warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 11 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

კავკასიის პოლიტიკის გენერლები

Reuters

გასული წლის ოქტომბრის მიწურულს ინგუშეთმა, ჩრდილოეთ კავკასიის ამ პატარა რესპუბლიკამ პოლიტიკური სენსაცია მოახდინა: ხელისუფლებაში ძალოვანთა მოსვლის დროიდან  პირველად, კრემლს სამოქალაქო პროტესტის წინაშე უკან დახევა და რესპუბლიკის მეთაურის, ფსბ-ს გენერლის  მურად ზიაზიკოვის გადაყენება მოუხდა. ზიაზიკოვის ხელისუფლებაში მოსვლამდე რესპუბლიკის ხელმძღვანელი არმიის გენერალი რუსლან აუშევი იყო, პოპულარული და გაბედული პოლიტიკოსი.  თავის მაღალ რეიტინგზე  დაყრდნობით, ის  დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა.  მისი გადაწყვეტილებები, რომლებსაც  მხარს ინგუშთა უმეტესი ნაწილი უჭერდა, ეწინააღმდეგებოდა კრემლის ამოცანებს რეგიონში. ის ერთადერთი ხელმძღვანელი იყო კავკასიაში, რომელმაც ორჯერ თქვა უარი, ხელი მოეწერა ჩეჩნეთში ჯარის შეყვანის მოთხოვნაზე.  მოსკოვისთვის შედგენილმა  პეტიციებმა  კრემლს სერიოზული საფუძველი მისცა ჩეჩნეთში ორივე ომის დასაწყებად. რუსეთის ფედერალური მოწყობის ერთგული მხარდამჭერი, როცა საქმე რეგიონის ინტერესებს ეხებოდა, კრემლთან ურთიერთობის გამწვავებას არასდროს მორიდებია. ამ პოზიციის წყალობით, მან ინგუშეთის ეკონომიკური განვითარების მხრივ დიდ წარმატებებს მიაღწია. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინი  და მისი ფსბ-ელი მომხრეები მოვიდნენ, კრემლმა რუსლან აუშევზე ტოტალური ზეწოლა დაიწყო და საბოლოო ჯამში მას გადადგომა აიძულა.

ინგუშეთის ახალმა ხელმძღვანელმა,  მურად ზიაზიკოვმა, ფედერალური ცენტრისადმი აბსოლუტურად მორჩილმა ფიგურამ,  მოსკოვისგან განუზომელი მხარდაჭერა მიიღო. თუმცა, ნახევარი წლის თავზე რეგიონი მძიმე ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა. მისი ხელმძღვანელობის პირველი ორი წლის (2002-2003) შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტი 25%-ით დაეცა, უმუშევრობამ და სიღატაკემ, შესაბამისად - 30%-დან 55%-მდე, და 50%-დან 80%-მდე მოიმატა. კორუფცია მყისიერად გაიზარდა, ზიაზიკოვის რეიტინგი კი ნულისკენ წავიდა.
სწორედ ამ წლებში გაჩნდა ინგუშეთში ხელისუფლებისადმი მძლავრი სამოქალაქო წინააღმდეგობა. ამ რთულ და ხანგრძლივ ბრძოლას შედეგად რეგიონის ხელმძღვანელის გადადგომა მოჰყვა. მოსკოვმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ცვლილება თავიდან აერიდებინა. სპეცსამსახურებმა და სამხედროებმა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის კონვეიერი აამუშავეს. ბევრი აქტივისტი, მათ შორის გავლენიანი ოპოზიციური საიტის Ингушетия.Ru-ს მფლობელი მაჰომედ ევლოევი მოკლეს. მოძალადე და კორუმპირებული ხელისუფლება  თავისი არსით თითქმის ფეოდალურ მმართველობას დაემსგავსა. საზოგადოების პროტესტი  იმდენად ტოტალური, საყოველთაო და უკომპრომისო გამოდგა, რომ მოსკოვს სხვა გზა აღარ დარჩა. კრემლს, რომელსაც ასე ეშინია დემოკრატიის, მისი მკაფიო გამოხატულების წინაშე უკან დახევა მოუწია. 
ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება: ინგუშეთის კრიზისის მთავარი  მიზეზი თავად მურად ზიაზიკოვი  იყო. კრიზისი ხელისუფლებაში სწორედ მისი მოსვლის შემდეგ დაიწყო. ახლანდელი პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევკუროვიც გენერალია, თუმცა - წინამორბედის ანტიპოდი. ევკუროვი ზიაზიკოვის შეცდომებს არ იმეორებს, ის ღია პოლიტიკას აწარმოებს  და სამოქალაქო საზოგადოებას დიალოგს სთავაზობს. მან თავის გუნდში მიიწვია რუსლან აუშევის ყოფილი თანამოაზრეებიც, რომლებიც ბოლო ექვსი წელიწადი ოპოზიციაში იყვნენ. თუკი ამ ვითარებას "კარგი და ცუდი ბიჭის" თეორია რამენაირად მაინც მიესადაგება, მაშინ რეგიონში სიტუაცია რადიკალურად  უნდა შეიცვალოს. თუმცა ეს პროგნოზი, საბოლოო ჯამში, შესაძლებელია,  არ გამართლდეს. 
თუკი ინგუშეთის განვითარების  ბოლოდროინდელი უარყოფითი დინამიკა ამ რესპუბლიკის ხელმძღვანელის პიროვნებას უკავშირდება, მაშინ ზიაზიკოვს რუსლან აუშევისგან რადიკალურად განსხვავებული ნიშნები უნდა გამოემჟღავნებინა, რომელმაც  ხელისუფლებაში ყოფნისას რეგიონულ განვითარებაში დამაჯერებელ წარმატებას მიაღწია.
მართლაც, ერთი შეხედვით, ასეთი შედარება ამ ლიდერთა მხოლოდ განსხვავებებზე მიუთითებს, რომელთაგან ყველა აუშევის სასარგებლოდ მეტყველებს. ის დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობს კავკასიაში. ავღანეთის ომის გმირი, რომელმაც, მიუხედავად ყველაფრისა, გაბედა და აღიარა, რომ საბჭოთა სამხედრო მისია ამ ქვეყანაში  მცდარი და მანკიერი იყო. აუშევის სამშვიდობო მისიების წარმატებები გაოცებას იწვევს. მისი, როგორც მოუსყიდველი  პოლიტიკოსის სახელი ეჭვგარეშეა. აუშევი არც ერთ კორუფციულ სკანდალში არ ფიგურირებს. ერთი სიტყვით, ის ქარიზმული პიროვნება, მამაცი მებრძოლი, გამორჩეული და პოპულარული პოლიტიკოსია.   
ამავე დროს ზიაზიკოვი კგბ-ს და ფსბ-ს კაბინეტებში უსახურ, მოსაწყენ კარიერას იკეთებდა. მართალია, ის დიდ ხანს მუშაობდა ინგუშეთში, პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამდე ბევრი არავინ იცნობდა. გენერლის წოდება ზიაზიკოვს  მოსკოვმა არჩევნების წინ მიანიჭა მისი გამარჯვების შანსის გასაზრდელად. 2004 წლის ზაფხულში, როდესაც ინგუშეთში "ბოევიკები" შეიჭრნენ და იმავე წელს ბესლანის სკოლა დაიკავეს, ზიაზიკოვის  საქციელი საზოგადოებამ ლაჩრობად ჩათვალა. პრეზიდენტ პუტინისთვის წარდგენილი  მისი ბუტაფორიული მოხსენებები, რომლებიც რეგიონის ეკონომიკურ წინსვლას ეხებოდა, ოფიციალურ სტატისტიკასაც კი ეწინააღმდეგებოდა და საზოგადოებას სულ უფრო მეტად აღიზიანებდა. მთავრობაში კორუფციის ზრდა, როგორც ჩანს, მის პირად ინტერესებსაც უკავშირდებოდა. სამართლიანია, თუ ვიტყვით, რომ ინგუშეთის მოქალაქეებს ზიაზიკოვი სძულდათ.
თუმცა, ეს განსხვავებები ორივე ყოფილი პრეზიდენტის პიროვნულ მახასიათებლებად უფრო გამოდგება, ვიდრე მათი - როგორც პოლიტიკოსების. საკმარისია, მათი პოლიტიკის  შედარება დავიწყოთ, რომ საოცრად  მცირე სხვაობას აღმოვაჩენთ! ორივე დიქტატორი იყო, რომლებსაც დემოკრატია საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრის ხერხად მიაჩნდა.არც ერთი მათგანი არ სცემდა პატივს მოქალაქეთა თავშეყრის უფლებას, საპროტესტო მიტინგები ორივეს არაერთხელ დაურბევია. მუნიციპალურ დონეზე არჩევითობის დამკვიდრებას ორივე წინაღობებს უქმნიდა და ადგილობრივი ხელმძღვანელების დანიშვნის უფლებას ხელიდან არც ერთი უშვებდა; სასამართლო სისტემაზე კონტროლის შესანარჩუნებლად ძალისხმევას არ იშურებდა და რეგიონის პარლამენტს ორივე მკაცრად აკონტროლებდა. არჩევნებისას ერთიც და მეორეც მასშტაბური გაყალბებით გამოირჩეოდნენ. ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებზე ორივეს ტოტალური კონტროლი და ცენზურა ჰქონდა დაწესებული. ერთმაც და მეორემაც ხელისუფლებაში ოჯახური კლანები მიიყვანა. ეკონომიკურ პოლიტიკაშიც ორივე პრეზიდენტი ერთსა და იმავე პრინციპს მისდევდა: თავისუფალ მეწარმეობას, რომლის დამოუკიდებლობასაც უხეშად ხელყოფდნენ, მათგან მხარდაჭერა არ ღირსებია.  კერძო მონოპოლიებს ინარჩუნებდნენ  და სახელმწიფო სექტორს აძლიერებდნენ, რომელმაც ინგუშეთში წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. არსით ეს სახელმწიფო ეკონომიკა იყო. კერძო ბიზნესისთვის წარმოების მთელი რიგი დარგები მიუწვდომელი გახდა.
ამავე დროს, მათ მოსკოვისა და ჩეჩენი სეპარატისტების მიმართ დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციებიც ჰქონდათ. აუშევი მოსკოვს  მძვინვარე ოპონირებას უწევდა, ჩეჩენ სეპარატისტებს კი მხარს ზომიერად უჭერდა. სხვა დამახასიათებელი ნიშნებიც იყო, რომელთა განზოგადება ასე შეიძლება: ყოფილი პრეზიდენტების შიდა პოლიტიკა სრულიად ერთნაირი იყო, მაგრამ საგარეო კურსი განსხვავებული. თუმცა, ქვემოთ გიჩვენებთ, რომ საგარეო პოლიტიკის არჩევანი იძულებითი იყო და არა დამოუკიდებელი. 
ამგვარად, ვნახეთ, რომ ორივე პრეზიდენტი, ერთნაირ თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ძალზე მსგავს რეგიონულ პოლიტიკას ატარებდა; აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ ინგუშეთის განვითარების დინამიკა პრეზიდენტების ფიგურებზე იყო დამოკიდებული, და თუ ასეა, მაშინ "კარგი და ცუდი ბიჭის" თეორიაც მცდარი ყოფილა.
ჩვენი თვალსაზრისით, ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელმაც რუსლან აუშევის დროს რეგიონული განვითარების წარმატება განაპირობა, ინგუშეთში იმ დროს არსებული ეფექტიანი ს.ს.პ. იყო, რომელიც, მიზეზთა და მიზეზთა გამო, ექსპერტებს მხედველობის არიდან გაეპარათ.
ინგუშებისთვის ტრადიციული სამართალი საყოველთაოა და მას უპირატესობა ენიჭება ყველგან, სადაც კი შესაძლებელია. ეს საზოგადოება ისტორიულად აცხადებდა უარს რუსული სამართალის ლეგიტიმაციაზე, შესაბამისი ხელისუფლება კი ყოველთვის უცხოდ აღიქმებოდა(1). სრულიად აშკარაა, რომ ინგუშების ნება-სურვილით არჩეული პრეზიდენტი მოსკოვთან ულმობელ ოპოზიციაში უნდა აღმოჩნდეს.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.