|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ლოტი (....)ახალგაზრდა მხატვართა ჯგუფი "ლოტი" 2005 წელს საოცრად განსხვავებული, აგრესიული ხედვით გამოჩნდა ქართულ სივრცეში. ხუთკაციან ჯგუფს, ჯერ კიდევ სტუდენტებმა დესტაბილიზაცია შემოიტანეს საზოგადოებაში - მის გამყარებულ მორალსა თუ ეთიკაში. მათ მიერ განხორციელებულ ნებისმიერ აქტს საზოგადოება გაღიზიანებით პასუხობდა. მათ ზურგზე მორალისტების ჯოხები ტყდებოდა - რაც აბსოლუტურად გასაგები რეაქციაა სტატიკური საზოგადოების მხრიდან. მაგრამ სად იყვნენ ის, ასე ვთქვათ, ინტელექტუალები და მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც მათი დაცვა ევალებოდათ? რატომ მათაც ვერ გაუგეს, თუ რისი ჩვენება უნდოდათ ახალგაზრდებს, როდესაც ისინი, სადიპლომო ნამუშევრის ფარგლებში, ერთმანეთს აფურთხებდნენ? ჯგუფ "ლოტის" წევრები დღეს ევროპაში სწავლობენ და მუშაობენ. როდესაც ყველა მათი გამოგზავნილი ტექსტი ერთად შეიკრა და ჩვენი ერთობლივი ნამუშევრის სახე გამოჩნდა, ისევ ამ "დაწყევლილი ადამიანური კეთილდღეობის" თემა წამოიჭრა - იმ "ზღაპრული კეთილდღეობის" ჩანერგვის მცდელობა ადამიანში, რომლის განხორციელებასაც დასავლეთში, უკვე სახელმწიფო ცდილობს თავისი ანონიმური ძალებით. გიორგი გაგოშიძე აკადემიის დამთავრებისას მივხვდით, რომ ერთი ეტაპი დასრულდა და ჩვენს ცხოვრებაში სიახლის შემოტანა იყო საჭირო, გარემო უნდა გამოგვეცვალა. დასავლეთში წასვლა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ გვინდოდა, კულტურა, რასაც მანამდე ტელევიზიით, ჟურნალ-გაზეთებითა და ინტერნეტით ვიცნობდით, შიგნიდან გამოგვეცადა. ჩემთვის დასავლურ კულტურასთან შეხება არ ნიშნავს მის შეზღუდულ ჩარჩოებში მოქცევას. თვითონ ეს ფენომენი მუდამ გაფართოებისკენ მიისწრაფვის და ცდილობს, საკუთარ ჩარჩოებს გასცდეს - ის ღირებულებები, რაზეც დასავლური ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული სისტემა დგას, მთელ სამყაროში გაავრცელოს. ეს მცდელობები სხვადასხვანაირია, და ხშირად თითქოს უმნიშვნელო უწყინარ აქტებს ამოფარებული, მკაცრად იდეოლოგიურ ხასიათს ატარებს. დასავლური კულტურა ცდილობს, არ დატოვოს აუთვისებელი არც ერთი პატარა სივრცეც კი, სადაც ადამიანის თავისუფალი მოქმედებაა შესაძლებელი. ამ აღწერილ კულტურულ შრეებში, რა თქმა უნდა, ხელოვნებაც იგულისხმება და არა მარტო იგულისხმება, არამედ ის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უბანია, რომლის კონტროლსაც სახელმწიფო ცდილობს. ხელოვნება ხომ ის სივრცეა, სადაც თავისუფლება იბადება. თავისუფლება კი სისტემის მიერ შეთავაზებულ და ნაკარნახევ იდეოლოგიურ ჩარჩოებს არ ცნობს, ამიტომ ის საფრთხის მატარებელია. თანამედროვე ხელოვნება სისტემის შიგნით ალტერნატივას აჩენს. ამიტომ, როგორც მხატვრისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესების ეპიცენტრში ვიყო და ვცადო, რეალურად გავაანალიზო ის საფრთხეები და ცდუნებები, რასაც კულტურა დამწყებ მხატვარს უქმნის საკუთარი ვალდებულებებისა და პოზიციის ფორმირებისას. მე ვცდილობ, კულტურის მიერ შემოთავაზებული იმიჯები თუ აქციები კრიტიკულად გავიაზრო. აქ ყოფნამ შესაძლებლობა მომცა, საკუთარ თავს და იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი, დისტანციიდან დავკვირვებოდი. ამ ფიზიკური დისტანციიდან უკეთ დავინახე, როგორ აღიქვამს უცხო სხეულს დასავლური კულტურა, განსაკუთრებით ისეთ სხეულს, რომელიც არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სისტემის მიმართ თავის თავში კრიტიკულ პოზიციას ატარებს. ამ დროს ხვდები იმასაც, თუ რა ძალა აკარგვინებს კრიტიკულ აზრს უცხო სივრცეში მოხვედრილ სუბიექტს, რომელსაც ამ იდეების ტარების პრეტენზია გააჩნია. როდესაც ნამუშევარი კრიტიკულია და შექმნილია არადასავლელი ("განვითარებადი" ან "მესამე სამყაროს ქვეყნის") მხატვრის მიერ, დასავლური კულტურა ავტომატურად რთავს თავდაცვის მექანიზმს. ეს კარგად ჩანს სხვადასხვა ინსტიტუციისა თუ პიროვნების მიერ ნამუშევრის შეფასებაში - ცნობიერად თუ არაცნობიერად ეს ძალები ნამუშევარს ეგზოტიკურ ნაწარმოებებად იაზრებენ და პასიურ როლში გადაყვანით არსებული სისტემის სამსახურში აყენებენ. ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმად მაყურებელს ამ დროს ნამუშევრის ვიზუალურ მხარეს სთავაზობენ, რაც ნაწარმოების მთავარ ღირებულებად მის ფორმალურ მხარეს აქცევს. ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ნამუშევრის არსს უკანა პლანზე წევს. კულტურული გარემოსთვის თავდაცვითი "იმუნიტეტის" შექმნაში წამყვან როლს ინსტიტუციები ასრულებენ და აქ სახელოვნებო სასწავლებლებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. იმ სივრცეში, სადაც ახალი თაობა იწყებს საკუთარი თავის დამკვიდრებას, საზოგადოებაში საკუთარი როლის, პასუხისმგებლობის და ფუნქციის გააზრებას, განათლება სტრატეგიულად მნიშვნელოვნი უბანია. და სახელმწიფო აქტიურად მოქმედებს, რომ ჩანასახშივე შეძლოს კრიტიკული ნარატივების შესაძლო ნაკადის კონტროლი. სწორედ ეს არის დასავლეთში (და მსოფლიოშიც) განათლების სისტემის ძირეული ხარვეზი - ის მთლიანად არსებული სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის სამსახურში დგას (გამონაკლისი შეიძლება, დამოუკიდებლად მოაზროვნე პროფესორის სახით არსებობდეს). მოკლედ, სასწავლო ინსტიტუციები ცდილობენ, სტუდენტი, როგორც "ნედლი მატერია" აქციონ ფორმად, რომელიც მთლიანად არსებული ბაზრის კრიტერიუმებს მოერგება. დღეს საქართველო დასავლური განათლების მოდელზე მორგებას ცდილობს. ამიტომაც მგონია, რომ არსებობს საფრთხე მან დასავლური განათლების სისტემის ყველა ხარვეზი გაიმეოროს. რადგან ჩვენთან სისტემა ფორმირების პროცესშია, მისი ქვედა დინებები, რომელიც რეფორმათა პარალელურად არსებობს, ჯერ კიდევ ადვილად შესამჩნევია. ეს სიტუაცია სტუდენტებისთვის კარგი საშუალებაა, არსებული პროცესები კრიტიკულად გაიაზრონ და საკუთარი თავი არსებულ რეალობაში განახორციელონ. ჯგუფი „ლოტი" ჯგუფი LOTT ადრინდელი ფორმით აღარ არსებობს. ჯგუფის ყველა წევრი ევროპის სხვადასხვა ქალაქშია მიმოფანტული და დამოუკიდებლად მუშაობს. დღეს, ერთობლივ აქციებზე მუშაობა ფიზიკურად შეუძლებელია. ამ ეტაპისთვის ჯგუფის თითოეული წევრი ცდილობს, ინდივიდუალურად გააგრძელოს მუშაობა, რაც მომავალში ერთმანეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის აუცილებელ პირობას შექმნის. ქართულ სივრცეში, სადაც რამდენიმე წელი ერთად ვმუშაობდით, ინდივიდუალურად განსხვავებული კონტაქტებისა და ინფორმაციის მიღების საშუალება შეზღუდული იყო. ჯგუფში, ალბათ, ინფორმაციის დეფიციტი გაჩნდებოდა, რაც სხვადასხვა თემათა განსჯისა და მათი განსხვავებული შეფასების შესაძლებლობას გააქრობდა. ჯგუფის მუშაობა ფორმალური და უინტერესო გახდებოდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ დროებით დავშლილიყავით და ყველას ცალ-ცალკე დაგვეგროვებინა ის გამოცდილება, რაც მომავალში ერთად მუშაობას გაცილებით პროდუქტიულს გახდიდა. დღეს მაინტერესებს, როგორ შეიძლება ვიმუშაო, როგორც მხატვარმა, გალერეის გარეთ არსებულ სივრცეში. ვარ ჟურნალ SOMEONEISTYPING- ის გამომცემელ-რედაქტორი. აკადემიის სტუდენტებს კი ვურჩევ იმას, რასაც მე ხშირად მირჩევდნენ ხოლმე და რისი პრობლემაც ჯერ კიდევ მწვავედ დგას აკადემიაში - ისწავლონ ინგლისური, რაც შეიძლება მალე!!! ელენე გეორგია ვიქტორია ნავერიანი: მართალი გითხრათ, არ მინდოდა სწავლის გაგრძელება. უბრალოდ, ვიზის მისაღებად სადმე უნდა ჩამებარებინა. ჩავაბარე და წამოვედი. იმდენად დამღლელი და გამომფიტველი პროცესი აღმოჩნდა ვიზის მიღება, რომ ნამდვილად არ მახსოვს, რას ველოდი ევროპისგან იმ დროს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ევროპის იმიჯი, ევროპული ცხოვრების სტერეოტიპი - სუფთა ქუჩები, ლამაზი არქიტექტურა, მშვიდი სახეები, ერთი სიტყვით კომფორტი, საერთოდ არ მიზიდავდა. თუმცა, ვაღიარებ, რომ არის რაღაც მომხიბვლელი ე.წ. "მშვენიერ ცხოვრებაში". ერთი სიტყვით, მიზანი იყო ის, რომ რეალურად დამენახა, თუ რა იდგა ამ მშვენიერების უკან. ამიტომ, ჩემზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია დეკორაციას, რომელშიც ჩამოსვლისთანავე აღმოვჩნდი. მომენტალურად ფილიპ დიკის მოთხრობა TIME OUT OF THE JOINT და შემდეგ ამ მოთხრობის ეკრანიზაცია "ტრუმენ შოუ" გამახსენდა, სადაც გმირს უჩნდება კითხვები და ეჭვი ეპარება იმ რეალობაში, რომელშიც ცხოვრობს. მაგრამ ძირითადად, არაეკრანიზებულ, ანუ რეალურ "ტრუმენ შოუში" ადამიანებს კითხვები არ უჩნდებათ და მიჰყვებიან დინებას, სჯერათ, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს და ყველა იმას იმკის, რაც დათესა. ზოგი ღმერთზეა დამოკიდებული, ზოგი სამსახურზე. საერთო ჯამში, ყველას ერთი რამ აერთიანებს - შიში, რომ დაკარგავენ იმას, რაც აქვთ. კითხვის დასმას, გარემოს კრიტიკულად შეფასებას რისკიც მოჰყვება - შეიძლება, უცებ ყველაფერი დაკარგო. ამიტომ ადამიანებს ურჩევნიათ, ჰქონდეთ ის, რაც აქვთ. თანამედროვე ადამიანმა საკუთარი თავი მატერიალურად რომ უზრუნველყოს, ბევრ დათმობაზე უწევს წასვლა. ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ უნდა, უბრალოდ, სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. საბოლოოდ კი გამოდის, რომ რუტინიდან თავის დასაღწევად ფიქრის დრო აღარ რჩება. აქ ცხოვრებამ საშუალება მომცა, რეალობა ცხადად დამენახა. ვიცი, საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, ამაში გასარკვევად ბევრად დიდი დრო დამჭირდებოდა. აქედან უფრო ადვილია დაინახო ის, რაც საქართველოში რეალურად ხდება. აქვე დავრწმუნდი იმაში, რომ დაბრუნება ძალიან მნიშნველოვანი, აუცილებელია. ერთ-ერთი უმთავრესი ცვლილება, რაც ჩემში მოხდა ის არის, რომ ადამიანებთან ურთიერთობის ახლებური უნარი შევიძინე. ჩემთვის ურთიერთობის საფუძველი პატივისცემა, ნდობა და "იმედი" გახდა, რისთვისაც ადამიანი უნდა ცხოვრობდეს, რათა ერთმანეთის ცხოვრება ნაბიჯით მაინც წასწიონ წინ, უკეთესი სოციალური რეალობისკენ, რომელიც ადამიანის თავისუფალ ნებაზე დგას. ვფიქრობ, რომ ჯგუფ LOTT-ის დროებით დაშლა პრინციპული აქცია იყო და იმის ნიშანია, რომ LOTT-ის მუშაობა გრძელდება. ერთმანეთს ბოლომდე ვენდეთ და წინ პირველ რიგში საერთო ინტერესი, მიზანი დავაყენეთ და არა - პირადი ინტერესი. არ ვიცი, მომავალში რა როგორ იქნება, დღეს LOTT-ის სახე შეცვლილია, მაგრამ ჩვენ ისევ ვმუშაობთ ერთად, არის საერთო პროექტები, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ სათაურდება როგორც LOTT-ის პროექტი. LOTT-ის არსებობა მნიშვნელოვანი იყო იმ კონტექსტში, სადაც ჩამოყალიბდა. ხუთივეს საერთო მიზანი გვამოძრავებს. სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება არ გვაძლევს ადრინდელივით ერთად აქტიურად მუშაობის საშუალებას, მაგრამ როგორც გითხარით, დრო რომ გავა, LOTT დაბრუნდება, თუმცა შეიძლება - სხვა სახელით. ერთი შეხედვით, საქართველოსა და შვეიცარიაში სწავლების მიდგომები განსხვავდება - როგორც ტექნიკური, ისე პროფესიული თვალსაზრისითაც. ცოდნის მიღების გაცილებით მეტი შესაძლებლობა გვაქვს. ყველა დეპარტამენტს სწავლების განსაკუთრებული, საკუთარი მეთოდი აქვს. რამდენიმე პროგრამა ჩვენი თბილისის სამხატვრო აკადემიის იდენტურიც კია - ინფორმაციის მოწოდების ფორმით, ტემპითა და მეთოდით. დეპარტამენტი, რომელშიც მე ვსწავლობ (CCC - critical curatorial cybermedia) ალტერნატიულ მეთოდს გვთავაზობს, რომელიც დასაწყისში ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. პედაგოგის დამოკიდებულება სტუდენტისადმი რადიკალურად განსხვავებულია - პროფესორთან საუბარი, დისკუსია თანაბარ პირობებში მიმდინარეობს, არ იგრძნობა "იერარქია", სრული თანამშრომლობაა: როგორც სტუდენტი "სარგებლობს" პროფესორით, პროფესორიც ისევე "სარგებლობს" სტუდენტით. მაგრამ, მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ვიდრე დისკუსია მოცემული პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ, როდესაც წინააღმდეგობა ჩნდება და იბადება კითხვა, რომელიც პროფესორს, სკოლას, ინსტიტუციას უპირისპირდება, ანუ ჩნდება იმის სურვილი, რომ უფრო ღრმად გაერკვე არსებულ რეალობაში, უეცრად თბილისის აკადემიის იდენტურ სიტუაციას აწყდები - პროფესორი გარბის და კითხვაზე პასუხს არ გცემს; ან არ იცის, რა გიპასუხოს, ან ეშინია, რომ ისე ვერ გიპასუხებს, რომ საკუთარი ცხოვრების აწყობილ წესს არ ავნოს. ამიტომ მგონია, რომ დისტანცია, ტოლერანტობა და ლიბერალიზმი რეალობასთან არშეხების სტრატეგიაა. საქართველოში სტუდენტებმა, ალბათ, თავიდანვე უნდა იცოდნენ ის, რომ მიზნის მიღწევამდე ბევრი წინააღმდეგობა შეხვდებათ. ხშირად გიწევს გეგმის შეცვლა და ზოგჯერ ისეც ხდება, რომ საწყისი მუხტი შედეგს არც ემთხვევა. პირველად თუ ვერ მიიღებ იმას, რასაც ითხოვ, მოითხოვე მეორედ, მესამედ, ოღონდ მიზანში დარწმუნებული უნდა იყო - რას ითხოვ, რისთვის მუშაობ! ვფიქრობ, სტუდენტებმა აკადემიაში თანამოაზრეები უნდა იპოვნონ და მათთან ერთად მუშაობის გამოცდილების აზრს ღრმად ჩასწვდნენ. ამის გარეშე, კარიერას, ჩემი აზრით, ფასი არა აქვს. ჟენევის ხელოვნების და დიზაინის სკოლაში მაგისტრატურის მეორე კურსზე ვსწავლობ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, პროგრამას ჰქვია CCC (critical curatorial cybermedia). ვმუშაობ სადიპლომო დისერტაციაზე, რომლის თემაც არის კოლაბორაცია - არტჯგუფები, კოლექტივები, როგორც ხელოვნებაში, ასევე სხვადასხვა სფეროში. კვლევის დიდი ნაწილი ეთმობა ჩვენი ჯგუფის LOTT-ის გამოცდილებას. მელანო სოხაძე: ჩემი აზრით, ერთ-ერთი ძირეული პრობლემა, რაც განვითარებად ქვეყნებს აქვთ, არის შეზღუდული მიმოსვლა და გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ნაკლებობა. რაც დასავლეთში ჩამოვედი, მოლოდინისა და შეხედულებების გადაფასება ხშირად მიხდება - ის რეალობა, რომელიც აქ დამხვდა, განსხვავებული აღმოჩნდა ჩემი წარმოდგენებისგან. თუმცა, მთავარი ფასეულობები იგივე დარჩა. ინფორმაციულ წყაროებში ჩვენ ევროპის იდეალურ, ილუზორულ სახეს გვიხატავენ. სინამდვილეში კი, საკითხის ფუნდამენტურ პრობლემებზე ღიად საუბრისას ხვდები, რომ "ევროპა" ნელ-ნელა ხიბლს კარგავს. განვითარებული დასავლეთი, ჩემი აზრით, ზედაპირულად მოწესრიგებული, გამართული სისტემის შთაბეჭდილებას ტოვებს, სადაც ადამიანის უფლებები თითქოს დაცულია, სადაც თითქოს ყველა თანაბარუფლებიანია და ყველას აქვს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ ეს, უბრალოდ, მოჩვენებითია. სოციუმი ისევ კლასებად არის დაყოფილი და თავის გადარჩენას ყველა სხვისი უკან დაწევით ცდილობს. ამიტომ, არ მინდა განვითარების გზაზე მდგომი საქართველო იმ სისტემის უბრალო ასლი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ LOTT-ს ერთობლივი პროექტები არ აქვს, ურთიერთობა და დისკუსიები არასდროს შეგვიწყვეტია. გვინდა, ისევ ერთად ვიმუშაოთ. მოსალოდნელია სხვა, ახალ არტისტებთან თანამშრომლობაც. რაც შეეხება აქაურ სასწავლებელს, გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მრავალი პრობლემა ჟენევის სასწავლებელში თბილისს მაგონებს. თუმცა, ამ ორ უმაღლეს სასწავლებელში შესაძლებლობებისა და პირობების შედარება შეუძლებელია. ჟენევაში, რაც მთავარია, ძალიან ადვილია კონტაქტის დამყარება სხვადასხვა ხელოვანთან თუ კრიტიკოსთან. ჟენევაშიც და თბილისშიც ყოველთვის ერთი პრობლემა მაქვს - პედაგოგი ჩემი ნამუშევრის განხილვას იწყებს და ამთავრებს მხოლოდ ფორმის კრიტიკით. არადა, ვფიქრობ, ხელოვნების მთავარი მიზანია, კითხვები წამოჭრას სოციალურ პრობლემებზე და ღირებულებების გადაფასებას შეეცადოს. ამაზე აქ, ისევე როგორც თბილისში, მსჯელობა იშვიათად ხდება. ძირითადად სწავლება ფორმალურ ანალიზზეა დამყარებული, რაც უმთავრესად არტ-ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამება. ხელოვნების მყიდველი მდიდარი ადამიანია, რომელსაც არანაირად არ სჭირდება კრიტიკული ნამუშევარი იმ სისტემაზე, რომელსაც თავად არის კარგად მორგებული. განსხვავებულ არტისტს კი, რომელიც კრიტიკულ დამოკიდებულებას იჩენს, მარკეტი არ ცნობს. სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს ვურჩევდი, ბრმად არ დაუჯერონ აკადემიის პედაგოგებს და ეცადონ, სხვადასხვა წყაროებიდან მოიპოვონ ინფორმაცია. დაივიწყონ მხოლოდ ფორმაზე ზრუნვა და იფიქრონ იმაზე, თუ რისი თქმა უნდათ თავიანთი ნამუშევრით, რა არის მათი პოზიცია. კარგია, თუ იმაზე, რაც აკადემიაში არ მოსწონთ, ღიად ისაუბრებენ და ყოველთვის ეცდებიან, იდეების გარშემო გაერთიანდნენ. |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
cheap ray ban sunglasses uk (შეუმოწმებელი), აპრილი 24, 2012, 12:16:22
Busts vs . jar, ray ban sunglasses whole-grain vs . white-colored, material vs . papers diapers — for most parents today specifically, these kinds of selections accept the particular fat regarding “political, meaning and also moral stances, ” since Claire Dederer input it, talking about the girl cohort regarding right-thinking, left-leaning, semi-working, very knowledgeable and also significantly angst-filled parents inside the girl 2011 publication, ray ban outlet “Poser. ”Ms. Dederer considered that numerous regarding the girl generation’s nurturing procedures stemmed coming from the fact we were holding breastfeeding email pains from your household trouble and also disengagement ray ban sunglasses outlet in which acquired swept by means of their particular properties inside the 1970s. http://www.rayban-sunglassescheap.com/
სტუმარი, იანვარი 17, 2011, 10:11:37
I opine it is essential to demonstrate your professor your writing skills. That is not very easy, but you would fix it, if buy essays.
სტუმარი, იანვარი 17, 2011, 10:11:36
Think about well written academic papers? It is easy! You should buy custom writing at the certified academic papers composing companies for not very high fees.
სტუმარი, იანვარი 1, 2011, 02:54:57
Shesanishnavi analizia evropuli saganmanatleblo sistemis, da ara mxolod.
didi madloba LOT-s!
დატოვე კომენტარი