კოტე ყუბანეიშვილი სამყაროს წინააღმდეგ

კოტე ყუბანეიშვილი პორტრეტი

კოტე შონ კონერივითაა - ალბათ, კარგა 20 წელი იქნება, რაც ასაკი აღარ მომატებია. რომ შეხედავ, ვერ იტყვი, რომ უკვე სამოცსაა გადაცილებული. თავადაც ერთგვარი სიამაყით ამბობს, იმ დღეს კლასელები შემხვდნენ და რომ გენახა, გული გაგისკდებოდა, ყველანი ბებრები იყვნენო. თავად კოტეზე ვერავინ იტყვის - ბებერიაო. ლაპარაკითაც ასე, 25 წლის ავანგარდისტ პოეტს უფრო ჰგავს. როგორც თავად ჰყვება, შესაბამისად ცხოვრობს კიდევაც.  

კოტე: როდესაც გავიღვიძებ, რაღაც მოტივი მაქვს ბავშვობიდან ჩარჩენილი. ველოდები ამ მოტივს და მერე მთელი დღე იმ რიტმით დავდივარ. შეიძლება ღამე ჩამრჩრეს რაღაცა. ან, შეიძლება, დილის ამინდზე ავეწყო. ასე ვცხოვრობ, სხვანაირად ჩემთვის წარმოუდგენელია. 

 - ისე, თავად თუ გრძნობ ასაკს?

კოტე: გრძნობ - არა გრძნობ... რა მნიშვნელობა აქვს? მაინც იმდენის ხარ, რამდენისაც ხარ. ისე კი ვგრძნობ, როგორ არა ვგრძნობ. ვგრძნობ კი არა, დედა მეტყვნება.

ესეც კოტეა. ვიდრე საუბარში ჩაერთვებოდეს, ძირითადად საკუთარი ლექსებით და გინებით ლაპარაკობს. როდესაც გახურდება, მერე ლექსებს უკლებს. გინებას კი უმატებს. გინებაც თავისებური აქვს - კი არ ილანძღება, უფრო პუნქტუაციად ან ხაზგასასმელად იყენებს. მაინცდამაინც არც იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ გულიდან ამოსდიოდეს.  დაუფიქრებლად არ ამბობს. უფრო ის ჩანს, რომ ეფექტის მოხდენა უნდა. ახდენს კიდევაც.

* * *

- რამდენად ბუნებრივად მოგდის ეპატაჟი? თუ შეგნებულად უმატებ ხოლმე ტემპერატურას, მარილისათვის?

პოეტს სჭირდება გესლი, როგორც ნიადაგს თესლი. ეს არის მთელი ჩემი პოეზიის მამოძრავებელი. რაღაცაზე ნერვები თუ არ გეშლება, შენი დედაც მოვტყან და შენი პოეზიისაც. მთელი აზრი ის არის, რომ შენ ხარ მემბრანა, რომლითაც საზოგადოება აღიქვამს საკუთარ პულსს. პოეზია ერესია. თუ ვიღაცას შენი მოკვლა არ უნდა, მაშინ, როგორც პოეტი, ხარ დეგენერატი. მოსაკლავად თუ არავინ მოდის და ყველას მართლა უყვარხარ, შენი დედაც მოვტყან. ვის რაღად უნდა შენი პოეზია.  

ადრე კოტეს ასეთი ამბავი აქვს მოყოლილი: აჭარაში ვიყავი ჩასული და ასლან აბაშიძემ მითხრა, ერთ კარგ ავანგარდისტ პოეტს უნდა შეგახვედრო. საქართველოში არ იცნობენ, არადა ძალიან მაგარიაო. მე კიდევ ვუპასუხე, მე იმ ავანგარდისტი პოეტის დედაც მოვტყან, სახელი რომ არ მეცოდინებაო. კოტე მერე განმარტავდა, იმიტომ კი არა, რომ მაინცდამაინც მე უნდა მცოდნოდა იმის სახელი. არამედ, იმიტომ, რომ ყველა უცნობი ავანგარდისტი პოეტის დედაცო. პოეტი უნდა ჩანდესო. 

- ბოლო შენი გამოჩენა ის იყო, რომ "იუტუბის” კლიპში ქართულ ტელევიზიებს ახურავდი თავზე...

გუშინ დამირეკეს "იმედიდან”. "იცით, გადაცემაში გვინდა მოგიწვიოთ, პოლიტიკაზე არ იქნება ლაპარაკი და, მოდი, ქართულად განქორწინება განვიხილოთო~. მე რა, განქორწინების ექსპერტი ვარ? არ მინდა მძღნერში გამოჩენა. 

- ყურადღების ცენტრში ყოფნა არ გაკლია?

არა. სულ არ მინდა სადმე გამოჩენა. არც მჭირდება. არიან ვიღაცები, ვისაც სჭირდებათ გამოჩენა. მაგალითად, პაატა ქურდაძეს სჭირდება. სჭირდება, რომ იჯდეს ამ პარიზში და საქართველოზე წეროს. იმიტომ, რომ თუ არ წერა და არ გამოჩნდა, არც არავინ გაიგებს მის შესახებ. მე კიდე, არც ეს პოეზია მჭირდება არაფერში. შარის გარდა არაფერია. ეს პოეზია ჩემი დანამატია, მე კი არა ვარ ამ პოეზიის დანამატი. ირაკლიც (ჩარკვიანი) ასე იყო. იმისგან კი არ გამომდინარეობდა სიმღერა... ირაკლი უსიმღეროდაც ირაკლი იყო. უბრალოდ სიმღერაც ყველაზე კარგად შეეძლო. 

- კი, მაგრამ თუ არ გამოჩნდი, ზემოქმედება როგორ უნდა მოახდინო, როგორც პოეტმა?

ზემოქმედება რატომ უნდა მოვახდინო?

- რომ, აი, ამბოხი, ერესი...

კოტე: პოეზიის ფუნქცია არ არის ეგ - ამბოხი და წინააღმდეგობის გაწევა. კი, შეიძლება ერთგვარად იყოს კიდეც, მაგრამ რაღაც აღარ მომწონს ეგ. 

- კი მაგრამ, ამ წუთას არ ამბობდი მაგის საპირისპიროს?

ვამბობდი კი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არავის ეგ არ სჭირდება. გამოდის, რომ რაღაცას ვახვევ ხალხს თავზე და არ მინდა ეგ მე. რად მინდა? ეს ხალხი ჩემზე უფრო არავის არ ეზიზღება. მე მართლა მაგათი დედა რომ მოვტყან. თუ არ გაქრებიან, კიდე... ქალიან კაციანად. 

- მართლა ეგრე ფიქრობ?

ხანდახან. მაწვება ხოლმე და მერე ვხვდები, რომ მეც მანდა ვარ და მეც იგივე ქართველი ვარ. ეს ერთგვარი საწვავია. ერთგვარი კი არა, ერთადერთი საწვავია პოეზიის. ეს მიუღებლობა... 

- მარტო ეგაა საკმარისი? რამდენიც გინდა იმდენი პოეტია, რომელსაც, როგორც ჩანს, არავინ და არაფერი მოსწონს საკუთარი თავის გარდა...

არა, საკმარისი როგორაა. ეს სიტყვა უნდა... ეს სიტყვა ბორბალივით უნდა გახდეს. ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტო უნდა გახდეს. ეფექტი უნდა მოჰყვეს, რომ - ვა! ასე უბრალოდ როგორ ამბობო. შენს თავს უნდა სთხოვდე პირველ რიგში. თუ შენს პოეზიასაც ასე აფასებ და უშვებ მარტო იმას, რაც მიგაჩნია, რომ სრულყოფილია, ზუსტია და მაქსიმალურად კომპაქტურია, მარტო ეს გაძლევს გარკვეულ შედეგს. 

პრობლემა ისაა, რომ საქართველოში უბრალოდ არაფრის კეთება არ უნდათ. ერთი მხრივ, ძალიან ორთოდოქსები ვართ, დოგმატურები. პოეზიაშიც ეგრეა. ძალიან ცრემლიანია და, შესაბამისად, ძალიან დიდი გულის ამოღება სჭირდება, რომ ნაღდი გახდეს. ძალიან ცხიმიანია ქართული საჭმელი და დიდი ფილტრაცია სჭირდება. კარგი პროდუქტია, მაგრამ თან ცხიმების აჭრა უნდა, რომ ადვილად გადასამუშავებელი გახდეს. იგივე რომ იყოს, მაგრამ ცოტა შემცირებული. ამდენი ყაიმაღი რომ არ გქონდეს. ჭამის წინ ერბო რომ არ დალიო და მერე ხაჭაპურზე ზემოდან სულგუნი არ დაადო. ეგაა ჩვენი პოეზიაც, ჩვენი სიმღერაც და ჩვენი მოთხოვნაც ერთმანეთის მიმართ. სიყვარულიც ეგრეა და მეგობრობაც ეგრეა. და ამ ყველაფერს უკიდურესობები ახლავს თან. საუკეთესო მეგობრები ერთმანეთს ეფიცებიან, როგორ მიყვარხარო და მერე ორ საათში ზურგსუკან ახურავენ ერთმანეთს. ოთახი თუ აქვთ გასაყოფი, და ძმას კლავს და მამა შვილს. ერთი დიაზეპამი სჭირდება ყველას.

ვინმე (შეუმოწმებელი), მარტი 19, 2012, 09:58:28

აცა–ბაცა აწყობ ნოტებს,
ყუბანეიშვილო კოტე.
ხან სიმართლეს გამოურევ,
ხანაც განზე მიაბოტებ.
ხან ხეს რგავ და ხან თავად ჭრი
სადაც ზიხარ, იმავ ტოტებს.
ვიცი, ამას წაიკითხავ
და ამოთქვამ – ტვინი მოტყნეს!
:))

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
view counter
@