warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 12 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

ჯენტრი

www.urbanreactor.blogspot.com

9

ახალი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური რეალობის დადგომასთან ერთად ჩვენ გარშემო ბევრ, დღემდე უცხო პროცესს მიეცა ბიძგი, რომელთა უმრავლესობა პროპორციულ კვალს აჩნევს განაშენიანებულ გარემოს. პროცესების შესაბამისად გაჩნდა ბევრი უცხო ტერმინიც, რომელთაც "ექსპერტთა" ახალგაზრდა თაობა თავმომწონე გამომეტყველებით ამკვიდრებს (უნდა ითქვას, რომ უცხოენოვანი პროფესიული ტერმინების ხშირად უსაფუძვლო გამოყენება მამათა თაობასაც სჩვეოდა). დროთა განმავლობაში, ქართული პრაქტიკიდან გამომდინარე, ბევრმა უცხოენოვანმა ტერმინმა ადგილობრივი ელფერი და მნიშვნელობა შეიძინა. არის ბევრი სხვაც, რომელიც  ჩვენ რეალობაში ჯერ არ გამობრძმედილა და, შესაბამისად,  საზოგადოებასა და "ექსპერტებშიც" ჯერ კიდევ ბევრ კითხვას ბადებს.

ერთ-ერთი ასეთი ნაკლებად ცნობილი ტერმინია "ჯენტრიფიკაცია" (ინგლ. jentrification). შესაძლოა, რომელიმე პროფესიონალის ან აქტივისტის ლექსიკონში წააწყდეთ ხან - ნეგატიური, ხან კი - პოზიტიური შეფასებით, უფრო ხშირად კი ძველი ქალაქის პრობლემებზე საუბრისას. ეს ტერმინი ქართული საზოგადოებისათვის ჯერ ისევ ახალია, თუმცა თავად ფენომენი არცთუ უცხოა. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, "ჯენტრიფიკაცია" სულ მალე ადგილობრივ სასაუბრო ენაში ისეთივე ადგილს დაიკავებს, როგორსაც, მაგალითად, ესოდენ პოპულარული "დეველოპმენტი" იკავებს.

ინგლისური ენის რიგითი ლექსიკონის მიხედვით, "ჯენტრი" (ინგლ. jentry), ტრადიციული მნიშვნელობით, არის კეთილშობილთა სოციალური ფენა, ან, სხვანაირად - მცირე არისტოკრატია. "ჯენტრიფიკაცია" კი, პირდაპირი გაგებით, წარმოადგენს დაბალი სოციალური ფენის "ჯენტრით" ჩანაცვლებას.

თანამედროვე ურბანულ დისკურსში ჯენტრიფიკაცია ნიშნავს ამა თუ იმ საცხოვრებელი უბნის სოციალურ და ფიზიკურ გაუმჯობესებას. ოღონდ "გაუმჯობესებას", ამ შემთხვევაში, ფრიად დისკრიმინაციული დატვირთვა აქვს, რამდენადაც იგი უმეტესწილად ადგილობრივი ღარიბი მოსახლეობის  გაძევების ხარჯზე ხდება.

ეს ფენომენი 1950-იან წლებში ამერიკისა და დასავლეთ ევროპის დიდი ქალაქების მოძველებულ ცენტრებში აღმოცენდა. როგორც ტერმინი, ჯენტრიფიკაცია პირველად გამოყენებულ იქნა 1960-იანი წლების დასაწყისში ლონდონში "ჯენტრის" მიერ ვიქტორიანული და ჯორჯიანული პერიოდების ისტორიული ამორტიზებული განაშენიანების შესყიდვის და რეაბილიტაციის პროცესის აღსაწერად.

დღეს ჯენტრიფიკაცია მხოლოდ ისტორიულ უბნებს არ ეხება, ზოგადად ურბანული ფენომენია, რომელსაც ძირითადად ეკონომიკური და პოლიტიკური ძალები წარმართავს. ჯენტრიფიკაციის პროცესი, მისი სხვადასხვა ფორმით, ფართოდ არის გავრცელებული დასავლური სამყაროს მეტროპოლიებსა თუ შედარებით მცირე ქალაქებში, როგორც თანამედროვე, ასევე ისტორიულ ცენტრებში და ზოგადად ქალაქის რესტრუქტურიზაციის მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს. ჯენტრიფიკაციის "კლასიკური" ფორმის უპირველესი მახასიათებელია კლასთა მკვეთრი ჩანაცვლება - ანუ მდიდარი ურბანული ელიტის მიერ დაბალშემოსავლიანი მუშათა კლასის განდევნა.

1950-60-იან წლებში ჩრდილო ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქალაქების ჯენტრიფიკაციის პირველი ტალღა შედარებით სპორადულ ხასიათს ატარებდა. აქვე საჭიროა აღინიშნოს, რომ მოძველებულ საქალაქო ცენტრებზე ეს პირველი "შეტევა" მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაფინანსებით და ხელშეწყობით განხორციელდა. სახელმწიფოს დახმარების აუცილებლობა განპირობებული იყო ქალაქის ცენტრალური განაშენიანების ამორტიზაციით, მზარდი სუბურბანიზაციით და, შესაბამისად, ქალაქის ცენტრში ინვესტიციების შედარებით მაღალი რისკით. ცენტრალური უბნების სოციალურ და ფიზიკურ ქსოვილში ჩარევას უმეტესად  ურბანული გაჯანსაღების მოტივით ამართლებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მისი შედეგი არაერთგვაროვანი იყო სხვადასხვა სოციალური კლასისათვის.  ცხადია, რომ ეს პროცესი უპირველესად პრივილეგირებული სოციალური ფენის ინტერესებს ემსახურებოდა და  ხშირად აუარესებდა განდევნილი მუშათა კლასის საცხოვრებელ პირობებს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ 60-იან წლებში, როცა ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში სოციალური მოძრაობები მძლავრობდა, ასე თუ ისე რეგულირდებოდა ადგილობრივი ხელისუფლების ამბიციები ჯენტრიფიკაციის კუთხით და სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობოდა ხელმისაწვდომი საცხოვრებლების (ინგლ. affordable housing) მშენებლობას მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენებისათვის. მაგალითად, 60-იანი წლების ბოლოს შეერთებული შტატების საბინაო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი პრაქტიკულად კრძალავდა კომუნალური საცხოვრებლების ნგრევას და სახელმწიფო დაფინანსებით აშენებდა სოციალურ საცხოვრებლებს. მოგვიანებით, მთავრობის მიერ ამ პროგრამების ბიუჯეტის მიზანმიმართული შემცირების კვალად, დეპარტამენტი ჯენტრიფიკაციის პროექტის სანებართვო პირობად ითხოვდა  ეკვივალენტური რაოდენობის სოციალური საცხოვრებლების მშენებლობას "დეველოპერების" მიერ.

თვალი რომ გავადევნოთ ჯენტრიფიკაციის ისტორიას, დავინახავთ, რომ იგი  პირდაპირ კავშირშია გლობალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებთან, როგორიცაა მაგალითად კენეზიანური ეკონომიკური სისტემის უარყოფა 70-იანი წლების ბოლოს და ნეოლიბერალიზმის აღმავლობა რეიგანისა და ტეტჩერის მმართველობის პერიოდში. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ჯენტრიფიკაციის მეორე, მასშტაბური ტალღა, როცა უძრავი ქონების განვითარება და ჯენტრიფიკაცია ურბანული ინვესტიციების მოზიდვის მთავარ რესურსად იქცა. 1980-იან წლებში ჯენტრიფიკაცია თან სდევდა ქალაქების კულტურული და ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესს. ინვესტიციების მასშტაბის ზრდის პარალელურად, ჯენტრიფიკაციის მამოძრავებელი ეკონომიკური ძალები გასცდა ლოკალურ საზღვრებს და მცირე ბიზნეს-ინიციატივები კორპორატიულმა კაპიტალმა ჩაანაცვლა.

უძრავი ქონების ინდუსტრიის გლობალიზაციამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა დღემდე ჯენტრიფიკაციის, როგორც ურბანული განვითარების ერთ-ერთი მეთოდის ფართო გამოყენება. მეორე მხრივ, ამის მიზეზია წინააღმდეგობის მოძრაობის დასუსტებაც, რადგანაც მისი მხარდამჭერი ღარიბი ფენა, დიდი ხანია, გასახლებულია ევროპისა თუ ამერიკის ქალაქების ცენტრალური უბნებიდან. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გლობალური ნეოლიბერალური  პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა ქმნის უაღრესად ხელსაყრელ პირობებს ჯენტრიფიკაციის სხვადასხვა ფორმის განსავითარებლად. მაღალი და საშუალო სოციალური ფენების მოზიდვა მუნიციპალიტეტის მხრიდან კრედიტორთა ფინანსური ნდობის შენარჩუნების და ინვესტორთა დაინტერესების ერთ-ერთი ძირითადი გზაა. ინვესტიციის მოპოვება, მუდმივი შეჯიბრი და პრესტიჟული განვითარება ქალაქების თვითმიზნად იქცა. ამ მარათონში სოციალური პრობლემები  მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაიელვებს, ზოგადად კი, ყოფითი საკითხები სიმდიდრის გადანაწილების  კაპიტალისტურ კონცეფციაზეა მინდობილი, რომლის მიხედვითაც, ჩადებული ინვესტიციის თუნდაც ნამცეცები აუცილებლად მიაღწევს გაჭირვებულ მოსახლეობამდე (ე.წ. trickle down economics).

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.