|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ჯვარცმა. ტექნიკური პერსონალი და დეკორაციაwww.paatakourdadze.blogspot.com
Je suis témoin, je suis le seul témoin de moi-même.
Antonen Artaud მე მოწმე ვარ, მე ერთადერთი მოწმე ვარ საკუთარი თავის. ანტონენ არტო სკამი - ლურსმნები. სენტ-ეტიენის ვაგზალი. დეკორატორი ფრანსუა ბოშე. რამდენიმე წლის წინ ჩემმა შვიდი წლის შვილმა, თინამ რვეულის ფურცელზე გოლგოთას გზა დახატა. ნახატზე იესოსა და ამ სიუჟეტის კლასიკური პერსონაჟების გარდა, მარცხნივ კადრიდან თითქმის გასული მოსიარულე ადამიანის ფრაგმენტი ჩანდა - მისი სხეულის მცირე ნაწილი, ფეხი, და სიარულისას უკან დარჩენილი მარცხენა ხელი, რომელშიც რაღაც ჩხირები ეჭირა. ჩემ კითხვაზე, თუ რა ეჭირა ამ კაცს ხელში, მიპასუხა , - "ბატონს ხელში ლურსმნები უჭირავს, და გოლგოთაზე მიაქვს". ეს ნახატი მისი უცნობი პერსონაჟივით სადღაც გაქრა. მაგრამ მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, მის მიხედვით მოთხრობაც დავწერე, სადაც ლაპარაკი იყო ლურსმნებზე, როგორც ჩვენი ცივილიზაციის კონსტრუქციის მდგრადობის მნიშვნელოვან კომპონენტზე.
1. ადრე არასოდეს მიფიქრია: ფაქტია, ვიღაცამ ლურსმნები გამოჭედა, ვიღაცამ წამოიღო. ჩვენ მხოლოდ მათ შესახებ გვაქვს მცირე წარმოდგენა, ვინც ამ ლურსმნებით იესო ჯვარზე დააჭედა - ვიცით, რომ ისინი ჯალათები იყვნენ. თუმცა მათ შესახებ არც ერთ სახარებაში არ არის რაიმე ნათქვამი. ეს მხოლოდ სხვადასხვა ეპოქის ნახატებსა და სპექტაკლებში ნანახი სცენების ჩვენივე ფრაგმენტული წარმოსახვის ნაყოფია. პრინციპში, პროფესიონალი ჯალათი, როგორც პერსონაჟი, არც ისე საინტერესოა. ვიცით, რომ ისინი არასოდეს არავის უყვარდა, ზიზღიანი მზერების გარემოცვაში ცხოვრება და სიკვდილის ინდუსტრიაში შრომა მათივე არჩევანი იყო. ტრადიციულად - თავზე შავჩაჩჩამოფარებულ ჯალათებს მხოლოდ ფრანც კაფკამ მისცა "ადამიანური" სახე ერთხელ: თავის "სასჯელაღსრულების კოლონიაში". თვით იესოს ჯალათების "ანონიმურობაც" კი დაცულია - ისინი იგნორირებულნი არიან ოთხივე მოციქულის მიერ. გაცილებით საინტერესონი არიან პიროვნებები, რომლებიც სიკვდილით დასჯას ტექნიკურად უზრუნველყოფენ. ისინი ხშირად, ვარაუდის საწინააღმდეგოდ, სრულიად დადებითი პიროვნებები აღმოჩნდებიან ხოლმე. მაგალითად ექიმი, პოლოტიკოსი და ცნობილი ჰუმანისტი ჟოზეფ ინიას გილიოტინი (Joseph Ignace Guillotin 1738-1814). ეს გვარი, ორ საუკუნეზე მეტია, სიკვდილის მექანიკურ მანქანასთან, გილიოტინასთან ასოცირდება, და წარმოთქმისას შიშის ჟრუანტელს იწვევს. სინამდვილეში სიკვდილის ეს დაზგა ჯერ კიდეც XVI საუკუნეში არსებობდა. ექიმს არაფერი არ მოუგონია. მან მხოლოდ ბევრი იბრძოლა იმისათვის, რომ სიკვდილით დასჯის ბარბაროსული მეთოდები ჰუმანურით შეეცვალა; გარდა ამისა, სიკვდილმისჯილთა უფლებები თანაბარი გამხდარიყო. 1791 წელს ექიმის ხანგრძლივი მცდელობის შედეგად კანონი მიიღეს და გილიოტინა პირველად გამოიყენეს ჩვეულებრივი ქურდის, ვინმე ლუი მიშელ ლეპელეტიელის თავის მოსაკვეთად. მანამდე სიკვდილით დასჯის მრავალნაირი მეთოდი არსებობდა საფრანგეთში: არისტოკრატებს ხმლით აცლიდნენ თავს, აზნაურებს ნაჯახით, მეფის სიცოცხლის ხელმყოფთ ცხენებზე გამობმულს "ოთხში ამოღებულთ" ფლეთდნენ, ქურდებს და მკვლელებს კი უბრალოდ სახრჩობელაზე კიდებდნენ ან ბორბალზე აკრავდნენ, რომ ჯალათს რკინის კეტით მისთვის ყველა ძვალი სათითაოდ დაემტვრია. ღარიბებს, რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ საშუალება, სწრაფი და "ხარისხიანი" სიკვდილის სანაცვლოდ, ჯალათისათვის ფული გადაეხადათ. ამიტომ მათი დასჯის დროს ნაჯახი ხან კარგად არ იყო გალესილი, ხან მიზანს ცოტათი სცდებოდა, ხან კიდევ ბორბალზე გაკრულს მართლაც ნელ ტემპში ამტვრევდა ჯალათი ყველა წვრილ ძვალს, რადგან რკინის ხელკეტით პირდაპირ თავში ერთი დარტყმით სიცოცხლესთან გამოსალმება ფული ღირდა, რომელიც სიკვდილმისჯილს არ გააჩნდა.... პარლამენტარი და ექიმი ჟოზეფ გილიოტინი სიკვდილის არჩევანში განსხვავებას სოციალურ უსამართლობად მიიჩნევდა. მისი აზრით, ტექნოლოგიურად და ჰუმანიტარულად სრულყოფილი სასჯელის უმაღლესი ზომის საერთო მეთოდის შემოღება პირველი ნაბიჯი უნდა გამხდარიყო სიკვდილით დასჯის გაუქმების, აბოლიციის გზაზე, რომლის გავლას კაცობრიობის ცივილიზებულმა ნაწილმა მაინც გილიოტინის დაკანონების შემდეგ თითქმის 200 წელიწადი მოანდომა. დიდი რევოლუციური ტერორის წლებში დაპატიმრებული გილიოტინი ციხიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, რაც მისივე ჯალათი მაქსიმილიან რობესპიერი "გილიოტინირებული" იქნა რევოლუციის (კონკორდის) მოედანზე. სწორედ ეს ზმნა (guillotiner) დამკვიდრდა ფრანგულ ენაში სიკვდილით დასჯის სინონიმად საბრალო ექიმისა და ჰუმანისტის სურვილის საწინააღმდეგოდ. ჟოზეფ გილიოტინი ციხის შემდეგ პოლიტიკას აღარ გაჰკარებია. დარჩენილი სიცოცხლე მედიცინას მიუძღვნა, ის იბრძოდა ჩუტყვავილას წინააღმდეგ საყოველთაო აცრებისათვის, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შექმნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა, დააარსა საფრანგეთის პირველი ექიმთა ასოსიაცია, რომელიც დღეს საფრანგეთის მედიცინის აკადემიაა... მთელი ცხოვრება უშედეგოდ ცდილობდა ამ სიკვდილის მანქანისათვის სახელი გამოეცვალათ. არაფერი გამოუვიდა, მას შემდეგაც კი, რაც საფრანგეთში გილიოტინა 1977 წელს უკანასკნელად გამოიყენეს, დიდი ჰუმანისტის გვარი მაინც საშინელების სინონიმად დარჩა. ექიმი გილიოტინის სევდიანი ისტორია შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ჰუმანიტარული ბრძოლა ბარბაროსობად და სადიზმად მოინათლოს და ადამიანების კეთილდღეობისათვის გაწეული დიდი ამაგის მიუხედავად, ასწლეულების მანძილზე შენი სახელი მხოლოდ ზიზღს იწვევდეს. რისკის თავზე აღება ნამდვილი ჰუმანისტების ხვედრია. რადგან ისინი ძირითადად მოღვაწეობენ სისტემაში, რომელსაც ადამიანურ სისასტიკის სისტემას დავარქმევდი. თუმცა მას პოლიტიკურ ენაზე ადამიანური სამართალი (justice) ჰქვია და ის ისეთივე ძველია, როგორც სამყარო. ეს სისტემა, როგორც წესი, არა მარტო ადამიანებზე, თვით უფალზე მაღლა დგას. სწორედ ამ სისტემის მსხვერპლი გახდა იესოც. საბედნიეროდ, სისასტიკის სისტემას თავისი რჩეული "მარგინალები", თავისი ჰუმანისტები ჰყავს, ისევე, როგორც დაუნდობელი სადისტი ჯალათები. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ადამიანთა ამ კატეგორიას განსაზღვრული და დადგენილი როლი აქვს მიკუთვნებული საზოგადოების ისტორიის თეატრში. არის სისასტიკის სისტემაში მონაწილეთა კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც, ჩემი აზრით, ბევრად უფრო საინტერესოა თავისი მისტიკური ფუნქციის გამო. მე მხედველობაში მყავს ენთუზიასტები, რომლებიც ყველგან გვხვდებიან, სადაც რაიმე მნიშვნელოვანი ხდება. ისინი უცებ, მოულოდნელად, თავიანთი ლურსმნებით ხელში, საიდანღაც აღმოცენდებიან ხოლმე ბრბოში. პროცესის რაღაც შუალედურ მოსამზადებელ მონაკვეთში ყველაზე წინა პლანზე გარბიან და გამორბიან, ბევრს ქოთქოთებენ, ფუსფუსებენ, ადამიანებს აქეთ-იქით სწევენ, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, დაჭედებისას, ჩაქუჩის მოქნევის წინ კი სადღაც ქრებიან. საიდან, ან როდის მოდიან ან სად მიდიან, არავინ იცის. მათ არც სახე აქვთ, არც რაიმე განსაკუთრებული ნიშანი, რომ დაიმახსოვრო. ისინი იქ იყვნენ, როდესაც აქილევსმა აგამემნონის დასახიჩრებული გვამი ცხენზე გამობმული მიათრია საკუთარ ბანაკში, მაშინაც, როდესაც ჩაუშესკუსა და მისი ცოლს დასახვრეტად "ასამართლებდნენ" 1989 წლის შობის დღეს, როდესაც ქაბულის ფეხბურთის სტადიონზე თალიბები საბრალო ქალებს როზგავდნენ , როდესაც დიდი კულტურული რევოლუციის დროს პეკინში სახალხო ტრიბუნალებს აწყობდნენ, როდესაც იტალიური დაუმორჩილებლობის წევრებმა დახვრეტილი ბენიტო მუსოლინისა და მისი საყვარლის კლარა პეტაჩის გვამები განთავისუფლებული მილანის ერთ-ერთ მოედანზე ფეხებით დაკიდებული გამოფინეს... მე მელურსმნეები პირველად 1989 წელს თბილისში ლენინის ძეგლის ჩამოგდებისას შევამჩნიე: ჯერ ამწეების გარშემო ფუსფუსებდნენ, მერე ილიჩს ლაჯებშუა ცეცხლი შეუნთეს, თითქოს ბრინჯაოს ყვერების გასათბობად, მერე სადღაც გაქრნენ. ხალხის თავდაუზოგავი გარჯის შედეგად ძეგლის ჩამოგდების შემდეგ კი ისევ დავინახე: მოტეხილ და ძირს გაგორებულ ლენინის თავს ფეხებს და ჯოხებს ურტყამდნენ გამეტებით და მხიარულად იგინებოდნენ... ეს ადამიან-ფანტომები თითქოს სიკვდილს დამალობანას ეთამაშებიან და როდესაც ცელმომარჯვებულ შავ ანგელოზს პირისპირ შეეჩეხებიან, თავიანთი საბრალო აქტიურობით მის გულის მოგებას ცდილობენ და გამოსდით კიდეც. მათ დროში ხეტიალი უყვართ, ხან რომელ ეპოქაში ამოყოფენ თავს და ხან რომელში. სხვადასხვა ეპოქიდან ხან რას გამოაყოლებენ ხოლმე ხელს და ხან რას: ვირუსებს, ბრიყვულ ჩვევებს, მოდას... ამიტომ ხშირად ისტორია, პერსონაჟები, ადამიანების პარანოია მეორდება. მე მართლა გამიჩნდა ისეთი გრძნობა, თითქოს ჩემი შვილის დახატულ მამაკაცის ფრაგმენტს, რომელსაც გოლგოთაზე იესოსათვის ლურსმნები მიაქვს, სადღაც შევხვედრივარ; უფრო მეტიც, რომ მას გამუდმებით ვხვდები ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ქალაქში, დროში, კონტექსტში.
2. 1972 წელს, 13 წლის ასაკში ჩემში, ისევე როგორც ჩემი თაობის ბევრ თბილისელში, როკი და იესო ერთდროულად შემოვიდნენ. ჩემი აზრით, ვებერის ცნობილ როკ ოპერას მაშინდელ რეპრესირებულ და უფლებააყრილ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე არანაკლები დამსახურება აქვს საქართველოს ხელახლა "გაქრისტიანებაში". მაშინ საქართველოში წესიერად არავინ იცოდა განსხვავება ქრისტიანულ კონფესიებს შორის. ამას არც ეკლესია ითხოვდა: მთავარი იყო, რომ როგორღაც ქრისტე გახსენებოდა ხალხს. სულებზე ნადირობის აზარტი მოგვიანებით 80-იან წლებში გაჩნდა - როგორც კი მრევლმა შესამჩნევად მოიმატა და სასულიერო კონიუნქტურა ჩამოყალიბდა. 90-იან წლებამდე საქართველო სეკულარულ ქრისტიანულ ქვეყნად დარჩა ჩემ მახსოვრობაში. ადესის მოტკბო სუნიან 70-იანებში უფროსებისათვის მართლმადიდებლობა წელიწადში ერთხელ აღდგომის დღეს სასაფლაოებზე ქეიფი და დანთებული სანთელი იყო, ჩემთვის კი, ცხადია - წითელი კვერცხები და ცხელი თაფლის სუნი, რომლითაც სანთლების ჩამოქნაში ბებიაჩემს ვეხმარებოდი ყოველი აღდგომის წინ: რატომღაც ეკლესიაში ნაყიდ სანთელს არ ენდობოდა, ამბობდა, - ნამდვილი სანთელი თაფლისგან მზადდებაო. აი, სულ ეს იყო... და სხვა თითქმის არაფერი. ჩემი და ჩემი მეგობრების მშობლები - რეპრესირებულნი, რეპრესირებულთა შვილები, თავად ყოფილი ჯალათები, ან ჯალათთა შვილები იყვნენ, ისინი შიშში და სიძულვილში დაიბადნენ: მჟავანაძის კორუმპირებული 60-იანი წლები სწორედ სიძულვილიდან გამოსვლის მცდელობის კომპრომისული წლები იყო, რომელმაც საყოველთაო კორუფცია და ტოტალური სულიერი კონფორმიზმი ასწავლა ქართველებს - შეუძლებელი იყო ასეთ გამუდმებულ მტანჯველ აუტანელ სიძულვილში, ამხელა ბოღმაში ცხოვრება, რაც 20, 30, 40 და 50-იანი წლების რეპრესიებმა და იდეოლოგიურმა გარყვნილებამ მოიტანა. ნებისმიერი გზა, რომელსაც ამ კოშმარის დასასრულისკენ შეეძლო წაეყვანა ხალხი, მისაღები იყო. საქართველომ ეს გზა რუსეთზე ადრე იპოვა - საყოველთაო კონფორმიზმში განბანვის, სიძულვილიდან განთავისუფლების მცდელობის 60-იანი წლები. ნეილონის ეპოქა, რომელშიც ჯალათები და მსხვერპლნი ერთნაირად გროტესკულნი გახდნენ. დაქორწინდნენ, საერთო ოჯახები შექმნეს, ერთად შეეცადნენ ქეიფით დაევიწყებინათ ის, რისი მტანჯველი მახსოვრობა სიცოცხლეში ხელს უშლიდათ, ერთად შეთხზეს დღეს არსებული ქართული ბრიყვული სადღეგრძელოების უდიდესი ნაწილი, რომელმაც გარკვეულწილად საქართველოს ახალი ისტორია მსუბუქად გადაიყვანა სხვა, შედარებით უფრო მოქნილ ორბიტაზე, რომელიც დღემდე იქ დარჩა. რადგან ეს ისტორია აღარავის აინტერესებს. მასზე არავინ მუშაობს. მე მათი კარგად მესმის. ისინი გმირები არ იყვნენ, და არც უნდოდათ ყოფილიყვნენ. გმირები თუ დასჭირდებოდათ, ყოველ ნაბიჯზე რამდენიც გნებავთ, იმდენი ჰყავდათ, ომის, შრომის, ჩრდილოეთი პოლუსის, შუა აზიის, კოსმოსის, მაღაროების და ათასი სხვა... ეს მხოლოდ საბრალო, განადგურებული თაობა იყო, რომელმაც თავი აიძულა დაეჯერებინა, რომ ცხოვრება ასე თუ ისე მშვენიერია...ცოტათი უკეთესი, ვიდრე მათი მშობლებისა გულაგში. აღარავის უნდოდა, სცოდნოდა, რა იყო ადრე რეალურად. და მათ ერთად შეთხზეს ეს "ადრე". შემდეგ 70-იანები მოვიდა, ჩემი თაობა. ჩვენ უკვე სიძულვილის შვილიშვილები ვიყავით: ჯალათებისა და მათივე მსხვერპლთა კონფორმიზმის ნაყოფი. ჩვენი როლი, ანუ, როგორც მოგვიანებით დავარქვით, მისია, ამ მღვრიე წყლის თუ შაქრიანი ღვინის გაფილტვრა-დაწმენდა იყო. მცდელობა მაინც... მთელი ეს პერიოდი, ჩემი "ეკლესია" პლეხანოვზე. ჩემი, 23-ე სკოლიდან ორ ნაბიჯში იყო გორკის კლუბი. მის პარკში ჩვენ ჭუჭყიან თოვლის ქვასავით გუნდებს კანტიკუნტად შემოსულ გოგონებს, ან ერთმანეთს ვესროდით. გაყინული წითელი სველი თითებით ნესტიან სიგარეტ "ლუქსს" უიმედოდ ვსრესდით, ბევრს ვეწეოდით და ვლაყბობდით, კასიუს კლეიზე, როკზე, სექსზე, ვებერის ოპერაზე, იესოზე და მისი პარტიის შემსრულებელ იან გილანზე... ჩვენ მაშინ ვიცოდით, რომ ქრისტიანები ვიყავით, და ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ, მიუხედავად ბერლინის კედლისა, მსოფლიოს იმ ნაწილთან, ვისაც იესოს აღდგომის სჯერა, ანუ დასავლეთთან ბევრად უფრო ახლოს გვეგრძნო თავი, ვიდრე დღეს, მიუხედავად ჩვენი ევროპაში ინტეგრაციისათვის დაუღალავად მოფუსფუსე ამდენი უცხოელი და ქართველი სახელოვანი მელურსმნე ფუნქციონერისა, "სამთავრობო და არასამთავრობო ლიბერალების" ბეჯითი შრომისა.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
კაკო (შეუმოწმებელი), მარტი 12, 2010, 15:57:24
ერტი ლექსი გამახსენდა "იზ იკონი ბიჟალ ბოგ ..." კარგია, მომეწონა ის განსაკუთრებით ქრისტე ანდერ გრაუნდში გადავიადო :))))))))))))
Guram Nikolashvili (შეუმოწმებელი), მარტი 11, 2010, 17:11:11
Zalian kargi statiaa, iqneb boloshi tarighic gaastsorot
დატოვე კომენტარი