|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ქრისთიან სქოთი - ინტერვიუ
ყოველთვის კარგად ვიცოდი, თუ როგორ უნდა ჟღერდეს ჩემი მუსიკა, - ახლებურად! ოცი, ან სამოცი წლის შემდეგ, იმედი მაქვს, რომ ეს საუნდი უკვე მოძველებული იქნება. ასეც უნდა იყოს. ნამდვილად არ მინდა, სამოცი წლის შემდეგ ვიღაცებმა ისევ ის მუსიკა დაუკრან, რასაც დღეს ჩვენ ვუკრავთ და ისეთივე საუნდი ჰქონდეთ, როგორსაც დღეს ჩვენ ვქმნით. ჩარლი ფარქერი მკვდრეთით რომ აღდგეს და აღმოაჩინოს, რომ ისევ იმას ვუკრავ, რასაც ის უკრავდა გასული საუკუნის ორმოციანებში (ანუ ბიბოფს), ძალიან გამიბრაზდება. მეტყვის, ამას მე 60-70 წლის წინ ვუკრავდი და შენ დღეს იმავეს რატომ აკეთებ?
აგურის აგურზე დადების მნიშვნელობა დღეს ჩვენ ჩვენივე ეპოქის შესაბამისი საუნდის ძიებაში ვართ, მაგრამ ნამდვილად არ გვინდა, რომ შემდეგ თაობას დავაწვეთ კისერზე იმ მუსიკით, რომელსაც დღეს ვქმნით. მომავალში მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ როგორ საუნდს, როგორ ჟღერადობას მისცემენ თავიანთ ეპოქას. ღრმად მწამს, რომ ნებისმიერი მუსიკოსი თავის მუსიკას უნდა ხედავდეს, როგორც პროლოგს მუდმივად ცვალებადი რეალობისთვის, მაგრამ მე თუ ვიფიქრე, რომ ჩემი მუსიკა ერთხელ და სამუდამოდ დაკანონებული ფორმულაა, მაშინ მე მუსიკის დინებას შ ე ვ ა ჩ ე რ ე ბ! თუ მართლა მუსიკოსი ხარ, უნდა გესმოდეს, რომ ის, რასაც დღეს აკეთებ მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია, რასაც მომავალში სხვისი ძალისხმევა მოყვება. აი, ასე რჩება მუსიკა ცოცხალი!
წესების დარღვევის აუცილებლობაზე ჯაზის პურისტებმა ეს ყოვლისმომცველი მუსიკა ნელ-ნელა აკადემიურ ხელოვნებად გადააქციეს. რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია იმაში, რომ ასეთი მდიდარი და მოქნილი მუსიკა გასაგებ ენაზე მიაწოდო მსმენელს, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია, რომ მეუბნებიან, ჯაზში ისტორიულად დაკანონებული ღირებულებების მიღმა ახალი ღირებულებების დაძებნა და შემატება არ შეიძლებაო. რა თქმა უნდა, შენ სწავლობ წესებს, რომელიც ჯაზში ერთგვარი სასაუბრო ენაა, ისევე, როგორც ინგლისურია ენა, მაგრამ წესებს სწავლობ იმიტომ, რომ ერთ დღეს ეს წესები დაარღვიო. ამიტომაც, როდესაც ჯაზის დოგმატიკოსი და "ღვთისმოშიში" პედაგოგები თუ მუსიკოსები მეუბნებიან, რომ ჯაზის ფარგლები, აი, ასეა მონიშნული, და რომ ამ ფარგლების მიღმა ჯაზი ჯაზი აღარაა, ჩემთვის ეს უბრალოდ სასაცილოა.
მსოფლიო მოქალაქეები და ახალი შესაძლებლობები მუსიკაში ჩემი თაობის მუსიკოსებს ალბათ საუკეთესო პირობები აქვთ მუსიკის კეთებისათვის, რადგანაც ჩვენ მუსიკოსების პირველი თაობა ვართ, ვინც გლობალურ საზოგადოებაში გავიზარდეთ. დღეს ჩვენ მსოფლიოს მოქალაქეები ვართ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თბილისში მცხოვრებ ნებისმიერ მუსიკოსს შეუძლია, ელაპარაკოს მუსიკოსს კონეკთიკუტში ან შანხაიში და პირიქით. დღეს მუსიკოსებს ურთიერთობისათვის აუცილებელი ყოველდღიური სივრცე აქვთ. რამდენიმე წლის წინ ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჩემთვის ინტერნეტის არსებობა ნიშნავს იმას, რომ მთელი მსოფლიოს მუსიკა შენივე თითების ბალიშებშია მოქცეული. ამ გზით უამრავი შენთვის უცხო საუნდის ასიმილირება და გამოყენებაა შესაძლებელი სრულიად ახალი საუნდის შესაქმნელად. ჩვენ აღარ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, როდესაც მუსიკა კლუბებში, ქუჩებში და უბნებში იქმნებოდა. მაშინ, სხვადასხვა მუსიკოსების მეშვეობით, ლამის ყველა ქალაქს თავისი განსაკუთრებული საუნდი ჰქონდა. ჩვენ დღემდე ვამბობთ, - "ფილადელფიური საუნდი," "ჩიკაგოს საუნდი," და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს ეს ასე აღარაა. დღეს ჩვენ მსოფლიოს მოქალაქეები ვართ, ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩემ თაობას უფრო მეტი შესაძლებლობები და არჩევანი აქვს და გული მწყდება, როდესაც ვხედავ, რომ ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსი ამ შესაძლებლობებს არ იყენებს.
იყავი შენ შენ! ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი ესკეპიზმს ეფუძნება. მუსიკოსების უმრავლესობას არ უნდა, იყოს ის, ვინც სინამდვილეში არის. მათ სურთ, რომ გახდნენ დიადები და სახელგანთქმულები ისე, რომ ეს ყველაფერი თავაუღებელი შრომის გარეშე მოვიდეს მათთან. ასე ცდილობენ ისინი შენს მოტყუებას. ისინი უკრავენ იმას, რაც თვითონ არ არიან. ნიუ-ორლეანში რომ ვცხოვრობდი, ჩემი ასაკის მუსიკოსებთან ნაკლებ დროს ვატარებდი, ძირითადად, ხანში შესულ მუსიკოსებთან ვურთიერთობდი. მათ ყველაფერი იციან მუსიკოსის ცხოვრების შესახებ. ყველაფერი მათგან ვისწავლე. ჰოდა, ერთხელ დენი ბარკერმა, დიდმა მუსიკოსმა, მითხრა: "შენზე უკეთესად ვერავინ მოახერხებს შ ე ნ ა დ ვ ე გახდომას!" რა თქმა უნდა, ჩვენი მუსიკა ჯგუფური ძალისხმევით იქმნება, მაგრამ ამ მუსიკაში უმთავრესი მაინც ისაა, რომ მუსიკისვე მეშვეობით გაერკვე იმაში, თუ ვ ი ნ ხარ შ ე ნ. ყველაზე უნიკალური და განსაკუთრებული, რაც შეიძლება, გამოცადო ცხოვრებაში, შენ თვითონვე ხარ. მახსოვს, ეს ფრაზა, სიტყვასიტყვით, დენის და მის მეუღლეს ვუთხარი. ჩარლი ფარქერმა შრომით მოიპოვა თავისი საუნდი. როდესაც მას უსმენ, ძალაუნებურად წამოიძახებ ხოლმე, - დალახვროს ეშმაკმა! იგივე ეხება, ვთქვათ, დონ ბაიასსაც, ვინც ისეთივე ცნობილი არ იყო, როგორც ფარქერი. ჯაზის ისტორიაში ასეთი ბევრია. ამ მუსიკოსებმა საკუთარი ჟღერადობა იპოვეს და ეს ახალი საუნდი ჰარმონიაში იყო იმ კონტექსტთან, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ და ქმნიდნენ. ძალიან ძნელია, აკეთო ისეთი მუსიკა, რომელიც ადამიანების გულებს ეხება, მიმართულებას აძლევს მათ ცხოვრებაში და რომელიც მათ უკეთეს კონტექსტს და ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. ისინი არასდროს მოგისმენენ, თუ არ სთავაზობ იმას, რაც შენ ხარ.
როგორ ათავისუფლებენ მუსიკოსები ადამიანებს მე ნათქვამი მაქვს, რომ როდესაც საყვირზე ვუკრავ, ამ გზით ბევრ ადამიანს ვაძლევ თავისუფლების შანსს. ახლავე აგიხსნით რაც ვიგულისხმე: მე იმ მესაყვირეების თაობას მოვყვები, ვინც ამ ინსტრუმენტზე მუსიკის შესრულების სტანდარტი განსაზღვრეს. უმაღლესი სტანდარტი! შეუძლებელია, საყვირზე უკრავდე და არ იცოდე, როგორ აკეთებდნენ ამას ლუი არმსთრონგი, ბადი ბოლდენი, ქინგ ოლივერი და სხვები. ამიტომაცაა ჯაზის პურისტები წამდაუწუმ რომ ჩაგჩიჩინებენ, მათსავით უნდა უკრავდე და არა ისე, როგორც შენ ამას აკეთებო. ისინი ჯერ კიდევ მ ო წ ი წ ე ბ ი ს ველში არსებობენ და ფიქრობენ! ყველაფერი, რაც ახლა ვთქვი, ათმაგად მნიშვნელოვანია ნიუ-ორლეანელი მესაყვირეებისათვის, რადგანაც წარსულის დიდი მესაყვირეები სწორედ ნიუ-ორლეანიდან იყვნენ. ეს ძალიან უცნაური დამთხვევაა. იქ საყვირს განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობოდნენ და ეპყრობიან. ნიუ-ორლეანში ამ ინსტრუმენტს სამეფო რეპუტაცია აქვს. მეც ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე და შემჩნეული მაქვს, რომ ყოველი ახალი დიდი მესაყვირის გამოჩენასთან ერთად ქალაქის კულტურული ფონი იცვლებოდა. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, მათ შემყურე ახალგაზრდებს იმის იმედი ეძლეოდათ, რომ თუ დაკვრას ისწავლიდნენ, იქაურობას გაეცლებოდნენ. ლუი არმსთრონგი? ჰო, მან ადგილობრივებს იქაურობა სხვანაირად დაანახა, სხვა პერსპექტივა გადაუშალა თვალწინ, სხვა იმედები ჩაუსახა, შესაბამისად, ნიუ-ორლეანის კულტურული ფონი ის აღარ იყო, რაც ადრე. მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა არმსთრონგი იქიდან და ეს ყველა დიდი ნიუ-ორლეანელი მესაყვირის შემთხვევაში ასეა. ისინი იქედან იწყებდნენ მესიჯის გავრცელებას, მერე კი ტოვებდნენ იქაურობას და იგივე მესიჯის გასავრცელებლად მსოფლიოს ედებოდნენ. როდესაც საყვირის ისტორიულ მემკვიდრეობაზე ვფიქრობ, პირველ რიგში, ვგულისხმობ ამერიკულ მემკვიდრეობას, რადგანაც ჯაზში საყვირი წმინდა ამერიკული მოვლენაა. სულ მახსენდება, რომ ისტორიულ კონტექსტში საყვირი ყოველთვის ან განგაშის მომასწავლებელი იყო, ან მოსალოდნელი ცვლილებების. მიაქციეთ ყურადღება, ბიბლიაში გაბრიელ მთავარანგელოზი მესაყვირეა. ამერიკაში ამ ინსტრუმენტს ძალიან ღრმა ფესვები აქვს. ლუი არმსთრონგმა თავის დროზე უარი თქვა, გამხდარიყო აშშ-ს კეთილი ნების ელჩი მსოფლიოში იმიტომ, რომ ამერიკამ ცხრა არკანზასელ ბავშვს სკოლაში გაკვეთილებზე დასწრების საშუალება არ მისცა. ბევრი ვერ იტანს მის დაკრეჭილ ღიმილს და "ბიძია თომას" იმიჯს, მაგრამ შავკანიანი კაცი, რომელიც ბედავს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მსოფლიო ელჩობაზე უარს ეუბნება, უკვე თავისუფალი და ძლიერი ადამიანია. როდესაც მე საყვირის მეშვეობით ადამიანების განთავისუფლებაზე ვსაუბრობ, სწორედ ასეთ რამეებს ვგულისხმობ. ამერიკელი მესაყვირეები ადამიანებს ხმის ამაღლებისკენ უბიძგებდნენ. ამერიკაში დღესაც უამრავია ისეთი, ვისაც ბევრ პრობლემაზე ხმის ამოღების უფლება არ ეძლევათ. ხშირად ისე ხდება, რომ მე მათ არ ვეთანხმები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგანაც უმრავლესობაში ვარ, უფლება მაქვს მათ პირზე ხელი ავაფარო. როდესაც საყვირზე და მის ისტორიულ კონტექსტზე ვფიქრობ, ყოველთვის მახსენდება, რომ ნიუ-ორლეანში ყოველი ახალი მესაყვირის გამოჩენა იმის მომასწავებელი იყო, რომ იქ ყველაფერი წესრიგში არ იყო. რა თქმა უნდა, დღეს ნიუ-ორლეანი აღარაა ის ქალაქი, საიდანაც დიდი მესაყვირეები მოდიან, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მაილზ დევისი ილინოისში დაიბადა და ბევრი დღესაც ჭორაობს მის ვითომდაც ცუდ ადამიანურ თვისებებზე, მაგრამ მის მუსიკას რომ უსმენ, იმას, თუ რას უკრავს ის და როგორ უკრავს, ხვდები, რომ მაილზი თავისი საუნდით ადამიანებს ათავისუფლებს და მას ეს კარგად აქვს გაცნობიერებული. ის მათ თავისუფლების იმ ხარისხს ჩუქნის, რაც მის მოსვლამდე არ ჰქონდათ. ეს ულამაზესი მემკვიდრეობაა!
მანიპულატორები და მათი ხრიკები იყვნენ და არიან მუსიკოსები, ვინც ახალგაზრდებს განზრახ აყენებენ მცდარ გზაზე. ისინი მათ ეუბნებიან, - ღირებული მხოლოდ აქაა, აი, ამ მუსიკაში, ჯაზის აი ამ პერიოდში, ხოლო ამის მიღმა ყველაფერი ყალბია. ისინი ამას სპეციალურად აკეთებენ და მათ ძალიან კარგად იციან, თუ რატომაც იქცევიან ასე. მოდი, მაგალითისთვის უინთონ მარსალისი ავიღოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ყველა იცნობს. უინთონს ყველა მესაყვირისთვის მოუსმენია: თომი თურენთაინი, ბუქერ ლითლი, ვუდი შოუ, როი ელდრიჯი, ჰარი სუითს ედისონი... ყველა! ახალგაზრდებს კი, იცით, რას ეუბნება? მხოლოდ ლუი არმსთრონგს, დიზი გილესფის, მაილზ დევისს და ფრედი ჰაბარდს მოუსმინეთო. შენ უსმენ ყველა მესაყვირეს, სწავლობ მათ, მე კი მეუბნები, რომ მხოლოდ რამდენიმე მათგანს მოვუსმინო? კარგი, ვთქვათ, მე სხვებზე ჭკვიანი აღმოვჩნდი, არ დავუჯერე მას და სხვა წყაროებსაც ჩავუღრმავდი, მაგრამ რამდენია ისეთი, ვისთვისაც უინთონი ლამის ღმერთია? მას, ვინც გეუბნება, მხოლოდ ოთხ მუსიკოსს მოუსმინე, მათ მიღმა ჯაზი არ არსებობსო, მარტოს უნდა მწვერვალზე დარჩენა! იცით, რამდენი ფული კეთდება ჯაზის განათლების ინდუსტრიაში? მილიარდობით დოლარი! შედეგი? ლამის ინკუბატორებში გამოზრდილი ათასობით საშუალო დონის მუსიკოსი, რომლებიც ვერასდროს დაუკრავენ კარგ მუსიკას მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თავის დროზე არ მიეწოდათ ადეკვატური ინფორმაცია. რაა ეს, თუ არა ძალადობა?! შენ ათი-თორმეტი წლის ბავშვს ეუბნები, მას, ვისაც შესაძლებელია მუსიკაში ახალი სიტყვის თქმის პოტენცია ჰქონდეს, რომ მოუსმინოს მხოლოდ რამდენიმე მუსიკოს მაშინ, როდესაც შენ ყველა მათგანს უსმენ? რესურსს უკეტავ? ეს ხომ ყველაფერთან ერთად მუსიკის ისტორიის სიმულაცია?! და, რაც მთავარია, შენ გესმის, რომ ამის შედეგად ის განწირული ხდება! ეს ბნელი ძალებია! ეთიკურად, მორალურად, ყველანაირად! არაფერია იმაზე ამაზრზენი, როდესაც მცოდნე არმცოდნეს ატყუებს!
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი