|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
კანი -2010"მარტინესიდან" ფესტივალების სასახლემდე
აეროპორტებში, სასაზღვრო პუნქტებთან ყოველთვის ვიძაბები ხოლმე. რაღაც საბჭოთა კომპლექსია, რომელიც თავის დროზე ბრწყინვალედ აღწერა იშტვან საბომ, ფილმში "შეხვედრა ვენერასთან".
თუმცა საბოს მთავარ გმირს პოსტკომუნისტური უნგრეთიდან საფრანგეთში მოუხდა გამგზავრება. პარიზის აეროპორტში მუსიკალურ ინსტრუმენტებზე ჰკითხეს მხოლოდ, - რა არისო. აი, გერმანელი მესაზღვრეები კი, ჩემი დაკვირვებით, ბევრად უფრო აუტანლები არიან. სრულიად განსაკუთრებული უნდობლობით გათვალიერებენ და არ შეუძლიათ, რომ არ გკითხონ, რა მიზნით შედიხართ შენგენის ზონაში. არ ვიცი, ვინ მისცა მათ ასეთი მითითება. შეიძლება მაინცდამაინც მე მხვდებიან ასეთები; ფაქტია - გერმანიის საზღვრის გადაკვეთა ყოველთვის ტანჯვაა ჩემთვის. მით უმეტეს, რომ ინგლისურად მეკითხებიან, მე კი... ამ ენაზე როცა მომმართავენ, ეგრევე ოფლი მასხამს ხოლმე. კანის ფესტივალის გზაზე, მიუნხენის აეროპორტში ისევ მკაცრი და ეჭვიანი მესაზღვრე შემხვდა; კანში რა გინდაო, - მკითხა. "ფესტივალ, ფესტივალ!" - რამდენჯერმე გავუმეორე. მაინც არ მომეშვა, - სად უნდა იცხოვროო. "ოტელ მარტინეს!" - ვუთხარი ამაყად. მახსოვდა, რომ ბინა, რომელიც თბილისიდან დიდი გაჭირვებით ვიქირავეთ, სადღაც "მარტინესთან" იყო ახლოს... კი ვიფიქრე, ახლა სასტუმროს დაჯავშნის საბუთი არ მომთხოვოს-მეთქი, მაგრამ გადავრჩი - ეტყობა, ეს "მარტინეს" მართლაც დამაჯერებლად იყო ნათქვამი! ჩემი ერთი წლის ოცნება როცა ასრულდა, როცა, ვულკანების, წყალდიდობების, ქარიშხალის მიუხედავად, მაინც ჩავაღწიეთ კანში, აღმოჩნდა, რომ ოროთახიანი ბინა, რომელშიც მე, ნინიას, თეოს და ნენეს უნდა გვეცხოვრა, მართლაც გადაჰყურებდა "მარტინესის" უკანა ფასადს. ჰო, ამ სასტუმროსთან დგება სწორედ კინოვარსკვლავების თაყვანისმცემელთა გრძელი რიგები ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე. წელს ეს ხალხი უზარმაზარი დურბინდებით იყო შეიარაღებული, რათა როგორმე მოეკრათ თვალი საცვლებში გამოწყობილი ბენისიო დელ ტოროსთვის (იგი ტიმ ბარტონის ჟიურის წევრი იყო), ხავიერ ბარდემისთვის, ნაომი ვოტსისთვის, ან, თუნდაც ფესტივალის პოსტერზე აღბეჭდილი ჟულიეტ ბინოშისთვის. ასეა, "ალხანას ჩალხანა არ დაელევაო", - ნათქვამია. ვაკვირდებოდი ხოლმე მათ დილაობით, როცა სირბილ-სირბილით მივუყვებოდით კრუაზეტის სანაპიროს პირველ სეანსზე მოსახვედრად. ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, ნეტავ რა ხდებოდა მათ სხეულში, როცა ტრუსებსა თუ ღამის პერანგში აივანზე გამოსული კერპი ხელს უქნევდათ... იღგზნებოდნენ? რატომ იღგზნებოდნენ? კანში ჩამოვიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ საყვარელი ვარსკვლავი ენახათ "რეალში"? ამ ფესტივალზე, სადაც, იგივე "ბერლინალესგან" განსხვავებით, ბილეთები არ იყიდება, უბრალო მოკვდავთ შანსი არ აქვთ დარბაზში მოსაწვევის ან აკრედიტაციის გარეშე მოხვდნენ. მათ შეუძლიათ მხოლოდ "მარტინესთან", ან "კარლტონთან" გაათენონ ღამე და იხილონ საყვარელი მსახიობის სხეულის ნაწილი, ანდა წითელ ხალიჩასთან დაიკავონ რიგი და იქიდან უჭვრიტონ კერპს. მათთვის კი არა, კინოკრიტიკოსებისთვისაც ძნელად იღება კანის ფესტივალის კარი. ახლახან სამი ფერის აკრედიტაციას (ვარდისფერი, ცისფერი, ყვითელი), კიდევ ერთი, სუპერპრესტიჟული "თეთრი" დაემატა; წელს, მაგალითად, მხოლოდ "თეთრები" შეუშვეს ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე საკონკურსო პროგრამაში სასწრაფოდ დამატებულ კენ ლოუჩის ფილმის, "ირლანდიური მარშრუტის" პრემიერაზე. დანარჩენებს მოგვცეს უფლება, ფილმი ოფიციალურ ჩვენებაზე, ჟიურისთან ერთად გვენახა. ამით დაირღვა კანის ფესტივალების რეგლამენტი - პრემიერაზე სმოკინგებსა და საღამოს კაბებში გამოწყობილ პუბლიკას შეერივნენ შორტებიანი ჟურნალისტები ("შლიოპონცებით"). აირია მონასტერი! "წითელ-ვარდისფერ-თეთრ" ჟურნალისტებს კანის ფესტივალზე მკაცრად აკონტროლებენ. პრესისთვის განკუთვნილ ჩვენებაზე მათ რამდენჯერმე უწევთ დაცვის გავლა. წელს, რაშიდ ბუშარების ფილმის, "კანონს მიღმა ყოფნის" პრემიერაზე, დილის 8 საათზე ფესტივალის სასახლე მთლად პოლიციის რაზმით იყო გარშემორტყმული. ხანგრძლივი ჩხრეკის შემდეგ გარეთ წყლის ბოთლებიც კი დაგვატოვებინეს. ვიცოდით, რომ ფილმი ალჟირის ომის ამბებს ასახავდა და ისიც ვიცოდით, რომ ავტორს ისტორიული სინამდვილის გაყალბებას აბრალებდნენ (რეჟისორი ამტკიცებს, რომ 1945 წლის 8 მაისს ფრანგულმა არმიამ ერთდროულად 10 000 მშვიდობიანი ალჟირელი დახოცა), მაგრამ იმას მაინც ვერ მივხვდით, ვისგან იცავდა პოლიცია ფესტივალის სასახლეს - ლე პენის პარტიის ათასამდე აქტივისტისგან? ეს "ფრანგი მმკ-ელები" სასახლემდე არც მიუშვეს. იქვე, მიმდებარე ქუჩებში იდგნენ და გაჰყვიროდნენ: "რატომ უნდა აფინანსებდეს საფრანგეთი ანტიფრანგულ ფილმს?" "გაუშვით ბუშარები ალჟირში!.." ჩვენც დაგვირიგეს საპროტესტო ფურცლები. ეგ იყო და ეგ. როგორც მოსალოდნელი იყო, ფილმი ძალიან ცუდი გამოდგა. პირადად მე ფინალამდე ვეღარ გავძელი. კანის ფესტივალის დირექცია იმასაც კი აკონტროლებს, რამდენი ფილმი ნახა ფესტივალის დღეებში აკრედიტებულმა ჟურნალისტმა (დარბაზის შესასვლელში აკრედიტაციის "შტრიხ-კოდებზე" რაღაცას აფიქსირებენ), მაგრამ აქაური ტექნიკა ჯერ ისე არ დახვეწილა, რომ შეიტყონ, რამდენჯერ დატოვა კინოკრიტიკოსმა დარბაზი და რამდენი ფილმი არ ნახა ბოლომდე. კანის კინოფორუმი, დავუშვათ, ნიონის ფესტივალი არაა, სადაც ერთხელ ჟიურის წევრად მომიხდა მუშაობა და სადაც ფილმის მსვლელობის დროს ტუალეტში გასვლის საშუალებასაც არ გვაძლევდა დირექტორი - ყველა სეანსზე კართან იჯდა და ჟურნალისტებს დარბაზში დაბრუნებისკენ მიუთითებდა. წელს კანის ფესტივალზე 20 000 ადამიანი იყო აკრედიტებული. მიდი და შეამოწმე ახლა, ვინ გადის დარბაზიდან! ვინ ტუალეტში შედის მხოლოდ, და ვის კიდევ პლაჟზე გაუწევია! არადა, როგორი პრაქტიკულია, იცით? დაითვლი, რამდენ ფილმს უყურე ბოლომდე, რამდენ ფილმზე დატოვე დარბაზი და მიხვდები, როგორი ფესტივალი იყო. შარშანდელზე, შარშანწინდელზე უკეთესი თუ უარესი. ბერლინის ფესტივალზე უკეთესი თუ უარესი. თბილისში ჩამოხვალ და კითხვაზე "კარგი ფილმები იყო?" (მე არავინ მეკითხება, - "ზვიოზდები ნახე?"), უპასუხებ "შარშანდელზე უკეთესი", ან "უარესი". მერე რა, რომ შეიძლება შეცდე. რომელიმე ფილმი, რომლის ჩვენების დროს დარბაზიდან გამოხვედი, შეიძლება მოგვიანებით ნახო და დააფასო. ანდა, მაინც არ დააფასო, მაგრამ ინანო, რომ არ ნახე.. მე, მაგალითად, ძალიან ვნანობ წლევანდელი "ბერლინალეს" გამარჯვებული თურქული სურათი რომ არ ვნახე მხოლოდ იმიტომ, რომ ამ რეჟისორის სხვა ფილმები არ მომწონდა და იმიტომაც, რომ ოლიმპიადას ვუყურებდი მთელი ღამე. მაგრამ ძალიან მეეჭვება ოდესმე ვინანო იმის გამო, რომ დარბაზი დავტოვე კანის წლევანდელი ფესტივალის "ოქროს პალმით" აღნიშნული აპიჩატპონგ ვერასეტაკულის "ძია ბუნზე" - უსაშველოდ "გაპიარებულ" პრიმიტივიზმზე მხოლოდ იმიტომ, რომ ასე ისურვა კანის ფესტივალის დირექციამ და მის მიერვე შერჩეულმა ჟიურის თავმჯდომარემ, ტიმ ბარტონმა.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი