|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ლაშა ბუღაძის "ნავიგატორი"ბიბისის ფავორიტი პიესა საქართველოშიც გამოიცა
„ესაა ორიგინალურად მოყოლილი, თოთოეული ადამიანისთვის ახლობელი ამბავი. ჟიური მოხიბლა რეალობისა და აბსურდის ზღვარზე მყოფმა სიუჟეტმა, ადამიანის მარტოობის ტრაგიკომიკურმა აღწერამ და პერსონაჟების კარგად გამოკვეთილმა ხასიათებმა.“–ასე შეაფასეს ბრიტანეთში მწერლისა და დრამატურგის, ლაშა ბუღაძის პიესა „ ნავიგატორი“, რომელიც გასული წლის ზაფხულში BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს რადიო პიესების საერთაშორისო კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მას შემდეგ, რაც დეკემბერში პიესა BBC 4 –სთვის დაიდგა, ავტორს მისი საქართველოში გამოქვეყნების უფლებაც მიეცა. „ ნავიგატორი“ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა და მისი პრეზენტაცია 7 თებერვალს, თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. ლაშა ბუღაძის თქმით, ბიბისის კონკურსის შესახებ მან პირველად 2006 წელს, მეგობრისგან გაიგო და მომდევნო წელს იქ ერთი თავისი პეისაც გააგზავნა, რომელსაც „თავსისხლიან ტაქსისტებს“ ერქვა. პიესამ მაშინ რეგიონალური პრემია მოიპოვა, თუმცა მთავარ პრიზიორებს შორის ვერ მოხვდა. სამაგიეროდ, მეორე ცდა აღმოჩნდა ძალიან წარმატებული: „ნავიგატორი“ 200–ზე მეტი ქვეყნის 1000–მდე პიესიდან გამოარჩიეს და მსოფლიოს ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონკურსზე მთავარი ჯილდო მიანიჭეს. პიესა ინგლისურად მაი ყიასაშვილმა თარგმნა. შავი კომედია, რომლის რადიოვერსიაც ბიბისის სტანდარტების შესაბამისად ზუსტად ერთ საათს გრძელდება, შუა ხნის მამაკაცისა და მანქანის ნავიგატორის ურთიერთობის ამბავს გვიყვება. თუ რეალური ადამიანები არ გვწყალობენ, თანამედროვე ტექნოლოგია მათი ჩანაცვლების საშუალებასაც იძლევა. ნავიგატორი როსტომს გულმოდგინედ ურჩევს სად რა ჩაიცვას, როდის დაიძინოს, ბოლოს კი სიყვარულშიც უტყდება და მის სატელეფონო ზარებზეც ეჭვიანი შეყვარებულივით რეაგირებს. სიურეალისტური სიუჟეტის ტრაგიკომედია ძალიან საინტერესოდ, პრაქტიკულად ერთი ამოსუნთქვით იკითხება. სხარტი და სახალისო დიალოგების მიღმა მთავარი გმირის დეპრესიული, კომპლექსებით სავსე ბუნებაც კარგად ჩანს, რის გამოც პიესა რიგ ეპიზოდებზე გულიანად სიცილის პარალელურად, ეგზისტენციონალურ პრობლემებზე დაფიქრებისკენაც გიბიძგებს. ლაშა ბუღაძემ პიესიდან რამდენიმე ამონარიდი თვითონვე წაიკითხა: როგორც ბუღაძე ამბობს, პიესის რადიოდადგმაში პრაქტიკულად არაფერი შეუცვლიათ და ის ზუსტად ორიგინალური ტექსტის იდენტურია. მისი თქმით, ეს ბრტანეთში ჩვეულებრივი მოვლენაა და თუ რამეს ცვლიან, მხოლოდ დრამატურგთან შეთანხმებით და მასთან ერთობლივი კონსულტაციის შედეგად. ლაშა ერთ სახალისო ამბავსაც იხსენებს, თუ როგორ მოსწერეს მას სპეციალური წერილი მხოლოდ იმის გამო, რომ პიესის რადიოდადგმაში ერთი შორისდებულის ჩამატება უნდოდათ. „ შეიძლება ეს ერთი უკიდურესობაა, როცა ასეთ დეტალებს ამხელა ყურადღებას აქცევენ, მაგრამ რაც საქართველოში ხდება, ის კიდევ ცალკე ამბავია“ – ამბობს მწერალი და იხსენებს, თუ რამდენჯერ უნახავს საქართველოში დადგმულ საკუთარ პიესაში სრულიად ახალი პერსონაჟები და ტექსტები, რის გამოც მისი დაწერილი ძლივს უცვნია. ლაშა ბუღაძე ამჯერად ახალ რომანზე მუშაობს, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლომდე გამოვა. „ ნავოგატორი“ კი ქართულ ლიტერატურულ პრემია „საბაზეც“ წარადგინეს და ამჯერად ის უკვე ადგილობრივ კონკურენტებს შეეჭიდება. |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი