view counter
„კორიდა“ და ლივია კორონას ჯუჯები
warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 1 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

იანვარი 20, 2012 ავტორი ია მერკვილაძე

ლილიპუტები ფოტო

       ძალიან პატარა ვიყავი, როცა ისინი პირველად დავინახე. მეგონა, რომ ჩემი ასაკის იყვნენ, მაგრამ დედამ ამიხსნა: არაო, რაღაც მოხდა მათ ორგანიზმში და მეტს ვეღარ გაიზრდებიანო. ვკითხე, წამალი ხომ არსებობს – თქო? არ არსებობსო დედამ, შეიძლება მომავალში აუცილებლად გამოიგონონო. მახსოვს, მამიდაჩემის მეზობლად ცხოვრობდა გოგონა, რომელიც არასოდეს მინახავს. უბრალოდ, ვიცოდი, რომ იმ სახლის კარს იქით იღვიძებდა, თამაშობდა, ტიროდა ადამიანი, რომელსაც ძალიან მაღალი მშობლები ჰყავდა, მაგრამ ... 15 წლისა 5 წლის ბავშვის სიმაღლის იყო. ისიც ვიცოდი, რომ მშობლებს არ დაუტოვებიათ საბჭოური რესპუბლიკა, რომლის ყველაზე ავტორიტეტიანი ექიმებისთვისაც ერთადერთი შვილი არ ეჩვენებინათ. ექიმბაშებთანაც კი დაჰყავდათო. ამაოდ. ზრდის ჰორმონი მისთვის არ იყო. ბავშვი არ იზრდებოდა, არ სწავლობდა. განა არ შეეძლო? უბრალოდ, მშობლებთან ერთად „კარგი ექიმის“ ძიებაში გამუდმებით მოგზაურობდა. სხვებთან ერათად არ თამაშობდა. თინეიჯერის ასაკისას მასზე 10 წლით უმცროსებთან, ალბათ, არაფერი ესაქმებოდა. საშუალო სტატისტიკური ზომის ადამიანებამდე კი არავინ მიუშვა. არც ისინი მოვიდნენ. მისნაირებს კი სად იპოვიდა, სად გაიცნობდა? ისე გარდაიცვალა (აღარ მახსოვს რომელი დაავადებისგან), რომ, მგონი, ჩემს მამიდაშვილებსაც სამზე მეტად არც უნახავთ. მას გარეთ არ უშვებდნენ. მშობლებს აშკარად რცხვენოდათ შვილი ასეთი რომ „გამოუვიდათ“. ან სულაც ქრონიკულ დეპრესიაში იყვნენ. გოგონაც არ გამოდიოდა გარეთ. მახსოვს, რაღაც შიშნარევი იდუმალებით ვუყურებდი ამ ადამიანების სახლის თეთრ კარებს, რომელიც ასე მეგონა, არასოდეს იღებოდა ან თუ იღებოდა, მხოლოდ გვიან ღამით. და წარმოვიდგინე, როცა მოკვდებოდა, ბოლოს და ბოლოს ის კარი გაიღებოდა და დაინახავდნენ, როგორი იყო... სურათზე მაინც.

ბავშვობაში ისიც მახსოვს ჯუჯებზე ათასი გამოგონილი და არგამოგონილი ისტორიები დადიოდა. სხვადასხვაგვარად უწოდებდნენ: ჯუჯები, ქონდრისკაცები (ქალებიც ხომ იყვნენ), ლილიპუტები. მათი დანახვისას სვიფტის „გულივერის თავგადასავალი“, ანდერსენის „ცეროდენა“ ანდა ძმები გრიმების „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ სულაც არ მახსენდებოდა. არამედ პირველად ნანახი ... ძალიან დაბალი მამაკაცი და ქალი,  ხელიხელჩაკიდებულები, თითქმის ერთმანეთს მიხუტებულები, სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით დიდი თავითა და არაბავშვურად დანაოჭებული სახით, პატარა ნაბიჯებით მოსიარულენი, რომლებმაც მაღაზიაში რაღაც იყიდეს; მამაკაცმა ფული ძლივს მიაწოდა მისთვის დახლის ზემოდან გადმოზნექილ გამყიდველს. მათ ყველა უყურებდა, ისინი კი – არავის აშტერდებოდნენ. სწორედ ის წყვილი მახსენდება, როცა მამაკაცის ღირსების დახასიათებისას იტყვიან ხოლმე „ისეთი მაღალი, ამ კარში ვერ შემოეტევაო“ ან „იმხელა იყო, კუბოში ვერ ჩაატიესო“ ანდა „შკაფივით კაციო“. ქალზე კი „შემწყნარებლუად“ ამბობენ – „დაბალია, არა უშავს, ქალია მაინცო“ ანდა „დაბალი ქალი მამაკაცის საუკეთესო საჩუქარიო“. განსაკუთრებით, „პროფესიონალი“ მაჭანკლების რეპერტუარში იყო ამგვარი სიტყვათშეთანხმებები: „ისეთი მაღალია, აი, თვალსა და გულს რომ გაუხერდებაო“ ან „შენ – საშუალო, ის – მაღალი, შვილი კაი ზომის და ჯიშის გამოგივათო“ და ა.შ.. და მიკვირდა, სიმაღლე – სიდიდე რატომ უნდა იყოს ასეთი საამაყო–თქო? ეს სიმაღლე ხომ სიგრძეა და მეტი არაფერი. ისიც მახსოვს,  ფსიქოანალიზის ლექტორი ნაპოლეონ ბონაპარტის მსოფლიო ამბიციას მისი არც ისე „საშური“ სიმაღლის კომპენსაციით რომ გვიხსნიდა...

ლილიპუტი ქალი და კაცი

      კიდევ ბავშვობაში ნანახი, ალბათ, პირველი საბჭოური მისტიკური ტრილერი „მეფე სტახის ველური ნადირობა“ მახსენდებოდა, რომელშიც მსახიობი ვლადიმირ ფიოდოროვი თამაშობდა. ჯუჯა მსახიობი ამ ფილმს კიდევ უფრო მეტ „ჰორორს“ სძენდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ფიოდოროვი ატომური ფიზიკოსი ყოფილა. ანტისაბჭოთა დისიდენტმა, კაგებე–ს მუდმივმა სამიზნემ ბოლო–ბოლო სამსახიობო კარიერა აირჩია. ამერიკელი ჰოლივიდელების მიჩუ მაზარუსა და ვერნ ტროიერის შესახებაც გავიგე. უფრო სწორედ,  ფილმები ვნახე მათი მონაწილეობით. მაგრამ ამ ფილმებშიც ისინიც უფრო საცირკო „ატრიბუტების“, ტაკიმასხარების ან მარგინალების როლს თამაშობდნენ, ვიდრე იმას, რასაც ჩვენ, „ნორმალური ზომის ადამიანები“ ნორმალურ ცხოვრებას ვუწოდებთ. მათი შოუმენ–ვუმენობა ოდენ მათი ჯუჯობითაა შემოსაზღვრული და ეს ადამიანებიც უკვე შეეგუენ ამგვარ როლურ ფუნქციას. იყენებენ კიდეც.  ჰოდა, ეს გამოყენება გამახსენდა, როცა ამერიკაში მექსიკური ჯგუფი Enanitos Toreros („ჯუჯა ტორეოდორები“) ჩამოვიდა. რობერტ პარკმა ტერმინი „მარგინალი“ ეკონომიკურად  უკიდურესად შეჭირვებული ადამიანების– ემიგრანტების დასახასიათებლად „გამოიგონა“.  Enanitos ტორეოდორები მარგინალები თავად მარგინალურ ქვეყანაში, მექსიკაში ცხოვრობენ. აშშ–ში ყველაზე დაბალანაზღაურებად და ფიზიკურად  ყველაზე მძიმე სამსახურებში მექსიკელი არალეგალები მუშაობენ, რომლებიც ერთი შეკვრა ცელოფნის პარკით ამერიკული ოცნებისკენ ხან მექსიკის საკანალიზაციო მილებს მიჰყვებიან, ხანაც საზღვარზე აღმართულ „ჩინურ კედელზე“ გადაძვრებიან. კაპიკებისთვის. უფრო სწორედ, ცენტებისთვის. და მერე აშშ–ში ფუძნდებიან. თავიანთი შვილების საშუალებით, რომლებიც მოქალაქეობას სწორედ დაბადებით იძენენ. მათ ლათინო–ამერიკელებს უწოდებენ და მრავალშვილიანობით გამოირჩევიან. ყველაზე მარგინალური ჯგუფი და ... მრავალშვილიანობა (პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით კი XXI – ში გაჭირვებისა და მრავალშვილიანობის კორელაცია აუხსნელ ფენომენად კიდევ დიდხანს დარჩება). მექსიკელი ლილიპუტები და ... ტორეოდორები. ხარის მკვლელები. თუმცა შემოსაზღვრულ არენაზე ისინი უფრო პონიზე  დაჯირითობენ, ცეკვავენ, მღერიან, ხალხს თავისი ცეროდენობით ართობენ, ვიდრე ესპანურ, კატალონურ ძველ, სისხლიან რიტუალს ატარებენ. საჯაროდ ტკივილის მიყენებისა და სიკვდილის რიტუალს. თუმცა კატალონიაში იგი უკვე გააუქმეს.

ლილიპუტი ქალი

ნიუ იორკში მცხოვრები ცნობილი მექსიკელი ფოტოგრაფი ლივია კორონა Enanitos Toreros დასს მექსიკასა და აშშ–ში  გასტროლებზე დაჰყვებოდა. მათთან ინტერვიუებსაც იწერდა და წიგნიც გამოსცა სახელწოდებით Enanitos Toreros. ფოტოხელოვნის შავ–თეთრი ფოტოები ერთგვარი ანტისლაიდშოუა. ნაღვლიანი, ოდნავ ცივი,  მსოფლიო სევდის დამტევი, თითქოს ქალაქის შავ–თეთრ ქუჩებში ასეთივე შავ–თეთრი სომბრეროები და ძველი მანქანები დაბორიალობენ. არადა, ცხოვრებაში სომბრერო როგორი ფერადი და ხალისიანია. ლივია კორონას „ჯუჯა“–  ფოტოები შოუსა და ფოტოშოპირების გარეშეა. ისეთი განცდა გაქვს, რომ აქ არც რევოლუციები ხდება და არც ტოტალიტარიზმია, არც სამოთხეა და არც ჯოჯოხეთი, არც ნეორეალიზმია და არც ახალი ტალღა, არც სნობიზმი...  მაგრამ სიყვარული აუცილებლად უნდა იყოს. აქ, უბრალოდ, არ იზრდებიან...

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.

ჯიბო (შეუმოწმებელი), იანვარი 25, 2012, 14:30:36

ვისურვებდი, ქართველ ავტორებს მეტი პატივსცემა ჰქონოდეთ მშობლიური ენის მიმართ;ქუჩური უშინაარსო "ბოლო-ბოლო"-ს ნაცვლად, ბოლოს და ბოლოს შინაარსიანი შესატყვისისთვის მიეგნოთ და რაც მტავარია,უპირატესობაც მიენიჭებინოთ აზროვნებისას.გავკადნიერდები და შევახსენებ,რომ წიგნს არ"უშვებენ",არამედ გამოსცემენ.შესაძლოა ვინმეს ეს შენიშვნები ახირებად მოეჩვენოს,მით უმეტეს,იმ ვითარებაში,როდესაც ყველა ტელე თუ ბეჭვდითი ჟურნალისტი,პოლიტიკოსი და მიმომხილველ-"ანალიტიკოსი" ჩვენ სმენას ანაგვიანებს ქართულში ძალდატანებით,საკუთარი თავის წარმოსაჩენად მათ მიერვე შემოტანილ და უკვე ყოველ დღიურ სახმარად ქცეულ უცხო სიყვებით (ბრენდი;შოუ;ტრეინინგი;ტოპ;სინგლი;და ა.შ. დაუსრულებლივ),რომელთაგან თითეულს ქართულში აქვს სამი,ხუთი, და თქვენ წარმოიდგინეთ, შვიდი(მაგ."ბრენდი-ს") სრულიად ტოლფასი ან მრავალჯერ აღმატებული შესატყვისი აქვთ! რაც სეეხება თავად სტატიას,უნდა ითქვას,რომ უნიჭოდ არაა დაწერილი,თუმცა,მასში ახალი არაფერია ნათქვამი, ვინაიდან ავტორი მხოლოდ ფაქტების აღწერით დაკავებულა.

ოჩილა (შეუმოწმებელი), იანვარი 21, 2012, 22:18:55

ზოგდად ადა­მი­ა­ნის სი­მაღ­ლე, თა­ვის თა­ვად, არ გან­საზ­ღვრავს მის ავ-კარ­გი­ა­ნო­ბას. ისე, რა­ღა თქმა უნ­და, მა­ღა­ლი სჯობს და­ბალს. კო­მი­კურს, პა­ტა­რა პი­როვ­ნე­ბას მი­სი მცდე­ლო­ბა ხდის ყვე­ლა ხერ­ხით გა­ი­ზარ­დოს ტა­ნი და სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბას გა­უს­ვას ხა­ზი. თუ ადა­მი­ა­ნი ღვთის­გან მი­ნი­ჭე­ბულ მცი­რე სი­მაღ­ლეს, რო­გორც მო­ცე­მუ­ლო­ბას, ისე აღიქ­ვამს, პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას ორ­მა­გი ძა­ლით გა­ნაგ­რძობს. ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­დის ტან­მორ­ჩი­ლე­ბას­თან ბრძო­ლა­ში, ხში­რად სუ­ლი­ე­რა­დაც აღ­მა­ტე­ბუ­ლი. სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­დე­გი მო­აქვს და­ბა­ლი სი­მაღ­ლის კომ­პლექ­სის დაძ­ლე­ვას ფეხ­საც­მლის ქუს­ლე­ბის გაზ­რდის და თვით­გან­დი­დე­ბის გზით.

მარინა (შეუმოწმებელი), იანვარი 21, 2012, 18:47:17

ნამდვილად, მსჯელობის საგანია. თითოეულ ჩვენგანს ჰქონია ალბათ რამენაირი შეხება, თუნდაც ცირკში, ან მხატვრულ ფილმებში, და ვინაიდან ჯუჯები არაბუნებრივად გვეჩვენება, თითქოს გვეცოდება. თუმცა, მე რეალში ტკაჩენკო რომ დავინახე, გული კინაღამ გამისკდა, ისეთი არანორმალურად დიდი იყო. განსაკუთრებით მისი ბოტასები არ დამავიწყდება, გემისხელა იყო ლამის! მაგრამ მას არანორმალურად არავინ თვლის. რა საოცარი ფსიქოლოგიური მომენტია, - ორივე ნორმიდან გადახრაა და სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება:((((

კახა ხოშტარია (შეუმოწმებელი), იანვარი 21, 2012, 18:16:03

ვუსურვებ დაჩაგრულ "პატარებს" მხნეობას, არ დაეკარგოთ მეობა, რომ დაიმკვიდრონ ზეობა, ხოლო საშუალო სტატისტიკურებს, რომელსაც მეც განვეკუთვნები, მოეკრიბოთ ძალ-ღონე სულიერი თანაგრძნობისათვის და გამოევლინოთ ქველობა.
ია გამოირჩევა გულისხმიერებით და ყოველთვის საინტერესოდ, შთამბეჭდავად წერს სხვადასხვა საჭირბოროტო თემაზე, რისთვისაც მადლობას ვუხდი.

Maia (შეუმოწმებელი), იანვარი 20, 2012, 21:34:18

IA mravalmxrivi problemit daintereseba martlac namdvilad kargia....magali ki xecaa :) Gansxvavebulis aragansxvavebulad agqma mashin iqneba shesadzlebeli, rodesac adamianebis tolerantuloba chveulebriv tvisebad gaxdeba ...tu gaxda odesme .

კობა (შეუმოწმებელი), იანვარი 20, 2012, 17:56:25

magari xar iako, magari!

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.