warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 16 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

კომფორტის ზონა

 

მაია მიქაშავიძე

 

იმ დღის ბევრი არაფერი მახსოვს. არ მახსოვს, ვინ გავიცანი "ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის" გასაუბრების რიგში, არ მახსოვს, როგორ გამოიყურებოდნენ "გამომცდელები", ვინ რა მკითხა, არ მახსოვს საკუთარი პასუხები, მახსოვს მხოლოდ - მაია მიქაშავიძის უსიტყვო, უხერხულობამდე დაჟინებული მზერა და განცდა, რომ ეს უცხო ადამიანი ჩემგან რაღაც განსაკუთრებულს, ლამის სამყაროს ხსნის რეცეპტს ელოდა. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს გამოხედვა მისი ხასიათის ერთ-ერთი მთავარი შტრიხია და მასში ძლიერი კონცენტრაცია, შენი ფიქრების, აზროვნების სტილისა და შესაძლებლობების ამოცნობის მცდელობა იკითხება. როგორც კი მაიას ინტერესის არეალში ექცევი, ამ მზერას ვეღარ ემალები - წამზომი მუდამ ჩართული გაქვს და სულ გახსოვს, რომ მისი მოლოდინი უნდა გაამართლო. ნდობისა და შენთვის დახარჯული დროის ფასად პასუხისმგებლობის შენზე დაკისრების უნიკალური უნარი აქვს.

 

მაია პირდაპირი და ლაკონურია. ლაპარაკობს ზუსტად იმდენს, რამდენიც საჭიროა. ძალიან პრინციპულია, მაგრამ მოსმენაც უყვარს. მშვიდად დაგელოდება, სანამ ყველა შენს საწინააღმდეგო არგუმენტს ჩამოთვლი, მაგრამ თუ საკუთარ სიმართლეში მაინც ვერ დააეჭვებ, მორჩა - მის გადაბირებას ვერასდროს შეძლებ. აქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები. მისთვის ოცნება, რომანტიკისგან დაცლილი, სრულიად მიწიერი სიტყვაა და შორეულ პერსპექტივას ნიშნავს, რომელიც ჭკვიანი ადამიანის გონებაში თანმიმდევრულ ნაბიჯებად ლაგდება და ცხოვრების გეგმას ერგება. "ძლიერი პიროვნება, ძლიერი პროფესიონალი" - ამ სიტყვათშეთანხმებას ხშირად ხმარობს. და სულ ასეთი ადამიანების ძიებაშია. მისთვის მიუღწეველი წერტილი არ არსებობს, თუ, ცხადია, უწყვეტი დინამიკის შენარჩუნება შეგიძლია, ძლიერი ნებისყოფა და კიდევ, დროში ორიენტაციის უნარი გაქვს.

მაია მიქაშავიძე "ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და დეკანია.

ბროსეს 2 ნომერში, მესამე სართულზე თავის კაბინეტში მელოდება. ვიწრო, თეთრკედლებიან ოთახში, ფურცლებით სავსე მაგიდა და სამი სკამი დგას. მაია მობილურზე ლაპარაკობს და თან კლავიატურაზე "ბრმად" ბეჭდავს. კართან მაინც მამჩნევს, ორი წუთი დამელოდეო, ხელით მანიშნებს და თვალებით სკამზე მიმითითებს. ბეჭდვას მალე ასრულებს და გორგოლაჭიანი სავარძლით ფანჯრისკენ, მერე ისევ უკან მაგიდისკენ ბზრიალდება. ამასობაში საუბარს ასრულებს და ჩემთვისაც იცლის.

- აბა, საიდან ვიწყებთ?

***

მისი პირველი ინსპირაცია ბაბუა იყო - ქალაქ რუსთავის ერთ-ერთი დამაარსებელი, ქიმიურ-მეტალურგიული და ფეროშენადნობთა ქარხნების პროექტების ერთ-ერთი ავტორი და თანამედროვე გაგებით - ზედა რგოლის მენეჯერი. ბაბუა სახლში ძალიან ცოტა დროს ატარებდა და ოჯახის წვრილ-წვრილი ვალდებულებებისგანაც თავისუფალი იყო. "უზარმაზარი მნიშვნელობის საკითხები და პრობლემები ჰქონდა გადასაჭრელი. ამას მეც ვგრძნობდი და ეს ყველაფერი საშინლად მომწონდა". მაშინ, მაია ბებიასთან ყველაზე მეტ დროს ატარებდა. ბიოლოგი მშობლები ასპირანტურაში მოსკოვში სწავლობდნენ და ხშირად მოგზაურობდნენ. როგორც ამბობს, ეს არასდროს გაუპროტესტებია, რადგან ოჯახის წევრების წარმატებით თვითონაც დიდივით ამაყობდა.

საკუთარი საქმე მალე თვითონაც გაუჩნდა. მშობლებმა მუსიკისადმი ინტერესი ადრევე შენიშნეს და სპეციალურ მუსიკალურ სკოლა-ათწლედში მიიყვანეს. მათი მოტივი ასეთი იყო - თუ სწავლა უნდა, სჯობს, თავიდანვე სერიოზულად მიუდგეს. ინსტრუმენტად ვიოლინო აირჩია. მიდგომით კი, მართლაც სერიოზულად მიუდგა და სკოლა-ათწლედის მერე კონსერვატორია დაამთავრა. ცხრა წლის მანძილზე მუსიკა მისი ერთადერთი კარიერა იყო. ძალიან ბევრს და თავდაუზოგავად მუშაობდა, მოსწონდა ის წრე, სადაც ტრიალებდა. მეგობრებთან ერთად კამერული ორკესტრი დააარსა, ჰქონდათ ინტენსიური საკონცერტო ცხოვრება, ბევრს მოგზაურობდნენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, უკმარისობის განცდა მაინც გაუჩნდა. საკუთარი შესაძლებლობები კრიტიკულად შეაფასა და დაასკვნა, რომ ამ პროფესიაში დიდ და თავბრუდამხვევ წარმატებას ვერასდროს მიაღწევდა. ბევრი არ უფიქრია, ადგა და ყოველი შემთხვევისთვის ინგლისურიდან ქართულ ენაზე სინქრონული თარგმნის ორწლიან კურსზე ჩააბარა.

90-იანების დასაწყისში ორკესტრს სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდა. მევიოლინეს ხელფასით კი, შეუძლებელი გახდა არსებობა. ოჯახის წევრებმაც ერთდროულად დაკარგეს შემოსავლის წყარო. "შევამჩნიე, რომ სახლიდან რაღაც ნივთები გაქრა და ამან ძალიან იმოქმედა. მივხვდი, რომ ახლა სხვა პრობლემები გვიდგას - რომ ჩვენ შეიძლება არ გვქონდეს საჭმელი და შეიძლება ზამთარში ვერ გავთბეთ. მივხვდი, რომ ბევრი რამე საკუთარ თავზე უნდა ამეღო და დავიწყე თარჯიმნობა. მოკლედ, უცბად აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად სინქრონული თარგმნის ცოდნა გამომადგა".

სამუშაო ბევრი ჰქონდა - საქართველოში სახელმწიფო და არასამთავრობო ინსტიტუტების განვითარების პროგრამებზე მაშინ იწყებოდა მუშაობა და სხვადასხვა ქვეყნიდან დელეგაციები ხშირად ჩამოდიოდა. რაღაც ხანი ორკესტრსა და სინქრონულ თარგმანს ერთმანეთს თავისუფლად უთავსებდა. მაგრამ მალე დაიღალა. საორკესტრო ცხოვრებაც ნაკლებად საინტერესო გახდა და ყველაზე მნიშვნელოვან საზრუნავად სტაბილური სამსახური იქცა.

მალევე იპოვნა. ამერიკის საელჩოში, კულტურისა და პრესის განყოფილებაში (პრესის ნაწილში) დაიწყო მუშაობა. "ძალიან საინტერესო სამუშაო იყო. 1995-99 წლები, როდესაც რეალურად იწყება დამოუკიდებლობის გააზრება, მედია შენს თვალწინ პირველ ნაბიჯებს დგამს, ჩნდება არასამთავრობო სექტორის ჩანასახი. ეს არ იყო პრესსამსახურის ტიპური სამუშაო - პრესრელიზების მომზადება, პრესკონფერენციების ორგანიზება და ა.შ. ეს იყო  საქმე, რომლის მიზანიც ჩემთვის დღემდე უცვლელია - მედიაგარემოს განვითარების ხელშეწყობა". ამერიკის საელჩო მედიაში ყოველ ნაბიჯს ყურადღებით ადევნებდა თვალს. აწყობდნენ სემინარებს, ჟურნალისტური უნარ-ჩვევების დასახვეწად, ეძებდნენ პერსპექტიულ ჟურნალისტებს, მედია მენეჯერებს და გზავნიდნენ გაცვლით ტურებში. ესწრებოდნენ "რუსთავი 2"-ს სასამართლო პროცესებს, როდესაც ტელევიზიის ლიცენზიის საკითხს იხილავდნენ. ერთი სიტყვით, პრესსამსახური თავისუფალი სიტყვის ქომაგი უფრო იყო, ვიდრე მხოლოდ ინფორმაციის დისტრიბუტორი.

"საელჩოში სულ სხვა სამუშაო ატმოსფერო დამხვდა. იქ მივხვდი, რომ კოლექტივში შენ არ შეიძლება, მარტო წარმატებული ან წარუმატებელი იყო. მოვხვდი ადგილას, სადაც თვითორგანიზება, სხვების მიმართ პასუხისმგებლობა, დროის განაწილება, კომუნიკაცია ვისწავლე. ამერიკის საელჩო ჩემთვის სტაბილურობის კუნძული, იმ დროს ერთადერთი განვითარების პერსპექტივა იყო".

ჟურნალისტიკის სკოლის შექმნის იდეა პირველად საელჩოში მოისმინა. იდეის ავტორი, გიორგი თოფურია ამბობდა, რომ მედიის განვითარებას უფრო კონცენტრირებული ძალისხმევა სჭირდებოდა და გამოსავალს მედიაგანათლების აკადემიურ პროგრამაში ხედავდა. როგორც კი იდეა პროექტად იქცა, მაია პროცესში მაშინვე ჩაერთო. პროექტს სათავეში ამერიკის საელჩოს პრესისა და კულტურის ატაშე, ყოფილი ჟურნალისტი, "საკმაოდ ექსცენტრული და მიზანმიმართული ადამიანი" - ვიქტორია სლოუნი ჩაუდგა.  საბჭოთა ტელევიზიის "კეთილხმოვანების" ფონზე გაზრდილი მაიასთვის, სლოუნი უფროსის გარდა გასაღები იყო, რომლის დახმარებითაც სრულიად უცხო სფეროში, თავისუფალ მედიაში შეღწევას ცდილობდა. "მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე. ვისწავლე მთელი პროცესის მართვა - იდეის დამუშავებიდან პროექტის მომზადებამდე, ვისწავლე კარგად წერა და ვისწავლე თეორიულად - როგორი უნდა იყოს თავისუფალი, მაღალი სტანდარტის ჟურნალისტიკა". პროექტში სკოლის მთავარი კონცეფცია, მიზანი ასე ჩამოყალიბდა - დამოუკიდებელი მედიისთვის პროფესიონალი კადრების მომზადება, ვისთვისაც მამოძრავებელი მუხტი უკვე ტრაფარეტადქცეული, იმ დროისთვის კი თითქმის რევოლუციური იდეა - არამიკერძოებული, ფაქტებზე დაყრდნობილი, ეთიკური ჟურნალისტობა იქნებოდა. პარტნიორად "საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" შეირჩა. სლოუნმა გეგმა ამერიკის მთავრობას წარუდგინა და მალე მათი თანხმობა - 450 ათასი ამერიკული დოლარი მოიპოვა. როდესაც სკოლის დირექტორის ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა, მაია მიქაშავიძემ ვიქტორიას უთხრა, რომ კონკურსში მონაწილეობა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.