|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
კოსმონავტი გელა კუპრაშვილი და ავანგარდული მოდის ასამბლეაგელა კუპრაშვილი პირველად რომ ვნახე, კოსმონავტს მივამსგავსე. ჩაცმულობაში კოსმონავტის არაფერი ჰქონდა, განწყობით იყო ასეთი, თითქოს რაღაც ფანტასტიკურ იდეალს მისდევდა, საიდანაც მაღალი მოდაც კი ერთ ხმაურიან და უგემოვნო დაბლობად მოჩანს. ყოველთვის საკუთარი აქსესუარებით დამშვენებული ტანსაცმელი ეცვა - ხელოვნური ბეწვის ქურთუკი, ყვითელი და შავი კოპლებით, ორგანზას გამჭვირვალე და ორნამენტებიანი პერანგი, პატარა მუსლიმური ნაქსოვი ქუდი, ყოველთვის იპარსავდა თავს და ყოველთვის ცხოვრობდა მარტო, მუდმივი პარტნიორის გარეშე. 22 წლის დიზაინერი გელა კუპრაშვილი ბალტიისპირეთიდან ახალი დაბრუნებული იყო საქართველოში. 1994 წელს ის მეორე არხის "დუბლი 2" რედაქციის ბიჭებთან მეგობრობდა და სწორედ ტელევიზიის წინ დაიწყო ჩვენი ნაცნობობაც. ცოტა ხანში გელამ ავანგარდული მოდის ასამბლეის დაარსება გადაწყვიტა. ეს უბრალოდ, ჩვეულებრივი და თავდაჯერებული სიმშვიდით გამოგვიცხადა და დაამატა, რომ ეს გრანდიოზული მოვლენა იქნებოდა საქართველოსთვის. ჯერ არც სპონსორი არსებობდა, არც არანაირი დაფინანსების მოლოდინი - მაგრამ მან თქვა, რომ ეს უნდა გააკეთოს და მორჩა! გელა განდი (ეს მისი ბოლოდროინდელი ფსევდონიმია; ინდოეთსა და აზერბაიჯანში ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნებულს შეარქვეს) ყოველთვის ასეთი იყო, ის ამბობდა, ოცნებობდა... ვინ წარმოიდგენდა, რომ 1995 წლის შემოდგომაზე მისი ეს ოცნება დიდუბეში "ექსპო-ჯორჯიას" უზარმაზარ ტერიტორიას შეავსებდა, თანაც რამდენიმე დღის განმავლობაში. გელა განდიმ მაშინ გადაწყვიტა, რომ ავანგარდული მოდის პირველი ასამბლეის კონცეფცია მე უნდა შემექმნა. სოროსის ფონდში ახალგაზრდა კოორდინატორი ეკა მაზმიშვილი დიდი გულისყურით და მონდომებით მოეკიდა ამ წამოწყებას. გელას სხვებიც ჰყავდა გვერდით, დათო მაისურაძე, ყინულის ფესტივალს რომ აწყობს ხოლმე, მისი მეგობარი დიზაინერები გიორგი ნადირაძე, ნინო ახვლედიანი და ირმა პატარავა, პირველი რადიო, "დუბლი 2". დანარჩენი უკვე გელამ თვითონ მოახერხა დამოუკიდებლად. ჩემს კონცეფციას ერქვა "ვენერას მიწა" და იდეა იყო მოდის და ფეშენის დემისტიფიკაცია. ამ კონცეფციის განხორციელება შეუძლებელი გახდა, ის უფრო თეორიულ მხარდაჭერად დარჩა. ეს უნდა ყოფილიყო ალტერნატიული მოდის ფესტივალი, სადაც დადგენილი უნიფორმებისა და ტრაფარეტული სნობიზმის ჰეგემონია გაქრებოდა. თბილისს ისედაც არასოდეს ჰქონია მაღალი მოდის კულტურა და მით უფრო - ბაზარი, ამიტომ "ამას" პროექტი არა მოდასთან დაპირისპირების მცდელობა, არამედ უკვე დამოუკიდებელი სოციო-კულტურული პერფორმანსის ჩანასახი იყო. განსაკუთრებით თვალშისაცემი 90-იანი წლების საქართველოში, სადაც ყველა მონატრებული იყო დიდი ხნის განშორებულ ცხოვრებისეულ სიამეებს და ჯერ არც დასავლეთის აღთქმული დღესასწაული ჩანდა. ავანგარდული მოდის ფესტივალი თბილისის ახალგაზრდა მოსახლეობას შუა ქალაქში ფერად და ხმაურიან დღეებს ჰპირდებოდა. აქ გოგონებს შეეძლოთ მოეწიათ სიგარეტი, ბიჭებს შეეძლოთ ევლოთ ჯგუფებად და შორიდან თვალი ედევნებინათ მათთვის. გარდა ამისა, მართლაც ამ ფესტივალმა გააერთიანა მხატვრები, პოეტები, დიზაინერები და მუსიკოსები, ვინც მაშინ თბილისის და საქართველოს ახალ კულტურას ქმნიდა. გელა განდიმ პირველმა ჩამოიყვანა თბილისში თანამედროვე ვარსკვალავი, ინგლისელი არტისტი ენდრიუ ლოგანი, რომელიც პერფორმანსთან ერთად შესანიშნავ სამკაულებს აკეთებს. თბილისში ავანგარდული მოდის ასამბლეაზე ასევე იმყოფებოდნენ ანდრეი ბარტენევი და პეტლიურა მოსკოვიდან, შოზო შიმამოტო და ჰიროკო უსუი იაპონიიდან. ვინც დღეს მოდის სამყაროში რამეს აკეთებს თბილისში, უმეტესობა სწორედ ამ ფესტივალთან იყო დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში, სწორედ აქედან დაიწყო მათი კარიერა. ნათია მაქაცარია, ალბათ, 15 წლის იქნებოდა პირველი ასამბლეის დროს, სალი გვენეტაძე 12 წლის ასაკში გამოვიდა ამ ფესტივალზე. აქ შედგა ზალიკო ბერგერის პირველი ჩვენება, ჯერ კიდევ პირველ კურსზე რომ სწავლობდა. გელა განდიმ მრავალ ასეთ ახალგაზრდას გაუხსნა მაშინ ეს ჭრელი და დამაფიქრებელი სამყარო, მშვენიერი ფორმების ძიებისა და ცხოვრებაში ფერების შემოტანის პერსპექტივა. გელა განდი 1990-93 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა მოდელირებას და დიზაინს. შემდეგ ვილნიუსში გააგრძელა სწავლა, იონე ბურდას დიზაინის სკოლაში, იქ ერთი სპექტაკლიც კი გააფორმა "გამარჯობა სონია, ახალი წელია", რომელიც ვილნიუსის დრამის თეატრში დაიდგა. გელა განდი, იური გაგარინს რომ თავი დავანებოთ, რაღაცით ამერიკელ მწერალს ჰენრი მილერსაც მოგაგონებდათ - გარეგნობის გარდა, ხასიათითაც. მისთვის ხელოვნება იყო ყველაფერი, რაც მის საარსებო სივრცეში მოექცეოდა - კოქტეილის ჭიქა კაფეში, სოფლის უბადრუკი გზა, უცნაური გარეგნობის ზედმეტად სტილიზებული გოგონა, პოეტების შეკრება ღვინის ჭიქასთან - ყველას რაღაცას ჩუქნიდა, რაღაც აქსესუარს, რაიმე ნივთს სამახსოვროდ. და ეს ნივთები ყოველთვის გამორჩეული და ხარისხიანი იყო, საჩუქრად რომ უნდა გაიმეტო სინამდვილეში, ისეთი. ასეთი არის მისი, როგორც ხელოვანის გზა. ერთადერთი გამოფენა, რომლის შესახებაც ინფორმაცია მოიპოვება, არის ბერლინში და შტუტგარტში 2005 წელს განხორციელებული ფოტოგამოფენები იფას გალერეაში. ბერლინელი კრიტიკოსი ნელე სასი წერს: "ქართველი ფოტოგრაფის გელა კუპრაშვილის ნამუშევრებში წინა ხაზზე გამოდის პერფორმატიული ელემენტი, სადაც ის ახდენს ჯარისკაცის, გურუსა და სხვა ასეთი ფიგურების განსახიერებებს. მისი ნამუშევრების ეფექტი იმაშია, რომ სურათის სახელწოდება არასოდეს ემთხვევა მასში ასახულ სცენას". სანამ გელა განდი პილიგრიმობას სრული მასშტაბით დაიწყებდა, მანამდე მან თბილისს სამი გრანდიოზული ავანგარდული მოდის ფესტივალი აჩუქა, რომელიც მთლიანად მის მხრებზე იდგა - როგორც არტისტის და არა - ბიზნესმენის ან მენეჯერის მხრებზე. მან შექმნა ბრწყინვალე ლოჯისტიკა და არტისტული კონცეფცია ერთდროულად. 1998 წელს თბილისში ჩემი და გელა განდის მოწვევით იაპონელი არტისტი შოზო შიმამოტო ჩამოვიდა, რომელმაც 50-იან წლებში ცნობილი იაპონური ავანგარდის ჯგუფი "გუტაი" დააფუძნა. ამ ისტორიულ სამხატვრო მოძრაობას კრიტიკოსები ჯეკსონ პოლოკის აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის პარალელურს უწოდებდნენ. მოგვიანებით კი მან დააფუძნა ახალი ჯგუფი სახელწოდებით "არაიდენტიფიცირებული ხელოვნება" (AU), სადაც 200-მდე ხელოვანია გაერთიანებული და რომელიც ყოველგვარი ფორმალური აკრძალვებისა და წესების გარეშე მუშაობს. შოზო შიმამოტო ცნობილია საკუთარი ამწეს პერფორმანსებით, როდესაც ის დიდი სიმაღლიდან მიწაზე ისვრის საღებავით სავსე ქილებს და ასე ქმნის ექსპრესიონისტულ, აბსტრაქტულ უზარმაზარ ტილოებს. 70 წლის ასაკში კიოტოს უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა ინფარქტი გადაიტანა. მაშინ იაპონელმა ექიმმა ასეთი რეცეპტი გამოუწერა, რომ მსგავსად 1000 ქაღალდის წეროს ტრადიციისა, რომლებსაც ჰიროსიმასა და ნაგასაკის დღეებში დაღუპულთა ხსოვნისათვის ცაში უშვებენ, შოზო შიმამოტოს უნდა შეეგროვებინა 1000 ახალგაზრდა გოგონა, რომლებიც თანახმა იქნებოდნენ, მისთვის გაეხადათ და შიშვლებს ემუშავათ მისი ცოცხალი ნახატებისთვის და პერფორმანსებისთვის. და თუ ეს ასე მოხდებოდა, ლეგენდარული იაპონელი მხატვარი სიცოცხლეს დაიბრუნებდა. დაახლოებით 6 წლის წინ მის ასეთ პერფორმანსებში უკვე 500-მდე ახალგზრდა იაპონელ ქალს ჰქონდა მიღებული მონაწილეობა. თბილისის ავანგარდული მოდის ასამბლეაზე შოზო შიმამოტო საკუთარ ასისტენტ გოგონებთან - მხატვარ ლოკო ჰიროკო უსუისთან და კომპოზიტორ საჩიე იამაშიტასთან ერთად ჩამოვიდა. ლოკო ექსცენტრული ახალგაზრდა ავანგარდისტია, რომელიც მთელი ცხოვრება პლასტმასის ერთჯერად ჭიქებს აგროვებს, მათ წრიულად, სიმეტრიულად განალაგებს, სტეპლერით კრავს და უზარმაზარ სკაფანდრებს აგებს. საკუთარ თავს ასეც უწოდებს "კაპ არტისტ ლოკო" - "ერთჯერადი ჭიქების არტისტი ლოკო". მისთვის ეს ერთმანეთთან და კოსმოსთან დამაკავშირებელი ლოკატორები და რადარებია, რომლებიც გარემოში არსებულ ბგერებს აძლიერებს. ადამიანები, ვინც მის პერფორმანსებში ასეთ სკაფანდრებს გაიკეთებენ, ერთმანეთთან უხილავ, ბგერით კავშირს დაამყარებენ. საჩიე იამაშიტას საკუთარი ნამუშევრები არ ჩამოუტანია, მან უბრალოდ ამწეს პერფორმანსში მიიღო მონაწილეობა.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი