეჭვით. ბალახზე მოვკალათდი და ლეპტოპი გავშალე. ყვირილი შემომესმა. პოლიციელი მორბოდა ჩემკენ. თან ყვიროდა „სთენდ აფ"-ო. მეთქი რაღაც ხდება და წამოვხტი. პოლიციელი ზუსტად იმ ხაზთან გაშეშდა, სადაც ასფალტი მთავრდებოდა და მოლი იწყებოდა. უცებ შედგა, მკვეთრად, თითქოს ღმერთმა პაუზის ღილაკს დააჭირა ქვეყნის სამართავ პულტზე. ხმის ჩაწევის წყალობა აღარ გაიღო: მაკარონისებრ-ულვაშიანი პოლიციელი ჯერ ჩინურად, შემდეგ კი ინგლისურად გაყვიროდა, გამაყრუებლად. გააძრო წიგნაკი და რაღაცის წერა დაიწყო. მერე ფურცელი მომიხია და მომაწოდა. დავხედე და გული გამისკდა. ათას ხუთას დოლარიანი ჯარიმა იყო. ამას ვინ ვგონივარ - ე, შენი კონფუცი დედა მოვტყან-მეთქი, ქაღალდი გადავხიე და გულის ჯიბეში ჩავჭმუჭნე. კონფუცი ისევ გაშეშებული იდგა და ჯიბეს დაჰყურებდა. ორიოდ წამში ამომხედა და ახლა მშვიდად, აღმოსავლური მოწიწებით მომმართა: - თქვენ ბირჟაზე მუშაობთ? არა-ს ხომ არ ვეტყოდი, თავი დავუქნიე. - მერე ხომ მოგეხსენებათ სერ, მოლზე გადასვლა აკრძალულია, - მიპასუხა, მერე გაიბადრა და დააყოლა - ვიღაც აბეზარი რომ აღმოჩენილიყავით, სამიათას დოლარს გამოგიწერდით ჯარიმად, აი, ქაღალდის ერთი ნახევი ძირს დავარდა. ან სულაც დაგაპატიმრებდით, - ნაგლეჯს დაწვდა, ჯიბეში ჩაიტენა და დაამატა, - მე არ მიკვირს, როცა გადატვირთვისგან გატეხილ ხალხს ვხედავ. ისევ შენობებისკენ დაიძრა. მე გამოყლევებული ვუყურებდი და ვცდილობდი, მომხდარი გადამეხარშა, თან პარკისკენ მივიწევდი. ნეტი შევამოწმე და ცოუცჰსურფინგ-იდან ვიღაც ტიპის მესიჯი დამხვდა, სახელად ტანგ ვუ. მწერდა, რომ აეროპორტიდან მის სახლამდე დაახლოებით 40 კილომეტრია. სამოსახლო, ე.წ. დორტუარის ქალაქში ცხოვრობს და შანსი არაა, გამომიაროს, ტაქსით, მინიმუმ, 600 დოლარი დაჯდება ორი გზა. თუ მასთან მივალ, ადგილი აქვს და დამიტოვებს. ქვემოთ რაღაც ციფრები ეწერა, ეტყობა - მისამართი. აეროპორტის ტაქსმა დორტუარამდე ჩასაყვანად 550 დოლარი მთხოვა. ესეც გამართული ინგლისურით საუბრობდა, იმ პოლიციელივით. 550 დოლარს ცენტსაც არ აკლებდა. მე ვუთხარი, რომ ვიცოდი სამასი დოლარის ბაზარი იყო. სამასი დოლარი ქალაქის ტაქსებისთვისო. აეროპორტში ეს ფასიაო. 550 დოლარი არც დამრჩა, ჰოთდოგის მერე. რა გინდა, რომ ქნა. მეთქი აქვე დავიძინებ, პარკში, ამის დედაც მოვტყან და ხვალ გავფრინდები. უცებ ყელსაბამშებმული ძაღლი მომიახლოვდა. ეტყობა პატრონი დაკარგა. საცოდავ ხმებს გამოსცემდა, წკმუტუნსაც რომ ვერ დაარქმევ. უფრო, მოგუდულ ხავილს გავდა. >>> გაგრძელება გვ. 108 <<< დასაწყისი გვ. 68
ვერც აღვწერ, ძაღლისგან ეგეთი არაფერი მსმენია. თან ყბას ისე აფართხალებდა, თითქოს ყეფდა. მეგონა ყელში ჰქონდა რაღაც გაჩხერილი და დრუნჩზე დავაკვირდი. უცებ ძაღლის თავისკენ წამოსული ყულფი დავინახე, ავიხედე და ისევ ის დედამოტყნული პოლიციელი არ დგას? თან პირზე სადისტური ღიმილი დასთამაშებს. - ოე, კონფუცი! ვათს, გოინგ ონ - ვუყვირე. - სერ, ეს ძაღლი დღისითაც დავინახე და ვერ დავიჭირე. მთელი ბრიგადა ავაწიოკე, მთელი დღე ეკრანების ყურებაში გავატარე, რომ მეპოვა. - და ავისმომასწავებლად ჩაიბურდღუნა - ახლა სადღა წამივა? - ეს ძაღლი ჩემია. მე დავკარგე დილით, როცა ჩამოვფრინდი. სამსახურში მეჩქარებოდა, ვეღარ მოვძებნე. მეც ამის მოსაძებნად დავბრუნდი. ვიპოვე და მიმყავს. სად მიგყავდათ? - თავშესაფარში, როგორც წესია. ხვალ შუადღემდე თუ არ მოიკითხავდით, დააძინებდნენ. სანამ პოლიციელი პასუხს დაამთავრებდა, დავითრიე ძაღლი და ტრასისკენ გავემართე. იქვე, გაჩერებასთან ჩამოვჯექი. იქნებ ავტობუსისმაგვარმა მაინც გამოიაროს რამემ. ასე შემოგვაღამდა. ეჰ, ჩემო ცუგა. ახლა ჩვენ პარკში უნდა დავბრუნდეთ. თუ იმ მართლა ძაღლმა დაგვინახა, რომ იქ გვძინავს, მიხვდება, რომ მე ვიღაც ბრაძიაგა ვარ, შენსავით. შენ დასაძინებლად წაგიყვანს, მე იმხელა ჩეკს ამარტყამს, ცხოვრებაში რომ ვერ გადავიხდი და ვიღაც ნაკოლკიანი სინგაპურელი შტანგისტის ნაშა გავხდები ზონაზე. დაგვენძრა. DEUX EX MACHINE, ღმერთი მანქანიდან, ღმერთი კადილაკით, როგორც ბებერი სტივენ კინგი იტყოდა - ასე ქვია, როცა უიმედო მდგომარეობაში აღმოჩენილ გმირს სიუჟეტის განვითარება-გადაწყვეტისთვის ახალი გზა ეხსნება, რაღაც ღვთაებრივი ჩარევით. მაგალითად, როცა სუპერგმირი ადამიანი-ფანტომი უპილოტო, მწყობრიდან გამოსულ თვითმფრინავშია და თვითმფრინავი ეს-ესაა ვარდნას დაიწყებს, და უცებ, საიდანღაც, ერთ-ერთი სავარძლის ქვეშ პარაშუტი აღმოჩნდება. მაგარია ხო? ფეხებთან მანქანამ მომიჩერა. მძღოლმა გვერდზე მჯდომი ხელში აიტაცა და უკანა სავარძელზე მოისროლა. კარი ნელა გაიღო. მე ჯერ მძღოლს შევხედავ, მერე ჩაბნელებული უკანა სავარძლისკენ გავიხედები. პინგ-პონგის მსაჯივით ვაცეცებ თვალებს. - შეიძლება, მიმიხვდნენ, რომ ცოცხალი არაა, - გაისმა მანქანიდან, - დაჯექი. ფსიქოლოგია ადამიანებს სამ ჯგუფად ყოფს, იმის მიხედვით, როგორ რეაგირებენ საფრთხეზე. ზოგი გარბის, ზოგი შეშდება, ზოგი შეტევაზე გადადის. მე ამ სამიდან ყველაზე დებილური და გაუმართლებელი ინსტინქტი მაქვს. ვშეშდები. ჰოდა, გავშეშდი. წარმოიდგინე, მანქანიდან გიყურებს ვიღაც გრძელთმიანი, სლავური გარეგნობის კლიენტი. არა, გარეგნობით საშიში არ ეთქმის, პირიქით, ზედმეტად მშვიდი და სანდომიანია. ჰო, სანდომიანი, ალბათ, იმასაც ესიმპათიურა, უკანა სავარძელზე რომ აგდია ახლა. მძღოლმა გადაიხარხარა. - პირველად ჩამოხვედი აქ? - გაიცანი, ეს ჩემი ალტერ-ეგოა, მოფერებით ფედიას ვეძახი, - ხელი უკანა სავარძელზე გადაყო და თანამგზავრს ამოახედა. მანეკენი ყოფილა. - კანონია აქ ეგეთი, ექვსი საათის მერე თანამგზავრის გარეშე სიარული არ შეიძლება. გზები რომ არ გადაიჭედოს. ჯარიმაა ათას ხუთასი დოლარი, ჩემი ნახევარი თვის ხელფასი, - რუსულად მეუბნება, - არ ვაჩერებ ხოლმე, მაგრამ გიყურებ, კავკასიელი ხარ. ფაქტობრივად, ზემლიაკი. ჩვენ ყველანი საბჭოთა კავშირში გაგვაკეთეს. მე გავუღიმე და სავარძელში მოვთავსდი. - ძაღლს წამოვიყვან. - დავაი! - მითხრა და მანქანა დაძრა. - აქ ვიპოვე, შემეცოდა, მოკვლას უპირებდნენ. ისე, სტრანი ძაღლია. სულ რაღაცას ლუღლუღებს. კარგი ვინმეა. დროა, სახელი დავარქვა. - შეგიძლია 'პარასკევა~ დაარქვა, მაგასაც ენა აქვს მოჭრილი, როგორც 'პარასკევას~ კუტზეეს „მისტერ ფო"-დან. - ენა? - ნუ, ფიგურალურად კი ნუ გაიგებ, ხმის იოგები ამოაჭრეს. აქ ყველა ძაღლს ეგრე უშვებიან, წესრიგი უყვართ. ძაღლმა დიდი, წყლიანი თვალებით შემომხედა. - აი, იმ ბანერს ხედავ? - დიდ ეკრანზე გზების აბლაბუდა ეხატა, ზედ მანათობელი წერტილებით, - ეგეც წესრიგისთვისაა. ყველა მანქანას აქვს დატჩიკი. ყველამ იცის, ვინ სად დადის. ცოტა ხნის მერე უხერხული სიჩუმე ისევ თვითონ დაარღვია: - ფოკუსი გინდა? ამის თქმა იყო და საშინელი ხმა გაისმა, თითქოს გოძილა მომეპარა და შიგ ყურში ჩამაკუა. პარასკევა ისე შეხტა, რომ კინაღამ ფანჯრიდან ისკუპა. - 80-ს როგორც კი გადააცილებ, ეს ხმა დაგაყრუებს. აქ ყველა მანქანა ეგრეა. ეგეც ჩამონტაჟებულია. ყველაფერი ჩამონტაჟებულია. - ნე ხუია სებე! - თავიდან ძნელია, მიეჩვიო. რომ ჩამოვედი გამიჭირდა. მერე მუშაობას იწყებ, ცოტა ფული გაგიჩნდება და ყველაფერს ეჩვევი. თან ფიქრის და პრეტენზიების დრო არც გრჩება. გასართობებიც არის, კაზინოა უამრავი. ჩინელს მოფსმას გადააჩვევ, თამაშს ვერა... შენ საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ? ფურცლის ნაგლეჯზე მიწერილი მისამართი გავუწოდე: - აქ მივდივარ, აღმოსავლეთიდან მოვდივარ. - აღმოსავლეთი, - გაიღიმა, რაღაც გაახსენდა, - მეათე კლასში ვარ, ლენინგრადის პირველ გიმნაზიაში. კარგი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ქიმია არ მევასებოდა. ერთი გოგო იყო რა, პალესტინელი, აქსა ერქვა, პატარა შური-მური მქონდა. ეგ მიწერდა ქიმიის საკონტროლოებს, სულ ხუთიანებს ვიღებდი. სხვა არაფერი იცოდა, ქიმია და თაყვანისცემა მარტო. ქიმიის სწავლას მამამისი აძალებდა. ოჯახში ერთი ექიმი რომ უნდა იყოს, ისე, პალესტინურ ოჯახში ერთი პროფი ამფეთქებელი უნდა იყოს. მეთერთმეტე კლასში სხვა სკოლაში გადამიყვანეს. იქ სხვა გოგო დამხვდა, ადა. კაი გოგო იყო, ისრაელიდან. ჰოდა, მე ადას რუსულ ენასა და ლიტერატურაში ვეხმარებოდი, ეგ - ქიმიაში. - აქსას დაადე? - არა, აქსაც მიყვარდა. ბოლოს ისე მოხდა, რომ ქიმიაში ჩემი მიღწევებით მოხიბლულმა დირექტორატმა ოლიმპიადაში ჩამწერა მონაწილეობის მისაღებად, ადასთან ერთად. ზაკონ პოდლოსწი. ოლიმპიადაზე, იასნა, აქსაც გაიჩითა. ჰოდა, აქსამ არაორგანული ქიმია დამიწერა, ადამ ორგანული. მე ფიგარო არა ვარ. ეგრევე გასკდა ამბავი. გოგოები დაეჯახნენ და იძულებული ვიყავი ამერჩია. ან ადა, ან აქსა. - მერე? შემომხედა, მარცხენა ხელით საჭეს დაეყრდნო და გამიცინა. - მერე ის, რომ ამ არჩევანმა განაპირობა მთელი ჩემი შემდგომი პოლიტიკური პრეფერენციები. ამასობაში რაღაც ქალაქში შევედით. სადაც არ გაიხედავდი, ყველგან ხელოვნური ჩანჩქერები და შადრევნები მოგხვდებოდა თვალში. ერთი უცნაური შადრევანი იყო, ლომის თავით და თევზის კუდით. კუდი დოინჯივით შემოერტყა. პირიდან ასხამდა წყალს, თითქოს ნაპორით არწყევდა. საცოდავი სანახავი იყო. - ეს მერლიონია. სინგაპურის ძლიერების სიმბოლო. ხშირად ნახავ. - დიდი ხანია, აქ ცხოვრობ? - ოცი წელია უკვე. რუსეთში გამომცემლობაში ვმუშაობდი, მერე რადიო ჟურნალისტობა დავიწყე. მაგარი გადაცემა მქონდა, "ეფ ემ დოსტოევსკი", იქიდან ტელევიზიაში მოვხვდი. ქვეყანა რომ აირია უკვე აქ ვიყავი, ინტერნად. დარჩენის შანსი გამიჩნდა და დავრჩი. მოქალაქეობის მიღება მაშინ ძალიან ადვილი იყო. დემოგრაფიული პრობლემა აქვთ, ერი ბერდება, ახალი სისხლი უნდოდათ. - მე ვიცოდი რომ პირიქით, ბავშვებზეა ლიმიტი. - ჰო ეგრეა. აკრძალულია ღარიბებისთვის. მდიდრებში წახალისებულია ორი შვილის ყოლა, მაგრამ მდიდრები პენსიის გამო შვილს გააჩენენ? მაგათ ისედაც აქვთ ფული. თუ მდიდარი არ ხარ და უკვე ერთი შვილი გააგორე, პერიოდულად პოლიცია გირეკავს საღამოობით - გახსენებს, რომ პრეზერვატივი გაიკეთო. - ჰა? - ჰო, არ აიღებ და შენი აჯობებს. მე, მაგალითად, სტერილიზაცია გავიკეთე. სტერილიზაციას თუ გაიკეთებ, კარგი პენსია გენიშნება. ლი კუან იუ ფიქრობს, რომ ჯობია ქვეყანაში ცოტა ბავშვი გყავდეს, რომ კარგი განათლება მისცე. ერის დაბერებასთან ბრძოლა კი გრამატნი ახალგაზრდების ჩამოსახლებით შეიძლება. ვინც წერა-კითხვა და ინგლისური არ იცის, იმას აღარც ეკითხებიან, ისე უკეთებენ ვაზექტომიას. - სად მუშაობ? - აეროპორტში, დისპეტჩერად. ჟურნალისტიკასაც ვეღარ გავყევი. ორივე მთავარ თემაზე აკრძალულია ლაპარაკი: პოლიტიკაზეც და სექსზეც. რახან ბოლოს ყველაფერი ამ ორზე დადის, ჯობია, საერთოდ არ ილაპარაკო. ლაპარაკში ქალაქს გავცდით. ისევ გაკრეჭილი ბალახის ზღვა და ერთი გზა შემდეგ კუნძულამდე მისაცურად. - კარგია, რომ ნაცნობი აღმოგაჩნდა. ისე, 560 დოლარი ერთი ღამის გასათევად არ გეყოფოდა. ჯობია შენს მასპინძელს დაურეკო უკვე. ყველა სადარბაზოს თავისი მცველი ჰყავს და უცხოებს არ უშვებენ. გარეთ დაგხვდეს, ხუთ წუთში მივალთ, - მითხრა და მობილური გამომიწოდა. მე ნომერი ავკრიფე. ტანგმა მითხრა, რომ ხუთ წუთში ჩამოვიდოდა. - ფიოდორ, არ გინდა აქედან წახვიდე? არ გგუდავს ეს კეთილსურნელოვანი ხელოვნური ორქიდეები? - რატომ წავიდე? ახალგაზრდა არ ვარ, რომ ვიხულიგნო. სიმკაცრეა, სამაგიეროდ, წესრიგია. რუსეთში განა შემეძლება დასვენების დღეებში კაზინოში ვიარო? იქ ყველა პარკი ნაგავსაყრელია. მე ეს ოქროს გალია მირჩევნია. ტანგის კორპუსთან გავჩერდით. უკანა სავარძლიდან ფედია გადმოვიყვანე, ვითომ ადამიანია, კამერებისთვის თვალის ასაბმელად, და წინ დავსვი. გამომშვიდობებისას ფიოდორი ჭოჭმანობდა, ბოლოს გაბედა: - შოთა, პარასკევას შენ მაინც ვერ მოუვლი აქ. მე წავიყვან. ბუძეტ ს კემ პაგავარიწ. - აბშაიწეს ნა ზდაროვიე! - ვუპასუხე ღიმილით და ხელი ჩამოვართვი. ტანგ ვუ ჩემზე სამი წლით დიდი ყოფილა. ეგეთი დარტყმული იშვიათად შეგხვდება კაცს. დასახვედრად ისე გამოვიდა, რომ მაისურის მაგივრად შარვალი ეცვა, შარვლის მაგივრად კი პიჯაკი. ეგრევე შემომიტია, რაო, გაგიტყდა ბრინჯიჭამია ტერმიტი რომ არ დაგხვდაო? რომ დამერწმუნებინა, როგორ ყლეზე მეკიდა რა ეცვა, ფეხზე გავიხადე და წინდით პეპელა გავიკეთე საყელოზე. ეგრე შევედი სადარბაზოში. ჯერ კამერებს მიმოავლო თვალი, მერე კარისკაცს შეხედა, პირი ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა: არა უშავს, რომ თეთრი ხარ. იცოდე, მიყვარხარ, - მერე ხმამაღლა დაიყვირა, - მე ყველანი მიყვარხართ! ბინაში რომ ავედით, მიბრძანა, ფეხზე გაიხადეო. მეგონა მეკაიფებოდა, სახლი ჯუნგლებს ჰგავდა. იატაკზე მკვდარი ოქროს თევზები ეყარა, გადმოყირავებული კარადა მაგიდად გადაეკეთებინა, ტუალეტიდან შლანგი გამოდიოდა. ერთი ბოლო უნიტაზში ჩაეყო, მეორე ბოლო ეგდო ტელევიზორთან, რომელიც ტანგს გამოეფატრა და ეკრანის მაგივრად სარკე ჩაესვა. ჭერზე, ჭაღის ადგილზე, შეღებილი დევიდ ბოუის პორტრეტი ეკიდა. ამ სახლიდან მგონი ნაგავი არასდროს გაეტანათ. ყველაფერი იატაკზე იყო მიმოფანტული. - გაიხადე მეთქი! რატომ არ გინდათ პატივი სცეთ წესს! ეს ისტერიკა აღარ მომეწონა. კარისკენ შევტრიალდი წასასვლელად. - არ მოიხედო, მარილის სვეტად იქცევი! მეთქი ახლა ამას ვაჩვენებ სვეტს, ინსტიქტურად საყელოზე წინდა მოვიღეღე, იმის საჩვენებლად, რომ არ ვხუმრობდი და მოვტრიალდი. მოვტრიალდი და მარილის სვეტად ვიქეცი. მოვტრიალდი და მივხვდი, რატომ მოიმკვდარუნა ლოტის ცოლმა თავი, როცა გომორელებმა დიდი ფოიერვერკი მოაწყვეს ამ ბებერი ტვინისტყვნა მქადაგებლის ქალაქიდან გასატყუებლად, თვითონ რომ აღარ უდგებოდა და არც სხვას აცლიდა. ცოდვილი ტანგ ვუ მიღიმოდა და კაი გაძეძგილ მოსაწევს მიმიზნებდა. ფეხზე გავიხადე. ოთახში შევედი. დავჯექი. მთელი კვირა ასე ვიჯექი. საჭმელი იყო, წიგნები იყო, მოსაწევი იყო. ერთი ის ტეხავდა, რომ ტანგმა მოკიდება არ გამაზა, სულ მამადლიდა, ამისთვის სიკვდილით სჯიანო. თითქმის სულ გარეთ იყო, გარდა იმ დროისა, როცა თავს იხატავდა. მოიტანდა რაღაც ლანდშაფტის ან შენობის სურათს და ზუსტად ისეთ ფერებს გადაიტანდა სხეულზე. გავიდოდა გარეთ და ობიექტს შეერწყმებოდა. მართლა ძნელად გაარჩევდი. საათობით იდგა ასე, გაუნძრევლად. არ ვეკითხებოდი, რატომ აკეთებდა ამას. მივეჩვიე, რომ დაყლევებული იყო. ზუსტად ასეთი მომწონდა. ტანგ ვუ 5 წლიდან ხატავდა. არ გაუმართლა, მესამე ბავშვი იყო ოჯახში. მშობლები ბუდისტები იყვნენ და ბავშვი ვერ მოიშორეს, თუმცაღა ვერც გაზრდიდნენ, მეორე ბავშვზე გადასახადს ძლივს აუდიოდნენ. სამშობიაროშივე დაუტოვებიათ და კალათაში წერილი ჩაუდიათ, სადაც მდგომარეობას აღწერდნენ, ბოდიშს იხდიდნენ. წერილს ხელმოწერა არ ჰქონდა, პოლიციას რომ არ მიეგნო. ეს წერილი ახლა ფანჯარაზე იყო გაკრული. ტანგ ვუ ხუთ წლამდე ინტერნატში იზრდებოდა, მერე ვიღაცამ იშვილა. იშვილა კი არა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, იყიდა. უფრო სწორად, თავის ყლეს უყიდა. 12 წლიდან სახლიდან გამოიქცა. მამობილს დაემუქრა, გიჩივლებ და სიკვდილით დაგსჯიანო. იმის მერე მამობილი ფულს უგზავნიდა. ამით ცხოვრობდა ტანგი. ხელოვნების სკოლაში ჩააბარა, ჰონგ-კონგში, მაგრამ მალევე შეწყვიტა სწავლა, სინგაპურში დაბრუნდა და ცხოვრება განაგრძო. ერთი ღამის კლუბი არის, ზოუკი. პრესტიჟულ უბანშია და ძალიან პოპულარულია ტურისტებსა თუ ადგილობრივ ბურჟუებს შორის. იქიდან გამოვედით, მაგრამ სახლში წასვლა არ მინდოდა. ტანგს ვუთხარი, დავლიოთ-მეთქი. არ მინდაო, მეძინებაო, შენ თუ გინდა, წადიო და რაღაც კლუბი მიმასწავლა, ექსკლუზიურად უცხოელებისთვის. მდიდარი უცხოელებისთვის. კარგა ხანს ვეხვეწე, წამომყოლოდა. ბოლოს ნერვები მომეშალა და რაღაცეები ვუთხარი, ახლა მაგრად ვნანობ. მივაძახე, რაც არ უნდა ბევრი საღებავი შეისხა პროჭში, მაინც ამათნაირი ნაცრისფერი კაცი დარჩები-მეთქი. მე მეგონა გაბრაზდებოდა. ტანგმა კი პირიქით, კეთილად გამიღიმა და მითხრა: - გახსოვს, რა სახე გქონდა თავზე შარვალჩამოცმული რომ დაგხვდი? ადრე ეგრე დავდიოდი ქუჩაში. ვპროვოკატორობდი. პროტესტი მქონდა, რომ ისე ვერ ვცხოვრობდი, როგორც სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ ადამიანები. როცა შორტების ჩაცმაზე 1500 დოლარიანი ჯარიმაა, საერთოდ რა ცხოვრებაზეა ლაპარაკი. მე კანონს არ ვარღვევდი, გრძელი შარვალი მეცვა, მაგრამ მეცვა თავზე. ვუცემივართ კიდეც, დავუპატიმრებივართ კიდეც, გაროზგვაც მოუსჯიათ, მაგრამ არ დავუჯარიმებივართ. ახლა საკუთარი თავისთვის რაღაცეების დამტკიცებას შევეშვი. უბრალოდ, ხალხს მინდა ვანახო, როგორ ქრება ადამიანი. როგორ იკარგება ამ ხელოვნურ ბაღებს, შენობებს, გზებს შორის. ჩვენგან ემოციები განდევნეს. ახლა უბრალოდ ხიჭვი ვართ, რომელიმე ლამაზი პეიზაჟის ტრაკში. ასეთ ყოფნას ჯობია, არ იყო. ჰოდა, მეც ვქრები, ქამელეონივით. - რატომ არ დაიკიდებ? რატომ არ აითესები ამ ყლეობიდან? - სად წავიდე? ან რომ წავიდე, რა? აქ არავინ მაინც ვარ, კაცი, რომელიც ქრება. სხვაგან ეგეც ვერ ვიქნები. ან თუ ვიქნები, რას ვიტყვი ამით? ვის რად უნდა საფრანგეთში ჩემი გაქრობა? თუ წასვლაა, საფრანგეთში უნდა წახვიდე, სკანდინავიაში უნდა წახვიდე. იქ უნდა წახვიდე, სადაც ადამიანები იზრდებიან, კი არ პატარავდებიან. სხვა ყველაფერი ან ვერშემდგარი სინგაპურია, ან ვერშემდგარი ჩინეთი. და ეს ორიც ერთი ყლეა. წავედი, დავიძინე. წავიდა და დაიძინა. მე ბუკიტ ტიმაჰს ქუჩისკენ ავიღე გეზი. კლუბი დიდი არაფერი, ერთი ჩვეულებრივი ბორდელი იყო მდიდრებისთვის. სტამბულშიც ბევრია ზუსტად ასეთი. ბართან დავჯექი და ლუდი მოვითხოვე. ტანგთან ლაპარაკის მერე ჟიმაობის არც სურვილი მქონდა, არც ფული. ვუყურებდი, როგორ ებღლარძუნებოდნენ ვოლ-სტრიტ ვარსკვლავთბიჭუნები ყველა შესაძლო ეთნოსის გოგონებს. ზოგი უკვე ჭარმაგი იყო და ჭუჭუს ქელეხს უხდიდა, ზოგიც ჯერ კიდევ ბრგე ახალგაზრდა, ისეთი, მუწუკები რომ ამოსდით გაპარსული წვერის ადგილას, მაგრამ მაინც ჯიუტად იპარსავენ. ოქროს ქუსლებზე შემდგარი ლილიპუტების სამყაროში ჯობია, მუწუკები გიფარავდეს სახეს, ვიდრე წვერი. - ორი ლუდი. ჩემთვის და ჩემი ახალი მეგობრისთვის! - ხმაურიანად მომიჯდა ვიღაც. საგანგებოდ გაუთოებულ პერანგში ისე გამოიყურებოდა, როგორც მენაგვე ალღუმზე. - მადლობა, - ვუთხარი და ზაუმნი სიფათი დავკერე. ვითომ რაღაცაზე ვფიქრობდი და საუბრისთვის არ მეცალა. - აი, მესმის. სამი წელი მეც ეგრე ვიმუშავე, ახლა უკვე შემიძლია, შაბათ-კვირობით მოვეშვა. მე ჯონი მქვია. მეგობრები კონსულს მეძახიან. კონსული გპატიჟებთ, - ტაბლეტი გამომიწოდა, რაღაც ბარბიტურატს ჰგავდა. - სასიამოვნოა, კონსულ, - გამოვართვი. - კონსულს იმიტომ, რომ თუ რამე ქვეყანაში რამე საფონდო ბირჟის რამე უჯრედი არსებობს, ყველგან ვყოფილვარ, ყველგან კარგად წარმიდგენია ჩემი კორპორაცია. ყველგან მომიგია. აღარაფერი ვუპასუხე, მზერა ისევ მობღლარძუნეებზე გადავიტანე. ამაზრზენი სანახავები იყვნენ. ტაბლეტი ენის ქვეშ ჩავიდე და ლუდი დავაყოლე. - მაგარი ადგილია, არა? აქ ყველაფერია. არ გინდა, ერთი გოგო დავითრიოთ? - არა, ჯონიბოი, რაღაც არ ვარ ხასიათზე, ლუდიც მეყოფა, დიდი მადლობა. - შენ ახალი შეგრძნებები გინდა. რასაც თვეობით ვერ აკეთებ, ერთ დღეში უნდა აინაზღაურო, თორემ გადაიწვები. რა გგონია, აქამდე როგორ მოვატანე? - თავი ახლოს მოიტანა, თვალი თვალში გამიყარა და დაბალ ხმაზე გააგრძელა, - ბიჭი? - ეს პატარა ბიჭი? - ვკითხე და ვიგრძენი როგორ წამოვიდა სიცივე ფეხებიდან. ფეხებმა ფართხალი დაიწყო, ბაქანზე ამოგდებული თევზის კუდივით. - ჰო, პატარა ბიჭი. პატარა ეძახე და ჩემი მკლავის სისქე განავალი აქვთ. სიცივე წელამდე ამოვიდა. ტანი გამიხევდა. დამბურძგლა. ისე დამბურძგლა, რომ რაც მქონდა, ის ბურძგლები, აღარ მეყო და ახლები ამოვიდა. მთელი ტანი ბალნით დამეფარა. ფეხებზე დავიხედე და თევზის კუდს ვხედავ, ხელებზე დავიხედე და - თათებს. დამენძრა. მერლიონის ქანდაკებად ვიქცევი. ლომთევზად. სინგაპურის სიმბოლოდ. სხეულის სიღრმიდან ზემოთ მომავალი წყალიც ვიგრძენი. ყელი. პირი. და ჭავლმაც ამოხეთქა. ჯონის ლუდის ჭიქაში ჩაიღვარა. მე სკამიდან წამოვხტი და გარეთ გამოვვარდი. კონსული ფეხდაფეხ მომყვა, ყვირილით. - გაჩერდი! გაჩერდი! ყველა უნდა მოინათლოს! ყველა მოგვნათლეს ფრეშმენობისას! გაჩერდი, გაიგე! ჩვენია აქაურობა! ჩემია! არწყიე, მერე რა? ხმის ამოღებას ვინ გაბედავს! ჩვენ ვართ აქ უფროსები! მე ვარ აქ უფროსი! მე ვაქციე ეს ქვეყანა აზიურ ვეფხვად! მე ვაქციე გლეხების სინგაპური ცხოვრების დონით მეორე ქვეყანად აზიაში! რობოტ იაპონელებსაც გავუსწრებთ მალე! მე გავზარდე ამათი მთლიანი შიდა პროდუქტი! - პირი გაუშრა, ნარწყევიანი ლუდი გადაკრა და კათხა ასფალტზე დაახეთქა, - მე, გესმის? მე! მშპ მსოფლიოში მესამე! ეკონომიკური სასწაული! სასწაულებს ღმერთები ახდენენ და მე ღმერთი ვარ! მე ღმერთი ვარ! გავრბოდი და აღარ მესმოდა, რას ყვიროდა. რომელიღაც სკვერს შევაფარე თავი. დილით სკამზე გამეღვიძა. პოლიციელი მადგა თავზე. ავდექი, მოვუბოდიშე, ვუთხარი, რომ ბირჟაზე ვმუშაობდი და სახლისკენ წამოვედი. ტანგ ვუ დილიდანვე „გასაქრობად" გასული დამხვდა. ფურცელი ვერ ვიპოვე. ფანჯრიდან მოვხსენი მისი მშობლების წერილი და უკანა მხარეს დავაწერე: ტანგ ვუ, არ მინდა სინგაპურში. სახლში მინდა, საქართველოში. აღარ ვიცი, სხვა რა დავწერო. აი, ჩემი ემაილ. მომწერე ხოლმე. გამიხარდება თუ თბილისში ჩამოხვალ. მალე აქაც შესაძლებელი იქნება გაქრობა. სამი დღის წინ მივიღე წერილი სინგაპურიდან. იწერებიან, რომ ტანგ ვუ მოკვდა. მოლს შეერწყა და ბალახის საკრეჭმა თავზე გადაუარა. არც განძრეულა, რომ გაცლოდა მანქანას. ჩემი წერილი უნახავთ ფანჯარაზე და მომწერეს. ეს შენ გეძღვნება, ტანგ ვუ, სადაც არ უნდა იყო!
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი