|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ქართველი ცოლები ქართულ-რუსული კულტურული ურთიერთობების ჩატეხილ ხიდზე 2008 წლის შემოდგომაზე, აგვისტოს ომიდან სამიოდე თვის შემდეგ, საქართველოში ჩამოსული რუსი ჟურნალისტი და დოკუმენტალისტი იგორ ობოლენსკი, ერთ-ერთ ვახშამზე საქართველოს პატრიარქს ხვდება და მისგან ასეთ სიტყვებს ისმენს: თქვენ ერთ-ერთი ჩაუტეხელი ხიდი ხართ ჩვენს შორის და ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა კვლავ აღდგეს".
ობოლენსკიმ, როგორც თვითონ ამბობს, ამ "საპასუხისმგებლო მისიის" შესრულება წიგნის დაწერით გადაწყვიტა. "სილამაზის ბედი. ქართველ ცოლთა ისტორიები" - ეს არის დოკუმენტური ბიოგრაფიის ჟანრში გადმოცემული 35 ქალის ამბავი, რომლებსაც იგორ ობოლენსკი წლების მანძილზე აგროვებდა, საარქივო მასალებს კი თავისი პერსონაჟების შთამომავლებთან შეხვედრებითა და ნაამბობით ამდიდრებდა. 35 ქალბატონის ბიოგრაფიას შორის, მკითხველი ისეთ ცნობილ სახელებსაც აღმოაჩენს, როგორიც მერი შარვაშიძე ან ნინო ჭავჭავაძეა, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა შედარებით უცნობ ქალთა ისტორიები. მაგალითად, რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე პირველის საყვარლის ბარბარა თურქესტანიშვილის ამბავი და ბაბო დადიანის ისტორია, რომელიც ოჯახთან ერთად 1921 წელს ჯერ კონსტანტინოპოლში წავიდა, სადაც დააკავეს და უკან, საქართველოში გამოუშვეს, ბერიას დროს კი, ქმარი დაუხვრიტეს და თვითონ ყაზახეთში გადაასახლეს. ავტორის თქმით, წიგნში მნიშვნელოვანია XX საუკუნის 20-იანი წლების ისტორიები, რამდენადაც საქართველო 21 წლის შემდეგ ფაქტობრივად სხვა ქვეყნად იქცა, მისი პერსონაჟი ქალბატონებისთვის კი ცხოვრება ამ პერიოდში ძალიან გართულდა. ბევრი მათგანი ევროპაში წავიდა, სადაც დიდებული სასახლეები ერთ ოთახად ექცათ. თუმცა, ობოლენსკის თქმით, საფრანგეთისთვის, სადაც იმ პერიოდში მოდის სახლები ერთმანეთის მიყოლებით იხსნებოდა, მათი ჩასვლა დიდი საჩუქარი აღმოჩნდა. "მაშინ გამოჩნდა კოკო შანელი. საფრანგეთს სჭირდებოდა ბევრი ლამაზი ქალი და სწორედ ამ დროს ჩავიდნენ იქ მელიტა ჩოლოყაშვილი, მერი შარვაშიძე, ლილია ზელენსკაია, მარიამ ჭყონია. ეს ქალბატონები ფაქტობრივად გემებიდან პირდაპირ პოდიუმზე მოხვდნენ. თუმცა დღეს მათი შვილიშვილები მიყვებიან, რომ მათ ბებოებს რომ ფული ჰქონოდათ, რა თქმა უნდა, პოდიუმზე არაფრით გავიდოდნენ". "ქართველ ცოლთა ისტორიების" პრეზენტაცია 27 მარტს ლიტერატურის მუზეუმში მოეწყო და იქვე გამოიფინა მუზეუმში დაცული ქართველი ქალბატონების პორტრეტები, პირადი ნივთები და წერილებიც. ფილოსოფოს ლელა გაფრინდაშვილის თქმით, წიგნში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები ქართველი ქალების მხოლოდ მცირე ნაწილია წარმოდგენილი, რადგან ისინი მხოლოდ მაღალ სოციალურ ფენას ეკუთვნოდნენ. "ეს სულაც არ გამორიცხავს მათ გარკვეულ შენატანს ქართულ კულტურაში, თუმცა უფრო დაბალ ფენებში იყვნენ გაცილებით აქტიური ქალები, მათ ბიოგრაფიებს კი ჯერაც მტვერი ადევს", - ამბობს გაფრინდაშვილი. გამოფენამ შესაძლოა მტვრის გადაწმენდის პროცესი დააჩქაროს. რაც შეეხება იგორ ობოლენსკის მისიასა და ქართულ-რუსული კულტურული ურთიერთობების აღდგენას, ობოლენსკი ამბობს, რომ წიგნის გამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მას ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები ურეკავდნენ და წიგნის შესახებ ცრემლმორეული ხმით აღფრთოვანებას გამოხატავდნენ. რამდენად გასცდება ყბადაღებული კულტურული ურთიერთობების ნოსტალგია ქართველი ინტელიგენციის ფარგლებს - ეს კითხვა ამ წიგნის გამოცემის შემდეგაც ღიად დარჩება, თუმცა ეს ამ გამოცემის დოკუმენტურ ღირებულებას არ აკნინებს. |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი