|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ლევან აკინი– შვედური კინოს ქართული მომავალილევან აკინი შვედეთში მომუშავე, წარმოშობით ქართველი კინორეჟისორია. სტოკჰოლმის კინოწრეებში უკვე კარგად ცნობილ და პოპულარულ ახალგაზრდა რეჟისორს საქართველოში აქამდე პრაქტიკულად არ იცნობდნენ. მისი პროფესიული საქმიანობის შესახებ ქართველმა კინომოყვარულებმა სულ ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიგეს, როცა ლევანმა აქ მისი ერთერთი ფილმი ჩამოიტანა. რეჟისორი, რომელიც ზუსტად ერთი კვირის წინ გახდა 32 წლის, რამდენიმე მოკლმეტრაჟიანი და ერთი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ავტორია და ახალი თაობის ერთერთ იმედისმომცემ და საინტერესო რეჟისორად ითვლება შვედეთში. ლევან აკინის წინაპრები საქართველოდან თითქმის ერთი საუკუნის წინ, 1920–იან წლებში წავიდნენ და თურქეთში, ორი ქვეყნის საზღვრიდან არც ისე შორს, ზღვისპირა ქალაქ სინოპში დასახლდნენ. მისი მშობლებიც სწორედ იქ დაიბანდნენ და გაიზარდნენ, თუმცა საქართველოსთან კავშირი არასდროს დაუკარგავთ და აქ ხშირად ჩამოდიოდნენ. 1970–იან წლებში, ლევანის დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე ისინი საცხოვრებლად მსოფლიოს ერთერთ ყველაზე სტაბილურ, მშვიდ და ეკონომიკურად უზრუნველყოფილ ქვეყანაში, შვედეთში გადავიდნენ და მის დედაქალაქში დასახლდნენ. აქ ლევანის მამამ ქართულენოვანი გაზეთის გამოშვება დაიწყო, რომელსაც „ ჩვენებურები“ ერქვა და თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის იყო განკუთვნილი. საქართველოსთან ურთიერთობა არც შვედეთში გადასახლების შემდეგ დაუკარგავთ: „80–იან წლებში ზაფხულობით ხშირად ჩამოვდიოდით აქ. მე და ჩემი და პიონერულ ბანაკებშიც კი დავდიოდით“ – იხსენებს „ ცხელ შოკოლადთან“ საუბრისას ლევანი და იმასაც გვიყვება, რომ იმავე პერიოდში ბიძამისი კახეთში მცხოვრებ ქალზე დაქორწინდა და ამიტომ აქ ნათესავები და მეგობრებიც საკმაოდ ბევრი ჰყავს და დღემდე ხშირად სტუმრობს საქართველოს. მიუხედავად ამისა, მასთან ინტერვიუ ინგლისურ ენაზე ჩავწერეთ, რადგან დღეს ქართულად საუბარი ძალიან უჭირს. ბავშვობაში კი, როგორც თავად ამბობს, ენას სრულყოფილად ფლობდა, რადგან მისი მშობლები ოჯახში ქართულად ლაპარაკობდნენ: „მერე მშობლები განქორწინდნენ და ქართული საუბარი თითქმის აღარ მესმოდა, ამიტომ ენაც მალე დამავიწყდა“ – იხსენებს ლევანი. სტოკჰოლმში,ინგლისურენოვანი სკოლის დამთავრების შემდეგ ლევანმა დრამატურგიისა და თეატრის რეჟისურის შესწავლა გადაწყვიტა. თუმცა მალე მიხვდა, რომ კინო უფრო აინტერესებდა და ჯერ ტელეპროექტებში სცადა ბედი, შემდეგ ცნობილი შვედი რეჟისორის, როი ანდერსონის სტუდიაში დაიწყო მუშაობა ასისტენტად. პარალელურად მოკლემეტრაჟიან ფილმებზეც მუშაობდა. მისი პირველი სერიოზული ნამუშევარი 2007 წელს გადაღებული ფილმი The last Things იყო, რომელმაც 2008 წელს ჰამბურგის მოკლმეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე საბავშვო ჟიურის მთავარი პრიზი და ფესტივალის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა. სწოედ ეს ფილმი აჩვენეს თბილისის კინოფესტივალზეც და მას შვედეთის საელჩოს მოწვევით რეჟისორი და პროდიუსერი ერიკა სტარკიც დაესწრენენ. ფილმი მოზარდი ძმების სევდიან ამბავს ასახავს, რომელთაგანაც ერთერთი ოკეანეში იხრჩობა, მეორეს კი არ სურს ამის დაჯერება და უნდა, რომ ოკეანის ფსკერზე ჩავიდეს და წყალქვეშა სამყაროში მცხოვრებ თავის ძმას კიდევ ერთხელ შეხვდეს. 20 წუთიანი ფილმის შთამბეჭდავი ვიზუალური მხარე (კადრების სიღრმე, კარგად გამოყენებული განათება და ფერები), მსახიობების კარგი თამაში და ზოგადი ესთეტიკა მთლიანობაში საინტერესო სანახაობას ქმნის და შესაფერის განწყობას და ემოციასაც გიტოვებს. ლევანმა რამდენიმე თვის წინ დაასრულა პირველ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე მუშაობა, რომელსაც ჯერჯერობით ორი სახელწოდება აქვს: Certain People და Katinkas Kalas– რაც შვედურად “კატინკას წვეულებას“ ნიშნავს. ფილმიდან ნაწყვეტები თბილისის კინოფესტვალზეც აჩვენეს და იმ ეპიზოდებით თუ ვისჯელებთ, რაც აქ ვნახეთ, ძალიან საინტერესო უნდა იყოს. სცენარის თანაავტორი, ერთერთ მსახიობთან ერთად თავად რეჟისორია. ფილმი ახალგაზრდა ჰიპსტერების თავყრილობას ასახავს, რომლებიც კატინკას დაბადების დღეს აღნიშნავენ. დაბადების დღეზე მოსულ კატინკას ძმას მეგობარი გოგო, ერთერთი Game Show–ს წამყვანი მოჰყავს თან, რომელსაც სრულიად განსხვავებული ფასეულობები აქვს. როგორც ლევანი ამბობს, ფილმში სხვადასხვა სოციალური ჯგუფებს შორის კულტურულ დაპირისპირება და მათი იდენტობების ჭიდილია ასახული: „აქ არ არიან გამოკვეთილად დადებითი ან უარყოფითი პერსონაჟები, თავიდან შეიძლება ერთი მოგეწონოს, შემდეგ კი მეორე. ფილმს არ აქვს რაიმე სახის მორალური კომპასი, ეს უბრალოდ მცდელობაა, ვაჩვენოთ თუ რა ხდება მაშინ როცა შენგან სრულიად განსხვავებულ გარემოში ხვდები და როგორ რეაგირებენ ასეთ შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავებულ ფასეულობებზე ადამიანები“– ამბობს რეჟისორი. Certain people პირველად ნოემბერში, სტოკჰლომის კინოფესტივალზე აჩვენეს და მას ძირითადად დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა. ერთერთმა მსახიობმა კი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფესტივალის მთავარი ჯილდოც დაიმსახურა. „გაგვიკვირდა კიდეც, ისეთი პოზიტიური შეფასებები მივიღეთ“– იხსენებს ფილმის პროდისუერი ერიკა სტარკი. ფილმის ოფიციაულური პრემიერა შვედეთში 2012 წლის დასწყისშია შედგება და როგორც რეჟისორი ამბობს, მომავალ წელს მას საქართველოშიც აუცილებლად ჩამოიტანს. Certain People დაბალბიუჯეტიანი,არაკომერციული ფილმია: ის მთლიანობაში ერთ მილიონ ევრომდე დაჯდა. დაფინანსება შვედეთის კინოინსტიტუტისა და სხვადასხვა კერძო არტ კოლექციონერებისგან მოიპოვა. ფილმიც ერთერთი ასეთი კოლექციონერი სახლში, შვედეთის სამხრეთ–დასავლეთით მდებარე კუნძუოლ გოტლანდზეა გადაღებული, სადაც თავის დროზე ინგმარ ბერგმანი იღებდა ფილმებს. ამ ეტაპზე ლევან აკინი ახალ პროექტზე მუშაობს, ამჯერად უფრო კომერციულზე. თუმცა ამბობს, რომ ამის გამო ფილმის ხარისხს არ გააფუჭებს და იმ სტანდარტებს, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, მაინც შეინარჩუნებს. ფილმი ერთერთი შვედური ბესტსელერის The Circle ( „წრე“) ეკრანიზაცია იქნება, რომელიც კოლეჯის სტუდენტ გოგონებს, მათ ზებუნებრივ ძალებს და მათი ურთიერთობისა საინტერესო დეტალებს ეხება. გადაღებები სავარაუდოდ აგვისტოში დაიწყება, მანამდე კი მსახიობების შერჩევითა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების მოგვარებით იქნება დაკავებული. შვედეთში თანამედროვე ქართულ კინოსაც შეძლებისდაგვარად ეცნობა. ბოლო პერიოდის ნამუშევრებიდან განსაკუთრებით ლევან კოღუაშვილის „ ქუჩის დღეები“ მოეწონა. „ვფიქრობ ეს საუკეთესო ფილმია, რაც ბოლო 5 წელიწადში გადაღებულა საქართველოში“– ამბობს ლევანი და იმასაც იხსენებს, როგორ უყვარდა ბავშვობაში ქართული ფილმების ყურება. მისი საყვარელი ფილმები კი იმ დროისათავის იყო 7 პატარა ნოველისგან შემდგარი „ პირველი სიყვარული“, „ლომა“ და „ბაში აჩუკი“, რომელის მტავარი პერსონაჟიც მის წარმოსახვაში ქართველების სიმბოლურ გმირთან ასოცირდებოდა. სამომავლოდ საქართველოშიც უნდა ფილმი გადაიღოს. აქ თითქმის ყოველ წელს ჩამოდის და გარემოსაც კარგად იცნობს. თუმცა ჯერჯერობით სხვა გეგმები აქვს და ეს ალბათ ცოტა უფრო შორეული პერსპექტივაა. |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი