|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
კიკეთის მანიფესტი3 დეკემბერს ჟან-ლუკ გოდარი 80 წლის გახდება
გოგი გვახარიას ლექციაზე მივხვდი, რომ მაგრად ურევს ჩემი საათი. არადა, „სვოჩია". შარშან, 20 წლის რომ გავხდი, ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა, მამუკამ მაჩუქა. მას მერე ერთი წელიც კი არ გასულა, მაგრამ ელემენტმა უკვე მიმტყუნა. არა, არ იფიქროთ, რომ მომეწყინა ლექციაზე. ეგ გრძნობა მე საერთოდ არ მახასიათებს. ლექტორი ძაან რომ გაახურებს ხოლმე, ვათვალიერებ ჯგუფელებს, მომავალ კინორეჟისორებს; ვაკვირდები, როგორი კალმისტარი უჭირავთ, როგორი მობილურები აქვთ. თეატრალურის ახალშელესილ კედლებს ვათვალიერებ და დროც მალე გადის. უფრო პირიქით; წელს, მგონი, პირველად, მომეწონა გვახარიას ლექცია. იმდენად მომეწონა, რომ საათს დავხედე, ნეტავ არ დაამთავროს-მეთქი, მაგრამ ჩემი „სვოჩი", მამუკას უკანასკნელი საჩუქარი, გაჩერებული აღმოჩნდა. ლექცია იმიტომ კი არ მომეწონა, რომ რამე განსაკუთრებით ჭკვიანური თქვა; ბოლო დროს აშკარად ურევს, ერთსა და იმავეს ლაპარაკობს და ჩვენს გაკვირვებულ სახეებს რომ ხედავს, შეშფოთებული ღიმილით დააყოლებს ხოლმე, „უი, ამაზე ვილაპარაკეთ, ჰო?".. არა, უბრალოდ, ამ ლექციაზე მოყვა ამბავს, რომელიც რატომღაც კარგად დავინახე; ეს ამბავი ხომ ობერჰაუზენში მოხდა! მოკლედ... 1962 წელს, ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე 20-25 წლის კინორეჟისორებმა დასავლეთგერმანელ კინოკრიტიკოსებთან, ოპერატორებთან, სცენარისტებთან ერთად ფესტივალის პრესცენტრში ორი მიკროფონი დადგეს, ჟურნალისტებს დაუძახეს და გამოაცხადეს, რომ სურთ გაასამართლონ მამები... ამ აქციის ორგანიზატორმა, ალექსანდრ კლიუგემ, რომელიც სხვებზე ცოტათი უფროსი იყო, თავის სიტყვაში არა მარტო მამებს, არამედ ყველას, ვინც ძალაუფლებას ფლობდა, ადენაუერის გერმანიაში „შაისე" უწოდა. მისი თქმით, დასავლეთ გერმანიის ეკონომიკურმა აღმავლობამ ხელი შეუშალა „კათარზისის" პროცესის გაგრძელებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ... გერმანელებს შეექმნათ ილუზია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა - ნაციამ აღიარა დანაშაული, ბოდიში მოუხადა ებრაელებს, აკრძალა ნაცისტური სიმბოლიკა და გააგრძელა ქვეყნის აღმშენებლობა.. სინამდვილეში, ფაშიზმი ისევ ბობოქრობდა გერმანელი მამების გულებში! დაიწერა დეკლარაცია, რომელიც ითვალისწინებდა კომერციული კინოს ალტერნატივის შექმნას, ოფიციალური იდეოლოგიის - რევანშიზმის, მილიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, 20-იანი წლების გერმანული ხელოვნების „რეაბილიტაციას"... იმათ, ვინც დეკლარაციაზე ხელი მოაწერეს, სახალხოდ დადეს ფიცი, რომ არ ითანამშრომლებდნენ საეჭვოდ გამდიდრებულ პროდიუსერებთან, არ მოერიდებოდნენ სამოყვარულო კამერით კინოს გადაღებას - „რადიკალური კინოს" გადაღებას - იმ კინოსი, რომელიც გაასამართლებდა მამებს და მთელ გერმანულ საზოგადოებას! გვახარიამ დეკლარაციას „ინფანტილური" უწოდა. არ მიყვარს კინო, რომელიც ასამართლებს და მით უმეტეს, კლავსო. დეკლარაცია კი დაიწერა, მაგრამ ამ თაობას წლები დაჭირდა, სანამ ყურადღებას მიაქცევდნენ და რაც მთავარია, ყურადღება მაშინ მიაქციეს, როცა კომერციულ კინოზე გადავიდნენ, ანუ თავიანთ პრინციპებს უღალატესო. მაგრამ მე აღარ მაინტერესებდა მისი კომენტარები; ამ არანორმალურად თბილი ნოემბრის დღეებში მხოლოდ და მხოლოდ ობერჰაუზენის დეკლარაციაზე ვფიქრობდი - „ხომ შეიძლება, საქართველოშიც გაკეთდეს იგივე? ხომ შეიძლება, ჩვენც გადავიღოთ კინო, რომელიც მოკლავს?" მამუკას ნაჩუქარი საათი სულ გადამავიწყდა... არადა, ლექციაზე ვიფიქრე, ინსტიტუტის მერე მესაათესთან შევივლი და ელემენტს გამოვაცვლევინებ-მეთქი. ბიბლიოთეკაში ჩავედი. რაღაცები გადავიკითხე „ობერჰაუზენის მანიფესტზე" (გვახარიას, როგორც სჩვევია, გადაუჭარბებია), გერმანულ კინოზე, კლიუგეზე, ფონ ტროტაზე, ფასბინდერზე. ბიბლიოთეკიდან რომ გამოვედი, დერეფანში ნუგზარი შემხვდა - ხუჭუჭა ბიჭი, ტელერეჟისურის სახელოსნოდან. მგონი, ადრე ჩემს მეგობარს ეპრანჭებოდა. ამიტომ სხვა დროს აუცილებლად დამეზარებოდა მასთან საუბარი. მაგრამ იმ დღეს, როცა ობერჰაუზენის მანიფესტზე ფიქრში საათი გამიჩერდა, ეშმაკსაც კი შევეკვრებოდი, ოღონდ თანამოაზრე მეპოვა. არ გინდათ, ყავა დავლიოთ-მეთქი? სიამოვნებითო. იმანაც კი არ გამაღიზიანა, რომ აიპოდი ჰქონდა ყურში გარჭობილი და „მუსიკის ფონზე" გააგრძელა ჩემთან საუბარი. ასე, ცეკვა-ცეკვით და თავის ქნევით გამომყვა სასადილოში, სადაც უჩვეულოდ ბევრი ხალხი დაგვხვდა - მსახიობები, კინოკრიტიკოსები და რაც მთავარია, მესამე და მეოთხე კურსის რეჟისორები. ერთი ჩემი ჯგუფელიც იჯდა, გიზო. მაგრამ „სასადილოს სცენა" ისე დასრულდა, რომ ხმა არ ამოუღია. სცენა კი ასეთი იყო: ობერჰაუზენის მანიფესტზე მოვუყევი ნუგზარს. დიდად არ აღფრთოვანებულა. მაგრამ როცა ვუთხარი, კიკეთში სახლი მაქვს, არ გინდა, მომავალი რეჟისორები შევკრიბოთ, ამ კვირას ავიდეთ და ჩვენც შევქმნათ რაღაც მსგავსი-მეთქი, ეგრევე აენთო.. ისე აენთო, რომ ბიჭებს დაუძახა მეზობელი მაგიდიდან - მეოთხეკურსელებს. თვითონ უამბო მანიფესტის შესახებ (ცოტა აურია რაღაცები, მაგრამ მე არაფერი გამისწორებია)... სცენა გაჭიანურდა და როგორც ჩვენს ინსტიტუტში ხდება ხოლმე, ბოდვაში გადაიზარდა. ხინკალიო, ნაშებიო, ღამე დავრჩეთო. ჩემს გაჩერებულ საათს დავხედე და მივხვდი, როგორ მენატრება ხანდახან მამუკა - მისგან დიდი ხეირი არ იყო, მაგრამ უხამსობებს მაინც არ ამბობდა ხოლმე. ვიფიქრე ახლა ამათ ყველას ვეტყვი, რომ ვიხუმრე, არავითარი კიკეთი არ არსებობს... ვეტყვი და მესაათესთან წავალ-მეთქი. მაგრამ სცენის დასასრულს სასადილოში ის ბიჭი შემოვიდა - ნიაზი, მეოთხეკურსელების სახელოსნოს ლაბორანტი. რამდენი ხანია, ვაკვირდები! ცოტა მამუკას უფროს ძმას ჰგავს. მოქნილი მოძრაობებით, გრძელი ხელებით და დიდი ნიკაპით! ამაზე სექსუალური ჩემთვის არაფერია.. თანაც, სექსუალური რა შუაშია.. ბიჭი დიდი ნიკაპით გამორიცხულია, სულელი იყოს! სცენის დასასრულს ის უკვე ჩვენ გვერდით იყო. მითხრა, რომ მეოთხეკურსელ გოგოებსაც ეტყვის და წამოიყვანს კიკეთში. მე, თვითონ, კინომცოდნეობა დავამთავრე. გვახარიამ ჩვენც მოგვიყვა მაგ მანიფესტზეო.. მერე მე და ნუგზარი ვიდეოთეკაში წაგვიყვანა და შემოგვთავაზა, გვენახა ფილმი „ნადირობის სცენები ქვედა ბავარიაში"; ერთ-ერთი „მანიფესტანტის", პიტერ ფლაიშმანის სურათი, რომელიც თავად შეაფასა, როგორც „ყველაზე რადიკალური"! ძალიან მომეწონა ეს ნიაზი და აბა, მის რეკომენდაციას როგორ არ გავითვალისწინებდი. „ნადირობის სცენები" იმ საღამოსვე ვნახე. ასეთი არაპოლიტკორექტული ფილმი მართლა არ მახსოვს; მოძალადე გეი და მოძალადე ბავარიელები, რომლებიც იმ ღორებს ჰგვანან, ასე უმოწყალოდ რომ კლავენ კამერის წინ! მკვლელები კინომ უნდა მოკლას! უნდა მოკლას! უნდა მოკლას! ვიმეორებდი ჩემთვის... გოგოებს გადავურეკე - მესამეკურსელ კინომცოდნეებს. მერე სკაიპში ორ ჩემს თანაკურსელს დაველაპარაკე და ყველამ ერთად დავგეგმეთ გასეირნება კიკეთში, „მანიფესტის" შესაქმნელად. მეორე დღეს საათს ელემენტი გამოვუცვალე. ბებიაჩემს შევუარე და კიკეთის სახლის გასაღები გამოვართვი. საყვარელი! მკითხა, მამუკას ხომ არ შეურიგდიო... მოვუყევი, რისთვის მივდიოდი კიკეთში. თუმცა არ დავუმალე, რომ ნიაზზეც ვფიქრობდი.. ბებიაჩემს ყველაფერს ვუყვები. ვიცი, როგორ გაუმწარეს სიცოცხლე - ჯერ პირველმა ქმარმა, მერე მეორემ და ბოლოს, მამაჩემმა. ვიცი, რომ არასდროს მიღალატებს! ახლაც გამიგო, როცა ვუთხარი, მანიფესტი უნდა დავწეროთ, რომელიც მშობლების ძალაუფლებისგან გაგვათავისუფლებს-მეთქი. ძალაუფლება! საქართველოში ყოველთვის უყვარდათ „ბევრი"... ბარაქა! ბარაქა! დიდ მოსავალს უსურვებდნენ ხოლმე ერთმანეთს. მამუკასთან ჩემი კონფლიქტი სწორედ აქედან დაიწყო - ნელ-ნელა ცხადი ხდებოდა, რომ ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი იყო, რომელსაც დამოუკიდებლად არც ერთი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო, მაგრამ თავის თავს არწმუნებდა, რომ ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა. მათ შორის, მეც... ნუ, ამ „მამაოზე" და „წესია ასეთი"-ზე აღარაფერს ვამბობ. შეყვარებული გოგო ამას კიდევ აიტანდა როგორმე! სხვათა შორის, „მამაოებზე" და „წესებზე" კიკეთის გზაზეც ვისაუბრეთ. მართალია, „მარშრუტკა", რომელიც ბოლომდე გავავსეთ, ხატებით იყო გაფორმებული, მძღოლიც კი აგვყვა და მმკ-ელების დაცინვა დაიწყო. გზაშივე შევთანხმდით, რომ მანიფესტში ერთ პუნქტს ეკლესიას დავუთმობდით. თუმცა კიკეთში რომ ჩავედით, თბილისიდან წამოღებული კატლეტები რომ ვჭამეთ და ყავა დავლიეთ, ნიაზმა გვირჩია, ამოგვეღო ეკლესიის თემა - ჩვენ ხომ მხოლოდ იმას ვეხებით, რასაც კომუნისტურ წარსულთან აქვს კავშირიო. პროტესტი არ გამომიხატავს. აბა, ამ ნიკაპიან ბიჭს როგორ შევეკამათებოდი?! თანაც ისე კარგად ვიგრძენი თავი კიკეთში, ისე მსიამოვნებდა ყვითელი ფოთლებით დაფარულ ეზოში ბოდიალი, ობერჰაუზენის მანიფესტი დიდად აღარ მაღელვებდა. დედა რაც გარდამეცვალა, ორი წლის წინ, ამ სახლის მოვლა-პატრონობა ჩემი საქმე გახდა. მაგრამ მამაჩემი აქაურობას ვერ იტანს. ბებიაჩემს წნევა აწუხებს და კიკეთი არ უხდება... მამუკა როცა იყო ჩემს გვერდით, ამოვდიოდით ხოლმე ზამთარ-ზაფხულს. თუმცა არასდროს მიცდია მარტო ამოსვლა; თაგვების მეშინია; ჩვენი დანგრეული კიკეთის სახლი კი სავსეა მღრღნელებით. ახლა კი, 2010 წლის ამ თბილ ნოემბერში, ნამდვილი ნეტარება იყო კიკეთის ჰამაკში წამოწოლა. თანაც, თავს დაცულად ვგრძნობდი - ჩემს გვერდით იყვნენ თეატრალური უნივერსიტეტის 11 სტუდენტი და ერთი ლაბორანტი. ვირწეოდი ჩემთვის ჰამაკში და ვუყურებდი, როგორ შეიქმნა 'კიკეთის მანიფესტი"... კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კინოსარეჟისოროზე ჩემი ჩაბარება დიდი შეცდომა იყო. მე ხომ მაყურებელი ვარ და არა რეჟისორი! მანიფესტის შექმნის სცენა თითქმის სამ საათს გაგრძელდა. სადღაც 6 საათი იქნებოდა, როცა ტექსტი დაასრულეს: 'ჩვენ, რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის სტუდენტები, ვაცხადებთ, რომ ქართული კინო აღარ არსებობს! ის, რასაც ქართული მედია 'კინოს" უწოდებს, მხოლოდ და მხოლოდ საგოგმანებია თანამედროვე ქართული პოლიტიკურ-კულტურული ელიტისთვის და იმ ადამიანების დასაქმებისთვის იქმნება, რომლებიც ამ პოლიტიკურ-კულტურულ ელიტას ემსახურებიან..." აქ მაინც დავუმატოთ სიტყვა „ეკლესია" - მივაძახე ჰამაკიდან. რატომ არ შეიძლება, იყოს „პოლიტიკური, კულტურული და საეკლესიო ელიტა"-მეთქი.. მაგრამ ჩვენმა ლაბორანტმა, რომელიც, ფაქტობრივად, დეკლარაციის ავტორი გახდა, ახლა უკვე კატეგორიულად თქვა უარი ამაზე... „ქართულ კინოში შექმნილი მდგომარეობა ლოგიკური შედეგია იმ პროცესისა, რომელიც დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როცა შეიქმნა ყველა პირობა საბჭოთა წარსულთან გამომშვიდობებისა. მაგრამ იმ კინორეჟისორებმა, რომლებმაც საბჭოთა ეპოქაში მოიპოვეს სახელი და ძალაუფლება, ან არ მოინდომეს „დაგროვებული ქონება" დაეთმოთ ახალგაზრდებისთვის, ანდა მხარი დაუჭირეს და კინოს გადაღების უფლება მისცეს მხოლოდ და მხოლოდ მამების თაობის მიმართ ლოიალურად განწყობილ ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს. ეს ქონება - კინოთეატრები, სტუდიის პავილიონები, არქივი გაიძარცვა. ცარიელი კინოთეატრები საპარიკმახეროებს, სახინკლეებს მიაქირავეს და შემოსული მოგება „მამებმა" თავად ჩაიდეს ჯიბეში. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ შეიქმნა პირობა, დასჯილიყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც გაძარცვეს და გაანადგურეს ქართული კინემატოგრაფი. მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ლამის დემონსტრატიულად გამოავლინა გულგრილობა იმ ხელოვნების მიმართ, რომელიც საბჭოთა ეპოქაში შეიქმნა... პრიორიტეტები შეიცვალა. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო მუშაობა სცენარზე ფილმისა „დავით აღმაშენებელი", რომელიც ახალი ხელისუფლების სავიზიტო „იდეოლოგიური ბარათი" უნდა გამხდარიყო.. პროექტი ვერ განხორციელდა. მაგრამ იმ კულტურულ პოლიტიკაში, რომელსაც დაეყრდნო ხელისუფლება, სოციალური კინოსთვის ადგილი აღარ დარჩა. ხელისუფლებას, რომელსაც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზით საფრთხეები არ აკლდა, სულაც არ აწყობდა კრიტიკული ხელოვნების სტიმულირება. ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში კრიტიკული ხელოვნება დესტრუქციულ როლს შეასრულებდა. ასეთ ვითარებაში წარმოუდგენელი შემგუებლობა, სიმხდალე და უინიციატივობა გამოავლინა კინემატოგრაფიულმა სამყარომ. ქართული კინო, რომელსაც ისედაც ყოველთვის ჰქონდა „გადაადგილების", უცხოს და განსხვავებულის დანახვის პრობლემა,საბოლოოდ გადაიქცა ნარცისულ მოცემულობად... აქ წამოვდექი და ცოტა გავიარ-გამოვიარე. ჩემი ლაბორანტის უნარი, დამაჯერებელი გაეხადა ყოველი სიტყვა, რომელსაც ამბობდა, უკვე მაღიზიანებდა. ჩანთიდან ის რუსული წიგნი ამოვიღე გერმანულ კინოზე, რომელშიც ობერჰაუზენის მანიფესტი იყო დაბეჭდილი.. რატომღაც გოგოებს მივმართე: „- ჩვენ კომუნისტური წარსულის გააზრებაზე ვაპირებდით დეკლარაციის გამოქვეყნებას... იმაზე, რომ ამ უვიცებს ნამგალი და ურო საბჭოთა სიმბოლიკა ჰგონიათ... იქნებ, ეგრე მე ჯვარი მიმაჩნია ბოროტების სიმბოლოდ? ჯვრით ხელში რამდენი ადამიანი აწამეს... რა ვქნათ, ავკრძალოთ?" მივხვდი, რომ ჯვრის ხსენებამ ნიაზი გააბრაზა. თუმცა, შეეცადა, არ შეემჩნია. უფრო მეტიც, პატარა პაუზის მერე დამთანხმდა, ეგ პუნქტიც შეეტანა დეკლარაციაში: 'დღეს საშიშროება შეექმნა არა მარტო თანამედროვე ქართულ კინოს, რომელიც ვერა და ვერ ცდება ნარკომანების, ძველი ბიჭების, „შორენების ეროტიკის" საზღვრებს... „შორენების ეროტიკა" იმ ნუგზარმა დაუმატა... ძალიან სასაცილო იყო, ეს რომ თქვა. საშიშროება შეექმნა მთელ ქართულ კინოკლასიკას - განსაკუთრებით სოცრეალიზმის ეპოქაში გადაღებულ ფილმებს, რომლის მნიშვნელობა არ ესმით დღევანდელი ჩვენი კულტურის იდეოლოგებს... მათ სჯერათ, რომ საბჭოთა კულტურის განადგურებით საბოლოოდ განთავისუფლდებიან საბჭოთა აჩრდილებისგან. თუმცა ეს ზედაპირული რეფორმა ქვეყანაში, სადაც ლუსტრაციის კანონის მიღებაც კი პრობლემა გახდა, ჩვეულებრივი ჩანაცვლებაა და მეტი არაფერი! ირაკლი ჩარკვიანის ძეგლი - სტალინის ძეგლის ნაცვლად! ეს ბოლო წინადადება ისე ლამაზად თქვა, კინაღამ მომიბრუნდა ნიაზისკენ გული... თანაც, მე ზოგადად მიყვარს სტილს და ინტონაციას რომ არღვევენ ხოლმე. მონტაჟის პედაგოგმა ამის გამო გასულ წელს ნიშანი არ დამიწერა. ამასობაში გოგოებმა ობერჰაუზენის მანიფესტი გადაიკითხეს და ახალი წინადადებით შემოვიდნენ: „გერმანიას თითქმის ნახევარი საუკუნე დასჭირდა ფაშიზმის აჩრდილისგან გასათავისუფლებლად. 1962 წელს, ობერჰაუზენის კინოფესტივალზე, ახალგაზრდა რეჟისორებმა ფარისევლობასა და სიმხდალეში ამხილეს „ეკონომიკური სასწაულის" ზმანებებში მოლივლივე გერმანული საზოგადოება, კინოს კი მოსთხოვეს ერთი წუთით არ მოედუნებინა ყურადღება და გადაქცეულიყო მომხმარებლური საზოგადოების თავისებურ სინდისად! ჩვენ, ქვემორე ხელმომწერნი ვაცხადებთ, რომ ჩვენმა მშობლებმა დღემდე არ მოინანიეს საბჭოთა წარსული. მათმა უმრავლესობამ - ისევ და ისევ ჩანაცვლების პრინციპით - პარტიული ბილეთები გადააგდო და ჯვარი დაიკიდა გულზე.. კომუნისტური პროპაგანდის სტილმა, ამჯერად „სახელმწიფოებრივი აზროვნების" პრეტენზიით, მოიცვა კულტურის ყველა სფერო, მათ შორის კინემატოგრაფი. ჩვენ აღარ შეგვეშინდება იმის თქმა, რომ გაგვზარდეს, გვასწავლეს, დაგვაპურეს და ჩაგვაცვეს ფარისევლებმა, რომლებიც დღეს, თავიანთ მორჩილ შვილებთან ერთად, ამტკიცებენ, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და საბჭოთა წარსულის აღდგენის საშიშროება მხოლოდ და მხოლოდ პარანოიული ხილვაა! ეს ბოლო აბზაცი თითქმის სიტყვა-სიტყვით ითარგმნა ობერჰაუზენის მანიფესტიდან. უბრალოდ, იქ სიტყვა „ნაციზმი" იყო გამოყენებული. ნაციზმი და ნაცისტური გერმანია. ასეთმა სწორხაზოვანმა პარალელმა კამათის სურვილი დამიკარგა. ნიაზი ყურადღებას არ მაქცევდა. მაგრამ ნუგზარმა კი შეამჩნია, რომ ვერ ვიყავი ხასიათზე, როცა გამოვაცხადე: -„მარშრუტკა მოვა ეხლა. მოვაწეროთ ხელი და მოვრჩეთ" რა იყო, რა არ მოგწონსო? - გადამეკიდნენ გოგოები. ბოლოს ვთქვი ის, რაც ჯერ კიდევ ჰამაკში ლივლივის დროს გავიფიქრე: „-ეს მანიფესტი არაფერს შეცვლის, თუკი სკანდალი არ იქნა. თუკი კონკრეტულად არ დავასახელეთ ადამიანები, რომლებმაც ბორკილები დაგვადეს, რადგანაც თავად იყვნენ მთელი ცხოვრება მონები!" კარგიო.. ვიღაცამ რეზო ჩხეიძე გაიხსენა, ვიღაცამ გიგა ლორთქიფანიძე.. ძმები შენგელაიები.. თუ მაგრები ხართ, მოდით, პირველ რიგში თქვენი მასწავლებლები დაასახელეთ-მეთქი, - ვთხოვე. რა საჭიროაო.. შენ რა გიჭირს, ისედაც ნანობ, სარეჟისოროზე რომ ჩააბარეო! რა არ მითხრეს! ნიაზი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც არ გააპროტესტა ჩემი წინადადება. ყოველთვის ვიცოდი, რომ კინომცოდნეები უკეთესი ხალხია, ვიდრე რეჟისორები. ფილმების ყურება მაინც არ ეზარებათ! მაგრამ სიის შედგენის დროს ჩვენს შორის მოხდა შელაპარაკება, რომელმაც სევდიანად დაასრულა „კიკეთის მანიფესტის" შექმნის სცენა. უფრო სწორად, სცენები... ჩემი დასახელებული მასწავლებლებიდან ნიაზმა ერთი ამოშალა - გვახარია. ბევრი ვარწმუნე, რომ ეს კაცი თავისი თაობის ნაწილია, გორბაჩოვის ეპოქისა და „ადამიანური საბჭოთა კავშირის" ნოსტალგიით მცხოვრები..რომ ადამიანთა მანიპულაცია უყვარს, როგორც ყველა 80-იანელს და მის მიმართ გამოთქმული მცირეოდენი შენიშვნაც კი სამყაროს დაღუპვად მიაჩნია. არა და არაო. იმდენად დამაჯერებლად იძახა ეს „არა და არა", რომ სხვებიც დაარწმუნა ამაში... ამ გვახარიას გამო პედაგოგების სია ამოვშალეთ. მანიფესტს ხელი მოვაწერეთ და „ცხელ შოკოლადში" წავიღეთ. მგონი ნოემბრის ნომერში უნდა გამოაქვეყნონ. მაგრამ მე შეიძლება, არც ვიყიდო ეგ ნომერი... აკი ვთქვი უკვე, არ მიყვარს ზოგადი მსჯელობა. არ მიყვარს ავტორიტეტებით მცხოვრები სნობები. თანაც ვიცი, რომ მაგ მანიფესტს არანაირი გამოხმაურება არ ექნება - არავინ გაბრაზდება. დიდი-დიდი მმმკ-მ თქვას სადღაც რამე და ფეისბუკში დაგვილაიქონ ფრენდებმა! მარშრუტკაში, თბილისის გზაზე, ისევ ჩემს საყვარელ გერმანიაზე ვფიქრობდი. ფასბინდერზე. 36 წლის მოკვდა! 36 წლის! გადავწყვიტე, ამ დღეებში მამუკას დავურეკო. საათს დავხედე. ჩემი 'სვოჩი" ისევ გაჩერებულა. არადა, ახალი ელემენტი ჩამიდეს. როგორც ჩანს, ელემენტის ბრალი არაა. უბრალოდ, საათია გამოსაცვლელი. |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
სტუმარი, ივლისი 22, 2011, 07:33:52
გოგი გიწონებ სარკაზმს :)
სტუმარი, თებერვალი 16, 2011, 00:56:25
:) შეიძლება ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ სტატიას ავტორი აწერია და ის თავად გვახარიაა.
სტუმარი, თებერვალი 11, 2011, 23:01:01
ძლივს ერთი თანამოაზრე ვიპოვე:)
არ ვიცი ვინ ხარ, სამწუხაროდ შენი გვარი არ აწერია სტატიას, მაგრამ საინტერესოდ წერ და ბევრ რამეში გეთანხმები.
ყველაზე მეტად - გვახარიას შეფასებაში.
დატოვე კომენტარი