ჯეკ დენიელსის მქადაგებლები

იანვარი 4, 2012 ავტორი დათო ჩიხლაძე

მე, რომ ღმერთის მწამდეს "ღამენათევი და ნამთვრალევი" ხატებთან მივიდოდი და ცნობილ ქართულ ლექსს "გავაპრავებდი". მაგრამ მე ღმერთის არ მწამს, ამიტომ ღამენათევი და ნამთვრალევი გზაზე გავდივარ. თან ჩემი მეგობარი და ფოტოგრაფი გიორგი გოგუაც მახლავს, რომელიც გზადაგზა ქალაქების საახალწლო სამზადისს აღწერს.

გზა, მცხეთა

"ყველაზე უარესი ის კი არ არის, რომ ჩვენს ირგვლივ სულ ნაგავია, არამედ ის, რომ თავად ჩვენც ამ ნაგვად ვიქეცით". "ყველაზე უარესი ის კი არ არის, რომ ჩვენს ირგვლივ სულ ნაგავია, არამედ ის, რომ თავად ჩვენც ამ ნაგვად ვიქეცით"."ყველაზე უარესი ის კი არ არის, რომ ჩვენს ირგვლივ სულ ნაგავია, არამედ ის, რომ თავად ჩვენც ამ ნაგვად ვიქეცით". რამდენიმეჯერ გავიმეორე ეს ფრაზა ჟან ბოდრიარის ესედან "ქალაქი და სიძულვილი" და რედაქტორის წერილიც : "დათო, ახალ წელს ბათუმში ხომ არ გინდა შეხვდე", შანსი იყო გავქცეოდი ჩემს ქალაქს, უდაბნოს, სადაც "მხოლოდ ზიზღი და უარყოფაა მისი ძალა, უპირველეს ყოვლისა კი კულტურისა და ორგანიზაციის ყველა იმ ფორმის უარყოფა, რომელიც მას არ ესმის."

30 დეკემბერია, საღამოს 7 საათი და გზაზე უამრავი მანქანა მოძრაობს. ავტოსტოპის ყველაზე დადებითი მხარე ისაა, რომ მარტო კარგი ხალხი გიჩერებს. შეიძლება შენ მათ არასდროს შეხვდე თბილისში, შეიძლება არასდროს დალიო მათთან ერთად, შეიძლება მათ შენთვის მიუღებელი რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდეთ, მაგრამ გზაზე ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ ჩემი მათარა სავსეა ჯეკ დენიელსით, დანიშნულების ფუნქტამდე კიდევ დაახლოებით 400 კილომეტრი მაშორებს. მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ ღამე ჯეკ დენიელსის მქადაგებელი გავხდე და ყველა შემთხვევით შემხვედრს ვისკი დავალევინო. ცხოვრებაში მარტო ისაა მთავარი, რომ რაც უნდა დაგველია, დასალევი არ დაგვრჩეს. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. 

აი, ამ მომენტში კი მე, ჩემს მიკროკლიმატურ პალტოში გამოწყობილი, დიღმის ტრასაზე ვდგავარ, არ მაქვს ხეჭეჭური, მხოლოდ ერთი მათარა ჯეკ დენიელსი და 4 შეკრვა კიტ-კეტი, საოცრად მინდა მქონდეს თბილი სახლი, მაგრამ პაატა ბურჭულაძეს ფეხებზე ვკიდივარ.

მქადაგებელის პირველ თანამგზავრს ვისკი არ სჭირდება. მას წილკანში მივყავართ და წილკანი სავსეა მაგიური ხეჭეჭურით. მე ვფიქრობ, რომ წილკანში ის სწორედ ამისთვის მიემგზავრება, მითუმეტეს, რომ არაბუნებრივად გამხდარია. თუმცა სინამდვილეში მას ბებია გარდაეცვალა. ესეც საახალწლო საჩუქარი.

უკეთესისა და დასავლეთამდე წინ წასვლის იმედით გზაზე ვდგავართ.

უკეთესი - ორი ხაშურელი ბიჭია, რომლებიც ახალი წლის სოფელში შეხვედრას აპირებენ. ბიჭები, კარგი ტიპები არიან. ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით. ისინი ტრადიციონალისტები არიან, რელიგიურები და სუფრაზე ქეიფს აღმერთებენ. თუმცა მანქანაში ჩვენთან ერთად დალევას მაინც არ უარობენ. ბიჭები არაყს მთავაზობენ, მე ვისკის და პირველი სადღეგრძელო გზისაა. საინტერესო ხალხია, მე ჩემს ოცნებებზე ვუყვები, მაგრამ მათი ოცნება ზედმეტად უცნაურია, ჩემთვისაც კი. მე ვეუბნები, რომ ძალიან მინდა ერთხელ მაინც მაგარმა ქალმა გამიჩეროს, რომელიც ქმარზეა დაბოღმილი და მეც უნამუსოდ გამოვიყენებ ამ ბოღმას საკუთარი სურვილების ასასრულებლად.

აზრზე ხართ? როგორ ასწორებს, როცა ვიღაცის ტრაგედია მაგრად გაწყობს? – ვეუბნები მე.

ეგ რა არის, ტო. ჩვენი მთელი ცხოვრებაა ვოცნებობთ, რომ გზაზე ერთი მოხუცი ქალი შეგვხვდეს, რომელიც ბაკურიანში წაგვიყვანს და წითელ „დუტის კურტკებს“ გვიყიდის. აი ეგ იქნება მაგარი. აზრზე ხარ, სულ ახალი დუტის კურტკები და ჯიგარი ბებო. აი ეგაა ოცნება, ძმაო. აბა ხალხი მილიონებზე, რომ ოცნებობს, შეიძლება ერთ დღეს ლატარიაში მოიგონ და ეგ რაღა ოცნებაა. აი ბებოს და წითელ „დუტის კურტკებს“ კიდევ ვერასდროს მოიგებ, ეს მარტო პონტზეა დამოკიდებული – მიხსნიან ჩვენი თანამგზავრები.

მეოცნებეებმა ხაშურამდე ჩაგვიყვანეს. უკვე დაღამებული იყო და მათაც თავშესაფარი და კარგი საახალწლო მასპინძლობა შემოგვთავაზეს, მაგრამ ჩვენ ვერ დავთანხმდით. მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი იმ დღეს ბათუმში ჩავსულიყავით. თან ხაშურში გაჩერება არ მინდოდა. ჩემი წინა მოგზაურობის შემდეგ ეს ქალაქი არ მიყვარს და ვთქვი კიდეც, რომ იქ არასდროს დავბრუნდებოდი. თუმცა ჩემი ახალი ხაშურელი მეგობრები მაინც მაძლევენ მიზეზს, რომ ამ ფრაზაზე კარგად დავფიქრდე. ხაშური ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ შეცვლილია, თუმცა ძალიანაც არ მოუკლავთ თავი ახალი წლის დეკორაციებით ქალაქის მორთვაში. აქაური დეკორაცია უფრო იძულებაა, რომ ახალ წელს რამე გააკეთონ. დიდი არაფერი, არც არავის ანაღვლებს, ალბათ. მოკლედ ეს ქალაქი და მისი უხალისობა ჩემთვის დღემდე რჩება ერთ–ერთ ამოუცნობელ ფენომენად.

ხაშური

ფოტოგრაფის ჩანაწერებიდან : „აი ამ ქალაქის მთავრობამ უნდა დაიკვეხნოს ახალი წლის მოსვლა გვიხარიაო. ქალაქის ცენტრში მხოლოდ ორი რამაა განათებული: მრგვალი შადრევანი (რომელიც, რატომღაც, თავისუფლების მოედანზე რომ კონუსია, იმ კონუსის მინი ვარიანტი მგონია), და პოლიციის მარადგამჭვირვალე შენობა. ხაშურში იმდენად ბნელა, რომ ფოტოაპარატი შენობებს სიბნელეში აქაიქ გაბნეულ ყვითელ წერტილებად აღიქვამს.“ 

ბიჭებს არასდროს გაესინჯათ ჯეკ დენიელსი. ესეც ჩვენი პირველი ქადაგება. ისინი გვეუბნებიან, რომ ასეთი კარგი სასმელი ჯერ არ დაულევიათ და იხსენებენ შტროს პირველ „შოთს“. ამბობენ, რომ შტრო ცუდი სასმელია, ეგრევე თიშავს, აი ვისკი კიდევ სასიამოვნოა და შეიძლება მშვიდად დალიო. მეორე ქადაგების ლოკაცია უკვე ფორდ ტრანზიტია. კაცს, რომელიც ზესტაფონში ოჯახის მოსანახულებლად მიდის ვისკის ვასმევთ. საერთოდ, მძღოლის დათრობა ცოტა არარაციონალურია, მითუმეტეს, როცა ისე ბნელა, როგორც გაჭენებული მუსტანგის ტრაკში, მაგრამ ალკოჰოლი ხომ რაციონალიზმის პირველი მტერია და იმ მომენტისთვის ჩვენ უკვე საკმარისი გვქონდა დალეული, რომ რაციონალურად არ გვეფიქრა.

[video:http://www.youtube.com/watch?v=bmw2h3WJVa8&list=UUqdUdyGIccQBjVj4RJlKz1A&index=1&feature=plcp]

[pagebreak]

ჩვენს შემდეგ მანქანაში მომხდარი ისტორია საკმარისია იმისთვის, რომ წლის იდიოტების ნომინაციაში უპირობო პირველი ადგილი დავიკავოთ. საქმე იმაშია, რომ ჩემმა მეგობარმა მანქანაში შემთხვევით დიქტოფონი დატოვა. დიქტოფონი, რომელზეც მთელი ჩვენი მოგზაურობა იყო ჩაწერილი. ხომ ვთქვი, ალკოჰოლი რაციონალიზმის პირველი მტერია-მეთქი. ჰოდა, ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ნივთი დაგვებრუნებინა. მანქანამ, რომელშიც დიქტოფონი დაგვრჩა ზესტაფონის ცენტრიდან, ქალაქის ბოლომდე გაგვიყვანა და გვითხრა, რომ თვითონ ჭიათურაში მიდიოდა. მას ზვიადი ერქვა და ლურჯი ჰონდა ჰყავდა. მანამდე ზესტაფონიც მოვინახულეთ. აი ეს უკვე ჰგავდა საახალწო სამზადისს. განათებები, სცენის მონტაჟი, სხვადასხვა სათამაშოები. ზესტაფონში ასევე ერთი ძალიან საინტერესო მემორიალი ვიპოვეთ. ძველი, საბჭოთა მემორიალი, რომელზეც საბჭოეთისთვის დამახასიათბელი ორნამენტების გვერდით თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის გამოსახულებებსაც შეხვდებით. ახლა, მონუმენტს ახალი მონუმენტი ჩრდილავს. ეს რკინის კონსტრუქციაა, რომელშიც მუდამ ანთია სანთელი. სიცარიელე, რომელიც ამ სანთელს ქმნის, რაღაცის სიმბოლიზირებას ახდენს, მაგრამ ვერ ვხვდები რის.

ზესტაფონი

ფოტოგრაფის ჩანაწერებიდან : „ზესტაფონზე მართლაც შეიძლება თქვა, ქალაქი საახალწლოდ ემზადებაო. შესასვლელში, ხიდზე ლურჯი ნათურების დამონტაჟებას ამწეკრანი წუთი-წუთზე დაასრულებს; გამგეობის შენობის წინ (რომელიც, ყველა რაიონულ ცენტრში ზუსტად ერთნაირია) სცენას ამონტაჟებენ; რკინიგზის სადგურის შემხედვარეს თავი რომელიმე ვესტერნულ ფილმში მგონია. სამწუხაროა, რომ შვიდეულამდე სულ ხუთი კაცი გვაკლია.

ხვალ, ამ დროს, აქ კონცერტი იქნება, სადაც ადგილობრივი მუსიკოსები გამოვლენ. პრინციპში, საინტერესო იქნებოდა მოსმენა, თუმცა, ჩვენ ხულიო იგლესიასის ღვთაებრივი ხმის მოსასმენად ვართ განწირულები.“

ზესტაფონი, საახალწლო სამზადისი

ზესტაფონი პირველი ქალაქი იყო, რომელსაც სამზადისი შევატყვეთ და უამრავი საინტერესო კადრი გადავიღეთ, მაგრამ ამასთან უმნიშვნელოვანესი ნივთიც იქვე დავკარგეთ. ხომ, რაციონალიზმისა და ალკოჰოლის დამოკიდებულებაზე ვამბობდი, რომ სავსებით ფხიზლებს არასდროს მოგვივიდოდა თავში, რომ ჭიათურაში ვიპოვოდით კაცს ლურჯი ჰონდათი, მელოტი თავითა და სახელით ზვიადი. მაგრამ იმ მომენტში ჩავთვალეთ, რომ ეს შეგვეძლო და მთავარ გზას გადავუხვიეთ.

უკვე ღამის პირველი საათი იყო, ჩვენ ჭიათურის შესასვლელთან ვიდექით და ჩვენს მასპინძელს ველოდით.

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
@