|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ქართული ოცნებების ფაბრიკასანამ წერას დავასრულებ, ბერას ცხოვრება რადიკალურად იცვლება - მისი მამა, ყველაზე უჩინარი ქართველი მილიარდერი გადაწყვეტს, რომ პოლიტიკოსი გახდეს. ბოტანიკური ბაღის სამხრეთ-დასავლეთით, გზატკეცილის პირას, გალავნის გადაღმა, ძველი ბოტანიკის ინსტიტუტის აგურის, ორსართულიანი შენობა ჩანს. აგურის ფასადზე დიდი, თეთრი ასოებით წერია: Georgian Dream Studio. ბერა ივანიშვილთან პირველ შეხვედრაზე "ქართული ოცნების" სტუდიაში მივდივარ. მანქანას გარეთ ვაჩერებთ. ჭიშკართან, დაცვის ჯიხურში თანამშრომლებს ჩემს სახელს და გვარს ვკარნახობ. სანამ ველოდები, ბაღს ვათვალიერებ. მარცხენა კიდესთან ეზოს დაბალი ხეივანი მიუყვება და, თუ ორიენტაცია არ მღალატობს, "ბიზნეს ცენტრთან" მიდის. ჩიტები ჭიკჭიკებენ, ჰაერში ხასხასა მოლისა და ყვავილების სურნელი ტრიალებს. "აი, ეს არის ჩვენი სტუდია, - მეუბნება ქეთი, პიარსამსახურის თავაზიანი თანამშრომელი, თან ხის თეთრ კარს მსუბუქად აღებს და მრგვალ ჰოლში შევდივართ. ჰოლში სინათლე ორი ფანჯრიდან შემოდის და ოთახის ცენტრში, დიდ შვიდქიმიან ვარსკვლავსა და მის გარშემო, წრეზე ამოტვიფრულ ლოგოს ეცემა - თეთრ მარმარილოზე შავი ასოებით სტუდიის სახელი წერია. წარწერა მზის შუქს ირეკლავს და ანარეკლი ჭერისკენ "აღმართულ" სინათლის სვეტში იფანტება. თეთრ კედლებზე ბერას რამდენიმე ფოტო ჰკიდია, სხვადასხვა მუსიკოსთან ერთად. მხოლოდ რიანა მეცნობა. დანარჩენების ვინაობას მოგვიანებით ვიკითხავ. ბერას თეთრ მისაღებ-მოსასვენებელ ოთახში ველოდები, რომელსაც ყველა "ლაუნჯს" ეძახის. დაცვის, პიარ სამსახურის, სტუდიის თანამშრომლები, მეგობრები, კომპოზიტორები, ამერიკელი და ქართველი რეპეტიტორები, პროდიუსერები, სონგრაითერები, სტილისტები, ქორეოგრაფები - 16 წლის ბერა ივანიშვილის სტუდიაში სულ ფუსფუსია. მისი ხმა მესმის. სიმღერ-სიმღერით მოდის. ჰოლში თანამშრომლებს მხიარულად, თბილად, ჰიპ-ჰოპ ჟესტებით ესალმება. "როგორ ხარ, თამთა, გენაცვალე? რა მაგარი სახელი დაგარქვით, არა? ა, ქეთი! ჰეი, ბექა!.." - ოთახში ტრიალებს, მღერის, ცეკვავს. რამდენიმე წუთში მეც მამჩნევს. ფორმალური "გამარჯობა, სასიამოვნოა-თი" ვეცნობით ერთმანეთს და თეთრ დივანზე ვსხდებით. * * * ბერა საქართველოში მედიამ პირველად ორი წლის წინ შეამჩნია, როდესაც ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე, ფრანგულ ენაზე რეპი იმღერა. "ყველაზე დიდი ქველმოქმედის" უჩინარი ცხოვრების წესს მიჩვეულმა მედიამ, მისი შვილის ეს ექსტრავაგანტური დებიუტი სატელევიზიო სიუჟეტების და სტატიების თემად აქცია. წლების მანძილზე "ივანიშვილის რეპერი შვილის" შესახებ სულ რამდენიმე დეტალი ვიცოდით: რომ სნუპთან ერთად ფრანგულ ენაზე რეპი იმღერა, რომ ბერა ალბინოსია, რომ მალე ბოტანიკის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში საკუთარი სტუდია ექნება და კიდევ რამდენიმე ასეთი. 2011 წელს კი, ბერას პოპულარიზაცია ორგანიზებული კამპანიით დაიწყო: "ფეისბუკზე" მისი ოფიციალური გვერდი გაჩნდა - BERA official/Musical Band ; ზაფხულში ბერა ნაციონალურ არხებზე გამოჩნდა; რუსთაველის კინოთეატრის დარბაზში და ბათუმში კლიპის პრეზენტაციაზე ბერა ქართველ ფანებს შეხვდა. "მე თქვენში ვარ შეყვარებული, ყველაში ერთად", - უპასუხა გოგონას, რომელმაც ჰკითხა თუ ჰყავდა შეყვარებული. წელს, "ქართული ოცნების სტუდიამ" თინეიჯერი მომღერლების შესარჩევად კონკურსიც გამოაცხადა. ათასზე მეტი განაცხადი შევიდა. ქართული ოცნების სახელოსნომ გამარჯვებულები მსოფლიო შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებად უნდა აქციოს. "ჩემი ოცნებაა, ქართველ ნიჭიერ მომღერლებს დავეხმარო. დრიმ სტუდიოს ბავშვები მინდა, - ბიონსეს, აშერისნაირი პოპულარულები გახდნენ. მინდა, გვიცნობდნენ, როგორც მართლა მუსიკალურ ერს. ჩვენი ბაბუების შთამომავლებს არ გვაქვს უფლება, ჩრდილში ვიყოთ. მე თუ შევძლებ ჩემი წილი იყოს ამ წარმატებაში, ბედნიერი ვიქნები", - ამბობს თინეიჯერი ბერა ივანიშვილი. ქართველ ფანებთან შეხვედრაზე, საქართველოში დაბრუნებაზეც საუბრობს: "ფეხები მიკანკალებდა ქართულ მიწაზე ფეხი რომ დავდგი... მე ასეთი ლამაზი ქვეყანა არსად მინახავს... ცაც კი სხვანაირი იყო საქართველოში", - მის სიტყვებს დარბაზში ოვაციები და ტაში მოჰყვება. სექტემბრის დასაწყისში, როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით, "ფეისბუკზე" ბერა უკვე 117 ათასზე მეტ გულშემატკივარს „მოსწონს". * * * "პრობლემა არ არის", - საუბარს მაწყვეტინებს, როდესაც ვუხსნი, რომ მასზე დაწერა მის სახლში მისვლას და მისი ოჯახის წევრებთან შეხვედრასაც გულისხმობს. თუმცა, პიარ-სამსახურის თანამშრომლების ტაქტიანი კომენტარებით ვხვდები, რომ ჩვენი წინასწარი შეთანხმება ივანიშვილების "პირად სამყაროში შესვლას" არ ითვალისწინებს. პირველ დღეს სტუდიას ვათვალიერებ. შენობაში სამი ფეშენებელური ხმის ჩამწერი ოთახია, რომელიც ამერიკელი აკუსტიკდიზაინერის შექმნილია. მეორე სართულზე რომ ავდივართ, ერთ-ერთის კართან ოქროსფერ აბრას ვამჩნევ, წარწერით - Mr. Dream. - ეს ბექას კაბინეტია? - ვეკითხები. - არა, ეს ჩემი ოთახია... იქ ვინც შედის, ვეღარ გამოდის... ეცინება და ოთახში შედის.
* * * - აი, მოდიან, - გვეუბნება დაცვის თანამშრომელი და ბიზნეს ცენტრისკენ გვანიშნებს. შენობიდან სპორტულად ჩაცმული ათამდე ადამიანი ძუნძულით გვიახლოვდება. ჩვენ მანქანიდან ვაკვირდებით. ორს შორიდანვე ვცნობ - ბერას ბავშვობის მეგობარი გიორგი და სტუდიის თანამშრომელი, ამიკო, მისი ბექვოკალი. კიდევ ერთი, დაცვის უფროსი უნდა იყოს. ბერა დილაობით ორი საათი ბოტანიკურ ბაღში ვარჯიშობს. დღეს ჩვენც თან მივყვებით, "ცხელი შოკოლადის" ფოტოსესიისთვის პიარ სამსახურმა ეს გარემო შეარჩია. ბიზნესცენტრი ასე ახლოდან არასდროს მინახავს. ბეტონის, მეტალისა და მინის გიგანტური კონსტრუქცია ქალაქის თავზე გადმომდგარი, თანამედროვე ძლევამოსილების სიმბოლო მგონია. მინის კოშკურებში ლითონის ძაბრები მზეზე ელავს. გამჭვირვალე კედლებს მიღმა მხოლოდ ცარიელი სივრცე მოჩანს. ბაღშიც არავინაა. შენობის აღმოსავლეთ ნაწილი ოთხი, ან ხუთი სართულის სიმაღლის მინის ნაგებობით სრულდება, რომლის შუაგულში უშველებელ, ვერცხლისფერ სფეროს ვხედავ. ეს შორიდანაც შემიმჩნევია. მგონი, მის პირდაპირ, ვერტმფრენის ასაფრენი მოედანია. უენდელ სტივენსონის "კარგი ოლიგარქიდან" მახსოვს, რომ ეზოში ანიშ კაპურისა და ჰენრი მურის სკულპტურებია მიმოფანტული. მანქანიდან, თეთრი ფერის ორ ქანდაკებას მოვკრავთ თვალს, მაგრამ მხოლოდ კონტურებს ვარჩევთ. კარგად მესმის, რომ ვერცხლისფერ ბურთზე, ვერტმფრენზე, "დორა მაარზე" და სხვა დეტალებზე საუბარს შეთანხმება არ ითვალისწინებს. უზარმაზარ სფეროს ვუყურებ და ვცდილობ წარმოვიდგინო, რას შეიძლება გრძნობდე, როცა მინის ოთახში ვერცხლისფერი "დედამიწა" გაქვს. * * * ბერას პირადი ტრენერი და მისი ახალი მეგობარი გიგა ავარჯიშებენ. გიგა ერთი თვის წინ, კუს ტბაზე გაიცნო, ის მსოფლიო ჩემპიონია წესების გარეშე ბრძოლაში. "ხანდახან კუს ტბაზეც ავდივარ ხოლმე, მომწონს სხვებთან ერთად ვარჯიში. სპორტსმენები გავიცანი იმ დღეს, სირბილში შევეჯიბრე და ყველას გავუსწარი. "რივოკში" მაგარი ვარ, ვერავინ მისწრებს. გიგასაც კუს ტბაზე შევხვდი. დავმეგობრდით და ახლა მთელ დღეებს ერთად ვატარებთ, ჩემთან სტუდიაში." სპორტსმენები ხან გარბენებს აკეთებენ, ხან ადგილზე ხტიან. ფოტოგრაფი ბერას დასდევს და აპარატს აჩხაკუნებს. სასაცილო სცენაა. იქვე, ხანშიშესული ქალი, პატარა ნიჩბით, ყვავილების გარშემო მიწას ბარავს. "დილით ედემის ბაღში ყოფნას არაფერი სჯობს, - მეუბნება, იხრება და თავის სამუშაო იარაღებს მიწიდან კრეფს, - იცით, ამ ბაღში რამდენი უნიკალური ჯიშის მცენარეა? კი, ყველას უშვებენ, უბრალოდ, სიღრმეშია და აქამდე ალბათ ამიტომ აღარ ამოდიან ხოლმე. არადა, ნახეთ, როგორი სიმშვიდეა." ვარჯიშის მერე, ერთი საათით, ბერა ტანსაცმლის გამოსაცვლელად, შინ, "ბიზნეს ცენტრში" ბრუნდება. ჩვენ კი, სტუდიაში ველოდებით.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
lia (შეუმოწმებელი), იანვარი 24, 2012, 00:42:51
ძალიან საინტერესო ისტორიაა ჩემთვის... ავტორი კეთილად განაწყობს მკითხველს..ან რატომ არ უნდა ვიყოთ კეთილგანწყობილნი..ყველა არ იბადება მილიარდერის შვილად..მერე რა.. შურით უნდა გავსკდეთ..მადლობა ღმერთს უმრავლესობას ეს არ ეხება...წარმატებები ბერა!!! მამიკო სამწუხაროდ უშვებს უკვე შეცდომებს კადრების არჩევაში.. ვწუხვარ..წარმატებებს გისურვებთ!!!
lia (შეუმოწმებელი), იანვარი 24, 2012, 00:40:57
ძალიან საინტერესო ისტორიაა ჩემთვის... ავტორი კეთილად განაწყობს მკითხველს..ან რატომ არ უნდა ვიყოთ კეთილგანწყობილნი..ყველა არ იბადება მილიარდერის შვილად..მერე რა.. შურით უნდა გავსკდეთ..მადლობა ღმერთს უმრავლესობას ეს არ ეხება...წარმატებები ბერა!!! მამიკო სამწუხაროდ უშვებს უკვე შეცდომებს კადრების არჩევაში.. ვწუხვარ..წარმატებებს გისურვებთ!!!
ketiii (შეუმოწმებელი), იანვარი 15, 2012, 21:17:10
isa ukacravad romel saaatze varjishobs xolme beraaaaa??????
დატოვე კომენტარი