|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
Love me tenderაბელარი და ელოიზა
მინდა, მადლობით დავიწყო: მადლობა რუსთაველს, „ვეფხისტყაოსნის" ბოლოში არავინ რომ არ დახოცა. „ვისრამიანშიც", სპარსულად ისე ლამაზად რომ ჟღერს: „ვეის ო რამინ"! ათასი ვაის და უის მერე, შმაგი მიჯნურები ცოცხლები დარჩნენ (და ორი ბიჭიც გააჩინეს). მრავალგვერდიანი თხრობის მერე დიდი შვებაა მკითხველისათვის. დასავლური შუასაუკუნეების ტრადიცია კი სასიყვარულო ისტორიისაგან კათარზისს სამარის კართან შემდგარ ფინალში ხედავდა. ევროპულ ლიტერატურაში სამი მთავარი სასიყვარულო წყვილია: ტრისტანი და იზოლდა, რომეო და ჯულიეტა, აბელარი და ელოიზა. პირველი ორისაგან განსხვავებით, (რომლებიც უმწიკვლოდ იქნენ ჩასახულნი მწერალთა წარმოსახვაში), აბელარი და ელოიზა ხორციელი ცოდვის ნაყოფები იყვნენ. აბელარმა თავისი „ბნედა, კვდომა, დაგვა და ალვა" თავად გაგვანდო ავტობიოგრაფიულ რომანში „HISTORIA CALAMITATUM", ანუ „ჩემი უბედურებების ისტორია". (წიგნი, მიუხედავად იმისა, რომ 800 წლისაა, სამწუხაროდ, ჯერაც არ არის ნათარგმნი ქართულად. გამომცემლებო! კარგ საქმესაც გააკეთებთ და სარგებელსაც ნახავთ; ერთი ამოსუნთქვით იკითხება). „უბედურებებმა" ავტორის სიცოცხლეშივე მოიპოვეს გამოძახილი ლათინურს ნაზიარებ ევროპელთა გულებში. მოგვიანებით მონათხრობს შეყვარებულების შვიდწლიანი მიმოწერაც დაურთეს თან. მეთორმეტე საუკუნის ბოლოს კი ლათინურიდან ხალხურ, ანუ ფრანგულ ენაზე თარგმნეს, და მას მერე ცხრა საუკუნეა „HISTORIA CALAMITATUM" ევროპული სასიყვარულო რომანების ტოპ-სიაში შედის.
მაგრამ მე ამ ისტორიაში სიყვარული კი არა, გენდერული პრობლემატიკა უფრო მაინტერესებს...
შუასაუკუნეების სულისშემძვრელი ლავსთორი არის ასეთი ფრაზა: ნახო პარიზი და მერე თუნდაც მოკვდე. მეთორმეტე საუკუნეში შეიძლებოდა, გენახა პარიზი და საშინელ სუნს გაეგუდე. კანალიზაციის ნაცვლად - ღამის ქოთანი, ფანჯარა, ქუჩა. ამასთან ერთად, წლობით არ ბანაობდნენ (სწამდათ, რომ ხშირი დაბანა ჯანმრთელობას ვნებს). ეძინათ მჯდომარე მდგომარეობაში (დაწოლილ ძილს არაჯანსაღად მიიჩნევდნენ). სპეციალური საფხანით იძრობდნენ ტილებს (იმ ეპოქის აქსესუარი), და ტოვებდნენ ამ სამყაროს ისე, რომ ერთხელაც არ ჰქონდათ ნათამაშები ფეხბურთი, არ ჰქონდათ გასინჯული შოკოლადი (არც ცხელი, და არც არანაირი). მაგრამ! რაც შეეხება ხორციელ ვნებას... აი, მოისმინეთ მე-12 საუკუნის მამაკაცის აღსარება. ეს ისტორია, „მსმენელთა გულისა გასაგმირალი", და „ყურნიცა რომ დავალდებიან", მამაკაცური ღირსების მოკვეთით, (ანუ დასაჭურისებით) დამთავრდა. ამ ამბავმა მეთორმეტე საუკუნის დაუბანელი ევროპა შეძრა. მერე იყო მეცამეტე საუკუნე, მეთოთხმეტე... მაგრამ ინტერესი ამ წყვილის მიმართ არ ნელდებოდა. პირიქით! ...აბელარი და ელოიზა ერთ აკლდამაში დაკრძალეს. სამი საუკუნის შემდეგ, მეთხუთმეტეში, ნეშტები ამოიღეს და საერთო კუბოში ჩაასვენეს. მხოლოდ თხელი ტყვიის გამყოფიღა იყო მათ შორის. საფრანგეთის რევოლუციის დროს იაკობინელებმა, აღვსილებმა „კეთილშობილი" სულისკვეთებით მოეშთოთ „ოპიუმი ხალხისათვის", გაძარცვეს სავანე, სადაც შეყვარებულთა ნეშტები განისვენებდნენ. წმინდა სამების ქვის გამოსახულებაც კი დაამსხვრიეს, როგორც ცრურწმენის სიმბოლო. მხოლოდ აბელარისა და ელოიზასთვის არ უხლიათ ხელი (როგორც წერდა ცნობილი მკვლევარი ტკაჩევსკი: „ალბათ, იმიტომ, რომ ახალი რაციონალისტები სენტიმენტალურები იყვნენ, ნერვიულად მგრძნობიარენი"). წერტილი ამ ისტორიაში ნაპოლეონმა დასვა: როგორც კი კონსული გახდა, გასცა ბრძანება „გონების სიწმინდე" (ასე იხსენიებდნენ აბელარს), პარიზში გადმოესვენებინათ. ...ის, რაც ოდესღაც იყო აბელარი, და იყო ელოიზა, ერთად დაასვენეს. ამჯერად უკვე სრულიად უშუალო, მაგრამ, ვაი, რომ შვიდასი წლის შემდეგ ყოველგვარ ეროტიულობას მოკლებულ სიახლოვეში. პიერ ლაშეზის სასაფლაოს პატარა სამლოცველოს თავზე (სადაც ისინი დღესაც განისვენებენ ძვლებმიხუტებულები), აბელარისა და ელოიზას სახელები ამოტვიფრეს და გააკეთეს წარწერა: „ აწ ერთად სამარადისოდ". ძალიან გულის ამაჩუყებელია... ცხოვრება კი ულმობელია. ზოგჯერ ის, რაც იწყება როგორც გართობა და თამაში, და „ვაუ, რა კარგია!", კატასტროფით შეიძლება დასრულდეს. მაგალითად, დასაჭურისებით. რა შეიძლება ამ ისტორიიდან გამოიტანოს კაცმა? ნათქვამია, ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, სულელები კი თავისაზეო (მე ვიტყოდი, ზოგჯერ არც სხვისაზე გამოგდის სწავლა, და არც საკუთარზე...) მაგრამ ეს ისტორია, ერთი მხრივ, ძალიან გულისამაჩუყებელია, მეორე მხრივ კი, ჭკუის სასწავლებელი. ყველა დროს თავისი უცნაურობები სჭირს ასე არიან ადამიანები: მოიგონებენ თავიანთთვის ათასგვარ წესებს, ჩვეულებებს და აკრძალვებს, და მერე იტანჯებიან ამით, სანამ მთლად გაუსაძლისი არ გახდება. მერე აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო. მეთორმეტე საუკუნეში თავისი უცნაურობები სჭირდათ. ეს იყო პირველი ჯვაროსნული ომების ეპოქა. ბებერი ევროპა მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო და მოჭარბებული ენერგიის გასავალს ეძებდა. მოსახლეობის ერთი ნაწილი ბრძოლის ველებზე და რაინდულ ტურნირში ჰპოვებდა განტვირთვას, მეორე კი, ფიზიკურად უფრო მჭლე და გონებრივად უფრო განვითარებული, ინტელექტუალურ ბატალიებში. იმ ეპოქაში ფილოსოფია ისეთივე პოპულარული იყო, როგორც შოუ ბიზნესი ჩვენს დროში. რომ წარმოვიდგინოთ, რაოდენ დიდი იყო „სიბრძნის სიყვარული", აი, ასეთი მაგალითი: აბელარს (ის კი სწორედ ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი იყო) თავის ყოფილ მასწავლებელთან დისპუტი ჰქონდა. მოხდა ისე, რომ მას პარიზის დატოვება და შემოგარენში გადასახლება მოუწია. მაგრამ ამის გამო დისპუტი არ შენელებულა: რამდენიმე ასეული სტუდენტი ყოველდღიურად ათობით მილს გადიოდა პარიზიდან შემოგარენში და უკან, რომ აბელარის კონტრარგუმენტები მოესმინათ მისი ოპონენტის პოსტულატებზე. აი, ასეთი იყო ცოდნისაკენ სწრაფვა. ამავდროულად, კათოლიკური ეკლესია აგრესიული არატოლერანტობის ფაზაში შედიოდა, რაც მოგვიანებით ინკვიზიციაში გადაიზარდა. მერე კოცონზე აჰყავდათ განურჩევლად ყველაფრისათვის, იმისათვისაც კი, რომ დედამიწა მრგვალია და ტრიალებს. (რატომღაც ეს რელიგიურ გრძნობას შეურაცხყოფდა). მაგრამ ყველაზე შეურაცხმყოფელი, რა თქმა უნდა, სექსია. ამიტომ, იმ მოვლენებამდე ოთხმოცი წლით ადრე, რომელზედაც გვექნება საუბარი, კათოლიკურმა ეკლესიამ ცელიბატი შემოიღო, ანუ ბერობა ღვთისმსახურთათვის. და ეპოქის ბოლო შტრიხი: უნივერსიტეტის პედაგოგები ასევე ვალდებულები იყვნენ, შეენახათ ცელიბატი. ამის გარეშე შეუძლებელია, მიხვდე, თუ რატომ მოჰკვეთეს აბელარს ორგანო.
პროფესორის ავხორცი ვნება პიერ აბელარი 1079 წელს კეთილშობილი რაინდის ოჯახში დაიბადა. მეთორმეტე საუკუნეში თანამედროვე გაგებით გვარები არ არსებობდა. იყო მხოლოდ მეტსახელები. უკრაინელებს ესიამოვნებათ იმის გაგება, რომ დიდმა ფრანგმა მოაზროვნემ თავისი მეტსახელი ლორის სიყვარულის გამო მიიღო: აბელარი ლორის მოყვარულს ნიშნავს. ამ ლორის მოყვარულმა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში უფროსი ვაჟი იყო, მემკვიდრეობა ძმებს დაუტოვა და „სამხედრო ალაფებს სიტყვიერ პაექრობებში გამარჯვებები ამჯობინა". დიალექტიკის შესასწავლად აბელარი პარიზს გაემგზავრა, და ორმოცი წლის ასაკისათვის უკვე მთელ ევროპაში განთქმული ფილოსოფოსი იყო. აბელარს უნივერსიტეტის კათედრა ეკავა, და მდიდარი მოსწავლეების წყალობით, კარგი შემოსავალიც ჰქონდა. აბელარი ფიზიკური მომხიბვლელობითაც გამოირჩეოდა. ასევე იგი წერდა სიმღერებს, რომლებსაც მთელი საფრანგეთი მღეროდა. აბელარს კარგი ხმაც ჰქონდა და საკრავზეც უკრავდა... და ყოველივე ამასთან ერთად, უმანკო იყო. (როგორც უნივერსიტეტის პროფესორს შეეფერებოდა).
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი