|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ლამაზი ქალების სოფელიდუისი ლამაზი ქალების სოფელია. ყველანი, ვისაც შევხვდი, მიუხედავად იმისა, რომ სოფლად ცხოვრობენ და საკმაოდ მძიმე ყოფა აქვთ, ლამაზები არიან - მომხიბვლელები, ელეგანტურები; განსაკუთრებით, გოგონები - რაღაცნაირი ღირსების გრძნობით მოსეირნეები სოფლის ორღობეებში. დუისი პანკისის ხეობაშია. აქ პირველად მოხვედრილი, მხოლოდ ქალების ჩაცმულობაზე თუ იფიქრებთ, რომ ქისტეთში ხართ, რადგან ყველა, დიდიან პატარიანად გამართული, თავანკარა ქართულით საუბრობს. დუისი მხოლოდ იმით განსხვავდება მეზობელი ქართული სოფლებისგან, რომ აქ ორი ლამაზი მეჩეთი დგას, სახლებს და ღობეებს კი ნახევარმთვარის გამოსახულებები ამშვენებს. დანარჩენი ისეა, როგორც ყველგან: დგას ტიპური გამგეობის შენობა, სკოლა, საბავშვო ბაღი და ძირითადად, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში აგებული სახლები. მთელ სოფელში სულ რამდენიმე სახლია ახალაშენებული. დუისიც ისე ცხოვრობს, როგორც დანარჩენი საქართველო - არ ულხინთ, მაგრამ შრომობენ და თავი ძირითადად, პატარა საოჯახო მეურნეობებით გააქვთ. ბიჭებიც კარგები ჰყავთ ქისტებს, მაგრამ ახლა მარტო ქალებზე ვწერ. ეგ კი არა, დუისში ყოფნისას არცერთ მამაკაცს არ დავლაპარაკებივარ. რატომღაც ვიფიქრე, ახალგაცნობილს მათი ნდობის მოპოვება გამიჭირდებოდა, თან მინდოდა, მარტო ქალებზე დამეწერა. პანკისში წასვლა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ინტერნეტში დუისში გამართული ერთი აქციის ვიდეოჩანაწერები ვნახე. დუისელი შორენა ხანგოშვილი მოულოდნელად დააპატიმრეს და ნარკოტიკები „აღმოუჩინეს“. შორენა უკვე ოთხი წელია, რაც სოფელში „როდი სკოტის ფონდში“ ბავშვებს ინგლისურს ასწავლის. სანამ სოფელში დაბრუნდებოდა, თბილისში, "ჯიპას" (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) ჟურნალისტიკასა და მედიამენეჯმენტის მაგისტრატურა გაიარა. მისი დაპატიმრების შესახებ რომ გაიგეს, დუისელებმა რამდენიმე აქცია გამართეს. მთელი სოფელი გამოვიდა - ბავშვებმა სკოლა გააცდინეს და მასწავლებლის გათავისუფლების მოთხოვნით უფროსებთან ერთად დადგნენ. აქციაზე ქალები აქტიურობდნენ - ძალიან გამართულად, ღიად გამოხატავდნენ პროტესტს. იგრძნობოდა, რომ იოლად არ დანებდებოდნენ. „მთლიან ქისტობას ლაფი გადაასხეს! ვიბრძოლებთ მისი სახელის გადასარჩენად“ „მთელი სოფელი ფეხზე დადგა, ჩავალთ თბილისში, მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ!“ „თუკი ასეთი უდანაშაულო გოგო დააკავეს, მაშინ ყველანი უნდა ველოდოთ დაპატიმრებას!“ - ამბობდნენ ქისტი ქალები. ასეთი სოლიდარობის აქცია საქართველოში, მით უმეტეს, რეგიონში აქამდე არასდროს მინახავს. ქისტი ქალები, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ შორენა უსამართლოდ დასაჯეს, შეგუებას არ აპირებდნენ. ხელისუფლებამ, რომელსაც ნებისმიერი აქციისა და პროტესტის იგნორირება ან აბსურდად ქცევა შეუძლია, უკან დაიხია - შორენას გირაო გადაახდევინეს და გამოუშვეს. ქალებმა მითხრეს, რომ შოკირებულები იყვნენ მომხდარით, ცხადად დაინახეს, საფრთხე მათაც ემუქრებოდათ და აქციაზე სპონტანურად გავიდნენ. მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდათ - უსამართლოდ დაპატიმრებული შორენა გაეთავისუფლებინათ და როგორც ერთმა თქვა, მისი „ღირსება აღედგინათ“. ჩემთან საუბარში დუისელი ქალები, ამ სიტყვას - „ღირსებას“, ხშირად ახსენებდნენ. აქაურებისთვის ღირსების აღდგენა იმდენად მნიშვნელოვანი ამბავია, რომ მამაკაცებმა ქალებს აქციაზე გასვლა არ დაუშალეს, მართალია, უფრო ქალები აქტიურობდნენ, მაგრამ აქციაზე მამაკაცებიც მათ გვერდით იდგნენ... ჩემი მასპინძელი დუისში სწორედ შორენაა. პირველად მასთან მივდივარ, „როდი სკოტის“ ფონდის ოფისში. ჯერ ადრეა, მოსწავლეები არ არიან, ცარიელ საკლასო ოთახში ვსხედვართ და ვსაუბრობთ. დუისში ყოფნისას ყველაზე მეტი დრო შორენასთან გავატარე და ყველაზე მეტი რამ ქისტი ქალების შესახებ სწორედ მისგან გავიგე... მას შემდეგ, რაც 1997 წელს თელავის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, ნათესავებთან ერთად საცხოვრებლად ჩეჩნეთში წავიდა. საქართველოში მაშინ ცხოვრება ძალიან ჭირდა, გროზნოში კი თავის რჩენა უფრო იოლი იყო. ორ წელიწადში ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო და შორენას ჯერ სარდაფში ცხოვრება მოუწია, ხოლო შემდეგ - სხვა დევნილებთან ერთად, გროზნოს დატოვება. სანამ მის ახლოს, ქუჩაში ბომბი არ დაეცა, ვერ იჯერებდა ომის დაწყებას: "დერეფნები გახსნეს და შატილის მხრით გადმოვედით. მახსოვს, ოქტომბერი იყო და საშინლად ციოდა. განადგურებულები ვიყავით. იყვნენ ქალები, რომელთაც ომში სამი შვილი და მეუღლე დაკარგეს. დუისში ბაღი გამოიკეტა და შენობაში ლტოლვილები შესახლდნენ. ჩემს ოჯახში 15 უცნობი ადამიანი ცხოვრობდა. მერე დავმეგობრდით. ჩეჩნები სულიერად ძალიან გაუტეხლები არიან, სწამთ ღმერთი... ეს რომ არ იყოს, და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის რომ არ სჯეროდეთ, ამდენს ვერ გადაიტანდნენ...“ შორენა ბევრს მელაპარაკება საკუთარ ცხოვრებაზეც, აქაურებზეც, ადგილობრივ საწესჩვეულებო სამართალზეც. ვხვდები, რომ დაპატიმრებაზე საუბარი არ სურს და მეც აღარ ჩავეძიე. შორენამ სკოლა ქართულად დაამთავრა, შემდეგ - თელავში უნივერსიტეტი, და როგორც ამბობს, არა მხოლოდ ის, არამედ, პანკისის მთელი მოსახლეობა საკმაოდ ინტეგრირებული იყო ქართველებთან. საშუალო სკოლა აქ თავიდანვე ქართული იყო, უმაღლეს განათლებასაც უმეტესად ქართულ უნივერსიტეტებში იღებდნენ, ქართველებისა უკეთ ესმოდათ, ვიდრე, მაგალითად, მონათესავე და მუსლიმი ჩეჩნებისა, მაგრამ დღეს სიტუაცია შეიცვალა: „ჩეჩნების შემოსვლამ რელიგიისკენ შემოაბრუნა აქაურები. მანამდე, რელიგია ძალიან დასუსტებული იყო ჩვენს ხეობაში. ჩეჩნების შემოსვლით უკუპროცესი დაიწყო, ისევ რელიგიას მიუბრუნდნენ, 2001 წელს ახალი მეჩეთიც აშენდა... ორი კვირის წინ ქორწილში ვიყავი და ახალგაზრდების 95 % მუსლიმანურ წესზე იყო ჩაცმული. ლამის იყო, ჩემი ჩაცმულობისა შემრცხვა. მე არ მახსოვს, რომ ადრე ახალგაზრდას დღეში ხუთჯერ ელოცოს. მარტო ბებიები ლოცულობდნენ. დღეს კი ძალიან ხშირად ადამიანს რცხვენია იმის თქმისა, რომ არ ლოცულობს. ჩვენი ლოცვა ძალიან რთულია. ლოცვის წინ უნდა დაიბანო არა მხოლოდ ხელ-პირი, არამედ ფეხებიც. თავისუფალი კი ხარ არჩევანში, თუ გინდა ილოცებ, თუ გინდა - არა. შეიძლება, პირდაპირ არ გაგკიცხონ, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი იმდენად მომართულია შენს წინააღმდეგ, რომ მაინც შეგრცხვება". ჩემი მასპინძელი მარტოხელა დედაა და მეთორმეტეკლასელ გოგონას ზრდის, რაც ქისტური ტრადიციით იშვიათობაა, რადგან თუკი აქ ოჯახი ინგრევა, შვილები, როგორც წესი, მამასთან რჩებიან. ქალი საკუთარ ოჯახში ბრუნდება და შეუძლია, ისევ გათხოვდეს. შორენა მიხსნის, რომ ქალს ოჯახში ძმა ხვდება თავისი ცოლ-შვილით და უხერხულია, მამის სახლი საკუთარი შვილებით შეაწუხოს. შეიძლება ასე იმიტომაც ხდება, რომ ქალმა თავის პირად ცხოვრებას მიხედოს და ისევ გათხოვდეს. ქალებს, როგორც წესი, ბავშვების მიტოვება უჭირთ და ამიტომაც, იძულებულები არიან, ბევრი ისეთი რამ აიტანონ, რაც ჩვენთვის ძნელად გასაგებია. მაგალითად, ქმრის მეორე ცოლი, მაგრამ ამაზე, ქვემოთ... „აღზრდა ბევრს ნიშნავს. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი ოჯახის ღირსება უნდა შემენახა. მართალია, 16-17 წელია ქმარს გაყრილი ვარ და მარტო ვცხოვრობ, მაგრამ მახსოვდა და მახსოვს, რომ ჩემს უკან ჩემი ოჯახი დგას. როცა ბავშვობიდან იზრდები და შთაგაგონებენ, რომ აუცილებლად უნდა დაიცვა წეს-ჩვეულებები, მერე უკვე ნაკლებად ფიქრობ საკუთარ ბედნიერებაზე" - მითხრა შორენამ. სოფელში გავდივარ. უცნაურად მეჩვენება ის, რომ აქ ქალები სხვადასხვანაირად ჩაცმულები დადიან - ზოგი ტრადიციული ისლამური სამოსითაა - თმა არ უჩანთ, გრძელი, კოჭებამდე კაბები აცვიათ; დანარჩენები - ჩვეულებრივად. ოღონდ ეგაა, ტრადიციის შესაბამისად, ქალების უმეტესობას თავზე ახურავს. გათხოვილი ქალი აქ თავსაბურავის გარეშე ვერ გაივლის. ასეთია ადათი. ადათ-წესებს ყველანი ემორჩილებიან. დიდებიც და პატარებიც. სხვანაირად ამ თემში ცხოვრება წარმოუდგენელია. თემი ძლიერია და ერთი ადამიანი, მით უმეტეს, ქალი, ვერაფერს გახდება. აი, ისეა, როგორც ვაჟას დროს: „თემს რაც სწადიან, მას იზამს, თავის თემობის წესითა...“ აქაურმა ქალებმა მითხრეს, რომ ბავშვობიდან იციან - კაცი მათზე მაღლა დგას და უნდა დაემორჩილონ. ბიჭებს, სულ პატარაობიდანვე აჩვევენ, რომ კაცები არიან და ღირსეულად უნდა მოიქცნენ. მაგალითად, პატარა ბავშვს მოხუცებიც კი ფეხზე უდგებიან, იმიტომ, რომ თავიდანვე იცოდეს, მამაკაცია და უპირატესობა აქვს.. აქ თვლიან, რომ ქალი მდიდარია თავისი ოჯახითა და შვილებით. ქალები, რომლებიც საერთოდ არ გათხოვილან, პანკისში დიდი იშვიათობაა. ამას გარდა, არსებობს ბევრი წესი, რომელსაც დღემდე იცავენ. მაგალითად, თუკი ოჯახში სტუმრებია და რაღაც საკითხს განიხილავენ, ქალს არა აქვს უფლება საერთო საუბარში ჩაერთოს და საკუთარი აზრი გამოხატოს. ქალის მოვალეობაა, აცადოს მამაკაცებს. თუმცა, როცა მარტო დარჩებიან, ცხადია, შეუძლიათ ქმრებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ და თუ დასჭირდათ, კატეგორიულებიც იყვნენ. აქაური ადათები ქალების მიმართ მკაცრია. ქალი იძულებულია ქმრის საქციელზე ხშირად თვალი დახუჭოს. რელიგიურად, როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვის ცოლ-ქმრული ღალატი მიუღებელია, მაგრამ კაცს ამისთვის არავინ გაკიცხავს. მომხდარა ისეც, რომ ღალატის გამო ძმას საკუთარი და მოუკლავს. ამ გადაწყვეტილებას მთელი გვარი იღებს და ეს, როგორც წესი, ოჯახის ღირსების აღსადგენად კეთდება. შორენამ მითხრა, რომ ეს დიდი ტრაგედიაა ყველასთვის და თავისთავად ეს ფაქტი, მკვლელობა, ღირსებას კი არ აღუდგენს ოჯახს, არამედ, პირიქით, შავ ლაქად მიყვება საუკუნეების მანძილზე. "რა თქმა უნდა, მკვლელობა გაუმართლებელია. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიურობამ მოიმატა, ამგვარი შემთხვევები აღარ ხდება. წლებია, მსგავსი რამე არ მომხდარა“ - თქვა დუისის საჯარო სკოლის დირექტორმა ლილი სვიაკაურმა. ეს მართლაც მძიმე თემაა და ქალებს ვატყობდი, რომ ყველაზე მეტად ამ თემაზე საუბარი უმძიმდათ. პანკისის ხეობა ახმეტიდან სულ რამდენიმე კილომეტრშია და ქისტები ძალიან ინტეგრირებულები არიან ქართველებთან, მაგრამ შერეული ქორწინებები, როგორც წესი, არ ხდება. თუკი მოხდა, ბიჭისგან ითხოვენ მუსლიმური წესების დაცვას, მაგალითად, წინდაცვეთას, ამის შემდეგ, შეიძლება მიიღონ ქართველი სიძე. მაგრამ უმეტესწილად, იმისთვის, ვინც მშობლების დაუკითხავად ქართველს გაყვება ცოლად, მამის ოჯახის კარი სამუდამოდ იკეტება. „აქ ერთი მასწავლებელი ქართველს გაჰყვა ცოლად, - მითხრა შორენამ, სამუდამოდ მოიკვეთეს. მეზობელ სოფელში ცხოვრობს და კარგი ოჯახი აქვს. დედამისიც კი ვერ დაიტირა, დაკრძალვაზეც არ მოუშვეს“... დუისში საკმაოდ დიდი სკოლაა, ორი სექტორით - ქართულით და რუსულით. ქისტების უდიდესი ნაწილი ქართულ განათლებას იღებს, რუსულად ჩეჩნეთიდან დევნილი მოსახლეობის შვილები სწავლობენ. მოსწავლეთა საკმაოდ დიდი ნაწილი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს და ქართულ უნივერსიტეტებში მაღალი ქულებით ხვდება. მშობლები ყველანაირად ცდილობენ, რომ გოგონებს კარგი განათლება მისცენ. ქისტები ფიქრობენ, რომ ქალი რადგან სუსტია და მას უფრო მეტად სჭირდება განათლება, კაცი ფიზიკური შრომითაც კარგად გაიტანს თავს. თანაც, მიაჩნიათ, რომ ქალისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური დამოუკიდებლობა. ამიტომაც, დუისში უფრო მეტი ქალია უმაღლესი განათლებით, ვიდრე მამაკაცი... პანკისელი ქისტების ცხოვრება უკანასკნელი წლების მანძილზე მაინც შეიცვალა - ჩეჩენი დევნილების შემოსვლის შემდეგ აქაურ ქისტებს შორის გავრცელებული, ზეპირ ტრადიციით გადმოცემული ისლამი არაბულმა წიგნის რელიგიამ - ყურანზე დაფუძნებულმა ისლამმა შეცვალა. ეს სწავლება აქ ჯერ ჩეჩენმა დევნილებმა გაავრცელეს, ხოლო შემდეგ მათ ადგილობრივი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ, რამდენიმე მათგანმა სასულიერო განათლება არაბულ ქვეყნებში მიიღო. 2001 წელს დუისში მეორე მეჩეთი აშენდა. ახლა ძველი თაობა ძველ მეჩეთში ლოცულობს, ახალგაზრდების უმეტესობა კი - ახალში. ამ ცვლილებას უცხო მზერისათვის თვალშისაცემს სწორედ ქალების სამოსი ხდის. ის, ვინც ახალ რელიგიას მისდევს, ტრადიციულ ისლამურ სამოსს ატარებს. სკოლის მოსწავლეების ნაწილიც ასე შემოსილი დადის. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის ცოტათი უცნაური იყო სკოლის დერეფნებში ისლამურ წესზე ჩაცმული გოგონების დანახვა. თუმცა, ვაღიარებ, ძალიან ლამაზები იყვნენ ასე ჩაცმულებიც. ისიც მითხრეს, რომ თავად გოგონებს ეს ძალიან მოსწონთ და ბევრი თინეიჯერი გოგონა, რომლის მშობლებიც ისევ ძველ მეჩეთში დადიან და არ თხოვენ შვილებს ისლამურ წესზე ჩაცმას, თვითონ ცდილობს თავსაფარი მოიხვიოს და კოჭებამდე კაბით იაროს. მადინა სკოლაში გავიცანი. გაკვეთილები უკვე დამთავრებული იყო, როცა სამასწავლებლოში დავსხედით და ვისაუბრეთ. ის ერთადერთია, ვინც ჩემთან რუსულად საუბარს ამჯობინებს. სკოლა დუისში დაამთავრა, შემდეგ გროზნოში გადავიდა საცხოვრებლად. ომის შემდეგ ოჯახთან ერთად დუისში დაბრუნდა. ახლა ოთხი შვილი ჰყავს და სკოლაში მათემატიკას ასწავლის. მუსლიმური ტრადიციის მიხედვით აცვია, რადგან ის და მისი მეუღლე ახალ მეჩეთში დადიან. მეუბნება, რომ ისლამის წესების დაცვა სულაც არ არის ძნელი, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ამ ყველაფერს გულით აკეთებ, მიყვება იმაზე, რომ მისი გოგონებიც ისლამური ტრადიციის მიხედვით იმოსებიან. რატომღაც მომეჩვენა, რომ ცოტა ზედმეტად ამახვილებდა ყურადღებას სამოსზე და იმაზე, რომ ქალს თმა არ უნდა გამოუჩნდეს. რამდენიმე წლის წინ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მართლაც იყო, მაგრამ ახლა მშვიდობიანად ცხოვრობენ - ვისაც რომელ მეჩეთში უნდა, იქ დადის და ლოცულობს. ისინი, ვინც ახალ რელიგიას მისდევენ, საკუთარ თავს "ჯამაათის ხალხს" ეძახიან, დანარჩენები მათ "ვაჰაბიტებად" მოიხსენიებენ. ერთმა მოხუცმა ქალმა მითხრა - აი, თქვენ ხომ გყავთ იეღოველები, ისე არიან ესენიც, სექტააო. ეს ახალი რელიგიის მიმდევრებს სწყინთ და მიხსნიან, რომ წიგნზე, ყურანზე დაფუძნებულ სუნიტურ ისლამს არაფერი აქვს საერთო საფრთხობელად ქცეულ ვაჰაბიზმთან. კიდევ ერთია - ახალი რელიგიის მიმდევრები კონსერვატულები ჩანან, მაგრამ ქალებს უფრო ლმობიერად ექცევიან. მაგალითად, საოჯახო საქმეებში ცოლებს ეხმარებიან - ადრე შეშის ან წყლის მოტანა კაცისთვის სათაკილო საქმედ ითვლებოდა, ახლა ამ საქმეს ქისტი მამაკაცები ჩვეულებრივ აკეთებენ. აქამდე მამაკაცისთვის სირცხვილი იყო, შვილს რომ სხვების თანდასწრებით მიფერებოდა, ან უბრალოდ, ხელში აეყვანა, დღეს მეც კი ვნახე სოფელში ასეთი წყვილი - ახალგაზრდები იყვნენ, ალბათ, სეირნობდნენ ან სადმე სტუმრად მიდიოდნენ. ქალს მსუბუქი ჩანთა მოჰქონდა, ბავშვი მამას ეჭირა. ცხადია, სულაც არ გამიკვირდა, მაგრამ თურმე ამგვარ სურათს ქისტეთში, მაგალითად, 10 წლის წინ ნამდვილად ვერ ნახავდით. ორცოლიანობა პანკისელ ქისტებს შორის ჯერ კიდევ გავრცელებულია, თუმცა, ისე არა, როგორც მაგალითად, ერთი საუკუნის წინ. რელიგიურად ორცოლიანობა ნებადართულია, თუმცა, ბევრ კაცს ნამდვილად არა ჰყავს ორი ცოლი. ფინანსურადაც ძნელია ორი ოჯახის შენახვა, მაგრამ თუ ოჯახში ბიჭი არ არის, მაშინ კაცი მთელი გვარის წინაშეა მოვალე, მეორე ცოლი შეირთოს, ხოლო პირველი იძულებულია, ხმისამოუღებლად შეეგუოს ბედს. აქ მემკვიდრე მხოლოდ ბიჭია, ქალს მემკვიდრეობა არ ეკუთვნის, თუ გათხოვდა, წაიღებს მზითევს და ეგაა. ქალებს, ცხადია, ორცოლიანობა არ მოსწონთ: „ეჰ, შვილო, მძიმეა ჩვენი ქალების მდგომარეობა, როცა ადათ-წესებს შეჩვეულები არიან, წყნარდებიან და ბედს ეგუებიან. ატყუებენ ქმრები, შენ მიყვარხარო, მერე მეორე ცოლთან გადავლენ, იმას ეუბნებიან, აბა, რომ არ მიყვარდე, ხომ არ შეგირთავდიო და ასეა...“ - მითხრა ზიზიმ. მის მეზობლად ერთ კაცს ახლახან მოუყვანია მეორე ცოლი. პირველი ცოლი მამის სახლში დაბრუნებულა. „იტირებს, იტირებს და ისევ უკან მოვა, აბა შვილებს ხომ არ დატოვებსო“ - ლაპარაკობდნენ ქალები. ზიზი ყველაზე უფროსია მათ შორის, ვინც დუისში გავიცანი, 70 წლისაა. თანაც, ყველაზე ლაღი და გულღიაა. ახლა ავადაა, მაგრამ მაინც მუშაობს. საინტერესო საქმე აქვს - ძველი ტრადიციული წესით ქუდებს კერავს. სახელოსნო ეზოშივე აქვს მოწყობილი. 90-იანებში, როცა ცხოვრება გაჭირდა, ზიზიმ ის საქმე გაიხსენა, რომელსაც დედამისი მისდევდა და თექის მოთელვა დაიწყო. მისი ნახელავი უცხოეთშიც გაუტანიათ, მითხრა - ჰოლანდიაში და გერმანიაშიც იყიდება ჩემი თექის ნაწარმიო. ქისტურ ტრადიციებსა და ადათ-წესებზე ყველაზე თავისუფლად ზიზი მელაპარაკა. საღამო იყო, ციოდა, მის პატარა ოთახში, ღუმელთან ვისხედით და ვსაუბრობდით. ხანდახან ზიზის შვილიშვილები და რძლები შემოდიოდნენ. შვილიშვილები - გოგონები, დიდი, ბრიალა თვალებით. ზიზი მშობლებს და პანკისის ხეობის ძველ ამბებს იხსენებდა, საკუთარი ავადმყოფობის და თბილისში მკურნალობის შესახებაც მომიყვა. ქალების მდგომარეობაზე რომ ვკითხე, ყოყმანის გარეშე მომიგო: „დაძაბულები არიან, მიუქარნიათ თუ არ გითხრეს ეგა! აქ, ქალი ქმრის დავალებით უნდა მოიქცეს, ყველაფერი უნდა დაუჯეროს. არა მარტო ქმარს, არამედ, მის მშობლებს და ძმებს. თუ ასე არ მოიქცევა, მერე ქმარი აუცილებლად დააყვედრებს. ჩვენთან დედამთილ-მამამთილს ძალიან მაგარი დაფასება აქვს. ქალი დატანჯულია, რასაც მამაკაცი აკეთებს, ის უნდა გააკეთოს. მე კმაყოფილი ვარ ქართველებისა, უფრო მსუბუქი წესია ქალის მიმართ. აქაური ქალები ძალიან ბევრს შრომობენ, გინდაც თქვან, არაო, ეგრეა“... არ ვიცი, შეიძლება კორექტულად ვერც მოვიქეცი, მაგრამ ვისაც შევხვდი, თითქმის ყველა ქალს ვკითხე, იყვნენ თუ არა ბედნიერები. ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს თავს არიდებდნენ, თითქოს, უხერხულობდნენ ამაზე ხმამაღლა საუბარს. ამბობდნენ, ჩვენი ოჯახი და შვილებია ჩვენთვის ბედნიერებაო. ერთადერთი, შორენა შეეცადა აეხსნა, როგორ უყურებენ და როგორ ესმით ქისტ ქალებს ბედნიერება: „იმდენად არიან ბედნიერები, რამდენადაც თავიანთი უფლებებისთვის არ იბრძვიან. ბავშვობიდან იცი, რომ დასაყრდენი უნდა იყო, შენზეა ბევრი რამ. ოჯახის სიმყარე ქალზეა დამოკიდებული. თუ ქალმა გაუძლო, ის ოჯახი არ დაინგრევა და არ დაიქცევა. აქ ამბობენ, კარგი ქალი ცუდი კაცისგანაც კარგს გამოიყვანსო. ამიტომ, ქალს დიდი პასუხისმგებლობა აქვს. დღევანდელ ცხოვრებაში ქალი უფრო ინარჩუნებს საკუთარ ქალურობას, ვიდრე ადრე. ფასეულობების გადახალისება ხდება, მაგრამ აქაური ურთიერთობების ძირითადი ბირთვი მთლიანად შენარჩუნებულია...“ ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომის ნათელი დღე იდგა და გულღია მასპინძლები მყავდა, მაინც გულდამძიმებული წამოვედი ლამაზი ქალების სოფლიდან - დუისიდან. P.S.. უკანა გზაზე, მანქანაში გამახსენდა აღაზა, ალბათ, ყველაზე ელვარე და ტრაგიკული ქალი ქართული ლიტერატურის ისტორიაში. მთელი გზა ვცდილობდი, ოდესღაც ზეპირად ნასწავლი „სტუმარ-მასპინძლის“ სტროფები გონებაში აღმედგინა: „გამოჩნდა ქალი ლამაზი, შავის ტანსაცმლით მოსილი, როგორიც ალვა ტანადა, ვარსკვლავი, ციდამ მოცლილი...“ მერე შევყევი, შევყევი და იმ მომენტთან რომ მივედი, როცა ჯოყოლა ამბობს: „იტირე, მადლი გიქნია, მე რა გამგე ვარ მაგისა“ ცოტათი გულიც კი დამწყდა, მამაკაცები რომ არ გავიცანი - რა ვიცი, ეგებ რომელიმე დუისელი ბიჭი ჯოყოლა ალხასტაისძისთვის მიმემსგავსებინა.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი