|
|
|
|
|
ჯიმ სტარკთან ყავისა და სიგარეტის გარეშე1982 წლის ერთ მშვენიერ დღეს ნიუ-იორკის ერთ-ერთი მსხვილი კოორპორაციის თანამშრომელი, იურისტი ჯიმ სტარკი, შემთხვევით, რომელიღაც პოეზიის საღამოზე მოხვდა. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი შეხვედრა მთელ მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა და რადიკალურად შეცვლიდა ახალგაზრდა, რესპექტაბელური იურისტის უზრუნველ, მაგრამ ერთფეროვან და რუტინულ ყოველდღიურობას. საღამოზე ჯიმმა მიმზიდველი გოგონა, სარა დრაივერი გაიცნო და მოიხიბლა. სარა კინოსკოლაში სწავლობდა და ბუნებრივია, კინოთი იყო გატაცებული. ჯიმმა კი, რომელსაც უნდოდა მასზე შთაბეჭდილება მოეხდინა, იცრუა და უთხრა, რომ ისიც გასართობ ინდუსტრიაში მუშაობდა იურისტად. გოგონა ამით მაინც ვერ მოხიბლა, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაცით მაინც დააინტერესა, რადგან 2 თვის შემდეგ მისგან მოულოდნელი შემოთავაზება მიიღო: „სარამ დამირეკა და მითხრა, რომ მისი მეგობარი ბიჭი მოკლემეტრაჟიანი ფილმის სრულმეტრაჟიან მხატვრულ ნამუშევრად გადაკეთებას აპირებდა. კონტრაქტისა და სხვა ბიუროკრატიული დეტალების მოსაგვარებლად კი, იურისტი სჭირდებოდათ. სარას და მის მეგობარს ფული არ ჰქონდათ, ამიტომ ისეთ ადამიანს ეძებდნენ, ვინც ამ პრობლემებს ანაზღაურების გარეშე გადაუჭრიდა.“ - მიყვება თითქმის 30 წლის წინანდელ ამბავს სტარკი. „მე კარგი სამსახური მქონდა და ფულის პრობლემა დიდად არ მაწუხებდა. კინოც ყოველთვის მაინტერესებდა. „რატომაც არა“ - გავიფიქრე და შეხვედრაზე შევუთანხმდი“ - იხსენებს პროდიუსერი. სარას მეგობარი - თმაგაჩეჩილი, ჯინსებსა და მაისურში გამოწყობილი ბიჭი მაშინ ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობი ჯიმ ჯარმუში აღმოჩნდა. ისიც და ჯიმ სტარკიც ერთი ქალაქიდან, კლივლენდიდან იყვნენ და ერთსა და იმავე ბეისბოლის გუნდს გულშემატკივრობდნენ, ამიტომ ერთმანეთს ადვილად გაუგეს და ფილმზე მუშაობაც მალევე დაიწყეს. ეს ფილმი დამოუკიდებელი კინოს საეტაპო ნამუშევრად აღიარებული „სამოთხეზე უცნაური“ (Stranger than Paradise) იყო. კინო ეკრანებზე 1984 წელს გამოვიდა და მისი ბიუჯეტი სულ რაღაც 100 000 დოლარი იყო. აბსურდულ-მინიმალისტურმა შავ-თეთრმა კომედიამ, ყველასთვის მოულოდნელად, მსოფლიო აღიარება მოიპოვა: კანის ფესტივალზე მას ოქროს კამერა მისცეს საუკეთესო დებიუტისთვის, მთავარი ჯილდოები დაიმსახურა სანდენსისა და ლოკარნოს კინოფესტივალებზეც, ამერიკის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ კი, ჯარმუშის ექსპერიმენტი წლის საუკეთესო ნამუშევრად დაასახელა. „კადრები ისეთი დაცარიელებულია, რომ ყოველ პატარა დეტალს შენიშნავ. პერიოდულ ჩაბნელებებს კი სემუელ ბეკეტის პაუზის ეფექტი აქვს: ისინი გვაიძულებს უფრო ყურადღებით ვუყუროთ, ისევე როგორც ბეკეტი, მეტი ყურადღებით მოსმენისკენ გვიბიძგებს“ - წერდა “ნიუ იორკერის” კინოკრიტიკოსი, პაულინ კაელი ფილმის შესახებ. ასე დაიწყო ჯიმ სტარკის კინოკარიერა და მისი მრავალწლიანი ურთიერთობა თანამედროვე ამერიკული Indie კინოს გურუსთან, ჯიმ ჯარმუშთან. დღეს უკვე სტაჟიანი და გავლენიანი პროდიუსერი საკუთარ გამოცდილებას კინოთი დაინტერესებულ ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უზიარებს და მათ შეკითხვებსაც დაუზარებლად პასუხობს. ამის საშუალება ცოტა ხნის წინ ქართველ კინომანებსაც მიეცათ: სტარკი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალისა და ამერიკის საელჩოს მოწვევით თბილისში იმყოფებოდა და ფესტივალზე ჯერ საკუთარი ფილმი წარადგინა, შემდეგ კი, თითქმის 2 საათიანი მასტერკლასიც ჩაატარა, რომელიც დამოუკიდებელ კინოში პროდიუსერის შემოქმედებით როლს ეხებოდა. ჯიმ სტარკი ძალიან უშუალო, ზედმეტი ამბიციებისგან თავისუფალი და საინტერესო ადამიანია, რომელსაც არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა და ძალიან მწყობრად ჩამოყალიბებული ხედვა აქვს. „როდესაც მეკითხებიან, თუ როგორ ფილმებს ვიღებ, ვპასუხობ ხოლმე - ეს ძირითადად სულელური კომედიებია“ - ასე დაიწყო საკუთარ კინოკარიერაზე საუბარი პროდიუსერმა. სტარკმა თავისი პროფესიის დაუფასებლობაზეც იუმორით ისაუბრა. “ერთხელ, სანდენსის კინოფესტივალზე “ცივი ცხელების“ ჩვენებაზე დასასწრებად ჩავედი. მათ ასეთი წესი აქვთ: ფილმის ავტორებს ბილეთებს უფასოდ ურიგებენ. მეც მივედი შემოქმედებითი ჯგუფისთვის განკუთვნილ მაგიდასთან და ვთხოვე: შეიძლება „ცივი ცხელების“ ბილეთები ავიღო? გოგომ, რომელიც იქ იჯდა, მკითხა - თქვენ ვინ ხართ? „პროდიუსერი“ - ვუპასუხე მე. მან კი მითხრა: – ეს ფილმის შემქნელების მაგიდაა. მე ვუთხარი, რომ ფილმის სცენარიც ჩემი დაწერილი ოყო. მან ისევ ხაზი გაუსვა, რომ ეს მაგიდა მხოლოდ ავტორებს ემსახურებოდა. მე ვუთხარი, რომ ფილმის იდეაც ჩემი იყო, ის კი ისევ იმეორებდა, რომ ეს ბილეთები ფილმის შემქმნელებისთვის იყო განკუთვნილი“ - სიცილით იხსენებს ამ ამბავს სტარკი. პირველი ფილმის შემდეგ ჯიმ სტარკი კვლავ განაგრძობს ჯარმუშთან თანამშრომლობას და რეჟისორის მომდევნო ფილმებში, უკვე, პროდიუსერის სტატუსით ერთვება. მათი ურთიერთობა მართლაც კარგად აეწყო, რადგან ჯიმ ჯარმუშს საუკეთესო ფილმები სწორედ სტარკთან თანამშრომლობით აქვს გადაღებული: “კანონგარეშე“ (Down by law) „ მისტიური მატარებელი“ (Mistery Train) პირველი ორი ნოველა ფილმიდან: „ყავა და სიგარეტი“ (Coffee and Cigarettes) , „ღამე დედამიწაზე“ (Night on Earth). უკვე კლასიკად ქცეული „ყავა და სიგარეტის“ შექმნის ისტორიაზე საუბრისას პროდიუსერი იხსენებს, რომ ფილმის პირველი ნოველა, თავდაპირველად, პოპულარული ტელეშოუსთვის: შატურდაყ ნიგჰტ ლივე-სთვის გადაიღეს, 1986 წელს. „მათ ერთგვარი მხარდაჭერა გამოუცხადეს დამოუკიდებელ ამერიკულ კინოს და გადაწყვიტეს, რაღაც პერიოდის მანძილზე მოკლე ფილმები დაეფინანსებინათ. ასეთი ფილმის გადაღება მათ ჯიმსაც შესთავაზეს.” ნოველა სტრანგე ტო მეეტ ყოუ ერთ დღეში გადაიღეს ნიუ-იორკის ერთ ძველ, მიტოვებულ შენობაში. დეკორაციისთვის მხოლოდ მაგიდა, ორი სკამი, ყავა და სიგარეტი დასჭირდათ. მთავარ როლებს ფილმში იმ დროისათვის ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი რობერტო ბენინი და სტივენ რაითი არსულებდნენ. ნოველა იმაზე დიდი გამოვიდა, ვიდრე შოუსთვის სჭირდებოდათ, ამიტომ ეთერში გაშვებისას ეპიზოდების ნაწილი ამოჭრეს. თუმცა საავტორო უფლებას ჯარმუში ფლობდა და ცოტა ხანში მან ფილმის სრული ვერსიის გამოშვება და მეორე ნაწილის გადაღებაც გადაწყვიტა. მეორე ნაწილი თჰე ტწინს 1989 წელს, როგორც სტარკი იხსენებს, „მისტიური მატარებლის“ გადაღებების ბოლო დღეს გადაიღეს და მასში ამავე ფილმის მსახიობები, სენკი ლი, ჯოან ლი და სტივ ბუშემი ათამაშეს. „როცა ფერად „მისტიური მატარებელს“ მოვრჩით, კამერები შავ-თეთრ სისტემაზე გადავრთეთ და „ყავა და სიგარეტის“ მეორე ნაწილიც გადავიღეთ“, - ამბობს სტარკი. „ჯიმი დიდი რეჟისორია. ის განსაკუთრებულად ძლიერი მთხრობელია, არაჩვეულებრივ სცენარებს წერს, რომლებიც ძალიან კარგად იკითხება. ამავე დროს, პირდაპირი და გულწრფელი ადამიანია. მის ამ თვისებებს ძალიან ვაფასებ. დღესაც, ყოველთვის ვამაყობ, როცა მისი ახალი ფილმი გამოდის და კარგ შეფასებას იმსახურებს”, - აღნიშნავს პროდიუსერი. ჯიმ სტარკი ფიქრობს, რომ თუ რეჟისორსა და პროდიუსერს შორის რაღაც უხილავი კავშირი არ გაიბა, არაფერი გამოვა: „პროდიუსერისა და რეჟისორის ურთიერთობა ქორწინებასავითაა. თუ ხვდები, რომ რეჟისორთან ყოველდღიურ საუბარს და ურთიერთობას ვერ შეძლებ, თანამშრომლობა წარმატებული ვერ იქნება.“ - ამბობს სტარკი. სწორედ პირადი ურთიერთგაგება და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო განმსაზღვრელი, რის გამოც მისი „ქორწინება“ ჯიმ ჯარმუშთან თითქმის 10 წელი გაგრძელდა. დღეს ისინი ცალ-ცალკე იღებენ ფილმებს, თუმცა პერიოდულად მაინც ნახულობენ ერთმანეთს. მათი დამაკავშირებელი ისევ სარა დრაივერია, რომელიც დღესაც ჯარმუშთან ერთად ცხოვრობს, ჯიმ სტარკთან კი სხვადასხვა პროექტებზე თანამშრომლობს. „სარასგან ვიგებ ხოლმე ჯიმის ამბებს, როცა ვახერხებთ ერთმანეთსაც ვნახულობთ“, - ამბობს პროდიუსერი. ხუთ ფილმში თანამშრომლობის შემდეგ ჯარმუშისა და სტარკის გზები გაიყო: იმ დროისათვის უკვე ორივე ჩამოყალიბებული პროფესიონალი იყო და გადაწყვიტეს, საკუთარი ძალები ერთმანეთის გარეშეც მოესინჯათ: „რაღაც ემართებათ რეჟისორებს, როცა თავს დაიმკვიდრებენ, უფრო რთულდება ყველაფერი; პირველ და მეორე ფილმზე მუშაობა გაცილებით უფრო ადვილია და დაძაბულობაც ნაკლებია ხოლმე: შეგიძლია არაჩვეულებრივი ფილმი გადაიღო და მუშაობის პროცესში საერთოდ არაფერზე იდარდო, მერე კი, რატომღაც, ყველა დეტალზე ბევრს ფიქრობ და ნერვიულობ“, - ამბობს პროდიუსერი.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი