warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 7 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

ქართული კინოინდუსტრიის პრობლემები

იმ ადამიანებს, რომლებსაც ქართული კინემატოგრაფის ავანჩავანი აინტერესებთ, ამ ბოლო დროს ხშირად უჩნდებათ კითხვა  - ეშველება თუ არა ქართულ კინემატოგრაფს და შეიძლება თუ არა დავიჯეროთ, რომ ქართული კინო კრიზისიდან გამოსვლის მდგომარეობაში იმყოფება. კითხვა საკმაოდ რთულია, უფრო სწორად მოკლე პასუხი არ აქვს.

კინოინდუსტრიის კრიტიკული ზონების და მათი არსებობის მიზეზების ძიება შეიძლება ამ კითხვებით დაიწყოს: რა პრობლემები აქვს ქართულ კინოს დღეს? როგორ ვითარდება კინოწარმოების სფერო? რას აკეთებს სახელმწიფო ეროვნული კინემატოგრაფის განვითარებისა და წახალისებისთვის? როგორ და რამდენად ეფექტურად მოხდა საბჭოთა სტრუქტურის რღვევა და ახლით ჩანაცვლება? არსებობს თუ არა დისტრიბუციის ქსელი? რა მდგომარეობაშია კინოთეატრები და რატომ არ არსებობს ქვეყანაში არც ერთი მუნიციპალური კინო? რომელ პროფესიონალურ რესურსს უნდა დაეყრდნოს ქართული კინო და რამდენად ზრუნავს სახელმწიფო ახალი პროფესიონალური კადრების ჩამოყალიბებაზე? აქვს თუ არა აზრი ფილმების შექმნას, რომლებიც, მოუვლელობის და პრეზერვაციის სათანადო საშუალებების დაუცველობის პირობებში, სწრაფი განადგურებისთვისაა განწირული?

90-იან წლებში კინოთეატრების დიდმა ნაწილმა ფუნქციონირება შეწყვიტა და იმ ფილმებსაც, რომლებსაც წლიდან წლამდე იღებდნენ, მაყურებელი ეკრანზე ვერ ნახულობდა. დაირღვა კინოინდუსტრიის ფუნქციონირების შემკვრელი რგოლების ჯაჭვი და ინფრასტრუქტურა.  იდეოლოგიური წნეხისგან თავისუფალი კინოსტუდია "ქართული ფილმი" დამოუკიდებელ რეჟიმში,  სრულყოფილად ფუნქციონირებას ვეღარ ახერხებდა, დამოუკიდებლად შექმნილი კინოკომპანიები კი ხშირად ერთი ფილმის გადაღების შემდეგ წყვეტდნენ არსებობას.

"სახელოვანი კინემატოგრაფიული წარსულის" პრესი დღესაც ძლიერია და თავისუფლად მუშაობაში ჯერ კიდევ ხელს უშლის რეჟისორებს. ძველს ახალი კლიშეები ენაცვლება. მაგალითად, თუკი საბჭოთა პერიოდში ევროპული კინემატოგრაფისგან განსხვავებულობა ქართული ნაციონალური კინოს საამაყო ასპექტი იყო, ახლა პირიქით ხდება - ქართველი რეჟისორები ცდილობენ ევროპულ ბაზარზე ორიენტირებული პროდუქცია შექმნან, როგორც ამბობენ ხოლმე, "ევროპულ სტანდარტებს" შეუსაბამონ გასაყიდად გამზადებული მათი პირმშოები. "ევროპულ სტანდარტში" და ქართული კინოს გაევროპელებაში ან გაამერიკულებაში ავტორები იმდენად ფილმის პროექტის განვითარების, წარმოების პროცესის ან გაყიდვის მექანიზმებს არ გულისხმობენ, რამდენადაც ბუნდოვან სურვილს, ქართული კინო რაღაცნაირად დასავლელ მაყურებელს მოაწონონ. თემის ძიებისას რეჟისორები (განსაკუთრებით ახალგაზრდა) და პროდიუსერები სვამენ კითხვას: რა უფრო მოეწონება, რა უფრო დააინტერესებს დასავლელ მაყურებელს.

მართლაც საინტერესოა, რომელი ასპექტებით შეუძლია ქართულ კინოინდუსტრიას დღეს ლოკალური თუ საერთაშორისო მასშტაბით თავი მოიწონოს? გარდა იმისა, რომ ევროპელ და ამერიკელ კინემატოგრაფისტებს შეგვიძლია მოვუყვეთ ქვეყნის ულამაზეს ლანდშაფტებში განფენილი თვალწარმტაცი პეიზაჟებისა და ქართული კინოს საუკუნოვანი ისტორიის შესახებ.

საქართველოში არსებობს რამდენიმე სახელმწიფო კინოდაწესებულება, რომელთაც წესდებაში კინემატოგრაფის განვითარებაზე ორიენტირებული ამოცანები უწერიათ. ეს დაწესებულებებია: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, სააქციო საზოგადოება ქართული ფილმი", ქართული ფილმის განვითარების ფონდი. ერთი შეხედვით, სამი სხვადასხვა ისტორიული წარსულის მქონე კინოინსტიტუციის ფუნქციონირება კინოინდუსტრიის სტრატეგიული წინსვლის გარანტიას უნდა იძლეოდეს.

 

სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმი"

საქართველოს გასაბჭოებამდე ქართული კინემატოგრაფი რამდენიმე მხატვრულ ფილმს და დაახლოებით 150 კინოქრონიკას ითვლიდა. გასაბჭოების შემდეგ კინოწარმოება მთლიანად სახელმწიფო დაფინანსებას დაეყრდნო და 70 წლის მანძილზე ამგვარად ფუნქციონირებდა. "საქკინმრეწვი", "თბილისის კინოსტუდია", კინოსტუდია "ქართული ფილმი" საბჭოთა ხელისუფლების მიერ მართული ერთი და იმავე ინსტიტუციის სხვადასხვა პერიოდის სახელწოდებაა. თუმცა, გასული საუკუნის დასასრულს, როდესაც ქვეყანა მეორედ გახდა დამოუკიდებელი და საქართველო კიდევ ერთხელ შევიდა კრიტიკულ ფაზაში, ქართული კინოინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშე, კინოსტუდია "ქართული ფილმი" დიდი ცვლილებების და რღვევების წინაშე აღმოჩნდა. კინოსტუდია "ქართულ ფილმთან" მიმართებაში 90-იანი წლების ქართულ პრესას თუ გადახედავთ, იმდენად განსხვავებულ მოსაზრებებს გადააწყდებით და კინემატოგრაფისტებს შორის იმდენად დაუნდობელი კამათის მომსწრეები გახდებით, რომ თავგზა ადვილად აგებნევათ და ცალსახა პასუხის გამოტანა გაგიჭირდებათ.

1991 წელს "ქართული ფილმი" კინოკონცერნად გადაკეთდა, პრეზიდენტად მაშინ ბესარიონ გუგუშვილი დაინიშნა. მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაემხო, პრეზიდენტი კვლავ რეზო ჩხეიძე გახდა, რომელიც "ქართულ ფილმს" 1991 წლამდე 18 წლის განმავლობაში მართავდა. 1994 წლიდან კინოკონცერნი სააქციო საზოგადოებაა. კომანდიტური საზოგადოების თავმჯდომარის პოსტზე ისევ რეზო ჩხეიძეა. როგორც ქართული პრესა იუწყება, ამავე წელს რეჟისორთა ჯგუფმა უარი თქვა დაფინანსება სახელმწიფოსგან მიეღო და განაცხადა, რომ კინომ საკუთარი თავი თავადვე უნდა ირჩინოს. ეს რეჟისორები მაშინ ლამის მოღალატეებად გამოაცხადეს.

ქართული ფილმის განვითარების ფონდის დირექტორი და ეროვნული კინოცენტრის ყოფილი დირექტორი გაგა ჩხეიძე ამბობს: "ბევრს მიაჩნია, რომ  სააქციო საზოგადოებად "ქართული ფილმის" გარდაქმნა შეცდომა იყო. სააქციო საზოგადოებამ მოგებაზე რომ იმუშაოს, დივიდენდები რომ გასცეს, დიდი წარმოება უნდა ჰქონდეს... როცა ცენტრალური (სახელმწიფო) დაფინანსება შეწყდა, წარმოუდგენელი იყო "ქართულ ფილმს" საკუთარი თავი ერჩინა".

აქციების ორი მესამედი დღესაც სახელმწიფოს ხელშია, ერთი მესამედი კი თანამშრომლების, რომლებიც საზოგადოების აქციონერები გახდნენ და თავის დროზე ნომინალური ღირებულების ვაუჩერები დაურიგდათ. "ქართული ფილმის" დაქვემდებარებაში გადავიდა უძრავი ქონება (კინოთეატრები, სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები, მიწები) და სადისტრიბუციო ქსელი. გაგა ჩხეიძე: "ყველაფერი ეს სახელმწიფომ კინოსტუდიას გადასცა. ამან ლოგიკურად გამოიწვია გარკვეული დაპირისპირება კინემატოგრაფისტთა კავშირსა და ქართულ ფილმს შორის. ფაქტობრივად, ეს იყო ორი ბანაკი, რომელიც მაშინ ერთმანეთს ეომებოდა. კინოკავშირი იყო საბჭოთა იდეოლოგიის გამტარებელი, მართალია, შემოქმედებითი კავშირი ერქვა და საკუთარი შემოსავლებიც ჰქონდა. მაგრამ ძირითადად, სახელმწიფოს კმაყოფაზე არსებობდა". თუმცა, არსებობდა დაპირისპირების სხვა მიზეზებიც: "საბაზრო  ეკონომიკაზე გადასვლამ თავისთავად მოიტანა და დღის წესრიგში დააყენა საკითხი, რომ რეჟისორებსა და პროდიუსერებს დამოუკიდებლად უნდა ეარსებათ. აქედან გაჩნდა მოთხოვნა, სახელმწიფოს არა მარტო "ქართული ფილმისთვის" მიეცა ფული, არამედ სხვა პროექტებზე და დამოუკიდებელ სტუდიებზეც გაენაწილებინა".

გაგა ჩხეიძე ასევე მიიჩნევს, რომ იმ ახალგაზრდა რეჟისორთა მხრიდან წამოსული უკმაყოფილება, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ "ქართული ფილმის" მიერ არ უნდა მომხდარიყო კინოწარმოების პროცესის მონოპოლიზაცია, გამართლებული იყო: "1992 წელს მათ სცადეს, დაერწმუნებინათ უფროსი თაობა, რომ საჭირო იყო მეტი დამოუკიდებლობა მიეღოთ დედაკინოსტუდიისგან. შექმნეს "ადამ და ევა", სადაც ბუბა ხოტივარი, თემურ ბაბლუანი, ნანა ჯორჯაძე და სხვები მუშაობდნენ".

წლების განმავლობაში "ქართულმა ფილმმა" ვერ მოახერხა სახელმწიფოს მხრიდან მისთვის დაკანონებული ქონების რაციონალურად და საქმისთვის სასარგებლოდ გამოყენება. უძრავი ქონების ნაწილი გაქირავდა და გაიყიდა, ზედმეტად გულუხვი სახელშეკრულებო პირობების საფუძველზე მიწები და შენობის ფართობები გრძელვადიანი იჯარით გაიცა, ზოგიც აღნაგობის უფლებით, რაც მეიჯარეებს საშუალებას აძლევდა, ისეთი სახის ნაგებობები აეგოთ, როგორსაც მოისურვებდნენ. გაგა ჩხეიძე: "არ ვიცი, რამდენად ჰქონდა ადგილი ფარულ გარიგებებს, არც ეს არის გამორიცხული. ალბათ ადრე თუ გვიან იმაზე, რაც მაშინ ხდებოდა, ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს. არ მოხდა "ქართული ფილმის" ძირეული რეორგანიზაცია".

ასეა თუ ისე, 90-იან წლებში "ქართულ ფილმს" ჰქონდა შემოსავალი, რომელიც მართალია, კინოწარმოების პროცესის სრული სვლით აღდგენას არ ეყოფოდა, მაგრამ რაციონალური განკარგვის და განხორციელების შემთხვევაში, კინოინდუსტრიას ისეთ ჩიხში და აბსურდულ მდგომარეობაში მაინც არ მოაქცევდა, როგორი მდგომარეობის შედეგებსაც ქართული კინო დღემდე იმკის. "ქართული ფილმის" არასწორი პოლიტიკა და მენეჯმენტი კინოინდუსტრიის კოლაფსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო. შესაძლოა, 90-იან წლებში არ არსებობდა ხალხი, რომელიც ახალ სისტემაზე გადართვაში მოეხმარებოდა კინოსტუდიას ან ასეთი ხალხი იყო და მათ არ ჰქონდათ საშუალება,  თავიანთი იდეები განეხორციელებინათ. გაგა ჩხეიძეს აზრით, არ იყო ნება, გაეტარებინათ რეფორმები, "მათ არ იცოდნენ, რა უნდა ეკეთებინათ, არ იყო ხალხი, ვისაც ევროპული გამოცდილება ექნებოდა, ვისაც ეცოდინებოდა, რა ხდება ევროპაში, როგორ უნდა განვითარებულიყო კინო".

 

კინოქალაქის იდეა და ქართული ფილმის განვითარების ფონდი

ე.წ. ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე არსებული პავილიონი, რომლის ერთ კედელს დღესაც აქვს გაკრული აბრა წარწერით "ადამ და ევა", 20-იანი წლების დასაწყისში გერმანე გოგიტიძის ხელმძღვანელობით აიგო. 1992 წელს, ახალგაზრდა რეჟისორების მოთხოვნით (თემურ ბაბლუანი, ბუბა ხოტივარი, ნანა ჯორჯაძე...), "ქართული ფილმის" მატერიალურ ბაზაზე შპს-ს სახით კინოსტუდია "ადამ და ევა" დაფუძნდა.  "ადამ და ევას" თითქმის მთელი საწყისი კაპიტალი სწორედ "ქართული ფილმის" იყო. "ქართულმა ფილმმა" საწესდებო კაპიტალში მაშინ თბილისის ისტორიული პავილიონი შეიტანა. თუმცა, "ადამ და ევას" მოგება მოგვიანებით უნდა გადანაწილებულიყო არა წილობრივი მონაწილეობის მიხედვით, არამედ სხვანაირად: მოგების 10% დარჩებოდა "ქართულ ფილმს", ხოლო დანარჩენი ახალ კინოსტუდიას.

რამდენიმე წლის წინ "ადამ და ევამ" ძველი პავილიონი კერძო მეწარმეებს ახალ პავილიონში გაუცვალა, რომელიც სპეციალურად მათთვის დიღომში აშენდა. დანარჩენი უძრავი ქონება (შენობებისა და მიწის სახით), კვლავ "ქართული ფილმის" კუთვნილებაში რჩებოდა. ეს ადგილი ქალაქის ცენტრშია და შესაბამისად კომერციულად ძალიან ღირებული. მამუკა ხაზარაძე, რომლის ხელშიც ძველი პავილიონი აღმოჩნდა, რეზო ჩხეიძესთან წინადადებით მივიდა. ხაზარაძის სურვილი იყო, შეექმნათ ორგანიზაცია, რომელიც ერთდროულად განკარგავდა ძველ პავილიონსაც და მის გარშემო არსებულ ტერიტორიასაც, ახალი პროექტიდან მიღებული მოგების ნაწილი ქართული კინოს დაფინანსებაზე წავიდოდა. ასე შეიქმნა "კინოქალაქის" იდეა.  გაგა ჩხეიძე: "ეს იყო ძალიან პატრიოტული და კარგი შემოთავაზება, რომელიც სიამოვნებით მიიღო რეზო ჩხეიძემ. სწორედ იმ მიზნით, რომ გაადვილებულიყო კომერციული საქმიანობა და ერთობლივი ქმედება, ჩამოყალიბდა ქართული კინოს განვითარების ფონდი, რომელშიც კინოსტუდია "ქართულმა ფილმმა" ანუ სააქციო საზოგადოებამ შეიტანა უძრავი ქონება - 25 ათასი კვადრატის სახით" (ძველი კინოსტუდიის მთელი ტერიტორია). 2005 წელს 6 ადამიანისგან შემდგარი ფონდი  შეიქმნა, სადაც სამი კინოსტუდიის, ხოლო სამი - სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო. მამუკა ხაზარაძემ  დიდი ინვესტიციის მოზიდვის პასუხისმგებლობაც აიღო, ლაპარაკი იყო 50-60 მილიონ დოლარზე. "კინოქალაქის" სახით გაკეთდებოდა კომერციულ-კულტურული ცენტრი, რომელშიც კინოსტრუქტურებიც მოექცეოდა, მათ შორის - კინომსახიობთა თეატრიც. ხაზარაძემ წარმოადგინა პროექტი, არსებობდა მაკეტის ორი ვარიანტი. კინოქალაქში იქნებოდა რამდენიმე კინოთეატრი, აგრეთვე კინოს მუზეუმი, თუმცა, 80% კომერციულ სტრუქტურებს უნდა დაეკავებინა (სასტუმრო, მაღაზიების ქსელი და ა.შ.). გაგა ჩხეიძემ, რომელიც დღეს უკვე ფონდის დირექტორია, მიუღებლად მიიჩნია ისტორიული პავილიონის მიუზიკ-ჰოლად გადაკეთების იდეა: "ფონდში განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა.  საბოლოო ჯამში ფონდი იმ აზრს მიემხრო, რომ კომერციული რისკი ძალიან დიდი იყო. შეიძლებოდა იმ სიტუაციამდე მივსულიყავით, რომ "ქართულ ფილმს" შემოსავალი არ მიეღო ან მოგება არ ყოფილიყო დიდი და მნიშვნელოვანი. ლაპარაკი იყო ტერიტორიის გაყიდვაზეც, რაზეც ფონდი არ წავიდა. პირადად მე ვფიქრობდი,  რომ კინოსტრუქტურები აუცილებლად უნდა შენარჩუნებულიყო და ამ კომპლექსის სადღაც 30%  ჩვენს საკუთრებაში უნდა ყოფილიყო. ამაზე ხაზარაძე და მისი პარტნიორები არ წამოვიდნენ. მათ მაინც მიაჩნდათ, რომ უნდა ჩამოყალიბებულიყო ერთიანი სააქციო საზოგადოება, დანაწევრება-დაყოფის გარეშე. ჩვენ გვეშინოდა, რომ კინოსტრუქტურებს დავკარგავდით. შესაძლებელი იყო დროთა განმავლობაში არაკომერციულობის მოტივით დაეხურათ კინოთეატრი ან კინოს მუზეუმი და გადაეკეთებინათ რესტორნად. არანაირი გარანტია არ იყო. არც ის იყო გამორიცხული, რომ ოდესმე ბიზნესი სხვა ადამიანების ხელში არ გადავიდოდა, რომლებიც კინოთი საერთოდ არ იქნებოდნენ დაინტერესებულნი. და ეს რისკი კიდევ უფრო იზრდებოდა".

პროექტი შეჩერდა, თუმცა ქართული ფილმის განვითარების ფონდი არსებობას განაგრძობს. დღეს მისი საქმიანობის ძირითადი ნაწილია ძველი კინოსტუდიის იჯარით გაცემული ფართის იურიდიული კონტროლი და ძველ მეიჯარეებთან ურთიერთობის მოწესრიგება. მეიჯარეებისგან მიღებული თანხით მიმდინარეობს ამავე ტერიტორიაზე განთავსებული დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანეს" საარქივო მასალის გადარჩევა, კატალოგიზაცია და შესანახად მოწესრიგება. ამ პროექტის დასრულების შემდეგ ანუ გაზაფხულიდან ფონდი გეგმავს, თავისი მცირე ბიუჯეტი საგანმამათლებლო მიზნებს დაუთმოს, შეძლებისდაგვარად დააფინანსოს ქართველი სტუდენტების სწავლა უცხოეთში, მოაწყოს სემინარები ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისა და მომავალი პროფესიონალებისთვის.

 

კინოცენტრი

"როდესაც ძველ, ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელ სტრუქტურასა და ე.წ. ახალ ტალღას შორის დაპირისპირება შეიქმნა, ახალგაზრდების სათავეში ელდარ შენგელაია იდგა. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და დღესაც ხელმძღვანელობს კინემატოგრაფისტთა კავშირს, მას აღმოაჩნდა ძალიან კარგი ალღო და, ფაქტობრივად, მიხვდა საით უნდა წასულიყო სახელმწიფო კინოპოლიტიკა. შევარდნაძის დროს მან მთავრობას ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიაღებინა (როგორც ვიცი, სწორედ ბატონი ელდარის გავლენით მიიღეს) - კანონი კინემატოგრაფის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ. გადაწყდა, რომ კინემატოგრაფს სჭირდებოდა დახმარება სახელმწიფოს მხრიდან და ეს მართლაც კარგი იყო. ამის გამო, დაიწერა კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო და სწორედ ამ კანონის საფუძველზე შეიქმნა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი",  - ამბობს გაგა ჩხეიძე, რომელსაც 2005 წლიდან სამი წლის განმავლობაში ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი დღეს საქართველოში კინოს საკითხებში უმაღლესი სახელმწიფო ინსტანციაა და ერთგვარ კინოსამინისტროს წარმოადგენს. კინოცენტრის მიზანი ქართული კინოს განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის კოორდინაცია და საამისოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის სათანადოდ მობილიზებაა. (კინოცენტრის დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებია: კინოს განვითარებისთვის სამეცნიერო, საინფორმაციო, საწარმოო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა; ეროვნული კინოპროდუქციის წარმოების ფინანსური მხარდაჭერა; კინოს ინფრასტრუქტურისა და კინოქსელის განვითარებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა; საქართველოს ეროვნული კინოარქივის შექმნა; კინოგანათლებისა და კინომცოდნეობის განვითარების ხელშეწყობა; შემოქმედებითი და საინჟინრო-ტექნიკური კადრების მომზადების ხელშეწყობა; საერთაშორისო კავშირების განვითარება, საერთაშორისო კინოორგანიზაციებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; კინოფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების, აგრეთვე საერთაშორისო კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობა).

კინოცენტრი 2000 წელს შეიქმნა და 2003 წლამდე მისი ძირითადი საქმიანობა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მიერ დაწყებული სრულმეტრაჟიანი ფილმების დასრულება იყო. 2005 წლიდან კი მისი სტრუქტურული ცვლილება მოხდა და დაიწყო საინფორმაციო ბაზების მობილიზება, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, კინოექსპორტის მექანიზმების დახვეწა, კავშირების დამყარება უცხოელ კოლეგებთან, ფესტივალების სახით ქართული კინემატოგრაფის ჩართვა უცხოურ კინოპროცესებში და კინომემკვიდრეობის დაცვაზე ზრუნვა.  2008 წელს კინოცენტრის ხელმძღვანელობა შეიცვალა, რომელმაც "ქართული კინოს განვითარების სტრატეგია" შეიმუშავა, ანუ ეს არის გეგმა, რომლის მთავარი მისია კინოსექტორის გაძლიერება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო ასპარეზზე მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა. მართალია პროექტის "კინემატოგრაფის განვითარების სტრატეგიის" პრეზენტაცია გასული წლის ოქტომბერში კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა, თუმცა ის ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა შესაბამისი სტრუქტურების მიერ.

 

კინოწარმოების პრობლემები

1990-დან 2000 წლამდე საქართველოში 43 მწარმოებელი კინოკომპანია შეიქმნა, აქედან სამი მხოლოდ დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობდა, ერთი ანიმაციურზე, დანარჩენები კი ძირითადად, მხატვრულ და მცირე რაოდენობის დოკუმენტურ ფილმებს შერეულად აწარმოებდნენ. 43 ორგანიზაციიდან ოცდაექვსს 90-იან წლებში (უმეტესობას კი მთელი არსებობის მანძილზე) მხოლოდ თითო ფილმი აქვს წარმოებული. ზოგიერთის მაქსიმუმი კი მთელი დეკადის განმავლობაში 6 ფილმია. რამდენიმე მათგანი ("სხივი", "+1", "დრო", "ადამი და ევა", "ნოე", "სამება", "ფრესკა", "კავკასიონი", "ორბი", "კვალი") "ქართული ფილმის" მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე შეიქმნა და რეალურად დამოუკიდებელ შპს-ებს არც წარმოადგენდნენ. ჩამოთვლილი კინოსტუდიების თანამშრომლებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან ხელფასს ისევ და ისევ "ქართული ფილმი" უხდიდა. ერთი შეხედვით აბსურდული სიტუაციის დეტალებში ჩახედვა ამ სტატიის ამოცანა არაა, მაგრამ როგორც ფაქტი, რბილად რომ ვთქვათ, საინტერესოა. მნიშვნელოვანი ისაა, რომ "ქართული ფილმის" მსგავსმა "რესტრუქტურიზაციამ" ქართული კინოწარმოების ბედზე არცთუ ისე კარგი გავლენა იქონია.

დღეს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულებაა, რომელიც ქვეყანაში ფილმების წარმოებას კონკურსის საფუძველზე აფინანსებს. 2000 წლიდან 2003 წლამდე კინოცენტრმა მონაწილეობა მიიღო კინოსტუდია "ქართულ ფილმში" 9 სრულმეტრაჟიან და 2 მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე დაწყებული მუშაობის დასრულებაში. ხოლო 2003 წლიდან მოყოლებული დღემდე კინოცენტრი კიდევ 11 სრულმეტრაჟიანი, 10 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, 12 მოკლემეტრაჟიანი სადებიუტო, 16 დოკუმენტური, 6 ანიმაციური ფილმის თანადამფინანსებელია.

კინოწარმოების სფეროში კინოცენტრის პოლიტიკა ორიენტირებულია ისეთი პროექტების დაფინანსებაზე, რომლებიც კინემატოგრაფის მხატვრულ განვითარებას უწყობს ხელს და ე.წ. პოტენციურ საფესტივალო კინოდ ითვლება. მაგრამ, როგორც უკანასკნელმა წელმა გვიჩვენა, კინემატოგრაფისტები საქართველოში კომერციული ფილმებითაც არიან დაინტერესებულნი, რომლებიც მათ პოპულარობას ადგილობრივ ბაზარზე მოუპოვებენ. გარდა საერთაშორისო კინოფესტივალებისკენ მიზანმიმართული ფილმების ავტორებისა, საქართველოში სხვა ტიპის პროდიუსერებიც გაჩნდნენ. ისინი უფრო მეტად ლოკალურ მაყურებელზე აკეთებენ გათვლას და ქვეყნის შიდა ბაზარზე აქტიურად დამკვიდრებისთვის იბრძვიან ("იდიოტოკრატია", "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2", "გოგონა სლაიდიდან").

შარშან სახელმწიფო სექტორის მიერ შემუშავებული "აგრესიული და დინამიკური" ფინანსური შეღავათების სქემა ქართველი და საქართველოს, როგორც გადასაღები მოედნით, დაინტერესებული უცხოელი კინემატოგრაფისტებისთვის საგადასახადო შეღავათების ამოქმედებას ითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც ფილმის ფინანსური დანახარჯები გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, პროდიუსერებს დახარჯული თანხის ნაწილი უკან დაუბრუნდებათ (კერძოდ კი 25%). ამ საკითხის ავკარგიანობას უფრო დეტალურად ჟურნალ "ლიბერალისთვის" დაწერილ თამარ ბაბუაძის სტატიაში გაეცნობით (#6. 2009). სამინისტროს წინადადება უფრო უცხოელი კინემატოგრაფისტების წამონთებაზე იყო გათვლილი, ვიდრე ადგილობრივ მწარმოებლებზე ორიენტირებული. შეღავათების სქემა ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა...

2009 წლის დასაწყისში ეროვნულმა კინოცენტრმა ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანიას BOP CONSULTING ქართული კინემატოგრაფიის ამჟამინდელი მდგომარეობის სტრატეგიული მიმოხილვა შეუკვეთა, ასევე მიიღო რეკომენდაციები სექტორის განსავითარებლად. BOP CONSULTING-ის საბოლოო ანგარიშში მითითებულია: "საგადასახადო შეღავათები ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გადამწყვეტ როლს შეასრულებს შემოსავლების მოძიებაში პროგრამის განსახორციელებლად, მაგრამ მხოლოდ საგადასახადო შეღავათები არ არის საკმარისი "ინტელექტუალური" ინვესტიციების და თანამწარმოებლების მოსაზიდად. გლობალურ და კონკურენტულ ბაზარზე მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ასოცირდება "ღირებულებების ჯაჭვთან". ე.წ. "ღირებულებების ჯაჭვი" ფილმის წარმოების მთელ პროცესს გულისხმობს. ამ პროცესის სრულყოფილად წარმართვა კი ემყარება ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს, როგორიცაა: საგანმანათლებლო და პროფესიული მზაობა, სადისტრიბუციო პოტენციალის განვითარება, ფილმის საწარმოო ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა, დაფინანსების სტრატეგიის შემუშავება და ა.შ. დღეს კინოინდუსტრიას სერიოზულ პრობლემას კვალიფიციური კადრების არარსებობა უქმნის.

ფილმი, რომლის გადაღებაზე მუშაობა დასრულებულია, ადეკვატური ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, წარმოების შემდგომ ეტაპს საქართველოში ვერ გადის. პროდიუსერებს სამუშაოს გაგრძელება უცხოეთში უწევთ, რაც ფილმის წარმოების ხარჯებს საგრძნობლად ზრდის. მოძველებული ინფრასტრუქტურა წარმოების პროცესსაც აფერხებს. რეგიონების ინფრასტრუქტურა (გზები, სასტუმროები) არასათანადოდ განვითარებულია. ეს განსაკუთრებით შემაფერხებელი შეიძლება აღმოჩნდეს უცხოელი კინემატოგრაფისტებისათვის, რომლებიც მუშაობის განსხვავებულ პირობებს არიან მიჩვეულნი. გარდა ამისა, არ არსებობს საკმარისად განვითარებული საინფორმაციო ბაზა, რომელიც გზამკვლევის ფუნქციას შეასრულებდა როგორც უცხოელი, ასევე ქართველი კინემატოგრაფისტებისათვის (მაგალითად, ვიზუალური და სხვა სახის ინფორმაცია პოტენციური გადასაღები მოედნების შესახებ). BOP CONSULTING: "ქართული ფილმების ინდუსტრიის განვითარებისთვის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია პროფესიონალების ნაკლებობა, მოძველებული ინფრასტრუქტურა, მონოპოლიზებული კინოთეატრების ქსელი და დისტრიბუციის სუსტი სისტემა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ფილმების მწარმოებელი კომპანიებისთვის დაწესებული მაღალი გადასახადები".

საგადასახადო კოდექსის ერთ-ერთი თავის "ქონების გადასახადი", 273-ე მუხლის მიხედვით, საწარმოსა და ორგანიზაციის დასაბეგრი ქონება ყოველწლიურად 1%-ით იბეგრება. გამომდინარე იქიდან, რომ ხელოვნების ნიმუშს ცვეთა არ ერიცხება, მისი დაბეგვრა მუდმივად ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ფილმისათვის, რომლის ბიუჯეტი 100 ათას ლარს შეადგენს, ფილმის მფლობელმა სახელმწიფოს ყოველ წელს 1000 ლარი უნდა გადაუხადოს. სანამ ფილმის ავტორები საგადასახადო კოდექსში რაიმე ცვლილებას დაელოდებიან, პრობლემის ხანმოკლე გადაჭრის საშუალება შესაძლებელია ფილმის არქივისთვის გადაცემა იყოს. თუმცა, ასეთი ქმედება მდგომარეობის აბსურდულობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

zura magalashvili (შეუმოწმებელი), მაისი 19, 2010, 01:47:43

sasiamovnoa roca kinematografze zrunavt. kargi iqneba to am sakitxebze diskusia gaimarteba da sazogadoeba gaacnobierebs qartuli kinematografis mnishvnelobas qveynis ganvitarebistvis.

madlobt

Anonymous (შეუმოწმებელი), მარტი 1, 2010, 22:02:47

ქართული კინოს ზონები იმ ეროგენულ ზონებს მაგონებს, რომლებსაც რეჟისორები არასწორად ეხებიან და ვერ აკმაყოფილებენ მაყურებლებს:)))

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.