|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
კონცერტზე არს ღმერთი
თებერვალი 14, 2012 ავტორი დათო ჩიხლაძეეს ამბავი გასული წლის ბოლო დღეს მოხდა. მაშინ, როცა ხალხი სახლებში თბილად იყო შეყუჟული ან კიდევ მორიგი, სპეციალურად ქართული ახალი წლისთვის საფლავიდან ამოსვენებული, „ვარსკვლავის“ დუეტს ელოდა სოფო ნიჟარაძესთან. მაშინ მე ერთ სამტრედიისკენ მიმავალ კაცს ჩავუჯექი მანქანაში, რომელსაც ცოლ-შვილი მოსკოვში გაეხიზნა, თვითონ კიდევ ახალ წელს მშობლიურ ქალაქში უნდა შეხვედროდა. თან მიმანიშნა, იქ მაგარი ნაშა მელოდებაო, ამიტომ უნდა ვიჩქაროო. პრინციპში, მე წინააღდეგი არ ვიყავი, მას შეეძლო თუნდაც მთელი დასავლეთ საქართველო გაეჟიმა, ოღონდ კი ოდნავ წინ გავეწიე. ასეც მოიქცა. როცა იმ კაცის მანქანაში რუსულ პაპსას შორის ყველაზე ცუდ სიმღერას ვუსმენდი ერთი ისტორია გამახსენდა. საერთოდ, როცა მანქანის უკანა სავარძელზე ზიხარ და ფანჯრიდან უამრავი სხვადასხვაფრად შეღებილი ჭიშკარი ერთმანეთს ელვის სისწრაფით ენაცვლება, ყოველთვის ცდილობ რამე სასიამოვნო ისტორია გაიხსენო. ცუდი ისაა, რომ მე ასეთი ისტორიები ფაქტობრივად არ მაქვს. ფანჯრიდან ხედებში ერთადაერთი მრავალფეროვნება სასაფლაოა ხოლმე, დასავლეთში ბევრ, პირდაპირ ტრასაზე, წამოჭიმულ სასაფლაოს შეხვდებით. აქაც მრავალფეროვნება იგრძნობა. სტერეოტიპული წარმოდგენის საწინააღმდეგოდ, რომლის მიხედვითაც, სასაფლაო აუცილებლად მონოტონური უნდა იყოს, დასავლური საფლავები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. აქ შეგიძლიათ იხილოთ ფერთა სრული გამა, სხვადასხვა სიმაღლის, სიგანისა თუ სოციალური ფენის საფლავები. ამ, დასავლური, ფენომენის ამოხსნა მართალია ახლაც მიჭირს, მაგრამ ვცდილობ ამაზე ნაკლები ვიფიქრო. ისტორია, რომელიც მახსენდება, ბანალურად, ქალზეა. მაშინ 18 წლის (ან უფრო ნაკლების) ვიყავი და ძალიან შემთხვევით ხელში ჯერ რამდენიმე ბიტნიკი, შემდეგ კი ჰანტერ ტომპსონი ჩამივარდა. მერე ისინი ჩემს მეგობარს წავაკითხე და ჩვენც ლიტერატურულ სიღრმეებში ბევრ ძიებას, მისი საკუთარ თავზე გამოცდა ვამჯობინეთ. იმ ღამეს უგონოდ დავთვერით, არც უხეჭეჭურობას ვუჩივოდით და რა თქმა უნდა ყველაზე იაფფასიან ბორდელში შევაჭერით. მაშინ მეც და ჩემს მეგობარსაც, ადამიანის ერთადერთ დანიშნულად, საკუთარ თავში რაც შეიძლება ღრმად წვდომა, საკუთარი არაცნობიერის გააზრება და ამაში ლოგიკის პოვნა მიგვაჩნდა. ჩვენ გვაინტერესებდა თუ რამდენად შეიძლება ინსტიქტი ელემენტარულ, მათემატიკურ, ლოგიკას დაექვემდებაროს და არსებობს თუ არა სადმე უნივერსალური ფორმულა, რომელიც ჩვენს ქმედებებს განსაზღვრავს. ამ ყველაფრის შეცნობის ერთადერთი გზა სწორედ ინსტიქტებისთვის სრულად აყოლა, გაუცნობიერებელი ქმედებების ჩადენაა. დანაშაული, რომელსაც ამ დროს სჩადიხარ არ უნდა აზარალებდეს სხვას, მაგრამ აუცილებლად უნდა გაყენდებდეს ზიანს შენ. საკუთარი ფიზიოლოგიური არსებობის განადგურებისკენ სწრაფვა უნდა წარმოშობდეს კიდეც იმ უნივერსალურ ჭეშმარიტებას, რომელიც ელემენტარული ქმედებების გაუცნობიერებელ მოტივებს ახსნის. როცა ადამიანი თავისი ნებით თავისუფლდება თვითგადარჩენის ინსტიქტისგან ის გზას აუცილებლად უხსნის სხვა გრძნობებს, რომლებთან ერთადაც ცხოვრება გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ გადარჩენაზე ფიქრი. ნაწილობრივ, ამის მე ახლაც მჯერა, ჩემი მეგობარი კი ჩემთვის სამწუხაროდ და ალბათ მისთვის საბედნიეროდ, გერმანიაში გაემგზავრა, რომ კარგად შეითვისოს საბანკო საქმე და მომავალში წარმატებული ბიზნესმენი დადგეს. ეხხ. მოკლედ, იმ საღამოს, ამ იაფფასიან ბორდელში ერთი გოგო დაგვხვდა, რომელიც თითქმის ერთადერთია რამაც იმ ღამიდან თავი დამამახსოვრა. მას ქეთი ერქვა, 19 წლის იყო, გარეგნობა ლათინოამერიკელი სერიალების ვარსკვლავისა ჰქონდა, ბევრს ლაპარაკობდა და მითხრა, რომ მეძავობა უბრალოდ მოსწონს. ქეთი ძალიან დააინტერესა ჩვენმა მცდელობამ, როგორმე უნივერსალური ჭეშმარიტება გვეპოვნა. იმ საღამოს იმ ბორდელიდან წამოვიდა და მთელი ღამე ჩვენთან ერთად გაატარა. დილით მე და ქეთის ერთად გაგვეღვიძა, მე მისთვის ფული არ გადამიხდია (ალბათ იმიტომ, რომ სულ სასმელში დავხარჯე). ბოლოს მან მითხრა, რომ თვითონ ბოზია, მე კლიენტი და ეს აწყობს. მართალია მე ასე არ ვფიქრობდი, მაგრამ რა მექნა?! ქეთის დანატოვარ „საჩუქრებს“, ხომ თითქმის ნახევარ წელზე მეტხანს ვმკურნალობდი. ამ კაცის დამსახურებით სამტრედიაში აღმოვჩნდი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დაჟინებით მათვალიერებდა. მათ არ სჯეროდათ, რომ შეიძლება არსებობდეს ორი იდიოტი, რომელიც 31 დეკემბერს ტრასაზე იდგება. თუმცა, ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად გადაქცევამ ცოტათი გამახალისა კიდეც, რამდენიმე გოგომაც 3-4-ჯერ აისეირნ-ჩამოისეირნა ჩემს წინ, თუმცა მე ყურადღება არ მიმიქცევია, სასმელისგან ჯერ კიდევ გაბრუებული ვიყავი. იმდენად გაბრუნებული, რომ როგორღაც ოზურგეთამდე ჩავაღწიე, სადაც საბოლოოდ მოვედი აზრზე და შევნიშნე, რომ უკვე ღამდებოდა, მე კი, ჯერ კიდევ გზაზე ვიყავი. ოზურგეთში მე ვნახე ის, რასაც ალბათ ვეღარასდროს ვნახავ და ჯობდა არც მენახა და მართალია მე აზრზე არ ვარ თუ როგორია ბიგ ბენი ლონდონში, ეიფელის კოშკი პარიზში, დიდი ლებოვსკი ლოს-ანჯელესში ან კიდევ ქართველი ემიგრანტი ამსტერდამში, წითელი ფარნების ქუჩაზე, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ნაძვის ხეზე წამოჭიმული წითელი ჯვარი მინახავს. ეს ოზურგეთში იყო. ჯერ თვალებს არ დავუჯერე, შემდეგ ფოტოები გადავუღეთ, დავზუმეთ და საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ იქ, სადაც ადრე წითელი ვარსკვლავი იყო და მისი „მისი ნაძვის პიკზე“ ატანა, ჩემს ბავშვობაში, ერთგვარ ცერემონიადაც კი ითვლებოდა, ახლა ვარკსკვლავის მაგივრად ჯვარი ანათებდა. შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი-თქო რამდენჯერმე კი გავიფიქრე, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები თუ რა გზით მოხვდა უფალი ოზურგეთის ცენტრში დადგმული ნაძვის ხის „ვერხუშკის“ ადგილას. ოზურგეთში, ახალი წლის აღნიშვნას, ქალაქის ცენტრში გამართული კონცერტით აპირებდნენ. მითხრეს, რომ რამდენიმე ჯგუფი უნდა გამოსულიყო, თუმცა ვერ დამისახელეს რა ჯგუფები. ამ დროს სცენაზე უკვე დრამს აწყობდნენ, იქვე მდგომი თინეიჯერი კი თავს აქიცინებდა და იმეორებდა, „რაში მიდის მამაჩემის გადასახადები?!“. ამ ბიჭს გვერდით რამდენიმე გოგომ ჩაუარა და ჰკითხეს აპირებდა თუ არა დარჩენას, ბიჭმა უპასუხა, რომ არ აპირებდა, არ უნდოდა ტყუილად გადაყრილი ფული პირდაპირ ოზურგეთის ცენტრში ეხილა. კარგი ხალხია გურულები, დამახასიათებელი იუმორით და ხილის არყით. ალბათ ამ განათებებსაც გაუკეთებდნენ რაიმე საინტერესო კომენტარს, ფაქტია, რომ ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ ქალაქი გამოცოცხლებულია. თუმცა ეს გამოცოცხლება უფრო ხელოვნური, ძალდატანებულია. არ ვიცი რატომ ჰგონია ხალხს, რომ ახალ წელს აუცილებლად გარეთ უნდა იარონ, განათებები ათვალიერონ და კონცერტით აღფრთოვანდნენ. რეგიონებში, ახალგაზრდებისთვის და არამარტო მათთვის, ახალ წელს ან სხვა დღესასწაულებისას უმთავრესი პრობლემა გართობაა. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია ქალაქის ცენტრში გამოვიდეს და მოუსმინოს შემსრულებებლებს, რომელთა შესახებაც არაფერი იციან ან კიდევ სახლში დალიონ მამასთან და მის ძმაკაცებთან ერთად, მაგრამ ფაქტია, რომ პროვინციელი ახალგაზრდების ერთ-ერთი პრობლემა ამ შემთხვევაში უალტერნატივოობაა. როდესაც რამდენიმე „პრადვინუტი“ ამ ახალგაზრდების გემოვნებას, ჩაცმულობას და ა.შ აკრიტიკებს ავიწყდებათ, რომ მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ იყვნენ სხვანაირები. მათ უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ აქვთ და შანსის მიცემაზეც არავინ ფიქრობს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის საახალწლო კონცერტების მოწყობა ლამის წლის საბოლოო მისია გახდა და ისინიც ამ ყველაფერს, როგორც უბრალოდ სამუშაოს გეგმიურ ნაწილს ისე განიხილავენ. არავინ ფიქრობს ალტერნატივის გაჩენაზე. იქ მაცხოვრებელი ახალგაზრდისთვის კი, რაც არ უნდა გონებაგახსნილი იყოს ის, ახალ წელს უბრალოდ ორი გზაა : 1) გავიდეს კონცერტზე, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ, თუკი ჩვენი მთავრობისა და მუნიციპალიტეტების გემოვნებას გავითვალისწინებთ, ნაგავი იქნება და 2) ჭეშმარიტ ქართულ სუფრას მიუჯდეს, ღვინით მუცელი ამოივსოს და გოზინაყის ჭამით გაიბეროს. ალბათ არც პირველი და არც მეორე თინეიჯერისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. მათ უფრო აქტიური გართობა სურთ და როცა ჩვენი საზოგადოების ჩაკეტილობაზე ვსაუბრობთ, კარგი იქნება გავითვალისწინოთ ისიც, რომ მოსახლეობის უმეტესობას საშუალება არ აქვს გაერთოს ისე, როგორც უნდა. ადამიანებს არ შეუძლიათ თავისუფლად თავი დაკარგონ ცეკვისას, მათ არ შეუძლიათ თამამად იჟიმავონ პირველივე შემხვედრთან, მათ არ აქვთ ადგილი, სადაც ნაციონალური, პოლიტიკური თუ რელიგიური იდენტობის მიერ ნაკარნახევ კლიშეებს თავს დააღწევენ და საბოლოოდ გათავისუფლდებიან. ოზურგეთის ცენტრი კი იმ ღამეს ასეთი კლიშეების მთელს კასკადს გთავაზობდათ, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ის წითლად განათებული ჯვარი გახლდათ, რომელიც მთელს მოედანს ზემოდან დაჰყურებდა და წამითაც კი არ ავიწყებდა, რომ ჩვენთან არს ღმერთი, რომლის გარეშეც არა არიან უცხონი და რომელმაც მრუშობა აკრძალა. მე და ჩემმა ფოტოგრაფმა თითქმის მთელი ოზურგეთი მოვიარეთ ფეხით, ქალაქი ახალი წლისთვის ემზადებოდა, ყველაფერი განათებული იყო (განსაკუთრებით პოლიციის შენობა, ის სხვა შენობებზე უფრო თანასწორი გამოდგა). მართალია რკინიგზამ იმედი გაგვიცრუა, მაგრამ, სამაგიეროდ, შემხვედრმა ტაქსმა არ დაგვაღალატა და ოზურგეთიდან ბათუმამდე 10 ლარად ჩაგვიყვანა. ბათუმი უკვე დასასრული იყო. ჩემი მოგზაურობის ყველაზე დამღლელი და საინტერესო ნაწილი აქ მთავრდებოდა და გზას უთმობდა ყველაზე მხიარულ, ხმაურიან, უპასუხისმგებლო ნაწილს. ჩვენ მაზნიაშვილის ქუჩაზე გავჩერდით, როვერ ჰოსტელში. ამ ქუჩაზე შესვლისთანავე პირველად თვალში საუნა-სასტუმრო მოგვხვდა და ამიტომ ჩვენი მოგზაურობის ამ ნაწილს პირობითად დავარქვით - „ჩვენ ეს დავიმსახურეთ“. ჰოსტელში ერთი გოგო დაგვხვდა, რომელსაც ჩვენ უცხოელები ვეგონეთ და დაჟინებით ინგლისურად გველაპარაკებოდა, შემდეგ სიტყვა, საბნის, ინგლისური მნიშვნელობა ვერ გაიხსენა და ჩვენც, როგორღაც მივახვედრეთ, რომ საჭირო არ იყო. საინტერესო ადგილი იყო ეს ჰოსტელი, ერთნაირი ეროვნული იდენტობის ორ ადამიანს რთულად თუ გადააწყდებოდით. პირველად აქ ერთი ირანელი გავიცანი, რომელმაც ერთა შორის მეგობრობის შესახებ 1 საათზე მეტი მელაპარაკა, შემდეგ კი ოთახში კიდევ ერთი ადამიანი, ამერიკელი, ტიმი შემოვიდა. ტიმმა ყველა „დაგვთირა“ და როგორც კი შენიშნა, რომ arcade fire-ს ვუსმენდი გამომელაპარაკა. მითხრა, რომ ისიც ჩიკაგოელია და ეს ჯგუფიც ჩიკაგოდანაა და მათ ადრეულ გამოსვლებზეცაა ნამყოფი. მე დავინტერესდი და ყველაფერი გამოვკითხე, მაინც ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფია, ბოლოს და ბოლოს. რა ვიცოდი, თუ? თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა, რომელსაც მომავალ პოსტში მოგიყვებით. * ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
nik (შეუმოწმებელი), თებერვალი 15, 2012, 18:26:54
Zalian kai, ra taoba modis, iqneb gadavrchet.
დატოვე კომენტარი