|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ისევ ჩანაწერები, ამჯერად თბილისური
"მას ქარის სილუეტი აქვს და უფსკრულში მოაბიჯებს" - ფრანგი კრიტიკოსის მიერ ნათქვამი ამ დამაინტრიგებელი სიტყვებით გავიცანი ის ამ რამდენიმე წლის წინ, პარიზში. ალი აჰმად საიდ ესბერი, ლიტერატურული ფსევდონიმი - ადონისი. სირიელი პოეტი, რომელიც 1986 წლიდან პარიზში ცხოვრობს. წერს არაბულად და ფრანგულად ბეჭდავს მის მიერვე ავტორიზებულ თარგმანებს.
ამ ბოლოხანს ეს, მიყრუებულ სირიულ სოფელ კასაბინეში დაბადებული ბიჭი და დღევანდელი აპოკალიპტური ხედვით დაღდასმული პოეტი, რომელსაც ქარის სილუეტი აქვს და უფსკრულში მოაბიჯებს, რაღაცნაირად ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდა, ალბათ, იმიტომაც, რომ ჩემი თაობისაა (1930 წელსაა დაბადებული) და ამავე დროს, ჩემი აღქმით, მის პოეზიაში ასე ძლიერად არის შერწყმული აღმოსავლეთი და დასავლეთი - ჩვენი კულტურაც ხომ ამ წინააღმდეგობრივი ნაზავის შედეგია. ვკითხულობ და ვთარგმნი, ვთარგმნი და ვკითხულობ. და მახსენდება "მარიოტას" შესავალში თამაზ ჩხენკელის მიერ მოყვანილი ერთი მოაზროვნის სიტყვები: ნამდვილად მხოლოდ ის წაგვიკითხავს, რაც გვითარგმნია. მე თვითონ ეს განცდა არაერთხელ მქონია: უცხოელი პოეტი ნამდვილად შენი მხოლოდ თარგმნის პროცესში ხდება. და დღეს, თარგმნისას, ასეთი "ჩემი" ადონისი გახდა. ამ ბოლო დროს ის სულ თვალწინ მიდგას, თავისივე სიტყვებით დახატული: უფსკრულის კლდოვან კალთებს თავმიდებული, ან ქარს მიდევნებული, თხელი, ნაოჭებით სახედაღარული კაცი, რომელიც ესაუბრება ეპოქას და ვისაც ჭირისუფლად სამყაროს ნანგრევები ევლინებიან. და არ მშორდება ფიქრი: მაინც რა ბედნიერებაა, შეძლო ჩაიძირო ახლად აღმოჩენილი და ასეთი მიმზიდველი სიტყვის სტიქიაში მაშინ, როცა ცხოვრება მთლად გაუსაძლისი ხდება! და კიდევ ვფიქრობ იმაზე, რაც ყოველთვის ერთნაირად მაოცებს: ლექსი ნამდვილი განსაწმენდელია მაშინაც, როცა ის თითქოს მხოლოდ სასოწარკვეთას ასხივებს. და ეს იმიტომ, რომ სიტყვას თავისი, ღვთით მომადლებული ძალა აქვს - გაზიაროს სილამაზეს, რომელიც თავად არის "სიკვდილთან ჩვენი შემრიგებელი"! ადონისის ლექსების ბოლო ფრანგულ კრებულს "ქარის მოგონებები" ჰქვია. ეს სათაური - ფრანგულადაც - ორგვარად შეიძლება გაიგო: მოგონებები, რომლებიც ან თვითონ ქარისაა, ან პოეტისა ქარის შესახებ. "თან მომაქვს ჩემი უფსკრული და მოვდივარ ასე. ჩიხში მიმავალ შუკებს ვანგრევ და ვარჩევ იმ გზებს, თავი და ბოლო რომ არა აქვთ, ვით მტვერს და ჰაერს". ჩემს აღქმაში ადონისი ბოდლერივით ტრაგიკული და მასშტაბურია: "ვცხოვრობ მალულად მზის წიაღში, რომელიც ჯერაც არ ამოსულა და მფარველად მყავს ღამის ბავშვობა ის იღებს ჩემს თავს და რიჟრაჟის მუხლზე ჩამოდებს. მე კი თავს ვაღწევ ღამეს და რიჟრაჟს, ვთხზავ განშორების უსასო ეტრატს და არავისგან აღარაფერს არ ველოდები. ვარ ერთდროულად მისანი და მთესველი ეჭვის... ასე ვარსებობ სივრცის ხსოვნაში. ვეძებ ეპოქის რიტმსა და კილოს."
ამავე დროს ის ომარ ხაიამივით სათუთი და ინტიმურია: "ელვა ტიროდა და ტირილით მანიშნა რაღაც მერე ჩათვლიმა წინათგრძნობათა უსიერ ტყეში ვერ მიმხვდარიყო მე ვინ ვიყავი მე - მეუფე შეღამებისა ელვა ტიროდა და ტირილით მანიშნა რაღაც მერე როდესაც დაინახა ჩემი თვალები ჩემს გაშლილ მკლავზე ჩამოეძინა".
რა მოულოდნელი პოეტური სახეა: ელვა, რომელმაც ტირილით ანიშნა რაღაც პოეტს და მერე, როდესაც წინათგრძნობათა უსიერ ტყეში დაინახა მისი თვალები, მის გაშლილ მკლავზე ჩამოეძინა. ტრაგიკული, მასშტაბური, ინტიმური და თან მთლად ჩვენებურად, ახლობლების, მამისა თუ ძმის მოყვარული: "ამ სახლის თავზე მდუმარებას გული ელევა სიმშვიდე ტირის რადგანაც გუშინ მამაჩემი გარდაიცვალა მინდორი გახმა მოკვდა მერცხალი". ან კიდევ: "ვუყვარვარ ამ გზას ამ მყუდრო სახლსაც სახლში ვუყვარვარ წითელ სურას სურა კი უყვარს წყალს მოლივლივეს ვუყვარვარ ამ კაცს ჩემს მეზობელს ამ მინდორს ჰაერს ცეცხლს მოელვარეს ვუყვარვარ ჩემსკენ მომართულ მკლავებს მშვიდსა და სათუთს ვუყვარვარ ჩემი დამაშვრალი ძმის მკერდის სიღრმიდან ამომსკდარ ფეთქვას იქ იმ მოთიბულ თავთავებში რომ იმალება როგორც ბადახში სისხლზე წითელი".
ადონისის სტიქია მოგზაურობაა, ოღონდ წარმოსახვითი. ის მოგზაურობს ტალღაზე და ფრინველის ფრთაზე, სტუმრად მიდის საუკუნეებთან, "რომ წავიდნენ და დაგვტოვეს ობლად", ეწვევა შვიდ გალაქტიკას და ვნებით ანთებულ ტუჩებს. "მერე გავქრები, მკერდს მივანდობ გამყივან ქარებს და ჩემს ნაკვალევს დაგიტოვებთ გზაჯვარედინზე ერთ გადაკარგულ შორ უდაბნოში". და ბოლოს, რადგანაც ის არის არა ფრანგი, არამედ სირიელი პოეტი, მის მიერ სამშობლოს განცდა ჩვენთვის განსაკუთრებით გასაგებად მეჩვენება:
ბებერი ქვეყანა "მივანდე კლდეებს და მათ ექოებს გამოფიტული სურვილების ფარფატა დროშა მე ის მივანდე მტვრის საბურველს გზაზე რომ დამხვდა და ფიანდაზად დავუფინე ამპარტავნებას უარყოფას და დამარცხებას მხოლოდ შენ დამრჩი შენ ბებერო ჩემო ქვეყანავ ჩემო იმედო და საიდუმლო".
ასეთია, ძალიან სქემატურად, არაბი პოეტი - ადონისი, რომელსაც ვთარგმნი და იმედია, გამოცემასაც მოვახერხებ. და როცა გამოვცემ, ძალიან გამიხარდება, თუ მას წიგნის ქართველი მოყვარულიც, ჩემსავით, გაითავისებს. *** იდეოლოგია, რომელიც არ ეყრდნობა ზნეობრიობას, განწირულია დასაღუპად. მხოლოდ შინაგანად თავისუფალ ადამიანს შეუძლია, თვითონაც დასცინოს საკუთარ თავს და სხვასაც მისცეს შესაძლებლობა მისი დაცინვის. თუ ჭეშმარიტებას შეუძლია გამოიწვიოს სკანდალი, ჯობია დაუშვა სკანდალი, ვიდრე უარყო ჭეშმარიტება (ამის მაგალითია სახალხო ფრონტის ყრილობაზე მერაბ მამარდაშვილის მიერ პოლემიკურად ნასროლი ცნობილი ფრაზა). წიგნის წონა მის სიტყვებში კი არ არის, არამედ იმ სიჩუმეში, რომელსაც ის ქმნის. ეს აზრი დამებადა, (ან იქნებ ვიღაცის მიერ ნათქვამი გამახსენდა?) ფამუქის ქართულად შესანიშნავად თარგმნილი რომანის "მე წითელი მქვიას" კითხვისას - მან ჩემში დაბადა დიდი სიჩუმე, რომელიც თანდათან სხვადასხვა ფიქრით შეივსო. მას მერე თვითონ რომანი თითქოს აღარც მახსენდება, მაგრამ მის სიჩუმეში დაბადებული ფიქრები კი სულ თან დამყვება, და მათ შორის უმთავრესი - ფიქრი სიკვდილზე. სიკვდილის ფამუქისეული აღქმა რატომღაც ჩემში ახმატოვას სიტყვებს დაუკავშირდა:
"მე როცა წავალ, ყველაფერი დარჩება მერეც, ეს ძველთაძველი შოშიის სახლიც, და ეს ჰაერიც კვლავაც მიახლის ზაფხულის სიცხეს გადამწვარ სერებს. მარადისობა მეძახის ისევ არამქვეყნიურ შეუვალობით, და მთვარე ესვრის, როგორც წყალობას ალუბლის ბაღებს სხივების ისრებს. და მეჩვენება ისე მსუბუქად, თეთრად მბრწყინავი ტევრში უშუქოდ გზა, მიმავალი, არ გეტყვით, საით, აქ ყველაფერი ისევე მელის, როგორც ეს ტბორი ცარსკოე სელოს და ხეივანი შეუმოსავი". (თარგმანი ჩემია. ლ. ღ.)
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი