|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ქართული ლიტერატურის უკანასკნელი 20 წელი მონაწილეები:
შოთა იათაშვილი - მწერალი ლაშა ბუღაძე - მწერალი მალხაზ ხარბედია - მწერალი რატი ამაღლობელი - მწერალი შოთა გაგარინი - მწერალი ქეთი ქანთარია - მთარგმნელი რა შეიცვალა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართულ ლიტერატურაში? მახსოვს, 90-იანებში, როცა ცენზურა მოიშალა, საკმაოდ ცოცხალი ლიტერატურული პროცესი მიმდინარეობდა, თითქოს დღევანდელზე ბევრად საინტერესო და დატვირთული.
შოთა გაგარინი: არ მოვსწრებივარ, მაგრამ საბჭოთა დროს ბევრი ფიქრობდა, რომ მწერალი მედიატორია ღმერთსა და კაცს შორის და მწერლები ღმერთების სიტყვებს ახმოვანებდნენ. მოხდა მათი საკრალიზაცია და მითოლოგიურ ბურუსში გახვევა. საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ კი სააზროვნო სივრცე თითქმის არ შეცვლილა, იგივე დარჩა. როცა კარლო კაჭარავა ამბობდა, - ქართველების სარწმუნოება "მამათმადიდებლობააო", - ის სწორედ ლიტერატურასთან დამოკიდებულებას გულისხმობდა. საბჭოთა კავშირში მწერლობა სარფიანი ბიზნესიც იყო, 90-იანების მერე ეს ბიზნესი გაქრა, მაგრამ დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ თითქმის არ შეცვლილა. დღეს მათი მხატვრული ტექსტები აღარავის აინტერესებს, "მწერლები" აღარ არიან, მხოლოდ "ქართული პროზის" ტომებში დარჩნენ, თუმცა, რატომღაც მაინც მოითხოვენ პრივილეგიებს. რატი ამაღლობელი: საბჭოთა დროს, შევარდნაძის ეპოქას ვგულისხმობ, მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს იმხელა ძალაუფლება ჰქონდა, შეეძლო დაეხვრიტა კაცი ან სიკვდილს გადაერჩინა. ეს ძალიან დიდი თანამდებობა იყო. არსებობდნენ ფუნქციონერი მწერლები, რომლებიც მეგობრობდნენ იმდრინდელ პოლიტიკურ ელიტასთან. თუმცა, მწერლობას რეალურად რა გავლენა ჰქონდა ცოცხალ სოციალურ პროცესზე, ეს მაშინ არ გაზომილა და დღეს უკვე შეუძლებელია ამის გაგება. ცხადია, მაშინაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნამდვილ ლიტერატურას ქმნიდნენ და ლიტერატურულ პროცესს სწორედ ისინი წარმართავდნენ.
მალხაზ ხარბედია: ერთი რამ უნდა ვაღიაროთ: ბევრ ადამიანს, ვინც დღეს მწერლად იწოდება, განსაკუთრებით ძველი თაობას წარმომადგენლებს, დაკარგული აქვს განვითარების, წინსვლის სურვილი და უნარი. არ კითხულობენ არაფერს ახალს და 30-40 წლის წინათ წაკითხული წიგნებით ცხოვრობენ. როცა ახალგაზრდა მწერლებზეა საუბარი, მათგან ხშირად გაიგონებთ ხოლმე ამგვარ ფრაზებს: "მიდი, აბა, დამიწერე, როგორც ჰემინგუეი წერდა!" ან "დამიწერე, როგორც ბროდსკი წერდა!" ისინი საკუთარი წარუმატებლობის გამართლებას ცდილობენ და განუწყვეტლივ იმაზე ლაპარაკობენ, რომ აქ საინტერესო არაფერი იწერება, არაფერია წასაკითხი.
შოთა იათაშვილი: 90-იანებში, სადაც უნდა ჩაგვეტარებინა პოეზიის საღამოები, აუდიტორიები სულ გადატენილი იყო. ახლა შესანიშნავი კაფეებია, მაგრამ მაშინ თითქოს უფრო დიდი ენთუზიაზმით მოდიოდა ხალხი, აინტერესებდათ ახალი მწერლების მოსმენა. დღეს დიდი ნაწილი "ტუსოვკის" გამო დადის ლიტერატურულ საღამოებზე. შეიძლება სწორედ იმიტომ იყო ამხელა ინტერესი, რომ ერთი ეპოქა მთავრდებოდა და ახალი რაღაც იწყებოდა, სხვა ჟღერადობა წამოვიდა, სხვა თემები გაიხსნა. უკვე 18 წელია, სულ სხვადასხვა ჟურნალებში ვარ, სულ სარედაქციო სამუშაოს ვეწევი. 1992 წლიდან გამოდიოდა "რუბიკონი", "მესამე გზა", ლიტერატურა და სხვა", მოგვიანებით გაჩნდა "არილი" და "ალტერნატივა". მაშინ თითოეულ ჟურნალს თავისი გამორჩეული სახე, კონცეფცია ჰქონდა. დღეს ლიტერატურული პრესაც გაუსახურდა. თითქოს შესაძლებლობები მეტია, მაგრამ ჟურნალების რაოდენობამაც და ხარისხმაც მოიკლო. მე-20 საუკუნის მიწურულს ბევრი საინტერესო ავტორი გამოჩნდა. ლაშა და რატი, ზაზა ბურჭულაძე, დათო ქართველიშვილი, ირმა ტაველიძე და ძალიან ბევრი, ყველას ვერც ჩამოვთვლი. მაშინ ახალგაზრდა მწერლები სწორედ იმ კარგ ჟურნალებში მიდიოდნენ და რედაქტორებთან ჰქონდათ ურთიერთობა. დღეს კი, როდესაც გაჩნდა ლიტერატურული ვებ-გვერდები და ბლოგები, ეს კავშირი დაირღვა. არადა, რედაქტორთან ურთიერთობა ძალიან ეხმარება ავტორს, სწრაფად განვითარდეს. ახალი თაობა კი მეტწილად თვითკმარია. დაწერენ რაღაცას, გამოაქვეყნებენ ინტერნეტში და მერე ერთმანეთს უქებენ ნაწერებს.
მალხაზ ხარბედია: ქართულ ლიტერატურაში, ისევე როგორც ქართულ პოლიტიკაში, ყველაზე უფრო დამაიმედებელი პერიოდი ახალი საუკუნის დასაწყისს დაემთხვა. 2001-2002 წლებში ფილარმონიაში გამართული წიგნის ფესტივალები მართლა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ყველანი ანთებულები ვიყავით, რაღაცას ველოდებოდით, იმედები გვქონდა და უცებ, რაღაც მომენტში, 2003 წლის შემდეგ ეს ყველაფერი ხელში შემოგვეფშვნა. ინიციატივებიც გაქრა. საქართველოში გაჩნდა რაღაც მექანიზმები, რამაც ყველაფერი პიარად აქცია, და მეორე მხრივ - ადამიანები რისხვის მანქანას დაუქვემდებარა. ისეთ მახეში გავებით, როცა ლიტერატურა ნაკლებად გვაინტერესებს. ეს მექანიზმები თვითონ წარგმართავს. თუ გაზეთში ან ჟურნალში სვეტი გვაქვს დასაწერი, არ ვწერთ ლიტერატურაზე, სხვა თემებს ვირჩევთ. ბევრმა ხელი ჩაიქნია, ბევრი კარგი მწერალი დღეს უბრალოდ აღარ წერს, სხვა საქმე ნახა; ბევრი - რადიკალურ ოპოზიციაში წავიდა. არიან ისეთებიც, სამთავრობო ღონისძიებებს რომ ხელმძღვანელობენ, ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობენ. მოხდა ისე, რომ ქართული ლიტერატურა თანამედროვე ქართულ პოპ-პოლიტიკურ კულტურას შეეწირა.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი